მარიამ საჯაია შვებულების პარალელურად, ხელფასის 80 პროცენტსაც მიიღებს

მარიამ საჯაია შვებულების პარალელურად, ხელფასის 80 პროცენტსაც მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავისსავე აშენებულ პარლამენტში არ დადიან. უმცირესობის წევრთა ნაწილი საკომიტეტო სხდომებს „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით აცდენს, მეორე ნაწილი კი, უცხოეთში სწავლის გამო.

კერძოდ, თუ ენზელ მკოიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებს ხშირად „ოჯახური მდგომარეობის“ მიზეზით არ ესწრება და რეგლამენტის შესაბამის მუხლს თავის სასიკეთოთ იყენებს, მარიამ საჯაია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლაში სწავლის გამო აცდენს.

ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი პარლამენტში გამოცხადებას კიდევ სამი თვე არ აპირებს და უწყებას თხოვნით მიმართავს, რომ 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით, სასწავლო შვებულება მისცენ.

„ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტში სწავლა დამეხმარება, რომ ჩემი ცოდნა უფრო გავაღრმავო და უფრო მეტი გამოცდილება შევიძინო, რაც შემდგომში, საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებას მოხმარდება“, - აცხადებს მიმართვაში საჯაია, რომელიც უწყებაში ზაფხულის შემდეგ, არ გამოცხადებულა.

მართალია, მარიამ საჯაიას კოლეგებმა სამთვიანი შვებულება მისცეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მათი კეთილი ნების გამოხატვაა, რადგან რეგლამენტი „სასწავლო შვებულების“ ცნებას არ იცნობს. რეგლამენტში მხოლოდ ის წერია, რომ პარლამენტის წევრი წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით სარგებლობს, რომელიც, სურვილისამებრ, დეპუტატს სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან ორ ნაწილად მიეცემა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინე იმერლიშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არა უმეტეს სამი თვისა.

„ამ შემთხვევაში, შვებულების თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, პარლამენტის თავმჯდომარე იღებს. ამ პუნქტით განსაზღვრული შვებულების პერიოდში პარლამენტის წევრს მიეცემა ხელფასისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურების 80 პროცენტი“, - განმარტავს იმერლიშვილი.

ამერიკაში სწავლის პერიოდში, მარიამ საჯაიას ხელფასის 80 პროცენტი მიეცემა, მაგრამ დეპუტატის „ტაიმ-აუტით“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უკვე დაინტერესდა, რომლის საპარლამენტო მდივანი კახა ურიადმყოფელი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ორი კომიტეტის მიერ ივლის-ნოემბერში გამართული 35 სხდომიდან, საჯაია მხოლოდ ერთს დაესწრო, თუმცა, ის კუთვნილ ხელფასს მაინც იღებს.

„გაცდენის მიზეზად დეპუტატი ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, მაგრამ გაუგებარია, უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ყოფნა, ამ კატეგორიაში როგორ ხვდება?! პარლამენტი კი გაცდენის ამ მიზეზს დეპუტატს საპატიოდ უთვლის, თუმცა მას სამი არასაპატიო გაცდენა მაინც დაუგროვდა, რაც ხელფასის 10 პროცენტის დაქვითვას ითვალისწინებს. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ დეპუტატისთვის ყოველთვიურად დარიცხული 4190 ლარიდან, წესისამებრ, 1790 ლარი განკუთვნილია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო 400 ლარი - სატრანსპორტო მომსახურებისთვის, თუმცა, გაუგებარია, ქვეყანაში არმყოფ ადამიანს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებული რა სატრანსპორტო, ან სხვა სახის რა ხარჯი უნდა ჰქონდეს და მას ამისთვის რატომ უნდა ეძლეოდეს თანხა?!“, - აცხადებს ურიადმყოფელი.

ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ დეპუტატის სასწავლებლად წასვლა, რეგლამენტის თანახმად, გაცდენის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება.

„პარლამენტმა ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს. პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ, მათთვის მინიჭებულ მანდატს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და მათზე დაკისრებული მოვალეობები კეთილსინდისიერად აღასრულონ“, - აღნიშნავს ურიადმყოფელი, რომელიც საკუთარ განცხადებაში კვორუმის პრობლემას გულისხმობს, რაც ამ მოწვევის პარლამენტში უკვე ტრადიციად იქცა.

კვორუმის პრობლემის გამო, საპარლამენტო კომიტეტები საქმიანობას რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყებენ. მაგალითად, დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, 15:00 საათზე დაიწყო, რადგან კვორუმისთვის აუცილებელ ცხრა კვოტას კომიტეტმა თავი ვერ მოუყარა.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ხმალაძის კომიტეტის გარდა, კვორუმის პრობლემა, თითქმის, ყველა კომიტეტს აქვს და ცოტა ხნის წინ, უწყებაში დამკვიდრებულ მანკიერ ტრადიციაზე - დეპუტატთა „თხოვებაზე“ for.ge წერდა, რომლის მიხედვითაც, ერთი კომიტეტი მეორე კომიტეტის წევრ დეპუტატს „თხოულობს“.

ამ მოწვევის უწყებაში კვორუმის საკითხი იმდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების და დამატებითი ნორმების მიღების მომხრეა. თუმცა, გაურკვეველია, უწყებას რაში სჭირდება დამატებითი რეგულაციების შემოღება, მაშინ, როდესაც, რეგლამენტში არსებული ჩანაწერების გამოყენებაც კი არ ხდება.

კერძოდ, რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ ორ კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი, კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომიტეტების სხდომებს სამჯერ არ დაესწრება, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი, კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომას ორჯერ არ დაესწრება, მას ხელფასის ათი პროცენტი დაუკავდება. ამასთან, თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით, ერთზე მეტ პლენარულ სხდომას არ დაესწრება, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისათვის ხელფასის ათი პროცენტი დაუკავდება.

რეგლამენტში არსებული ამ ჩანაწერის მიუხედავად, გოგა ხაჩიძის გარდა, ხელფასის ათი პროცენტი არცერთ კანონმდებელს არ დაქვითვია. არადა, საკომიტეტო მოსმენებში, ბოლო პერიოდში, მონაწილეობა არ მიუღიათ - როლანდ ახალაიას, კობა ნაყოფიას, გოგი ოჩიაურსა და რამაზ ნიკოლაიშვილს, რომელის სახელსაც 360 მლნ ლარიანი გამჭირვალე შენობის აშენება უკავშირდება.

ფაქტია, რომ კოლეგებმა მარიამ საჯაია დაინდეს და მას შეზღუდვები არ დაუწესეს, მაგრამ ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, საჯაია ღირსეულად მოიქცა. კერძოდ, მან საქართველოში არყოფნის პირობებში, ბინის ქირის თანხის გადარიცხვის შეჩერება მოითხოვა. ზოგიერთი კანონმდებელი კი, პარლამენტში არ დადის, თუმცა, ანაზღაურებასაც იღებს და ბინის ქირის სახით, გამოყოფილ დანამატსაც.