ტყვედ ჩავარდნილი, აზოვსტალის ქართველი მცველის დედა შვილის გადარჩენას ითხოვს

ტყვედ ჩავარდნილი, აზოვსტალის ქართველი მცველის დედა შვილის გადარჩენას ითხოვს

უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან, რუსეთის სასამართლომ და უკრაინის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების „სასამართლოებმა“ უკრაინელ სამხედროებს ათობით მძიმე სასჯელი გამოუტანეს. მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქეა.

20 თებერვალს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 23 წლის საქართველოს მოქალაქეს, მამუკა გაწერელიას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაწერელია მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას იცავდა.

ქართველი ჯარისკაცის დედა, დალი ჩხეიძე, საქართველოში, კერძოდ ზუგდიდში ცხოვრობს და მან შვილის სასჯელის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო და შვილის ციხიდან დასახსნელად დახმარებას ითხოვს. გაწერელიას ოჯახის ინფორმაციით, მათი შვილი რუსეთის ტყვეობაში 2022 წლის 20 მაისიდან იმყოფება, რაც უკრაინელი სამხედროები აზოვსტალიდან გაიყვანეს. ორი წლის განმავლობაში ოჯახმა შვილთან დაკავშირება მხოლოდ ორჯერ შეძლო. ბოლოს მამუკა გაწერელია ოჯახს სასჯელის გამოტანამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა.

„მან მითხრა, რომ ხვალ გამოუტანდნენ სასჯელს. მან თქვა, რომ მასთან ყველაფერი კარგად იყო, ქართველებს კარგად ეპყრობოდნენ. მაგრამ გავიგე, რომ იქიდან უკარნახეს. რუსული ვიცი და მითხრა, რუსულად ვილაპარაკოთ, რომ მიხვდნენ, რაზე ვსაუბრობთო“, - იხსენებს ჩხეიძე BBC-სთან ინტერვიუში.

რუსეთის პროკურატურის ცნობით, გაწერელია იმყოფებოდა მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში, საიდანაც მან ოთხ რუს ჯარისკაცს ცეცხლი გაუხსნა, რომელთაგან სამი დაიღუპა, ერთმა კი გადარჩენა მოახერხა.

ოჯახმა ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროებისგან შეიტყო, რომ გაწერელია ვლადიმირის ოლქის, კოვროვსკის რაიონში დაახლოებით ერთი წლის წინ გადაიყვანეს. მიმდინარე წლის იანვარში კი ტაგანროგში. მისმა ახლობლებმა სად არის, ახლა არ იციან.

უკრაინის ხელისუფლება თვლის, რომ რუსეთის მხრიდან მათი ჯარისკაცებისთვის გამოტანილი სასჯელი უკანონოა.

მამუკა გაწერელია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ოჯახიდანაა. უკრაინაში წასვლამდე ახალგაზრდა ჯარისკაცი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა. მამუკას დედის თქმით, უკრაინაში წასვლამდე, მისმა შვილმა საქართელოში კონტრაქტი გაწყვიტა და უკრაინის დასაცავად გაემგზავრა.

„მახსოვს, სახლში ვიყავით და ტელევიზორში აჩვენეს ქალაქის კადრები, სადაც ბავშვები დაიღუპნენ. ზუსტად არ მახსოვს რომელი ქალაქი იყო. ის ასეთია, ყველაფერს ძალიან სერიოზულად ეკიდება. შემდეგ მან თქვა: „იქ უნდა წავიდე, დავეხმარო მათ“. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვიყავით! ნათესავები მოდიოდნენ მის შესაჩერებლად. მამამისი თვითმკვლელობითაც კი დაემუქრა, მაგრამ მან მაინც არ შეცვალა წასვლის გადაწყვეტილება“, - იხსენებს ქართველი ჯარისკაცის დედა.

გაწერელია უკრაინაში 15 მარტს გაემგზავრა. 31 მარტიდან, ჩხეიძის თქმით, ის უკვე მარიუპოლის აზოვსტალში იმყოფებოდა. იქიდან, 12 მაისს, ცოტა ხნით ადრე, სანამ უკრაინელი სამხედროები, აზოვსტალს დატოვებდნენ, მან დედასთან დაკავშირება მოახერხა.

„ისინი უკვე გარშემორტყმული იყვნენ და მან იცოდა, რომ დანებება მოუწევდათ, რადგან არც საკვები ჰქონდათ, არც წყალი და ბევრი დაჭრილი ჰყავდათ. უკვე ისეთ ცეცხლში იყვნენ, რომ ან უნდა დანებებულიყვნენ, ან შიგნით ყველა დაღუპულიყვნენ, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი, რომ მალე გამოვიდოდნენ. შემდეგ მან მითხრა: „დედა, როცა ჩამოვალ, გამომიცხე ჩემი საყვარელი ნამცხვარი. მას უყვარს ქოქოსის ნამცხვარი ანანასებით“, - იხსენებს ის BBC-სთან სატელეფონო საუბარში.

უკრაინის კანონმდებლობით ნებადართულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამხედრო სამსახურში კონტრაქტის საფუძველზე მსახურობა. ამის მიუხედავად, რუსული მხარე მათ „უცხოელ დაქირავებულებს“ უწოდებს. გაწერელია გამონაკლისი არ არის, თუმცა, თავად რუსეთის დეპარტამენტის ცნობით, ის იყო მსროლელი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და გააფორმა კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან.