„მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელს პროექტის წაკითხვა უნდა შეეძლოს“

„მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელს პროექტის წაკითხვა უნდა შეეძლოს“

არქიტექტორი ალექსი მინევიჩი აცხადებს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურში უამრავი პრობლემაა და ამის შესახებ სპეციალისტები ღიად საუბრობენ. პრაქტიკულად, ყველას ერთი აზრი აქვს, რომ მერიის საკადრო პოლიტიკა გადასახედია.

კონკრეტულად კი, არქიტექტორი აცხადებს, რომ მან მერიის არქიტექტურის სამსახურს განსახილველად ჩააბარა პროექტი, თუმცა მათგან იღებს პასუხს, რომ ეს პროექტი თავისი მოცულობისა და ზომების მიხედვით, მიეკუთვნება მეორე და არა - მესამე კლასს. არქიტექტორის თქმით, მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რომელ კლასს მიაკუთვნებენ აღნიშნულ პროექტს. მთავარია, რომ დრო გადის და საქმე ჭიანურდება, მერია კი მის პროექტს არ ამტკიცებს. არადა, მერიიდან პასუხს 27 ოქტომბრამდე ელოდნენ და დაჩქარებული წესით პროექტის განხილვისთვის დამკვეთმა უკვე გადაიხადა 800 ლარი. ამიტომ დამკვეთს სურს, თბილისის ზღვასთან დროულად აშენდეს სახლი და პროცედურა არ გაჭიანურდეს.

„მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მომდის პასუხი, პროექტზე კოლონები რატომ არ არის ნაჩვენებიო? ვუთხარი, გასაგებად წერია, რომ არ არსებობს იქ კოლონები, რადგან კოლონების ფუნქციას ასრულებს მზიდი კედლები და დატვირთვა მათზე მოდის-თქო. რად მინდა კოლონები, როცა მზიდ კედლებზე დგას ეს სახლი? მერიის თანამშრომელი ქალბატონი, რომელიც პროექტის განხილვაზეა პასუხისმგებელი, მპასუხობს, მე არქიტექტორი არ ვარ, დეტალებში არ ვერკვევიო. ეს პირველი შემთხვევა არ არის ამ ქალბატონთან და, როცა მერიის მეშვიდე ოთახში შევდივარ, ვცდილობ, მასთან არ მოვხვდე, რადგან ეს ქალბატონი, უბრალოდ, ვერ კითხულობს ნახაზს. ვუთხარი, ქალბატონო, განმარტებით ბარათში წერია, რომ მზიდი კედლებია-თქო, მაგრამ მაინც, რატომღაც საუბარი მიდის კოლონებზე. არადა, დამკვეთი ერთი უბრალო ოჯახია, მეტი ფული არ აქვს და უბრალო ერთსართულიან სახლს იშენებს, სამი ოთახით. მერიის თანამშრომელი, რომელიც ამ საქმეს კურირებს, შეიძლება, არქიტექტორი არ იყოს, მაგრამ ნახაზის წაკითხვა ხომ უნდა შეძლოს?! მე ვამბობ, ხომ გადმოგეცით მონაცემები და ამ მონაცემების მიხედვით, ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რომელ კატეგორიას მიაკუთვნებთ აღნიშნულ ნაგენობას-თქო. ამათ კი შენობა ერთი კატეგორიიდან მეორეში გადაჰყავთ და ასე გაჰყავთ დრო“, - აცხადებს ალექსი მინევიჩი.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მერიაში არიან კარგი სპეციალისტებიც, მაგრამ, მთლიანობაში, ქალაქის თვითმმართველობას არ ჰყოფნის სპეციალისტები. არქიტექტორს არ სურს, პოლიტიკური ფონი მიეცეს ამ ყველაფერს, მაგრამ მიაჩნია, რომ საკადრო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მერიის სამსახურში სპეციალისტები უნდა აიყვანონ და არა - ნაცნობები. იგი თანახმაა, არქიტექტურის სამსახურმა თუნდაც სტაჟიორი სტუდენტი დაასაქმოს, ოღონდ მას ნახაზების წაკითხვა შეეძლოს, წინააღმდგე შემთხვევაში, მისი პროექტის კურატორთან და მისნაირებთან კამათს კი აზრი არ აქვს.

„ამით ბევრს გადავიმტერებ არქიტექტურის სამსახურში, ბევრს არ მოეწონება ჩემი საუბარი, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანებმა თავიანთი ინტერესები უფრო მაღლა არ უნდა დააყენონ, ვიდრე სამსახურეობრივი საქმიანობა. არ მინდა, იმ ქალბატონმა დაკარგოს სამსახური, მაგრამ ასეთ რამეებს როგორ მიწერს?! აბსურდია, რომ სპეციალისტმა, რომელსაც პროექტის განხილვა ევალება და პროექტს ვერ კითხულობს, შენიშვნები დამიწეროს. ვითომც ხარვეზები დაგვიდგინეს და მოგვთხოვეს, „ვინაიდან საპროექტო შენობის განთავსებით იჭრება მიწის ნაკვეთზე მდებარე ერთი ძირი ხე-ნარგავი, წარმოვადგინოთ მერიის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული თანხმობა ხის მოჭრის, ან გადარგვის შესახებ“. სინამდვილეში, ეს არის საკუთარ ტერიტორიაზე ამოსული ჭერმის ხე და მისი მოჭრისთვის არანაირი ნებართვა არ არის საჭირო“, - აღნიშნა არქიტექტორმა.

მისი თქმით, ელექტრონული სისტემა კარგია, ამით პროცედურები ვითომ გამარტივდა, მაგრამ, თუ ადრე ხარვეზებს იოლად აღმოფხვრიდნენ, ახლა ყველაფერს ართულებენ. რაც მთავარია, მერიის ახლანდელი ე.წ. სპეციალისტები არ აღიარებენ შეცდომებს.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ბრკოლდება ალექსი მინევიჩის კონკრეტული პროექტის დამტკიცება თბილისის მერიაში, ჩვენ დავუკავშირდით არქიტექტურის სამსახურის პირველ-მეორე კლასის სანებართვო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ვერა ზაზაშვილს.

მან აღნიშნა, რომ მერიის არქიტექტურულ სამსახურს ტექნიკური ხასიათის შეცდომა გაეპარა და არასწორად მიუთითა შენობის კლასი.

„სპეციალისტთან შეხვედრა, მე მგონი, აღარ დასჭირდებათ, რადგან ჩვენი მხრიდან დაშვებული ხარვეზი აღმოიფხვრა. ჩვენც არ ვეთანხმებით, რომ ეს არის მესამე კლასის შენობა-ნაგებობა. აღნიშნული პროექტი აუცილებლად დაუმტკიცდება, როცა თბილისის მერიის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურიდან მოიტანს თანხმობას ხის მოჭრასთან დაკავშირებით. სხვა ხარვეზი პროექტში აღარ არის და ყველაფერი შესწორებულია. მართალია, ფოტოსურათებზე ჩანს ხე, მაგრამ ზუსტად ვერ ვარკვევთ, რა ხეა, შეიძლება, წითელ წიგნში შეტანილი ხეც იყოს. თუ ბროწეული ან თუთაა, მაინც თავს ვიზღვევთ და მის მოჭრაზე ეკოლოგიის სამსახურის თანხმობას ვითხოვთ. ეს არ არის პროცესის გაჭიანურება, ეს აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნა მერიის თანამშრომელმა ჩვენთან საუბრისას.

როცა ავუხსენით, რომ ფოტოსურათზე ჭერმის ხე იყო ასახული, მან გვითხრა: „ძალიან კარგი, რომ ჭერმის ხეა, მაშინ ეკოლოგიის სამსახური უბრალოდ დაუწერს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს ხის მოჭრასთან დაკავშირებით“.