ახალი პოლიტიკური ცენტრის პერსპექტივა

ახალი პოლიტიკური ცენტრის პერსპექტივა

ხუთ არასაპარლამენტო პარტიას შორის ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ავრცელებს. ჩვენ შევეცადეთ, გადაგვემოწმებინა ინფორმაცია ნინო ბურჯანაძის პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ბაკურ ბაკურაძესთან. იგი ცოტა ხანში დაგვპირდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, თუმცა მოგვიანებით „დემოკრატიულ მოძრაობაში“ გვითხრეს, რომ ბაკურ ბაკურაძე თათბირს ესწრებოდა და არ ეცალა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციას შორის გამართული სიტყვა „კონსულტაცია“ ძალზე ზოგადი სიტყვაა. უბრალოდ, ცალკეული ორიენტირები გამოითქმის არასაპარალამენტო ოპოზიციის გაერთიანების შესახებ.

რაც შეეხება ჯონდი ბაღათურიას, მართალია, იგი ადასტურებს, რომ ყველა ძირითად ოპოზიციურ ძალას შორის ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარობს და იგი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი მომავლის მიმართ, მაგრამ რომელ პარტიებზეა საუბარი, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

ამასთან, არ გამორიცხავს, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრი მიიღებს. მისი თქმით, ყველა პარტიისთვის, ვისაც თავი არ შეურცხვენია წარსულში, არ აქვს კორუმპირებული წარსული, ან არ ყოფილა შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ცენტრის კარი ღიაა.

„გაერთიანება მოხდება სახელმწიფო ინტერესების ირგვლივ. მას ეყოლება ლიდერთა გუნდი, თუმცა მათ შორის გამორჩეული ლიდერებიც არიან და შესაძლოა, პოლიტიკურ ცენტრს ერთი ლიდერი ჰყავდეს. დიალოგში მონაწილეობს ყველა ძირითადი პარტია. „ქართულ დასსა“ და „თავისუფალ საქართველოს“ შორის უფრო წინ არის წასული საქმე, მეტია თანხვედრა და ვფიქრობ, აქ ურთიერთობის განვითარებას აღარაფერი შეუშლის ხელს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ჩვენი ლიდერების მიმართ. ვფიქრობთ, ყველა შეძლებს, ურთიერთკომპრომისების ნიადაგზე შექმნას ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“ და აღარ მისცემს საშუალებას, ქვეყნის განვითარება შეაფერხოს“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში ლიდერად შესაძლოა, ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა გამოიკვეთოს და ადგილობრივი არჩევნებისთვის გაერთიანება სწორედ მის გარშემო მოხდეს. ხოლო თემატურ ჯგუფში შევლენ ცალკეული პარტიები, კერძოდ, კახა კუკავას, ჯონდი ბაღათურიას, მამუკა კაციტაძის, გიორგი თარგამაძისა და ნინო ბურჯანაძის.

მამუკა კაციტაძე უარყოფს არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების შესახებ ინფორმაციას, უბრალოდ, ადასტურებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არასაპარლამენტო ოპოზიცია, შესაძლებელია, გარკვეულ კოალიციაში ჩაერთოს და ამაში არაბუნებრივი და არარეალური არაფერია.

ჩვენი ინფორმაციით, არასაპარალამენტო ოპოზიციის გაერთიანების შესახებ იდეა კახა კუკავამ რამდენიმე დღის წინ გააჟღერა. ამიტომაც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს დავუკავშირდით.

კახა კუკავას თქმით, ოპოზიციის გაერთიანების იდეა ნამდვილად არსებობს, თუმცა ჯერჯერობით, ეს იდეის დონეზეა და კონკრეტული პროცესი არ მიმდინარეობს.

„მართლაც, მე ვთქვი ამის შესახებ, მე ვარ „დამნაშავე“, რომ ამ თემის გააქტიურება დაიწყო. უბრალოდ, თვითონ ფორმაა სწორი, თუკი ოპოზიცია ერთობლივად გააერთიანებს ძალისხმევას „ოცნებისა“ და ნაციონალების წინააღმდეგ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თუ რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია“, - აღნიშნა კახა კუკავამ.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის ლიდერობას, საპრეზიდენტო არჩევნებში ბურჯანაძის მიერ განცდილი ფიასკოს შემდგომ კახა კუკავამ ეს გამორიცხა.

„მე მგონი, ოპოზიციაში ლიდერები არც სხვა შემთხვევაში დანიშნულან და არც ახლა დაინიშნებიან. ამას პროცესი გამოარჩევს, მით უფრო, რომ ამ ტიპის არჩევნები არ არის ისეთი, რასაც ერთი გამოკვეთილი ლიდერი სჭირდება. ჯერჯერობით, ეს იქნება ბლოკი თუ კოალიცია, ან კიდევ, რამდენი სუბიექტი შევა მასში და რა სტრუქტურის იქნება, ჯერჯერობით განხილვის თემა არ არის“, - გვითხრა კახა კუკავამ და განმარტა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. თუმცა უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ დაბალანსება, ხოლო, მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობისთვის“ გზის ჩაეკეტვა მეორე ადგილისკენ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ნაადრევად მიიჩნევს რაიმე კოალიციაზე საუბარს. ფიქრობს, რომ დრო თავისას მოიტანს და ჯერჯერობით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასვენების პერიოდია, ხოლო იმ პარტიებს, ვინც არ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებში, მეტი განჭვრეტის პერსპექტივა აქვთ.

„ცხადია, რეგისტრირებული 230 პარტიიდან არ უნდა ველოდოთ, რომ მაინცდამაინც 225 გაერთიანდება ერთიან კოალიციაში. უბრალოდ, სავარძლები არ ეყოფათ გასანაწილებლად. ამიტომ რამდენიმე იქნება ასეთი კოალიცია. ჩვენ ვიცით, რომელი პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან ხოლმე არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოწერილი რეცეპტით. გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა, ამას მარტივად დავინახავთ. ამიტომ დღეს ლიდერზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს თემა ყოველთვის ღუპავდა ოპოზიციური გაერთიანებების პერსპექტივას. არ გამოვრიცხავ, კახა კუკავასთვის დადგეს ჟამი, როცა ის პრაიმერიზის ჩატარების სურვილს გამოთქვამს და ამ გზით გამოავლენს ლიდერს პოლიტიკურ ძალათა ოპოზიციურ სპექტრში“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, არც ის გამორიცხა, რომ კოალიციები შეიქმნას, შემდეგ სკამები ვეღარ გაინაწილონ და არჩევნებამდე დაიშალონ. ასეთი ფინალის გამოსარიცხად კი სოსო ცისკარიშვილი მათ ურჩევს, კოალიციის ჩამოყალიბებისას საფრთხე გააცნობიერონ და წინასწარი მზაობა ჰქონდეთ იმ სცენარის მიხედვით, რომლითაც ისინი აპირებენ არჩევნებამდე მისვლას.

ექსპერტ არჩილ გამზარდიასთვის ლოგიკურია, რომ ცალ-ცალკე მყოფ პარტიებს არ აქვთ საკუთარი თავის იმედი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევის თვალსაზრისით. ამიტომ პარტიები იყენებენ მოდელს, რომელიც თავის დროზე გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა მასში ძალიან ბევრი ძალა გაერთიანდა. ასევე, მოიქცა „ქართული ოცნებაც“. ექსპერტის თქმით, საქართველოში იყო პრეცედენტები, როდესაც პარტიებმა სცადეს თანაბარუფლებიანობის, პარიტეტის პრინციპზე გაერთიანება, სადაც არა კონკრეტული ლიდერის გარშემო იქნებოდნენ თავმოყრილნი, არამედ ლიდერთა ნაკრები იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით ასეთი გაერთიანებები იშლებოდა, რადგან ბევრი მათგანი სრულიად ნეგატიური განწყობით იყო ერთმანეთის მიმართ და ამაოდ ცდილობდნენ საკუთარი უფლებების გატანას.

„თავისთავად, ასეთი გაერთიანებები ხელოვნურია, მაგრამ, როცა კონკრეტული ლიდერის გარშემო არის ორიენტირებული პროცესი, მათ გარკვეული შანსები გააჩნიათ. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც იქნება გენერალური რეპეტიცია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, უფრო ეფექტური იქნება, თუკი კონკრეტული წამყვანი ლიდერის გარშემო გაერთიანდებიან ეს ძალები. ე.წ. ლიდერთა შორის ნინო ბურჯანაძე იმიტომ არის გააზრებული, რომ ბურჯანაძე სამ ლიდერს შორის დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, ამას მარცხს დავარქმევთ თუ გამარჯვებას. მეორე მხრივ, ბურჯანაძის პარტია არ არის განვითარებული საიმისოდ, რომ თვითმმართველობაზე წარდგეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის გარდა, თავად ბურჯანაძეს თვითმმართველობის არცერთი სხვა რგოლი არ აწყობს, მას არ უნდა აწყობდეს საკრებულოს დეპუტატის ფუნქცია“, - აცხადებს არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, არ გამორიცხავს, თუკი ასეთი შეთანხმება შედგება, როგორც ლიდერი, გამოყენებულ იქნას ბურჯანაძე, ხოლო სხვა პარტიებს გარკვეული შანსები მიეცეთ, რათა ისინი თვითმმართველობაში გავიდნენ.

მისი აზრით, ამას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. კერძოდ, დადებითია, თუ ეს ძალები ისე გაერთიანდებიან, რომ ხელოვნურად შექმნიან ისეთ შესაძლებლობას, რომ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“ აღარ იყვენენ დამოკიდებულნი, ხოლო უარყოფითია, როცა ისევ ხელოვნურ გაერთიანებებზე ორიენტირებულ ჯგუფებს ვხვდებით და ეს იქნება ისეთივე სიყალბე, როგორც აქამდე იყო. მაგალითად, არაერთი პარტია ივანიშვილს ამოეფარა და ისე შევიდა პარლამენტში. რეალურად, ამ ადამიანებს და მათ ლიდერებს სერიოზული დეფიციტი აქვთ მოღვაწეობაში და სამოღვაწეო მომავალი არ გააჩნიათ.

„თუკი ბურჯანაძე არ იმუშავებს თვითმმართველობაზე, მაშინ შეიძლება, ის მეათეხარისხოვანი ფიგურა გახდეს, რადგან მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არანაირი სივრცე არ აქვს. თუმცა ვერც ბურჯანაძეს ვხედავ დიდად ეფექტურ ლიდერად, მაგრამ სხვა ლიდერებს უფრო ნაკლებად ვხედავ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის არჩევანი დიდი იქნება, თუნდაც მეათეხარისხოვან ძალებს შორის. შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ცალკეულმა პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ასევე, თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმუშავებს „ნაცმოძრაობა“, ქდმ, შესაძლოა, ბრძოლა გააგრძელოს ნათელაშვილმაც“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.