„ლოგიკურია კბილაშვილის წასვლა, რადგან მან ვერ შეძლო მის ქვემდებარეობაში მყოფი პირების კონტროლი“

„ლოგიკურია კბილაშვილის წასვლა, რადგან მან ვერ შეძლო მის ქვემდებარეობაში მყოფი პირების კონტროლი“

გენერალურ პროკურატურაში საკადრო წმენდა იწყება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძის მოადგილე არ იქნება ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ ის პროკურატურის სისტემაში განაგრძობს მუშაობას. ნაცვილშვილთან ერთად იცვლება, თბილისის პროკურორი და რამდენიმე რაიონის პროკურორი. ამ ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა ცვლილების მოლოდინში არიან. ნაცვლიშვილის შესაძლო განთავისუფლებას კი მისივე უწყებაში დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის არის ფიგურა, რომელიც მის ზემდგომს, ამ შემთხვევაში კი გენერალურ პროკურორს არ ემორჩილებოდა.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, ის ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას რომელ საქმეზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ვინ უნდა დაეკითხა გამოძიებას.

იურისტი კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არჩილ კბილაშვილმა თვითონ მისცა საშუალება მის მოადგილეებს, რომ ემართათ სისტემა ისე, რომ თვითონ არ იცოდა ამის შესახებ.

არჩილ კილაშვილმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რატომაც წავიდა თანამდებობიდან. მან ღიად ისაუბრა იმ უთანხომებაზე რომელიც მასსა და მომავალ პრემიერთან, და მათ შორის მოქმედ პრემიერთან არსებობს...

კახი კახიშვილი: ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთა არჩილ კბილაშვილმა. თუ ეს უთანხმოება არსებობდა და თუ მისი ხედვა არ ემთხვეოდა თუნდაც იმ გუნდის ხედვას და იმ გუნდის ხელმძღვანელს, რომელმაც ის წარადგინა თანამდებობაზე, ამის შესახებ, თავის დროზე, ცხადად უნდა ყოფილიყო ნათქვამი. მე ვფიქრობ, რომ კბილაშვილს ადრე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და ამას უფრო გაიგებდა საზოგადოება.

ამ ერთი წლის განამვლობაში ყველა პრობლემა, რომელიც დაკავშირებული იყო პროკურატურასთან, ბოლოს არჩილ კბილაშვილს სახელს დაუკავშირდა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზოგ შემთხვევაში, ბატონი არჩილი საერთოდ საქმის კურსში არ იყო რა ხდებოდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ცოტა დაგვიანებულად გაკეთდა განცხადება.

სტრუქტურული პრობლემების გარდა, იყო პრეტენზიებიც. მათ შორის, თქვენ პირდად აკრიტიკებდით და საუბრობდით იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად იყო პროკურატურაში. როგორ ფიქრობთ, როდესაც ახალაიას გამამართლებელი განაჩენი დადგა, ამ განცხადების ხმამაღლა გაკეთება რატომ ვერ გაბედა კბილაშვილმა მაშინ და რატომ - ახლა?

- მისი პროკურორად ყოფნის პერიოდში მე მის კრიტიკას არ ვერიდებოდი და ახლა, როდესაც ადამიანმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა და წავიდა, მე ვფიქრობ, რომ არ ღირს იმ საქმეების გახსენება, რაც თავის დროზე საფუძვლად დაედო მის კრიტიკას. ამიტომ, დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ახლო მომავალაში პროკურატურა დადგეს სათანადო სიმაღლეზე და შეძლოს იმ ამოცანების შესრულება, რა ამოცანების წინაშეც დგას.

არჩილ კბილაშვილის განცხადებიდან თუ გამოვალთ, მან თქვა, რომ მომხრე იყო პროკურატურის ლიბერალიზაციის, მაგრამ ივანიშვილი ეუბნებოდა, რომ ჯერჯერობით ნაადრევი იყო პროკურატურის იმ დონეზე ლიბერალიზაციაზე საუბარი, რა დონეზე კბილაშვილს სურდა...

- სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ პროკურატურის ლიბერალიზაცია უმოქმედო პროკურატურის მოქმედებას არ ნიშნავს. ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები, თუ შეიძლება ამას რეფორმები დავარქვათ, ძირითადად, უმოქმედობას უფრო სცილდებოდა, ვიდრე ლიბერალიზაციას. 12 თვის განავლობაში სულ რამდენიმე საქმე იყო საზოგადოებისთვის ინტერესის თვალთახედვაში, დანარჩენზე გვეუბნებოდნენ, რომ გამოძიების სტადიაშიაო. იმ რამდენიმე გახამურებულ საქმეზე, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგა, ამას ლიბერალიზაციას ვერ დავარქმევთ.

ამას დავარქმევთ იმას, რომ არაკვალიფიციური მხარდაჭერა ჰქონდა ბრალდებას პროცესებზე და ვერ გათვალა ბრალდებამ, რომ სულ სხვა დროში და სხვა სივრცეში ცხოვრობს. ეს არაა ის დრო, როდესაც საკმარისი იყო ორი სუფთა ფურცლით სასამართლოში ადეიშვილის სახელით მისვლა, რომ განაჩენი დამდგარიყო. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე ბატონმა არჩილ კბილაშვილმა კარგად ვერ აღიქვა რა სისტემას ხელმძღვანელობდა. ის ბუნებით არის ადვოკატი, რბილად უყურებს ყველა საქმეს და მივიდა იმ უწყებაში, რომელსაც ვერ აუღო ალღო. თანამშრომლებმაც ვერ გაიგეს ვინ არის ხელმძღვანელი პროკურატურაში და ამიტომ, დაიწყო ის ანარქია, რომელიც დაიწყო. ჩემი აზრით, ბევრი საქმე შეგნებულად გაფუჭდა.

კონკრეტულად რომელ საქმეს გულისხმობთ?

- არა მხოლოდ ერთ სისხლის სამართლის საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც პროკურატურაში არ დახვდა ადეიშვილს, მაგრამ მერე ვინც პოლიტიკური ნიშნით მოვიდა და დასაქმდა პროკურატურაში, ისინი საქმეს გააკეთებდნენ დღეს. საქმის გაკეთება იმდენად მარტივია, რომ შემდგომში ძალიან რთულია, ასეთ საქმეს სასამართლო პრესპექტივა გაუხსნა. სხვათაშორის, მე თუნდაც იმ ოდიოზური კადრების დაბრუნების საჭიროება ვერ გავიგე, რომლებიც სიხისტესთან და პირდაპირ ცემა-ტყეპასთან იყვნენ ასოცირებულები. ჩემთვის ცოტა უცნაურია ასეთი ტიპის მიდგომები. ის ადამიანები, რომლებიც პროკურატურაში ნამდვილად სჩადიოდნენ ისეთ მოქმედებებს, რომელიც ყველა ჩარჩოს და კანონებს ეწინააღმდეგებოდნენ, დღეს სისტემაში მუშაობენ. თუ არ მუშაობენ, რჩევებს იძლევიან და საკუთარი კადრების ლობირებით არიან დაკავებულები. პროკურატურა ცოტა რთული სისტემაა, ძალიან კვალიფიციური იურისტები ხვდებოდნენ პროკურაურაში. ამავდრულოდ, როგორც წესი, სხვა უწყებიდან პროკურატურაში სამუშაოდ არ გადაჰყავდათ. მაგრამ, 9 წლის განამვლობაში ისე აირია ყველაფერი, რომ შსს-დან და ფინანსური პოლიციიდან გადაჰყავდათ პროკურატურაში თანამშრომლები, ამან კი სისტემა არია. დღეს ურთულესი ამოცანის წინაშე დგას ახალი პროკურორი.

პროკურატურას უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია, რომელიც სამწუხაროდ, რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული და შელახული. პროკურატურა ასოცირდებოდა მხოლოდ სისასტიკესთან, რეკეტთან. დღეს კი ასოცირდება უმოქმედობასთან და უუნარობასთან.

ყოფილი პროკურრის განცხადებით, მისი სურვილი იყო, რომ რეპრესიული მანქანა ევროპული მოდელის პროკურატურით შეცვლილიყო, თუმცა როგორც თავად განმარტა, ამის წინააღმდეგი იყო პრემიერი ივანიშვილი. ევროპული სტილის პროკურატურისთვის არის ქვეყანა მზად?

- ევროპული პროკურატურა შეიძლება გქონდეს მაშინ, როდესაც ევროპული სახის დემოკრატია გაქვს. როდესაც, სასამართლო პოლიტიზირებულია, როდესაც 46 განცხადება გიდევს და ამის ფონზე, იჯდე და იფიქრო ევროპულ პროკურატურაზე იმ გარემოში, სადაც არც პროკურატურის კადრები გაძალევს იმის საშუალებას, რომ ევროპული პროკურატურის სტილით მართო და არც კვალიფიკაცია, მე ვფიქრობ, რომ არასწორია. ამიტომ, უნდა მიეღო ჯერ ის, რაც ჰქონდა. უნდა ყოფილიყო მკაცრი რეფორმები, მკაცრი მენეჯმენტი და შემდგომში, როდესაც უკვე აიღებდა ინიციატივას საკუათარ ხელში, მაშინ, უკვე, შესაძლებელი იყო პროკურატურის რეფორმირება. დღეს სახეზე გვაქვს ის, რომ პროკურატურა გამოსულია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, მთავარი პროკურორი თავის რანგით მინისტრის რანგზეც კი ვერ დგას. დღეს, გაუგებარია პროკურატურის ადგილსამყოფელი. მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი 12 თვის განმავლობაში.

კბილაშვილის განცხადება ადასტურებს იმას, რომ ის ვერ მართავდა ამ უწყებას?

- აჩიკო რომ პროცესებს ვერ მართავდა, ეს ძალიან კარგად ჩანდა. საქართველოს პროკურატურა ვერ ახორციელებდა სათანადო ზედამხედველობას იმ უწყებებზე, რომელზეც კანონით მას ევალება ზედამხედველობის გაწევა, მაგრამ ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ ფონზე, 12 თვის განმავლობაში რატომ იყო კბილაშვილი ჩუმად? იგივე გადაწყვეტილება მას შეეძლო ნებისმიერ დროს გაეკეთებინა. ან დაეყენებინა საკითხი, რომ მანამ სანამ ის არის პროკურორი, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელზეც შესაბამისად აიღებს პასუხისმგებლობას.

12 თვის განმავლობაში მიიღო ასეთი სურათი და საბოლოოდ, ის კრიტიკაც შენსკენ წამოვიდეს, რომელიც შენ არ გეკუთვნის და შემგდომში ამაზე ილაპარაკო, არ ვიცი, ეს რამდენად სწორია. მე ვიცი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო აჩიკო, მაგრამ თვითონ მისცა საშუალება, რომ მის მოადგილეებს ემართათ სისტემა ისე, რომ თვითონ არ იცოდა ამის შესახებ. თუ მისი მოადგილეები არ ემორჩილებოდნენ მის გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ ასეთი მოლოდინი საჭირო არ იყო. ლოგიკური დასარული იქნებოდა კბილაშვილის წასვლა, იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო საკუთარ უწყებაში მის ქვემდებარეობაში მყოფი პირების კონტროლი.

ამბობენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს კბილაშვილთან შეუთანხმებლად...

- გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს შენი მოადგილე, როდესაც შენ მისცემ ამის საშუალებას.