წლევანდელი ბიუჯეტის ბედს 2 დღეში გადაწყვეტენ

წლევანდელი ბიუჯეტის ბედს 2 დღეში გადაწყვეტენ

ბიუჯეტის შესწორება-შელამაზების საკითხი 2 დღეში გადაწყდება. მანამდე კი მთავრობაში სხვადასხვა განწყობაა. თუკი ეკონომიკის მინისრტრი არსებული რეალობიდან გამომდინარე აკეთებს კომენტარებს, ფინანსთა მინისტრი კვლავ უსაზღვრო ოპტიმიზმს ამჟღავნებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო ბიუჯეტის დეფიციტი 2.9%-ის ოდენობით, თუმცა ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდება, ვარაუდობს ის.

მინისტრის განმარტებით, „შემოსავლები უფრო მეტია, ვიდრე ხარჯები. შესაძლებელია შემოსავლების გარკვეული მიმართულებით იყოს დანაკლისი, თუმცა ხარჯების შესრულებას არანაირი პრობლემები არ შეექმნება“, - ირწმუნება ის.

ნოდარ ხადური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს, ლარის გაუფასურება ბიუჯეტის შევსების მიზნით ხდება. „ვინც ეგ თქვა, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არც ბიუჯეტზე, არც ლარის კურსზე და არც ეკონომიკაზე ზოგადად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ბიუჯეტის შევსება მოხდება ყოველგვარი დაშინებისა და დაყაჩაღების გარეშე. „ბიუჯეტის შევსებას ვაპირებთ ისე, როგორც აქამდე ვავსებდით. ძალიან კარგად, წყნარად, ყოველგვარი ძალდატანებისა და დაყაჩაღების გარეშე. პარლამენტის სხდომას დაველოდოთ, ოთხშაბათს იქნება პარლამენტის სხდომა“, - აღნიშნა ხადურმა.

შეიცვლება თუ არა 2013 წლის ბიუჯეტი, სწორედ პარლამენტის სხდომის შედეგ გახდება ცნობილი.

თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების გარკვეული ნაწილი, მშპ-ის ზრდის დაგეგმილი მაჩვენებლის მიუღწევლობის გამო, არ შესრულდა.

ეს არ არის ადმინისტრაციული ხარვეზებით გამოწვეული, აღნიშნავს მინისტრი და განმარტავს, რომ მოხდა ინფრასტრუქტურული პორტფელის სერიოზული გადახედვა, ხოლო ტენდერების თავიდან ჩატარებას დრო სჭირდება.

„ბიუჯეტის დანაკლისი არის იმ მასშტაბებში, რა მასშტაბებშიც არ გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი. ადმინისტრირების პრობლემა არ არის, ეს არის მნიშვნელოვანი და როდესაც წამოიწევს მშპ-ს ზრდა, ზუსტად ანალოგიურად იქნება ბიუჯეტის შევსება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა სოციალური ხარჯი დაფინანსდება.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეფექტიანად მუშაობს და აქედან გამომდინარე, ანალოგიური შეფერხებები 2014 წელს აღარ იქნება.

„ძალიან სწრაფად და ეფექტურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმისთვის, რომ მომავალი წლის განმავლობაში მოხდეს იმ ყველაფრის ანაზღაურება, რაც წელს ვერ შესრულდა. პროექტების უმეტესობაში სერიოზული პრობლემები იყო. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ნაწილი აღარ არსებობდა, შესაბამისად, სხვა გზა არ გვქონდა გარდა იმისა, რომ თუნდაც თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ახალი ტენდერი გამოგვეცხადებინა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება მშპ-ს ზრდის შეფერხებას და სამომავლო პერსპერტივას. აქ 2013 წლის საბოლოო მონაცემზე უკვე აზრთა სხვადასხვაობა აღარ არის. ყველა შეთანხმებულია, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკა დაახლოებით 2%-ით გაიზრდება. ამას ადასტურებს ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკიც, რომელსაც საგაისოდ უფრო იმედიანი პროგნოზი აქვს - 4%-იან მატება.

ევრობანკმა რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ პუბლიკაციაც მოამზადა. „საქართველოში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა, შემცირებული საჯარო და კერძო ინვესტიციების და პოლიტიკური გაურკვევლობების მიზეზით, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემას და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ევრობანკის ცნობით, მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2012 წლის 6.2 პროცენტიდან 2013 წელს 2 პროცენტამდე შემცირდა. 2014 წელს კი უკეთესი მდგომარეობა იქნება და საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 4%-ით გაიზრდება.