აფხაზეთიდან დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს

აფხაზეთიდან დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში, ოთხი დევნილი შიმშილობს. მოშიმშილეებს უერთდებიან თბილისში მცხოვრები დევნილები და დღეს აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს შენობაში შიმშილობის აქციას იწყებენ. დევნილები იმედოვნებენ, რომ მათ სხვა რეგიონში მცხოვრები დევნილებიც შეუერთდებიან. მოშიმშილეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ უმაღლესი საბჭო დანიშნავს.

დევნილების განცხადებით, ისინი სრულ ნდობას უცხადებენ საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და მიიჩნევენ, რომ სწორედ მარგველაშვილმა უნდა დანიშნოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. როგორც აქციის მონაწილე, ქეთევან ჯობუა აცხადებს, შიმშილობის აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.

„ჩვენ არ დავიშლებით, ეს აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ უმაღლესი საბჭო და მთავრობა არ შეცვლიან თავიანთ განზრახვას. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მთელი 20 წლის განმავლობაში ამ ინიციატივით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არ გამოსულა, ახლა ცდილობენ, რომ ისეთი ცვლილება განახორციელონ, რომელიც პირდაპირ სეპარატიზმს ქადაგებს. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, უმაღლესი საბჭოს წევრები ახლა ვინმეს დაკვეთას ასრულებენ“, - აცხადებს ქეთევან ჯობუა.

დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, გოჩა ბახია ერთ-ერთია იმათგან, ვინც უმაღლესი საბჭოს წინ შიმშილობას იწყებს. მისივე განცხადებით, არ შეიძლება საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად მსგავსი ცვლილების შეტანა. ვინიადან ეს ნიშანვს საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან გასვლას.

„ეს თვითმარქვია მთავრობა უნდა წავიდეს მთელი შემადგელობით. ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას. ამ ხალხს წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და დღესაც ცდილობენ, რომ ხელი მოითბონ. პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს თანამდებობები და ანალოგიურის მცდელობა აქვთ ახლაც, რასაც ჩვენ დევნილები არ დავთმობთ. ნახეთ მათი სახლები, ჩვენ ამის დათმობას არ ვაპირებთ, ესენი უნდა გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ დავიშლებით. 20 წელი გავიდა, არაფერი ამ ხალხს არ გაუკეთებია. თუ უმაღლესი საბჭო და მთავრობა, არ შეცვლის გადაწყვეტილებას, ჩვენ დევნილები ვიწყებთ მასიურ საპროტესტო აქციებს“, - აცხადებს გოჩა ბახია.

ა-რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, როდესაც დამთავრდება ამ საკითხის განსჯა, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან.

„არანაირი სეპარატიზმი, თბილისში, აქ ვაკეში ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკა არ მოგვიწყვია“, - ამბობს გია გვაზავა.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტის განხილვა 31 ოქტომებერს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რასაც უნივერსიტეტის პროფესურის, სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა.
აფხაზეთის ა-რ იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, სამართალმცოდნე, პაატა კაკულია აცხადებს, რომ პროექტის ავტორებს პირდაპირ უთხრეს, რომ ეს არის სეპარატიზმი და ამას არ დაუშვებს არა მარტო აფხაზეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს მოსახლეობა. როგორც კაკულია ამბობს, ისინი მიმართავენ არჩეულ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, პოლიტსაბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ არ დაუშვან კონსტიტუციაში ამ ცვლილების განხორციელება.

„უმაღლეს საბჭოს განზრახული აქვს, რომ დაჩქარებული წესით განახორციელოს ცვლილება კონსტიტუციაში. ანუ პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ავტომატურად ამოქმედდეს ეს მუხლი, რომ მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა მოხდეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე. საქართველოს კანონში მთავრობის შესახებ 28-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ აფხაზეთის და აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში. ამიტომაც სისტემის ხელმძღვანელი არის პრეზიდენტი და პრემიერი. ესენი კი ცდილობენ ამის იგნორირებას. მათი მიზანია, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე, უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნონ აფხაზეთის ა-რ მთავრობის თავმჯდომარე“, - აცხადებს პაატა კაკულია.