„ავღანეთში ქართველების დაღუპვის დღემდე უცნობი დეტალები“ - ასეთი მრავლისმეტყველი სათაურით მოამზადა რეპორტაჟი რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ინგლისურენოვანმა ტელევიზიამ „Russia Today“-მ.
სათაურიდან გამომდინარე, იმის მოლოდინი არსებობდა, რომ ავღანეთში დაღუპულთა შესახებ მართლაც უცნობ ფაქტებს გავიგებდით, რასაც ყოფილი ხელისუფლება მალავდა. თუმცა რეალურად, სიუჟეტი ყველასთვის ცნობილ ტრაგედიებს შეეხებოდა, რამაც საქართველოს მოსახლეობა უკვე არაერთგზის შეძრა.
კონკრეტულად, სპეციალური რეპორტაჟი იმ ქართველი ჯარისკაცების შესახებ მომზადდა, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიას ემსხვერპლნენ. „ფასი, რომელსაც საქართველო ნატოს წევრობისათვის იხდის“, - ეს მთავარი სიტყვა გასდევდა რეპორტაჟს, რომლის მოსამზადებლადაც ჟურნალისტი მოსკოვიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა და იმ ჯარიკაცთა დედები ჩაწერა, რომელთა შვილებიც თალიბების მიერ მოწყობილ ტერაქტებს შეეწირნენ. მშობლები ტელეკამერის წინ მძიმე ისტორიებს იხსენებდნენ.
მაგალითად, ნარგიზა გურგენაშვილი ამ რეპორტაჟის ერთ-ერთი რესპონდენტია. რუს ჟურნალისტებთან საუბრისას იგი ამბობს, რომ არავის სჭირდება ის მედლები და ჯილდოები, რომლებიც შვილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს გადასცეს.
ზურაბ გურგენაშვილი სექტემბერში დაქორწინებას აპირებდა, თუმცა 700-დოლარიანი ხელფასის გამო წავიდა ავღანეთში. ცოტა ხანში იგი ცინკის კუბოთი ჩამოასვენეს. როცა კუბო გახსნეს, ზურაბს მთელი თავი ჭრილობებით ჰქონდა სავსე. მათ ოჯახში კი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქალბატონი მივიდა და ოჯახის წევრებს ამცნო, თუ როგორ გმირულად დაიღუპა ზურაბ გურგენაშვილი.
სიუჟეტის თანახმად, სააკაშვილის პრეზიდენტობისას ნატოში გაწევრიანება საქართველოს სახელმწიფო პრიორიტეტი იყო. 2004 წლიდან მონაწილეობდა ქვეყანა ნატოს მისიაში, სადაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის, 11 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა. სიუჟეტის ავტორის თქმით, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლებაც ძველის კურსს აგრძელებს და კონტინგენტის ზრდას აპირებს ავღანეთში. ამდენად, ჟურნალისტი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ავღანეთში დაღუპულ 29 გმირის ისტორიას კიდევ ახალი ტრაგიკული ფურცლები შეემატოს.
სამხედო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, ეს სიუჟეტი ანტინატოური საინფორმაციო ომის ნაწილია, ნატოს წინააღმდეგ განწყობის გასაღრმავებლად. ასეთი რეპორტაჟები მხოლოდ ემოციურ დატვირთვას ატარებს, რადგან, თუ არ არსებობს კონკრეტული ფაქტი, შვილმკვდარი დედების განცხადებები ყოველთვის ემოციურია და ეს ემოცია გასაგებია. თუმცა მეორეა, როცა ჟურნალისტი ამ ყველაფერს იყენებს შავი პიარისთვის.
ავღანეთში ქართველების დაღუპვის „დღემდე უცნობი დეტალების“ შესახებ კი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ, რაოდენობის თვალსაზრისით, განსხვავება არ არსებობს და ქართულ მხარეს არავინ მისცემს უფლებას, დამალოს დაღუპულების და დაჭრილების რაოდენობა.
„არსებობს უცხოური საიტები, რომლებიც დაღუპულთა გვარ-სახელებს აქვეყნებენ. ამიტომ ვერავინ გარისკავს და ვერ დაამახინჯებს ამ ციფრს, მხედველობაში მაქვს ქართული მხარე. ამიტომ ემთხვევა თუ არა ოფიციალური რაოდენობა რეალურად დაღუპულთა რიცხვს, ასეთი კითხვა არ მიჩნდება. დარწმუნებული ვარ, ოფიციალური რიცხოვნობა, რომელიც დეკლარირებული აქვს თავდაცვის უწყებას, რეალურ ციფრს შეესაბამება“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
ამასთან მიიჩნევს, რომ ძველი ხელისუფლების დროსაც და შემდგომ პერიოდშიც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები საკმაოდ დაბალ დონეზე იყო. ძველი ხელისუფლების დროს ეს ყველაფერი საიდუმლო საფარქვეშ იყო და არაფერი არ ეცნობებოდა საზოგადოებას, ხოლო დღევანდელ დღეს საჭიროა, უფრო გაღრმავდეს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები, რაც უცხოეთშიც პრიორიტეტულია.
ამის დასტურად გიორგი თავდგირიძე ევროპას ასახელებს. მაგალითად, ევროპელ ობივატელებში, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილნი ასეთი ტიპის მისიებში თავიანთი მოქალაქეების მონაწილეობის გამო, ეს პრობლემა ბალანსდება გახსნილობით. კერძოდ, მშობლებსა და დაინტერსებულ პირებს დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ცალკეული ინციდენტების შესახებ. უარყოფითი განწყობების მიუხედავად, ეს ეხმარება საზოგადოებას, მეტ-ნაკლებად საღად იმსჯელონ ამ პრობლემატიკაზე.
„იყო ცალკეული შემთხვევა, როცა შეცდომის ბრალი გახლდათ ამა თუ იმ ქართველის დაღუპვა, ან ეს იყო ფატალური შემთხვევის ბრალი, ან საბრძოლო ოპერაციის ტრაგედია. თუმცა ჩვენი წყარო ძირითადად თანამებრძოლების მონათხრობი გახლდათ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, გაფუჭებული ტელეფონის როლს თამაშობდა. გარკვეულწილად, ყველა ადამიანი, როცა გადმოსცემს ინფორმაციას, სუბიექტურ მოსაზრებას გვთავაზობს და საკუთარ ნაამბობში თავისი ემოცია აქვს ჩართული იმის მიხედვით, თუ ვისზეა ნაწყენი, რა სიტუაციას ხედავს და ა.შ. ამდენად, საზოგადოება დამახინჯებული ემოციების ქვეშაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები. ის მეთოდიკა, რომელიც არსებობს დასავლეთში, უნდა გაღრმავდეს საქართველოში და მაშინ ასეთი საინფორმაციო შტურმის მოწყვლადობა ნაკლები იქნება და საზოგადოებაც მდგრადი იქნება“, - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.
მანვე გაიხსენა, რომ საბრძოლო მოქმედებებში პირადად მას, როგორც ქვედანაყოფის მეთაურს, ჰყოლია დაღუპული ჯარისკაცები და ოფიცრები. ამდენად, მისთვის ცნობილია, მშობლებისა და ნათესავების დამოკიდებულება ტრაგიკული ფაქტების მიმართ. ისინი ყოველთვის ემოციის ზეგავლენის ქვეშ არიან და ამას ვერავინ გაექცევა. უფრო მეტიც, ყველა მშობელს აქვს უფლება, თავისი ემოცია ბოლომდე გამოხატოს, თუნდაც ის უსამართლო იყოს. თუმცა, გიორგი თავდგირიძის აზრით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა ოფიციალურმა უწყებებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ჭორის ალბათობა. მით უფრო, როცა ამ ჭორს იყენებენ ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებები საქართველოში თუ ჩვენს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს დასავლურ კურსს.
ამდენად, ექსპერტის აზრით, უნდა არსებობდეს ოფიციალური დადასტურებული დოკუმენტაცია, სადაც აღწერილი და გაანალიზებული იქნება თითოეული ტრაგიკული შემთხვევა.
შეგახსენებთ, 2009 წლის ნოემბერის შემდეგ, რაც საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა, ავღანეთში 29 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.