დონალდ ტრამპი ჩვეულ აპლუაშია. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისევ არალეგალი მიგრანტების გამოყრას და ბაიდენის ღია კარის პოლიტიკის დასრულებას აანონსებს.
„თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებ“, -აცხადებს ექსპრეზიდენტი.
მიგრანტებისგან შექმნილ ამერიკაში მისი რიტორიკა არავის უკვირს, რადგან ამერიკელთა ნაწილს არალეგალთა მოზღვავება აფრთხობს.
როგორც ცნობილია, გაპრეზიდენტებისთანავე ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პროექტი - აშშ-სა და მექსიკას შორის კედლის მშენებლობა შეაჩერა და მისი დაფინანსება შეწყვიტა. კედლის მშენებლობის შეჩერების სხვადასხვა მიზეზს შორის ეკოლოგიური პრობლემაც დასახელდა. ამერიკაში მომზადდა სიუჟეტები იმის თაობაზე, თუ როგორ პრობლემებს უქმნიდა 720-კილომეტრიანი კედელი ველურ ბუნებას. კერძოდ, რთული რელიეფიდან გამომდინარე, ეს ადგილი თურმე მთის ლომების, გარეული ღორების, იაგუარების მიგრაციის საუკეთესო საშუალება და ცხოველთა მიგრაციის შეუცვლელი კორიდორი ყოფილა. კედლის აშენების დაწყების შემდეგ კი აქედან ეს იშვიათი ცხოველები გაქრნენ, რადგან კედლის ვიწრო ბოძებში მხოლოდ კურდღელი თუ გაეტეოდა.
ამერიკა-მექსიკის კედლის მშენებლობისას ტრამპს ლომების და იაგუარების ბედი ნაკლებად ანაღვლებდა. მისთვის მთავარი იყო, მექსიკიდან ნარკოტიკების გამავრცელებლები, კრიმინალები და მიგრანტები უკონტროლოდ არ შეპარულიყვნენ.
ეკოლოგიური პრობლემების გარდა, ოპონენტები ტრამპის არასწორ პოლიტიკაზეც ალაპარაკდნენ, რომ ამერიკის სიმბოლო უნდა იყოს თავისუფლების ქანდაკება და არა კედლის აშენება ამერიკა-მექსიკის საზღვარზე.
ემუქრება თუ არა არალეგალებს, მათ შორის, არალეგალ ქართველებს ამერიკიდან გამოყრა?!
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ თავის დროზე მექსიკა-ამერიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპმა, უბრალოდ, ვეღარ მოასწრო. მისი ასეთი პოლიტიკა ახალი არ არის, ის მუდამ ლაპარაკობდა დეპორტაციაზე, მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე, ამის გამო მიიღო მან აშშ-ის წინა არჩევნების დროს ხმათა უმრავლესობა და მოიგო კიდეც საპრეზიდენტო არჩევნები. ამავე ლაპარაკობს დღესაც, თუმცა განახორციელებს თუ არა, სხვა ამბავია.
ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ცხადია, ამერიკაში ექნებათ მონაცემები არალეგალი მიგრანტების რაოდენობის შესახებ და იმის შესახებაც, რამდენად შესაძლებელია მათი დეპორტაცია. ამერიკაში დეპორტაციის სამსახური ისედაც მუშაობს, მაგრამ მიგრანტთა გარკვეულ ნაწილზე თვალს ხუჭავს დეპორტაციის სამსახური, რაღაც ნაწილს პასპორტს აძლევენ, პირადობას, ეს თემა მათ მეტ-ნაკლებად შესწავლილი აქვთ.
„არა მგონია, გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა შეძლოს და სრულად გაწმინდოს ამერიკა არალეგალებისგან. უცნობია, რამდენი ქართველი მოხვდება ამ ბადეში, თორემ დაწყებით ყველა ვარიანტში დაიწყებს მთელი მსოფლიოდან ჩასული არალეგალების საწინააღმდეგო კამპანიას“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და, შეკითხვის საპასუხოდ, მიგრანტებისგან შექმნილ ამერიკაში რამდენად სწორია არალეგალების დევნა, განმარტავს: „ცხადია, მიგრანტებმა დააარსეს ამერიკა, მაგრამ ეს 200 წლის წინ მოხდა, მიგრანტები მუდამ იყვნენ ამერიკაში, მაგრამ მათ რაოდენობას გააჩნია“.
პოლიტოლოგის აზრით, დღესდღეობით იმდენად დიდია ზეწოლა ამერიკაზე მიგრანტების მხრიდან, რომ მათ საწინააღმდეგოდ კედლის აშენება ტრამპს ისე, უბრალოდ, კინოგადაღებისთვის ნამდვილად არ მოსვლია თავში. განსაკუთრებით, მძლავრია მექსიკიდან მიგრანტთა ნაკადი, რომლებიც ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების პრობლემას ქმნიან.
„საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში ასეთ ფრაზებს ჰაერზე არ ისვრიან, შესაბამისად, ტრამპს თავისი სამიზნე აუდიტორია შესწავლილი ჰყავს და იცის, რომ ეს თემა საკმაოდ მტკივნეულია ამერიკელებისთვის. პრეზიდენტის სავარძელში ტრამპის დაბრუნება ამერიკელებს შეიძლება არ სურდეთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამერიკელებს ბაიდენი არ მოსწონთ და აღარ სურთ. ტრამპის ბევრი განცხადება სწორედ შიდა აუდიტორიისკენაა მიმართული. ასეთ ვითარებაში მან ერთხელ უკვე მოიგო არჩევნები. ფაქტობრივად, ტრამპი უარს ამბობს გარე სამყაროსთან იმ კავშირზე, რა კავშირიც ათეული წლებია, ამერიკას აქვს. თუნდაც ნატოს ფინანსურ უზრუნველყოფაზე, იმუქრება კიდეც ნატოდან გასვლით. გარკვეულწილად, ამერიკაში პოპულარულია ასეთი თემები, რადგან ევროპის ქვეყნებს ნატოს საწევროს 2%-ის გადახდაც კი არ უნდათ იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან. ევროპელები მთლიანად ჩამოკიდებულნი არიან ამერიკაზე, ეს სახსრები სხვა მიმართულებით მიდის და მერე კონკურენციაში შედიან ამერიკულ პროდუქტთან. ამიტომაც იმუქრება ტრამპი, ამერიკა საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებს, ევროპამ თავის თავს მიხედოსო. რა თქმა უნდა, ასეთი გამონათქვამები პოპულარულია ამერიკაში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ამიტომ იანვარში ველოდები ამერიკულ მხედრიონს
მე აქედან დამატებით კადრებს დავახმარ
თუმცა უკვე ყველა იქააა .................. ამერიკელებს აქაურ გამოცდილებას 100% გაუზიარებენ