პოლიეთილენის მილები, რომლებიც თბილისში ბუნებრივი აირის გაყვანილობისთვის გამოიყენება, გაზგაყვანილობისთვის სრულიად უვარგისია. ასეთი დასკვნა დადო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მას შემდეგ, რაც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე მილების შემოწმებით დაინტერესდა.
ექსპერტიზის დასკვნამ კიდევ უფრო გაამყარა ვარაუდი, რომ „ყაზტრანსგაზი“ გაყალბებული დოკუმენტაციით სარგებლობს და 300 ათასი თბილისელის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. სანამ აღნიშნული საქმით პროკურატურა დაინტერესდება, გულიკო ზუმბაძის მოთხოვნით, „ყაზტრანგაზმა“ უნდა შეაჩეროს სარისკო მილების გამოყენება.
ჩვენ დავინტერესდით, წლების განმავლობაში რატომ მეორდება ერთი და იგივე დანაშაული და შემოსული უცხოური კომპანიები რატომ ატარებენ ქართველ მოსახლეობაზე ექსპერიმენტებს, მაშინ, როცა სერთიფიკატის გარეშე აღნიშნული მილები მსოფლიოს არცერთ წერტილში არ გამოიყენება.
ამ მიზნით საკრაბულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარეს გულიკო ზუმბაძეს და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა „ვექტორის“ ექსპერტ გიორგი ნიკოლაიშვილს დავუკავშირდით.
გულიკო ზუმბაძის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, პოლიეთილენის მილები, რომელსაც იყენებს „ყაზტრანსგაზი“, არ არის განკუთვნილი გაზის ტრანსპორტირებისთვის და ის გამოიყენება მხოლოდ ცივი და ცხელი წყლისთვის. გარდა ამისა, ამ მილების მომწოდებელი თურქული კომპანია „ფირატი“ არ აღიარებს მას, როგორც გაზის ტრანსპორტირებისთვის გამოსადეგ მილს. ასევე, საუბარია მილების გადასაბმელ ფიტინგებზე, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ წყლისთვის. ამდენად, „ყაზტრანსგაზს“ არ გააჩნია ამ მილების ვარგისიანობის შესაბამისი სერთიფიკატი.
„ჩვენი ვარაუდით, მოხდა გაყალბება, რადგან ეს მილები მოიხსენიება მხოლოდ წყლისთვის. „ყაზტრანსგაზს“ უკვე შეჩერებული აქვს ამ მილების გამოყენება, მაგრამ იქ, სადაც უკვე გამოყენებულია („ყაზტრანსგაზის“ მონაცემებით, საუბარია 10-12 ათას აბონენტზე), ჩვენ გავაფრთხილეთ ეს კომპანია, აწარმოოს მკაცრი მონიტორინგი და ეს მილები შეფუთული იყოს დამცავ კონსტრუქციაში. ამავდროულად, დაიწყოს უკვე დამონტაჟებულ მილების, ფიტინგების კვლევა, რათა არ მოხდეს დაზიანება ან გაზის გაჟონვა. მართალია, „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ეს მილები განთავსებულია იმ სადარბაზოებში, სადაც ჰაერი მოძრაობს და ხიფათი შემცირებულია, მაგრამ ეს დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს და „ყაზტრანსგაზმა“ თანდათან უნდა დაიწყოს ჩანაცვლება უსაფრთხო მილებით“, - გვითხრა გულიკო ზუმბაძემ.
მისი თქმით, ამ მხრივ ყველაზე საიმედოა ლითონის მილები, რომლებიც ევროპაში გამოიყენება. გარდა ამისა, გულიკო ზუმბაძის თქმით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმაც წერილობით დაუდასტურა მათ ფრაქციას, რომ ეს მილები არ შეიძლება გამოიყენონ გაზისთვის. სხვათა შორის, ტექნიკურმა უნივერსიტეტმაც რამდენჯერმე მიმართა „ყაზტრანსგაზს“, რათა მათ შესაბამისობის სერთიფიკატი წარედგინათ, მაგრამ კომპანიამ ვერცერთხელ ვერ შეძლო ამ სერთიფიკატის წარმოდგენა.
ჩვენ დავინტერესდით, თბილისელების სიცოცხლის ხიფათში ჩაგდების გამო ვისი პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო, რაზეც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, რომ - დოკუმენტის გამცემი ორგანოს - საქსტანდარტის და სხვა ორგანიზაციების. აქვე იგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული დარღვევის შესახებ „ყაზტრანსგაზისთვისაც“ ცნობილი იყო, რადგან მას შემდეგ, რაც ამ თემაზე აქტიური მსჯელობა დაიწყო, გათავისუფლდა „ყაზტრანსგაზის“ ყოფილი დირექტორი ანა თაქთაქიშვილი.
თუ რამ გამოიწვია ეს უკონტროლობა, გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოშლილია კონტროლის მექანიზმი ამ ტიპის, ანუ მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობებსა და ობიექტებზე. ამიტომ მათ მიმართეს მთავრობას, უკვე არსებულ სამსახურებს დაემატოს ამ ტიპის საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.
„არის ქვეყნები, სადაც ამ მარკის მილებს მიწის ქვეშ იყენებენ, მაგრამ ეს სეისმურად მდგრად ქვეყნებშია დასაშვები და არა - საქართველოსთვის, რომელიც სეისმურად არადგრადია. ამდენად, ჩვენთან მიწაშიც არ შეიძლება ამ მილების გამოყენება“.
გულიკო ზუმბაძე ეჭვობს, რომ პოლიეთილენის მილების შემოტანით ძალიან დიდი თანხებია დაზოგილი, საუბარია 30-40 მილიონ ლარზე, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ლითონის მილი და მისი შედუღება ბევრად ძვირი ღირს. რომ არა ხელისუფლების ცვლილება და მათი აქტიური პოზიცია, გულიკო ზუმბაძე თვლის, რომ „ყაზტრანსგაზი“ კიდევ გააგრძელებდა ამ პროცესს.
„ბევრად მეტი ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აღარ შევდივარ დეტალებში, ჩემთვის მთავარია თბილისელების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.
გიორგი ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ეს მილები დამამზადებელ ქარხანას არ აქვს გათვლილი გაზისთვის, არც ფიტინგები არ არის გათვლილი ბუნებრივი აირისთვის. ეს არის ყველანაირი საერთაშორისი წესების დარღვევა, რამაც შეიძლება, ადამიანების სიცოცხლეს საფრთე შეუქმნას. ციფრი, რომელიც „ყაზტრანსგაზმა“ დაასახელა, ხელოვნურად დაწეულია და, სინამდვილეში, საფრთხე უამრავ აბონენტს შეეხება.
„ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელმა თურმე ზუსტად არ იცის, რამდენი მრიცხველი აქვს გამოტანილი. რადგან „ყაზტრანსგაზი“ მალავს ამ ციფრებს, საკრებულოს სხდომაზე ინიციატივით გამოვედი, ტელევიზიის თვალწინ ჩატარდეს გამოკვლევა, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში. ადრე თუ გვიან, პროკურატურა ამით დაინტერესდება და ეს ციფრი გამოაშკარავდება, მაგრამ მანამდე თბილისი ახალ საკონცენტრაციო ბანაკად იქცა. თურქეთიდან ხელოვნურად მოხდა ამ მილების შემოტანა“, - აღნიშნა გიორგი ნიკოლაიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ, როგორც წესი, კორპუსებში პოლიეთილენის მილები ახლოს არის გაყვანილი სადენებთან, სადენს მოსდევს მოხეტიალე დენი და, გაჟონვის შემთხვევაში, თუ 5-დან 15%-მდეა აფეთქების საშიშროება, 15%-ს ზემოთ უკვე აალების საშიშროებაა. ამიტომ ვინ ლობირებდა ამას და ვინ აყალბებდა სამეწარმეო სტანდარტებს, ეს გამოძიების პრეროგატივაა.
მისივე ცნობით, შესაძლოა, ამ ყველაფერს ცალკეული ადამიანების სიცოცხლე შეეწირა კიდეც, მაგრამ აქამდე ყველანაირი ასეთი ინფორმაცია იმალებოდა. არც ისაა გამოსარიცხი, რომ, შესაძლოა, ლეტალური შემთხვევები სულ სხვა მიზეზებს დაბრალდა და სიმართლე მიიჩქმალა. მით უფრო, რომ ასეთი სტილის მილები ევროპაში დაშვებულია მხოლოდ სამ სართულამდე, ერთბინიან სახლებში და არა - მრავალსართულიანი, მრავალბინიანი სახლებისთვის. საქართველოში კი ასეთი უზნეო ექსპერიმენტი ჩატარდა.