სომხეთმა მოსკოვს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა მოსთხოვა

სომხეთმა მოსკოვს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა მოსთხოვა

სომხეთის ხელისუფლებამ მოსკოვს შესთავაზა გაეყვანა რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში არიან განლაგებულნი. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის სამხედროები ზვარტნოცის აეროპორტში 1992 წელს გაფორმებული სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსული სასაზღვრო ჯარების სტატუსის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთის სასაზღვრო ჯარები სომხეთის საზღვარს გიუმრის, არმავირის, არტაშატის და მეღრის დასახლებებში აკონტროლებენ. შეთანხმების დადების დროს სომხეთს არ გააჩნდა საკუთარი სასაზღვრო სამსახური.

ოთხშაბათს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ აეროპორტში კონტროლი უკვე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარს შეუძლია.

გრიგორიანის განცხადებით, დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთმა მიიღო ყველა შესაძლებლობა, რომ აეროპორტზე კონტროლი სრულად დაამყაროს.

„სომხეთს აქვს მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციას ჩვენი მკაფიო პოზიციის შესახებ ოფიციალური წერილით ეცნობა“, - განუცხადა გრიგორიანმა ჟურნალისტებს.

სამშაბათს დილით, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილებების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

„რაც შეეხება ზვართნოცის მესაზღვრეებს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არაა და ეს გადაწყვეტილება ჩვენამდე არავის მოუტანია ოფიციალური არხების მეშვეობითაც კი“, - აღნიშნა პესკოვმა.

სომეხი პოლიტიკოსების ნაწილის განაცხადებით, სომხეთში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნა არასასურველი მას შემდეგ გახდა, როცა რუსეთმა ვერ შეძლო თავისი მოკავშირის დაცვა ყარაბაღის ბოლო ომში. ამ მოსაზრებას იზიარებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი ალენ სიმონიანი და აცხადებს: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დაიცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ყველაფერი გააკეთეს, რომ საზღვრები ბევრად უფრო დაუცველი ყოფილიყო. ჩამოვიდნენ ყარაბაღში, რა გააკეთეს? სომეხი ხალხი გამოიყვანეს, ასე იცავენ? რომ ერთ დღეს ჩვენც გამოგვიყვანონ ზვართნოციდან?“.

სომხეთს დახმარება სჭირდება, მაგრამ არა რუსეთისგან.

ერევანი რუსი მესაზღვრეების გაყვანის გადაწყვეტილებას დიპლომატიურად ცდილობს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ დამოუკიდებლად გააკონტროლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი საერთაშორისო აეროპორტში.

სომხეთს საზღვრის დაცვაში დახმარება სჭირდება, მაგრამ არა აეროპორტში, არამედ აზერბაიჯანის საზღვარზე. იქ, ერთი თვის წინ, მორიგი ესკალაციის შედეგად ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში ერევნის მიერ „მშვიდობის დღის წესრიგი“ ოფიციალურად გამოცხადდა, მშვიდობა მაინც არ დადგა და მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა.

სომხეთი რუსეთზე „გაბრაზებულია“. უშიშროების საბჭოს მდივანმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ გააჟღერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საჩივრების გრძელი სია არსებობს. მისი თქმით, მოსკოვი არ აწვდის ერევანს 260 მილიონი დოლარის ძვირადღირებულ იარაღს და არ ასრულებს სომხეთის არმიის რეფორმების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

მთავარი საჩივარი ნეიტრალური პოზიციაა, რომელსაც რუსეთი იკავებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკების დროს, ხოლო ევროკავშირი და შეერთებული შტატები სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე საუბრობენ.

ახლა სომხეთი ახალ პარტნიორებს ეძებს და ფსონს საფრანგეთზე აკეთებს, რომელიც დათანხმდა არა მხოლოდ სომხეთის არმიას საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ჯავშანტექნიკის მიწოდებას, არამედ ჯარისკაცებისა და ოფიცრების მომზადებასაც. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია ნატოს ქვეყნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ქაღალდზე სომხეთი კვლავ რუსეთის მოკავშირედ რჩება.

სოხეთის დასავლეთისკენ შებრუნებამ, შესაძლოა, მოსკოვი აღაშფოთოს. შაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ მათი ბრძანებით, „სომეხი ხალხის ცნობიერებაში აშკარა სიცრუის შეტანა ხდება“. ლავროვმა ასევე დაადანაშაულა ერევანი „არამოკავშირე ქცევაში“ და უმადურობაში.