„ივანიშვილთან და მის მომხრეებთან დაპირისპირებას, ძალიანაც რომ მოუნდეს, ვერავინ გაბედავს“

„ივანიშვილთან და მის მომხრეებთან დაპირისპირებას, ძალიანაც რომ მოუნდეს, ვერავინ გაბედავს“

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თავად საპარლამენტო უმრავლესობაც საუბრობს. როგორც უმრავლესობის დეპუტატი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, როდესაც ქვეყანაში ახალი პრემიერი მოდის, ბუნებრივია, მთავრობაში გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მისივე შეფასებით, არჩილ კბილაშვილის მიერ პოსტის დატოვება მომავალი ცვლილებების ნიშანია.

„ვფიქრობ, სხვა ადამიანებიც დატოვებენ თანამდებობას და ახალი პრემიერიც რამდენიმე ადამიანს გაათავისუფლებს და ეს არ იქნება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები. ყველას თავისი მუშაობის სტილი აქვს და ცდილობს, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც უკეთესად შეძლებს მუშაობას“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული სამთავრობო ცვლილებები, მოახდენს თუ არა მასზე რაიმე ზეგავლენას კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, კოალიციაში არსებული დაპირისპირების შესახებ და საერთოდ, როგორი პოლიტიკური წელიწადი გველოდება, ამ თემაზე ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ბევრს საუბრობენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, კოალიციის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე, როგორ ფიქრობთ, რა პრინციპის გათვალისწინებით შეირჩევა ახალი მთავრობა?

- ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მთავრობაში არ იქნება, იმდენად, რამდენადაც ამ ცვლილებების პოლიტიკური წინაპირობები არ არსებობს. ზოგადად, სამთავრობო ცვლილებებს განაპირობებს ორი ფაქტორი: პირველი - რა მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით აფასებს ამა თუ იმ მინისტრის საქმიანობას საზოგადოება და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სულ მცირე, 24 ნოემბრამდე მაინც იქნება ყველა სამთავრობო ცვლილების ინიციატორი ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით.

ის კრიტერიუმები, რომელსაც საზოგადოება უყენებს მინისტრებს, ჩემი აზრით, საკმაოდ დაბალია და აქედან გამომდინარე, არ არსებობს რაიმე არსებითი ცვლილებების მოლოდინი. მეორე - ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული კაბინეტია და ბუნებრივია, მას და მის მემკვიდრეს, ირაკლი ღარიბაშვილს არ შეიძლება, რაიმე არსებითი ხასიათის პრეტენზიები და კრიტერიუმები ჰქონდეთ, რომელსაც ესენი ვერ აკმაყოფილებენ.

აქედან გამომდინარე, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თუმცა, სულ სხვა რამ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი.

რაც შეეხება კოალიციის შიდა დინებებს, მოხდება თუ არა მისი გათვალისწინება? ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ალასანიასა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას, შესაძლოა, ალასანიას პოსტიც შეეწიროს, თუმცა ღარიბაშვილმა ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება, რომ ალასანიაც და წულუკიანიც მთავრობაში რჩებიან...

- ძალიან კარგია, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა, თუმცა დაპირისპირების თაობაზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ დაპირისპირებას გუნდის, კოალიციის ან მთავრობის შიგნით სჭირდება ორი მხარე და ორ მხარეს მე ვერ ვხედავ.

ეს არის ერთიანი გუნდი, რომელიც შეკრებილია ბიძინა ივანიშვილის ხედვის და ნების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ვერავინ გაბედავს და ვერც შეძლებს, ამ ეტაპზე ივანიშვილთან და მის მომხრეებთან დაპირისპირებას, ძალიანაც რომ მოუნდეს.

ამიტომ მჯერა, რომ ალასანია დარჩება გუნდში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე იმდენად, რამდენადაც ის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობს, ხოლო ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს ძალიან აწყობთ და ხელს აძლევთ, რომ სწორედ ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდეს თავდაცვის უწყებას. სხვა კანდიდატურა მათთვის ამ ეტაპზე მიუღებელია. ალასანიას მიმართ დასავლერთის ნდობა, მიმაჩნია, არის საკმაოდ სერიოზული ფაქტორი საიმისოდ, რომ მთავრობაში მან თავისი ადგილი შეინარჩუნოს.

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ის უამრავი მითქმა-მოთქმა, რაც ალასანიას ირგვლივ ისმის? ისიც კი ითქვა, რომ კოალიცია ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთია ალასანიას გუნდი მეორე ივანიშვილ-ღარიბაშვილის...

- გამორიცხულია, ამას სჭირდება შესაბამისი ბეგრაუნდი, მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რაც მთავარია, შესაბამისი ფინანსური რესურსი. კარის ინტრიგებამდე ამ თემის დაყვანა წარმოუდგენლად მიმაჩნია, ირაკლი ალასანია იმდენად გონიერი ადამიანია, რომ ის ავანტურას არასდროს წამოიწყებს. მან შეიძლება ვერ გათვალოს, მაგალითად, როცა თბილის მერად იყრის კენჭს, რატომ უნდა მიულოცოს უგულავას გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვება - ასეთი შეცდომები მას ახასიათებს, მაგრამ საკმაოდ პრაგმატული და გამოცდილი პოლიტიკოსია საიმისოდ, რომ ამ ეტაპზე რაიმე დაპირისპირება გააჩაღოს ივანიშვილის გუნდთან, კოალიიციის შიგნით ან მთავრობაში.

დაპირისპირებაზე საუბარი შეიძლება შედიოდეს სხვა პოლიტიკური ძალის, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში? ასეთი აქცენტებიც კეთდებოდა ნაციონალების მხრიდან , რომ ახალი მთავრობიდან მხოლოდ ალასანია მოსწონთ...

- კაცმა რომ თქვას, ალასანია რომ მოსწონდეთ ნაციონალებს, ამაში ვერაფერს ვხედავ უცნაურს, იმიტომ, რომ ალასანია სერიოზული ფიგურა და გამოცდილი პოლიტიკოსია. თუმცა, რა თქმა უნდა, ინტრიგაც რომ დათესონ, შური და უნდობლობა „ქართული ოცნების“ რიგებში, ესეც არ არის გასაკვირი. თუმცა ნაციონალებს პოლიტიკაში თამაშის ძალზე მცირე შანსი აქვთ, ეს უფრო ინერციაა, ვიდრე ოფიციალურად აღიარებული ოპოზიციური ძალის, როგორც ხელისუფლების რეალური ალტერნატივის, გააზრებული სტრატეგია.

მთლიანობაში ამ ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის მთავრობის მუშაობა როგორ შეგვიძლია, შევაფასოთ, სად იყო პლუსები და სად მინუსები?

- ივანიშვილის მთავრობამ, ჩემი აზრით, ამ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა ის, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო. პრაქტიკულად, მაქსიმუმი,რადგან გარდამავალი პერიოდი ავტორიტარიზმიდან დემოკრატიულ საზოგადოებაზე არის რთული და მძიმე. მათ საკმაოდ საინტერესო და რეალური სოციალური პროგრამები განახორციელეს, იგივე საყოველთაო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის ფონდი, სოფლის დახმარების პროგრამა, სხვა ინსტიტუციონალური რეფორმები და ა.შ. მიმაჩნია, რომ პირველი წელი „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის იყო წარმატებული.

სხვა მომენტია - როდესაც უნდა დამთავრებულიყო საინვესტიციო შიმშილის პერიოდი, გამოწვეული იმით, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და დაწყებულიყო კაპიტალის შემოდინება, ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ყველასათვის მოულოდნელი და ქართველი ხალხის უმეტესობისთვის მიუღებელი სვლა. ის წავიდა, პოლიტიკიდან, მთავრობიდან და ამით გაახანგრძლივა გარდამავალი პერიოდი - უმეფობის, გნებავთ, უხელისუფლობის ხანა, როცა სიმყარე გამოეცალა ახალ ხელისუფლებას. ის სირთულეები, რომელიც ამ ეტაპზე აქვს ჩვენს ქვეყანას, ამ ფაქტორით არის გამოწვეული.

ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფაქტორი პოლიტიკურ პროცესებზე აქტიურად ზემოქმედებს და გარკვეულწილად განაპირობებს იმ ნეგატიურ მოვლენებს, რომელიც ამ პროცესებს თან ახლავს. ასე რომ, მე შევაფასებ მთავრობის საქმიანობას დადებითად, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ახალი ადამიანი იყო, როგორც სახელმწიფო დონეზე მართვაში, ისე პოლიტიკაში. ვფიქრობ, ასევე არასასურველია, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ მთავრობაში წარმოდგენილი.

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მთავარი პროკურორის გადადგომა. ეს იყო მთავრობის მითითება თუ ეს იყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება კბილაშვილის მხრიდან, იმის გამო, რომ ბევრი კრიტიკა ისმოდა სწორედ პროკურატურის მუშაობის მიმართ?

- ვფიქრობ, რომ ეს იყო როგორც კბილაშვილის გადაწყვეტილება, ისე გუნდის ვერდიქტი, იმდენად, რამდენადაც კბილაშვილს სთხოვდნენ შიშველი ხელებით ცათამბრჯენის აშენებას, ანუ ძველი პროკურატურის კადრებით სასამართლოზე ნაციონალების განეიტრალებას - კბილაშვილს ევროპულ დონეზე უნდა მოემზადებინა საქმეები და მიემართა ისინი სასამართლოში, რომელიც ან სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა ან არა. მრავალი გახმაურებული საქმე რომელზეც საზოგადოების უმეტესობას ჰქონდა მოლოდინი, რომ გაიხსნებოდა, სხვადასხვა მიზეზით არ გაიხსნა. ამან შექმნა წინაპირობა, რომ გადამდგარიყო კბილაშვილი, რომელიც ჩემი აზრით, არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წესიერი, კომპეტენტური და კარგი მთავარი პროკურორი.

კბილაშვილის საკითხის გააქტიურება მთავრობაში საზოგადოების მოთხოვნითაც ხომ არ იყო განპირობებული - ყველა ელოდა სამართლიანობის აღდგენას, რომელმაც დააგვიანა... თუ პროკურატურის მუშაობას ეფექტურობა მართლაც აკლდა...

- პროკურატურის მუშაობას ეფექტურობა მართლაც აკლდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გახმაურებული საქმეების დაუმთავრებლობის გამო იყო მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, უბრალოდ, არ არსებობდა გარემოებები რომ ეს საქმეები ოპერატიულად და კვალიფიციურად გამოძიებულიყო. მეტსაც გეტყვით, მე ვერ ვხედავ კბილაშვილის მინისტრობისდროინდელ ვერანაირ ბრალეულობას.

რა განცდა გიჩნდებათ, როგორი მთავარი პროკურორი იქნება ეფექტური საქართველლოსთვის, უკვე დასახელდა ამ პოსტზე ირაკლი ფარცხალაძის კანდიდატურა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად...

- სამწუხაროდ, ბატონი ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, თავისთავად იგულისხმება, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის იმ მჭიდიდან, რომელსაც ის დროდადრო გამოამზეურებს-ხოლმე. ამიტომ ვერ გეტყვით როგორი მთავარი პროკურორი იქნება.

ახლა საქართველოს მთავარ პროკურატურას სჭირდება რეფორმატორი ადამიანი, რომელიც შეკრავს ახალ პროკურატურას ძლიერი, ჯანსაღი და ახალი კადრებით და შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნას დააკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენის კუთხით. მინდა შევნიშნო, რომ სამართლიანობის აღდგენა ძალიან რთული და ძნელი ამოცანაა, ეს არ არის ერთ დღეში გადასაწყვეტი, მას სჭირდება შემოქმედებითი მიდგომები, სიახლის ძიების მომენტები. და მაინც, მიმაჩნია, რომ თუ ნელი ტემპით მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა, ეს პოლიტიკური ნების არასაკმარისი დონის შედეგია.

როგორ მუშაობას მოელით ღარიბაშვილის მთავრობისგან, იქნება თუ არა ერთიანი გუნდი, რომელიც დემოკრატიული გზით წაიყვანს ქვეყანას - გაამართლებს თუ არა ღარიბაშვილის მთავრობა?

- მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილი არის კარგი კანდიდატურა მთავრობის მეთაურის პოსტზე და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს. რაც შეეხება მთავრობას, მის საქმიანობას ბევრი გარემოება განსაზღვრავს და ძალიან ძნელია, რომ ამ თემებზე კონკრეტულად ვისაუბროთ.

მთავარი ამოცანა ქვეყნის წინაშე ეს არის ეკონომიკის აღორძინება, რომლის გარეშეც ვერ გადაიჭრება ვერც ერთი სოციალური პრობლემა. ახლა მთავარია, ეკონომიკურმა გუნდმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავოს და ეს საკმაოდ ძნელი ამოცანაა, რომელიც მთავრობის ნებისმიერი მეთაურის და სამთავრობო გუნდის საქმიანობას მნიშვნელოვანწილად ართულებს. ახლა მთავარია, როგორ ეკონომიკურ კონცეფციას დადებს დღევანდელი მთავრობა და როგორ იმუშავებს მოკარნახის გარეშე.

მოკარნახეში ვის გულისხმობთ?

- ბიძინა ივანიშვილს. ბუნებრივია, აქამდე დამოუკიდებლად მიიღებოდა გარკვეული გადაწყვეტილებები, მაგრამ ძირითადად ისინი გამომდინარეობდა ივანიშვილის ხედვიდან, სტრატეგიიდან, ტაქტიკიდან და მიდგომებიდან. ახლა ჩვენ ამერიკელები გვეუბნებიან, რომ არაუფლებამოსილი პირი არ უნდა აკონტროლებდეს მთავრობას.

აქედან გამომდინარე, დასავლეთის მითხოვნით, ივანიშვილი რეალურად უნდა გავიდეს პოლიტიკიდან. არადა, ამის რეალური განხორციელება ივანიშვილის ნების არსებობის პირობებშიც კი ძალიან რთული იქნება.

უნდა დავუშვათ, რომ ივანიშვილი რეალურად გავა პოლიტიკიდან და ცხოვრების პირისპირ დარჩებიან ახალი მთავრობის წევრები, ახალი პრეზიდენტი, ძველი პარლამენტი და მისი თავმჯდომარე. საპარლამენმტო მმართველობის სუროგატის შემოღების პირობებში, როდესაც ივანიშვილი კი არ უკარნახებს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, არამედ ხელისუფლების შტოებმა უნდა იმუშავონ დაბალანსებულად შეთანხმებულად და დამოუკიდებლად - ეს უძნელესი მგონია და გარკვეული სკეპტიციზმი მაქვს ამგვარი სიტუაციის მიმართ, მოსალოდნელი შედეგების გამო.

რატომ?

- ძალიან რთული იქნება გამოუცდელი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის პირობებში პოლიტიკური პროცესის მართვა, მითუმეტეს, რომ ამ არჩევნებმა, საპრეზიდენტომ, გარკვეულწილად მოხსნა პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა. მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, ის მაინც რჩება სუსტად, რამდენადაც პოსტსააკაშვილისეული პოლიტიკური კონიუქტურა ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით და აქედან გამომდინარე, ამ სიტუაციის ლეგიტიმაციას სიმყარე და ხარისხი აკლია.

ასეთ პირობებში თავს იჩენს გარკვეული წინააღმდეგობები თუ არა, გარკვეული დაპირისპირებები, შეუთანხმებლობა და კოორდინაციის ნაკლებობა.

ანუ საინტერესო, ინტრიგებით აღსავსე პერიოდი გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე...

- ინტრიგები პოლიტიკის პურია და ბუნებრივია, ქართველები ანგელოზები არ არიან. იქნება ეს მომენტიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინტრიგებიც ძალიან მარტივია ამჟამინდელ საქართველოში. რა გვაქვს?- ოდიოზური ძალა, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, საზოგადოებაში გადასული ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ფიგურა და ახალბედა პოლიტიკოსები - ქვეყნის მართვის სადავეებთან - ძალიან საინტერესო კალეიდოსკოპი ყალიბდება.