ერთ პარასკევში ჩატეული ცხრა პარასკევი

ერთ პარასკევში ჩატეული ცხრა პარასკევი

მოქმედი და მომავალი - თუ ამ ნიშნით არ დავაკონკრეტებთ დღეს საქართველოს ორი პრეზიდენტი, ორი პრემიერი, ორი მთავარი პროკურორი და ორი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს. უკვე დასახელებულია მომავალი უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურა და დაწყებულია გუბერნატორების „კასტინგი“.

გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ალექსანდრე ჭიკაიძე, ირინა იმერლიშვილი და სხვები თანამდებობებს, ოფიციალურად, 17 ნოემბრისთვის დაგეგმილი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გადაიბარებენ.

მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი პარასკევი დარჩა. ამიტომ „ორხელისუფლებიანობის“ პირობებში ყველაზე „აგრესიული“ სწორედ ისაა. ქართველი საზოგადოების უმრავლესობამ მის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ჯერ საპარლამენტო, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებში უარი უთხრა. მოკლედ, მიშა (საზოგადოება მას, ძირითადად, ასე მოიხსენიებს) ხელისუფლებას და ძალაუფლებას ეთხოვება. იგი პასიური არასდროს ყოფილა, მაგრამ მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის ბოლო დღეებში აშკარად ჰიპერაქტიური გახდა.

დღეს მიშა ჰგავს მონარქს: საჭურჭლის მსგავსად არიგებს საქართველოს მოქალაქეობას, იწყალებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს - მკვლელებს, ნარკორეალიზატორებს, დაპატიმრებულ და ამ დრომდე ძებნაში მყოფ მაღალჩინოსნებს.

წამსვლელმა პრეზიდენტმა ათიათასობით ნასამართლეობის მქონე თანამოქალაქის გულის მოგებაც სცადა და მისსავე პრეზიდენტობის პერიოდში სამართლიანად თუ უსამართლოდ მინიჭებული ნასამართლეობა მოუხსნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 22-წლიან პერიოდში წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ საპრეზიდენტო ვადას ასრულებს. პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქართველმა საზოგადოებამ პრეზიდენტობის პირველივე ვადაში დაამხო, მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კი ხალხმა მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე აიძულა, გადამდგარიყო.

მიხეილ სააკაშვილი „სახლში“ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის პროსპექტზე მოწყობილი აქციის შედეგად არ მიდის. თუმცა, პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის გამო 2007 წლის ნოემბერში გადადგომამ მასაც მოუწია.

ჯერ უცნობია, დაესწრებიან თუ არა არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფიცის დადების ცერემონიას მისი წინამორბედები. ედუარდ შევარდნაძემ პოლიტიკურ ღონისძიებაზე მისვლა, შესაძლოა, ჯანმრთლობის პრობლემის გამო ვერ მოახერხოს. მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ინაუგურაციის დასწრების საკითხამდე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ახალი პრეზიდენტი და მისი გუნდი სცემს თუ არა პატივს სახელმწიფო ინსტიტუტებს. სააკაშვილმა ამ განცხადებაში გიორგი მარგველაშვილის მიერ პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლაზე უარი იგულისხმა.

მანამდე კი მოქმედმა პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უპატივცემლობა თავად გამოავლინა. 9 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად ოთხგულიანი დროშა აფრიალდა. ეს ის დროშაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 5 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ახალ პარტიული დროშად დაასახელა და სიყვარულის სიმბოლოდ გამოაცხადა.

პრეზიდენტის სასახლეზე ოთხგულიანი დროშის აღმართვა, თვადაპირველად, სააკაშვილის თანაგუნდელებსაც გაუკვირდათ. თუმცა არ დაიბნენ და ქმედების გამართლება სცადეს. მაგალითად საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, რომ საზოგადოებას პრეზიდენტის სასახლეზე აფრიალებული ახალი დროშა შემრიგებლურ სიგნალად უნდა აღექვა.

მოგვიანებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა დააზუსტა, რომ პრეზიდენტის სასახლეზე დროშა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდებოდა. შემდეგ კი ისიც გაირკვა, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ოთხგულიანი დროშის აღმართვა მუსიკოს ხატია ბუნიათიშვილის კლიპს სჭირდება.

ერთი დღით სახელმწიფო შენობაზე არასახელმწიფო დროშის აღმართვის ერთადერთი ზიანი კანონის დარღვევაა. „სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო დროშა მუდმივად უნდა იყოს აღმართული პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე.

არადა, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო შენობის თავზე პარტიული დროშა პირველად არ აღუმართავს. მან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დროშა 2002 წელს სხვა სახელმწიფო შენობაზე - თბილისის საკრებულოს თავზე ააფრიალა.

გულებიანი დროშის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავზე აღმართვას საქართველოს მთავრობა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და მიხეილ სააკაშვილს კანონისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართა პატივისცემისკენ მოუწოდა.

მოქმედმა პრეზიდენტმა მთავრობას „პასუხის პასუხი“ შუაღამისას „ფეისბუქით“ ამცნო. თუმცა ღამით გავრცელებული განცხადება სააკაშვილმა ამ დრომდე უკვე ორჯერ შეცვალა. საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადების პირველ ვარიანტში წერდა, რომ მთავრობის წევრების მხრიდან სახელმწიფო დროშის მისგან დაცვა ზედმეტი იყო. ხელმეორედ გავრცელებულ განცხადებაში დაამატა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სახელმწიფო დროშა რამდენიმე საათით იყო ჩამოხსნილი. მესამედ გავრცელებულ იმავე განცხადებაში კი დააკონკრეტა, რომ დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელისა და მისი მინისტრებისგან განსხვავებით, ხუთჯვრიან სახელმწიფო დროშას არა მკერდით (რაც პირველ და მეორე ვარიანტში ეწერა), არამედ გულზე მიბნეულს ატარებს.

P.S. მიშას პრეზიდენტის პოსტზე ერთი პარასკევი დარჩა, მაგრამ პარასკევამდე დარჩენილ თითოეულ დღეში მას შეიძლება კიდევ ცხრა პარასკევი ჰქონდეს.