საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ესემეს შეტყობინება არ მისდიოდეს სხვადასხვა სამომხმარებლო შეთავაზებებით. აბონენტთა უმრავლესობა ასეთი გზავნილების მიმართ უკმაყოფილებას მეტად ემოციურად და უცენზუროდ გამოხატავს, მაგრამ ესემესის გამომგზავნ კომპანიებს ეს სულაც არ აღელვებთ. ისინი კვლავ განაგრძობენ მოკლე ტექსტური შეტყობინებების მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგზავნას და ამით კანონმდებლობასაც არღვევენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სიაც კი გამოქვეყნა იმ კომპანიებისა, რომლებიც აბონენტთა ნერვებზე თამაშში არიან შემჩნეულნი. ორგანიზაცია მოუწოდებს კომპანიებს, იზრუნონ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე, მაგრამ კომპანიები კვლავ განაგრძობენ ესემეს რეკლამების გზავნას, რითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევენ.
კომპანიები სარგებლობენ იმ ფაქტით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სრული ძალით მხოლოდ 2016 წელს ამოქმედდება და ინსპექტორს მხოლოდ მაშინ მიეცემა შემოწმების განხორციელებისა და სანქციების დაწესების უფლება.
„გვსურს, მოვუწოდოთ კომპანიებს პატივი სცენ კანონს, ასევე იზრუნონ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე. სწორედ ამიტომ, შევაგროვეთ და ვაქვეყნებთ იმ კომპანიათა სიას, რომლებიც საკანონმდებლო ნორმებს უგულებელყოფენ.
აღნიშნული კანონის მე-5 და მე-8 მუხლების მიხედვით, ესემესების გამგზავნი პირი ვალდებულია, მოიპოვოს მომხმარებლის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი და ელფოსტა) დამუშავებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები მოპოვებული უნდა იყოს საჯარო წყაროებიდან. აღსანიშნავია, რომ „საჯარო წყაროს“ ქართული კანონმდებლობა არ განმარტავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ტესქტური შეტყობინებების გამგზავნი პირი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს, რომ მას აქვს უფლება უარი თქვას შეტყობინებების მიღებაზე, რასაც კომპანიები, როგორც წესი, არ აკეთებენ“, - აცხადებენ „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოში“.
ესემეს რეკლამების შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმაც. მან კომპანიებს არსებული საკანონმდებლო ნორმები შეახსენა და მათი დაცვისკენ მოუწოდა, ასევე შესთავაზა კონსულტაციები.
რაც შეეხება „შემაწუხებელი კომპანიების“ სიას, იგი ასე გამოიყურება: ALLTOURS; ALTA; AMBOLI; ARAY TOMORROW; BALDI; BOSCH; CARREFOUR; CHIC BEBE; CITY CLUB; CLUB 71; ELIT ELECTRONICS; GASA; HINTERIOR; KSB BANK; LOTUS; MEDI; MEGALINE; MNAPOLEONE; NISSAN; OK; RAK CERAMICS; SAFILO; SALAMANDER; SAMSUNG; SMILEY; TECHNO BOOM; TK BATUMI; ტურისტული სააგენტო „საქართველო“; VIVASUN.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები. მათივე ინფორმაციით, მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განუცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა ნომრებსა და მათ შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არც ყიდიან.
მას შემდეგ, რაც კომპანიების „სამარცხვინო“ სია გამოქვეყნდა, უნებართვო ესემეს-რეკლამებზე უარი პირველმა „ტექნო ბუმმა“ თქვა. კომპანიამ მომხმარებელს შეატყობინა, რომ სპეცფასების და აქციების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღების სურვილის არქონის შემთხვევაში, აბონენტებმა, კომპანიის „ცხელ ხაზზე“ (2 430102) უნდა დარეკონ და საკუთარი სურვილი დააფიქსირონ.
ჯერჯერობით „ტექნო ბუმისთვის“ სხვა კომპანიებს არ მიუბაძავს.