მცირე და საშუალო ბიზნესს მხოლოდ სააგენტოს სთავაზობენ

მცირე და საშუალო ბიზნესს მხოლოდ სააგენტოს სთავაზობენ

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავენ და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვენ. მათი აზრით, დღეს საქართველოში მცირე მეწარმეობა უმძიმეს მდგომარეობაშია, არ სარგებლობს არანაირი შეღავათით და ეს სფერო არც „იაფი კრედიტის“ პროგრამაშია გათვალისწინებული. მთავრობა ჯერჯერობით პირობას დებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სააგენტოს შექმნის, შემდეგ რა იქნება, ამ ეტაპზე რთული სავარაუდოა.

მართალია, ხელისუფლება საგადასახადო მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით რაიმე ხელშეწყობას არ აპირებს, მაგრამ არის სხვაგვარი სიახლეები. მაგალითად, ის, რომ ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობას დაემატება ახალი სააგენტო, რომელიც ხელისუფლებას მცირე მეწარმეობის განვითარების გეგმას წარუდგენს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკ ონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის საკანონმდებლო ცვლილების გატარებას არ აპირებს, მაგრამ გარკვეული ტიპის დახმარებას ეს სააგენტო გაწევს.

„სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე გაიხსნება. ის შეიმუშავებს გეგმას, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მცირე მეწარმეობის განვითარების მიზნით და მუშაობას ამ მიმართულებით გავაგრძელებთ“, - განმარტავს ტყემალაძე.

ახალი სააგენტო, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდბა. ამას ადასტურებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილიც.

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორში არის 17 პროცენტი, რომელიც არის საკმაოდ დაბალი. ეს მაჩვენებელი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 60-70 პროცენტს საერთო ბიზნესის ბრუნვაში. კიდევ უფრო დაბალია დამწყები ბიზნესის სასიცოცხლო ციკლის სტატისტიკა. მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წელს დარეგისტრირებული 42 000 ბიზნესიდან შეიძლება საქმიანობა მხოლოდ 2 000-მა გააგრძელოს. ეს, პირველ რიგში, მიუთითებს იმაზე, რომ არ არის არანაირი ხელშეწყობის მექანიზმები, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს გაუხანგრძლივებს ამ ციკლს, მოხდება გამსხვილება და გადაიყვანს მას შემდეგ სტადიაზე.

„საკმაოდ დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტიულობა. ერთი სიტყვით, არის ძალიან ბევრი მიზეზი, რამაც დაგვანახა, რომ აუცილებელია ამ კუთხით მუშაობა. არ არსებობს ინსტრუმენტები, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება. ასევე დამწყები ბიზნესის ინიციატივას და განვითარებას რომ ხელი შეუწყოს.

სააგენტო იქნება ერთგვარი ინკუბატორი დამფინანსებლისთვის, ის განავითარებს კერძო სექტორს და მოამზადებს მათ იმ ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, რომელიც იქნება ბაზარზე. ამ სააგენტოში მოხდება ნებისმიერი იდეის კომერციულ პროექტად გადაქცევა, რაც უმნიშვნელოვანესია. უნდა მოხდეს ნებისმიერი იდეის გაცვლა და ბიზნესპროექტად ქცევა, შემდეგ კი მნიშვნელოვანია ფინანსებთან წვდომა, ეს ფინანსური ინსტრუმენტები, როგორიც არის თუნდაც გრანტები თუ სესხის თანამონაწილეობა და ა.შ. ამ ყველაფრისთვის უკვე იქნება ფინანსური რესურსი და ეს გახდება უკვე წარმატებული ბიზნესის ფორმულა.

სააგენტო მომდევნო წლიდან ამუშავდება, პირველივე კვარტალში. თავიდანვე იქნება შეთავაზებული პირველადი სერვისები ჩვენი მეწარმეებისთვის. ესენია: საინფორმაციო ცენტრი, კონსულტაცია, ბიზნეს პროექტების მომზადება და ასევე რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ვთვლით, რომ უმნიშვნელოვანესია, მცირე და საშუალო ბიზნესს რომ ხელი შეეწყოს.

სააგენტოს თავმჯდომარის კანდიდატურა ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ალბათ, უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება. სააგენტო შევა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ეს იქნება ეკონომიკის სამინისტროს განმახორციელებელი ინსტრუმენტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ქეთი ბოჭორიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა მცირე და საშუალო ბიზნესია და არა მსხვილი ბიზნესი. აშშ-ში მისი წილი 85%-ს შეადგენს, ევროპაში, დაახლოებით, 70-75%-ს. საქართველოში კი მრავალი წელია 13-17%-ს ვერ გასცდა.