ეროვნული ვალუტის რყევამ დიდი ეჭვები გააჩინა. საზოგადოებისა და ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ კურსი სპეციალურად დააგდო. ფინანსთა სამინიტროსა და ეროვნულ ბანკში კი შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ.
ირაკლი ლექვინაძე ეჭვობს, რომ ლარის კურსის გაუფასურება ხელოვნურია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია შეინიშნება, რაც ძალიან საყურადღებოა. მისი განმარტებით, ეს არ არის იმ დონის რყევა, რომელიც შეიძლება კატასტროფად ჩაითვალოს.
„გვაქვს ასეთი სურათი - გაზრდილია ფულადი გზავნილები, ტურისტების რიცხვი და შესაბამისად - დანახარჯებიც; სხვადასხვა ტიპის მომსახურების ბალანსი - ტრანსპორტი, ლოგისტიკური ხარჯები თუ სერვისების გაყიდვებიდან მიღებული ფული; ასევე, მომატებულია ექსპორტი, შემცირებულია იმპორტი. ეს ყველაფერი მთლიანობაში ლარის გამყარებისკენ მიმართული ფაქტორებია. დოლარს არ ჰქონდა გამყარების ტენდენცია, რომ ლარი ამ მიზეზით გაუფასურებულიყო.
რაც შეეხება გაუფასურების ფაქტორებს, შემცირებულია ინვესტიციები და გაზრდილია კაპიტალის გადინება. თუმცა, გამყარებისკენ მიმართული ფაქტორები გაცილებით მეტია, ვიდრე - გაუფასურებისკენ. ამიტომ ეჭვი მაქვს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელოვნური პროცესი არ იყოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
ასეთი განწყობის საბაბს ექსპერტს წლის ბოლოსთვის საბიუჯეტო დანაკლისი აძლევს და არ გამორიცხავს, მისი შევსების ერთ-ერთი საშუალებად სწორედ საგარეო ვალის აღება იქცეს.
„ბოლო ერთი წლის მანძილზე გაუფასურება არის 0,9%. ეს არ არის ისეთი სერიოზული რყევა, რომელმაც, შესაძლოა, ბაზარზე ფასები აწიოს. მთავარია, რა რეაქცია ექნება ბაზარს. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ეს სამომხმარებლო ფასებზეც აისახოს. ამ ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების წინაპირობები არ არსებობს, რაც იწვევს კითხვას - ხომ არ არის ეს ხელოვნური პროცესი?“ - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, საწვავის ფასის კორექტირებას, ამ ეტაპზე, გამორიცხავს. როგორც ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, ვალუტის კურსი გავლენას ახდენს ნავთობპროდუქტების ფასზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ლარის ვარდნის მაჩვენებელი არცთუ საგანგაშოა, რადგანაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება მცირდება და საქართველოში საწვავის გაძვირების რეალური საფრთხე ჯერ არ დგას.
მეხორბლეთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ ხორბლის ფასი ვალუტის კურსზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის. თუმცა ასოციაციის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, ფქვილის ფასს გადახედონ. ლევან სილაგავას განმარტებით, თუ დოლარის კურსმა ლართან მიმართებაში 1,7-ან ნიშნულს გადააჭარბა და ამავდროულად საერთაშორისო ფასებზეც გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდა, ფქვილის ფასი აუცილებლად მოიმატებს.
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2011 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა.
ამ ფონზე ფინანსთა მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ დოლარის კურსის ზრდაში საგანგაშო არაფერი არ არის. ნოდარ ხადურის განცხადებით, დოლარის კურსის ზრდასთან დაკავშირებით არათუ პანიკის, არამედ ოდნავი შეშფოთების საფუძველიც არ არსებობს.
„დოლარი 2 პუნქტით არის გაზრდილი 1,65-დან, 1,67-მდე. შემოდგომის მეორე ნახევარში, ოქტომბერ-ნოებრის დასაწყისში ტურისტთა რაოდენობა ბუნებრივად შემცირებულია საქართველოში. ეს არის დოლარის შემოდინების ერთი წყარო, თუმცა ტურიზმის რაოდენობა, ზამთარის მოსვლასთან ერთად, ისევ გაიზრდება.
გარდა ამისა, გამოცოცხლდა ბაზარი, რამაც გამოაცოცხლა იმპორტი და იზრდება მათი მხრიდან დოლარზე მოთხოვნა. ეს გასაგებია, ლარით პროდუქციას ისინი საზღვარგარეთ ვერ იყიდიან, შესაბამისად, გაიზარდა დოლარზე მოთხოვნაც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს: „გუშინაც მქონდა საუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ჩემი მოადგილეები ასევე მსჯელობენ ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად. არანაირი საფუძველი არათუ პანიკის, არამედ ოდნავი შეშფოთებისაც კი არ არსებობს.
ბიუჯეტი გათვლილი იყო კურსზე - 1 დოლარი 1,7 ლარი. ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. კურსი ზაფხულის განმავლობაში მყარდებოდა 1,66 იყო და შემცირდა თითქმის 1,64-მდე. ახლა ოდნავ გაიზარდა, ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს და თუ საჭირო გახდება ჩარევა, ეროვნული ბანკი მზად არის. მას წელს ძალიან გაეზარდა სავალუტო რეზერვები და არანაირი საფრთხე კურსის გაუარესებისა არ არსებობს, მით უმეტეს, ექსპორტი იზრდება“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ კურსის ასეთი მოკლევადიანი ცვლილებები ყოველთვის ფიქსირდება როგორც გამყარების, ასევე გაუფასურების მიმართულებით, რაც გაცვლითი კურსის დამახასიათებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, საშაულოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება და ამისი გარანტი ეროვნული ბანკია.