„თბილისის მიკროავტობუსის“ წინააღმდეგ საკრებულო ირაზმება

„თბილისის მიკროავტობუსის“ წინააღმდეგ საკრებულო ირაზმება

დედაქალაქის საკრებულო იმ ტენდერის შედეგების გაბათილების პროცედურას იწყებს, რომელშიც „თბილისის მიკროავტობუსმა“ იმარჯვა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის კახა კუკავას მტკიცებით, თბილისის სამარშრუტო ტაქსების გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

„თქვენ გახსოვთ მიკროავტობუსის ტენდერებთან დაკავშირებული პერიპეტიები, რომელსაც ორი წლის წინ თბილისში მასობრივი აქციები ახლდა, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინა. ამჟამინდელი მდგომარეობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, ასევე, 50-თეთრიანი ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით პირობაც ვერ შეასრულა.

ამიტომ ხვალ ჩვენ ვიწყებთ კომისიურად ამ საკითხის მოთხოვნას და განხილვას. ალბათ, შევჯერდებით იმაზე, რომ საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას ტენდერის შედეგების გაბათილების შესახებ და იმ ფინანსურ კლანს, რომელიც სააკაშვილთან ერთად აკონტროლებდა დედაქალაქში სარფიანი ბიზნესის მნიშვნელოვან მიმართულებებს, უნდა ჩამოერთვათ და უნდა მოხდეს ამ სატენდერო ლოტების ხელახლა გადანაწილება“, - განაცხადა კუკავამ.

საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, უპირატესობა მცირე მეწარმეებს უნდა მიენიჭოთ.

„მონოპოლიებისთვის ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების ჩაბარება უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა კუკავამ სააგენტო „პირველთან“ საუბრისას.

პოლიტიკოსების მსგავსად ყვითელი „მარშრუტკებისადმი“ და მისი მმართველი კომპანიისადმი პრეტენზიები არ ელევათ მგზავრებს. გაზრდილი ტარიფიდან მოყოლებული თუ სათვალთვალო კამერების დამონტაჟებით დასრულებული თბილისელები მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ბოლო დროს კი განსაკუთრებული პრეტენზია გადაჭედილ ტრანსპორტს უკავშირდება. ყველსათვის ცნობილია, რომ „თბილისის მიკროავტობუსმა“ „მარშრუტკების“ რაოდენობა ქალაქში მინიმუმამდე შეამცირა, შესაბამისად, პიკის საათებში გადაჭედილი სამარშრუტო ტაქსები თბილისელებისთვის ჩვეულ მოვლენად იქცა.

ჯერ კიდევ 2012 წელს „თბილისის მიკროავტობუსში“ პირობას დებდნენ, რომ მიკროავტობუსების გადატვირთულობის პრობლემა მალე მოგვარდებოდა, ხოლო იმ მძღოლებს, რომლებიც დასაშვებ ნორმაზე, ანუ 5 ადამიანზე მეტს დააყენებდნენ ფეხზე, გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევდათ. კომპანიაში ირწმუნებოდნენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე იდგებოდნენ, უსაფრთხოების მხრივ რაიმე პრობლემა არ შეექმნებოდათ, ვინაიდან ამ ტიპის მიკროავტობუსები ფეხზე დგომასაც ითვალისწინებს.

ერთი წლის შემდეგ კი პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია და თბილისელთა უმრავლესობა სამარშრუტო ტაქსებში კვლავაც მგზავრთა გადაჭარბებულ რაოდენობას უჩივის. რიგითი მგზავრები ამბობენ, რომ „მარშრუტკაში“ პიკის საათებში არათუ დასაჯდომ, დასადგომ ადგილსაც კი ვერ ნახავთ.

როგორც ჩანს, კომპანია არც ამ და არც სხვა პრეტენზიაზე რეაგირებას არ აპირებს. ამიტომაც მის წინააღმდეგ დრო და დრო აქციები იმართება. ბოლო ასეთი გამოსვლა დაახლოებით 3 კვირის წინ დედაქალაქის მერიასთან მოეწყო.

უგულავას უწყებასთან „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა უფლებების დამცველი კავშირი ძველი ტარიფის - 50 თეთრის აღდგენას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა საკრებულოს მიმართეს, რომ 2011 წელს ტენდერი, რომელიც არაკონკურენტულ გარემოსა და კორუფციული სქემით ჩატარდა, გააუქმონ და სამარშრუტო ტაქსებზე ახალი ტენდერი გამოაცხადონ.