პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, მთავარი პროკურორის შეცვლაც მოუწევს, რადგან დაკავებული პოსტიდან, არჩილ კბილაშვილი გადადგა, რომელიც საქმიანობის გაგრძელებას სამოქალაქო სექტორში აპირებს.
არჩილ კბილაშვილის საქმიანობით, თანაგუნდელთა ნაწილი კმაყოფილია, მეორე ნაწილი კი - პირიქით. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ კბილაშვილი სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს, ის თავის საქმის პროფესიონალი, ერთგული, წესიერი და ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანი იქნება. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კბილაშილის პოსტიდან წასვლა, საქმისთვის უკეთესი იქნება. გიორგი ცაგარეიშვილი კი აღნიშნავს, რომ პროკურატურის მუშაობაში ბევრი რამ არ აკმაყოფილებდა.
თუ რას ფიქრობენ უმცირესობაში, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილების თაობაზე? for.ge ნაციონალ აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
როგორ ფიქრობთ, რეალურად, რა მიზეზის გამო გადადგა დაკავებული თანანმდებობიდან არჩილ კბილაშვილი?
- არ ვიცი, კბილაშვილსა და ღარიბაშვილს შორის უთანხმოებას რამდენად ჰქონდა ადგილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას ბატონი არჩილის ზედმეტი პატიოსნება აღარ მოსწონდა.
ანუ, მმართველ ძალას კბილაშვილი თავად აღარ სჭირდებოდა?
- როგორც ჩანს.
თუმცა, თქვენი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ არჩილ კბილაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მთავარი პროკურორი იყო. ფაქტია, რომ მას საქმიანობა რთულ პერიოდში მოუწია, მაგრამ პროკურატურა ურმით მიდიოდა და ამ უწყების მიმართ, ხშირად საყვედურებიც ისმოდა. ფიქრობთ თუ არა, რომ კბილაშვილი კოაბიტაციის მსხვერპლია, რადგან ის დასავლეთის მიერ დაკვეთილი პროცესის გამო, გარკვეულ ჩარჩოში ექცეოდა?
- კოაბიტაცია ერთჯერადი აქტი არ არის. ეს პროცესი ქვეყანას სჭირდება და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ უსუფაშვილი და მარგველაშვილი ფიქრობენ, რომ კოაბიტაცია არ სჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია, მათ ვაჩნევოთ თანამშრომლობის გარეშე, თუ რა რეჟიმში იმუშავებს ქვეყანა. მარტივ რამეს გეტვით, ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ კანონპროექტზე საპროცედურო ომი გამოვაცხადოთ და მმართველი ძალა სრულ უმოქმედობაში გადავიყვანოთ, რასაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებთ. კოაბიტაცია ქვეყანას სჭირდება, რადგან საქართველოში არასტაბილური პოლიტიკის პირობებში, არცერთი ინვესტორი არ ჩამოვა. ამიტომ, ამ ყბადაღებულ კოაბტიტაციას თავი უნდა დაანებონ. მართალი გითხრათ, კოაბიტაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და არა ხელისუფლება. მათგან განსხვავებით, თანამშრომლობისთვის მზად ჩვენ ვართ. მათი მხრიდან, თანამშრომლობის სურვილი არც გვიგვრძვნია და, როგორც ჩანს, ამის ფუფუნება არც მომავალში გვექნება.
როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მასშტაბებით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი, მმართველ ძალას ნაციონალებთან შემდგარი კოაბიტაციის გამო საყვედურობს და მათ დამნაშავეების დასჯას სთხოვენ...
- დამნაშავეების დასჯა კოაბიტაციასთან არანაირ კავშირში არ არის. დამნაშვეებმა პასუხი უნდა აგონ, მაგრამ ეს იმიტომ კი არ უნდა მოხდეს, რომ ეს საზოგადოების რაღაც ნაწილს სურს, არამედ კანონმა იკანონოს.
მთავარი პროკურორის კანდიდატურას ახალი პრემიერი წარადგენს. რა ნიშნით მოხდება, ახალი პროკურორის შერჩევა?
- იმ ტიპის პროკურორს მოძებნიან, რომელიც საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას ფეხს აუწყობს, რომელიც ითხოვს, რომ ნაციონალები ლინჩის წესით გაასამართლონ. ამას კანონთან არანაირი საერთო არ აქვს და ეს ბრბოს მოთხოვნაა. როგორც ჩანს, პროკურატურაში ისეთ ტიპს მოიყვანენ, რომელიც მასის ამ განწყობასთან ახლოს იქნება.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშილის წარდგენას. მთავრობაში, რა პროცესების განვითარებას ელით?
- მგონი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში, სულ 30 კაცს იცნობს და ბუნებრივია, მას პრემიერის შერჩევა სწორედ ამ 30 კაციდან მოუწია. ფაქტია, რომ იმ ადამიანებიდან ვისაც ივანიშვილი იცნობს, ღარიბაშვილი ყველაზე ქმედუნარიანი ადამიანია და ამავდროულად, კარგი დასაყრდენი. თუ რამდენად შეძლებს ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის გავლენიდან გამოსვლას, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ამის არანაირი შანსი არ ჩანს. ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, რომ უნდა დაგვიტოვოს პრემიერი, თბილისის მერი და ა.შ.
მათ შორის, პირველი ლედიც...
თუნდაც, პირველი ლედიც. უცნაურია, მაგრამ პრემიერი შანს არ უშვებს, რომ ვინმეს ბოსტანში ქვა არ ისროლოს. თავის დროზე, ის ირაკლი ალასანიას მისდგა. არჩევნების მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ თურმე, ის ტრადიციულ ოჯახებს სცემს პატივს და ამით, რა თქვა - მარგველაშილს არ სცემს პატივს თუ რას გულისხმობდა?!
ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო უცხო. ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებით, ხშირად თავს პრეზიდენტ სააკაშვილიც იჩენდა...
- ნაციონალების დროს, ადგილი ერთპარტიულ მმართველობას ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილი კი, ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას ცდილობს და თან, ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ამომრჩეველთა რაოდენობა გვაძლევდა, მას კი, სურვილის განხორციელების საშუალებას, უმრავლესობის უხერხემლობა აძლევს.
პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიმდინარე თვეში, კენჭისყრაზე დადგება. ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერთ?
- ამ საკითხზე, არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს და მმართველ გუნდს არც ამის სურვილი აქვს. ნაციონალებთან მოლაპარაკებებს მაშინ იწყებენ, როცა ამა თუ იმ საკითხზე, ხმები აკლიათ. ფაქტია, რომ ისევ თბილისის გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს, რადგან ხელისუფლება პრეზიდენტის სასახლეში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსებას აპირებს, ქუთაისიდან კი, პარლამენტის გადატანას. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების თაობაზე აზრი და ხედვა ჩამოყალიბებული არ აქვს. ამ ყველაფერს ის მთავრობა აკეთებს, რომელიც ამბობდა, რომ ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქად უნდა გადავაქციოთო და საინტერესოა, უნივერსიტეტი ბათუმიდან ქუთაისში რატომ არ გადმოაქვთ?! ამ ცველილებებს მხარს არ დავუჭერთ! უსუფაშვილის მოსაზრებები ვიცი, რომ თურმე, პარლამენტი მივლინების რეჟიმში თბილისში იმუშავებს, რაც სასაცილოა, რადგან კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია ქუთაისი. დავით უსუფაშვილი იურისტია და მისგან მსგავსი განცხადება ძალიან მაკვირვებს. თუ მაინცდამაინც პარლამენტის შენობა არ სურთ, თეატრში შეიკრიბონ, ვინ დაუშალათ?!
For.ge-ს ინფორმაციით, პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეას სამველ პეტროსიანი და გიორგი ბარამიძე ეთანხმებიან. ეს ინიციატივა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილების მიზეზი ხომ არ გახდება?
- შეიძლება, ამ ცვლილებებს მხარი ვინმემ დაუჭიროს, მაგრამ კენჭისყრა ჩაატარონ და ყველაფერი გამოჩნდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ ადამიანების ადგილი არ იქნება, ვინც პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარს დაუჭერს“ ამას გინდათ განხეთქილება დაარქვით, გინდათ, პარტიიდან გარიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისმა იმ ძალას დაუჭირა მხარი, რომელიც მას საპარლამენტო ქალაქის სტატუსს ართმევს, ქუთაისი როგორც მეორე ქალაქი უნდა გადარჩეს და ის უნდა იყოს ქვეყნის ცენტრი. ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელების არჩევანის გამო გული მწყდება.
პარლამენტის მსგავსად, აჟიოტაჟი ატეხილია პრეზიდენტის სასახლის თაობაზეც. ავლაბარში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განთავსების შესახებ აზრი ორად თქვენს რიგებშიც გაიყო. რატომ არ სურს, გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში ბინის დადება?
- მათი მავნე ახირებაა, რომ ამ შენობაში არ შევიდნენ, მაგრამ მიშას დაგებულ გზებს, აშენებულ ხიდებს და მოწყობილ აეროპორტებს, რატომ არ ანგრევენ?! მსგავსი ახირებების ბრალია ისიც, რომ ბიუჯეტს ნახევარ მილიარდიანი გარღვევა ექნება. მინისტრები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე, ბიუჯეტის გარღვევა პრეზიდენტის მავნებლური პოლიტიკის შედეგები ყოფილა, მაგრამ თვეების წინ, ამას მაშინ რატომ არ ამბობდნენ, როცა ჩვენ მოსალოდნელ შედეგებზე ვსაუბრობდით?!
საქართველოს მთავრობა ჰყავს, რომელიც ერთ დღეს, აზარტულ თამაშებს კრძალავს, მეორე დღეს პოზიციას ცვლის. ერთ დღეს, მიწებს აღარ ყიდის, მეორე დღეს, აზრს იცვლის. სანამ, ხელისუფლება პოზიციებს დღეში სამჯერ იცვლის, ჩვენი ქვეყნით ბიზნეს სექტორი არ დაინტერესდება.