[გიორგი ბექაური]
ჰიბრიდული სიმინდის თესლისგან მოწეული მოსავლის ექსპორტად გატანას მთავრობა უკვე მიმდინარე წელს გეგმავს. თუ 2010 წლის მიწურულს ფინანსთან მინისტრი ბაინდურაშვილი ამბობდა, რომ საქართველოს სიმინდის ექსპორტიორი 2012 წელს გახდებოდა, სულ რაღაც ორიოდე დღის წინათ სოფლის მეურნეობის მინისტრმა კვეზერელმა სავარაუდო თარიღად მიმდინარე წელი დაასახელა.
რამდენად შეძლებს მოსავლის ისეთი რაოდენობით მოყვანას, რომ ამით შიდა ბაზრის მოთხოვნილებაც დაკმაყოფილდეს და მისი ქვეყნის გარეთ გატანაც მოხდეს, მეორე საკითხია. სპეციალისტების აზრით, ქვეყანას იმის აგროპოტენციალი, რომ 2011 ან თუნდაც 2012 წელს სიმინდის ექსპორტიორად იქცეს, ნამდვილად არ აქვს.
როგორც ჩანს, სიმინდის ჰიბრიდული თესლის უხვმოსავლიანობამ სოფლის მეურნეობის მინისტრი სრულ ეიფორიაში ჩააგდო. კვეზერელის თქმით, საქართველოს აქვს შანსი, რომ 2011 წელს სიმინდის ექსპორტი დაიწყოს. მინისტრის თქმით, ქვეყანაში სიმინდის პროგრამაზე მუშაობა დაწყებულია და პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება.
„ეს პროგრამა სიმინდის გასამმაგებულ მოსავალს მოგვცემს. შესაბამისად, შემოსავლები გაუსამმაგდება თითოეულ იმ საწარმოსა და ადამიანს, რომელიც ამ პროგრამაში მონაწილეობს. ჩვენ ვთავაზობთ მომსახურების მთელ პაკეტს. გვაქვს შანსი წლეულს პირველად, სიმინდი ექსპორტზე გავიტანოთ და წელს პირველად, გავხდებით სიმინდის ექსპორტიორი“, - განაცხადა კვეზერელმა.
სოფლის მეურნეობის სპეციალისტი თამაზ კუნჭულია აცხადებს, რომ ასეთი ოპტიმიზმი სიმინდის მოსავლიანობასთან დაკავშირებით სრულიად გაუმართლებელია.
„არ ვიცი, როგორ აპირებს მთავრობა სიმინდის ექსპორტიორ ქვეყნად გადაქცევას. თუ საუბარია მოსავლიანობის მატებაზე, მაშინ ამისათვის აგროტექნიკური ფონი უნდა იყოს გაუმჯობესებული. თუ მხედველობაში აქვთ ჰიბრიდული თესლის შემოტანა და ამით მოსავლის გაზრდა, ამას ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება. მეცნიერები დღემდე ვერ ჩამოყალიბებულან იმაზე, საჭიროა, თუ არა ქვეყანაში ასეთი თესლი შემოვიდეს.
ამ თესლს აქვს ჯვარედინი დამტვერვის თვისება და ისტრადიციული ჯიშებისგან, დაახლოებით, 450-500 მეტრის სიშორეზ ეუნდა დაითესოს. თანაც მისი და ქართული ჯიშის სიმინდის ყვავილობის პერიოდი ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს. ამ წესებს მაშინაც ვერ იცავდნენ, როდესაც კოლმეურნეობა არსებობდა და სოფლის მეურნეობა უფრო განვითარებული იყო და, რა თქმა უნდა, ახლა ამის დაცვა შეუძლებელია.
1-2 წელიწადში რომ ჩვენ სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ, ეს შეუძლებელია და თანაც ამის წინაპირობას მე ვერ ვხედავ. თუნდაც იმ შემთხვევაში ჩვენი ჯიშები საერთოდ რომ გადაშენდეს და სულ ჰიბრიდული თესლი დაითესოს. ამ ყველაფერს სჭირდება აგროტექნიკური ფონი“, - განაცხადა კუნჭულიამ.
ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით აქტიური საუბარი სულ რაღაც ორიოდე თვის წინათ დაიწყო. მთავრობაში მაშინაც და დღესაც ირწმუნებიან, რომ ამ თესლის შემოტანა მოსავლის თვალსაზრისით მომგებიანი იქნება, ექსპერტები კი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამით მარცვლეული კულტურის ქართული ჯიშების გადაშენება მოხდება.
ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „მწვანეები“. „მწვანეთა“ მოძრაობაში ამბობენ, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით გაიარა თუ არა აღნიშნულმა თესლმა გამოცდა, რამდენად ეფექტური და მისაღებია ისინი ჩვენი რეგიონისთვის.
„რამდენიმე წელიწადში დაიკარგება უნიკალური ქართული ჯიშები, რომლებიც უკეთ არის შეგუებული ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებები არაერთ ქვეყანაში განხორციელდა, რაც კვალიფიცირდა, როგორც ეკონომიკური დივერსია“, - აცხადებენ მოძრაობაში.
თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში:
„ყველა ის ადამიანი თუ სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ პროგრამის განხორციელებას არიან გაუთვითცნობიერებულები ან პირადი ინტერესების გამო იცავენ რუსული (საბჭოთა) წარმოების გაურკვეველ ჰიბრიდებს“.
რაც შეეხება რუსულ ჰიბრიდს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან განსხვავებით სხვა ინფორმაციას ფლობს თამაზ კუნჭულია. სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ირწმუნება, რომ საქართველოს ბაზარზე არც ადრე და მით უმეტეს არც ახლა, რუსული ჰიბრიდული თესლი არ შემოსულა.