საფრანგეთის ელჩი “ბასტილიის დღეს” “მშვიდობის ხიდზე” აღნიშნავს

საფრანგეთის ელჩი “ბასტილიის დღეს” “მშვიდობის ხიდზე” აღნიშნავს

[ნინა ცაბოლოვი]
ადამიანის უფლებების დაცვა, კონფლიქტების მოგვარება, ამ საკითხებზე მუშაობას უთმობს ძირითად დროს ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი. პრესა.გეს სტუმარია საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე. პარიზში დაიბადა 1959 წლის 7 ოქტომბერს. თანამედროვე ლიტერატურის სპეციალისტი, ისტორიის მასწავლებელი, ფრანგული ლიტერატურისა და ცივილაზიის სპეციალისტი, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციათა ეროვნული ინსტიტუტის დიპლომის მქონე ელჩი ფლობს ენებს – ინგლისური, რუსული, ჰინდი, ურდუ, სპარსული.

სანამ ბატონი ელჩი მოწვეულ სტუმრებთან ერთად, 14 ივლისს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს – “ბასტილიის დღეს” “მშვიდობის ხიდზე” აღნიშნავს, ერიკ ფურნიემ ქვეყნის შიგნით არსებულ კონფლიქტურ რეგიონებზე, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე ვითარებაზე პრესა.გესთან ისაუბრა. ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ, რომელ ქართველ მომღერალთან ერთად დაუკრა საქსაფონზე ერიკ ფურნიემ.

არ მახსოვს ბავშვობაში რაზე ვოცნებობდი. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. სამი წლის წინ, როცა საქართველოში ჩამოვედი, სერიოზული გართულებები იყო სამხრეთ ოსეთში და იმ ყველაფრის მომსწრე ვიყავი, რამაც საბოლოო ჯამში აგვისტოს ომი გამოიწვია. თქვენი ქვეყნის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. ეს იყო ქვეყანა, რომელმაც წარმოშვა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი დიქტატორები – სტალინი, ბერია.

ბოლშევიკებს წინააღმდეგობა გაუწიეს ქართველებმა 1918 წელს, ხოლო 1921 წელს, ქართული ელიტის ნაწილი საფრანგეთში ემიგრანტად იქცა. დღეს, თბილისში უფრო ევროპული ცხოვრების კვალი იგრძნობა. თვალშისაცემია ქუჩები, რესტორნები, მაღაზიები.

კონფლიქტური რეგიონები ახსენეთ, თქვენი შეფასებით, როგორია კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა?
- გაყინულ სიტუაციაში ვიმყოფებით, უახლოეს პერსპექტივაში, კონფლიქტის მოგვარებაზე საუბარი რთულია. განსაკუთრებით, აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს სურვილი, რომ მათი რეინტეგრაცია მოხდეს საქართველოსთან.

ფაქტიურად, სიტუაცია პარალიზებულია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ და ყველა ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ ხელი შევიწყოთ დიალოგს ხალხებს შორის. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა. მაგალითად, თემურ იაკობაშვილს ჰქონდა შეხვედრები პარიზში, სადაც ამ საკითხებზე ისაუბრეს.

ევროპული ცხოვრების კვალის გარდა კიდევ რა აღმოაჩინეთ საქართველოში?
- ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ბევრი ქართველი უმუშევრობის გამო უიმედოდ არის განწყობილი. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, თუმცა საქართველო ცალკე არ უნდა განვიხილოთ. თუ გადავხედავთ პოსტ საბჭოთა ქვეყნებს, ბალტიის ქვეყნების გარდა, მათი უმრავლესობა დიქტატურის პირობებში ცხოვრობს, მეორე მხრივ, არსებობს საქართველო და უკრაინა, რომლებიც დემოკრატიისკენ ისწრაფვიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მდგომარეობა უფრო იმედის მომცემია.

დემოკრატიისკენ სწრაფვაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებმა რა როლი ითამაშა?
- თვითმმართველობის არჩევნები კარგად ჩატარდა. წინა არჩევნებთან შედარებით, ვითარება მკაფიოდ გაუმჯობესდა. არჩევნების შემდგომი ვითარება საქართველოში პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს.

ადამიანის უფლებებსი დაცვის მხრივ მძიმე ვითარებაზე საუბრობდით, კონკრეტულად რას გულისხმობდით?
- საკმაოდ ბევრს ვმუშაობ და დიდ ყურადღებას ვაქცევ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო უცნაურ ვითარებაში დაკავებულ ადამიანებზე. ვლადიმერ ვახანაია იარაღის ტარებისთვის მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიტიკური პარტია შექმნა. მეორე ეხება 17 წლის ახალგაზრდას, რომელიც კაფეში შელაპარაკების გამო დააკავეს.

ასეთი რაღაცები საქართველოში არ უნდა ხდებოდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები თავიდან ავიცილოთ. ჩემი თავისუფალი დრო ძალიან ხშირად ამ საკითხებზე მუშაობას ეთმობა. ვხვდები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგაციებს, რომლებიც ქართულ ადმინსტრაციასთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობენ.

თქვენი თავისუფალი დრო კიდევ რაზე იხარჯება?
- საკმაოდ რთულია ამაზე საუბარი, რადგან ძალიან ცოტა დრო მაქვს. სამსახურის გარდა, ვცდილობ დრო ჩემს შვილებს დავუთმო. როცა თავისუფალი დროს მაქვს, წიგნებს ვკითხულობ. ძალიან მიყვარს ბესიკ ხარანაული, მოხარული ვარ, რომ წელს, მისი წიგნები ფრანგულად ითარგმნა. გაჩვენებთ წიგნს, რომელსაც ახლა ვკითხულობ, ეს არის ქეთევან დავრიშევის რომანი, ძალიან საინტერესოა. ერთი ოჯახის ისტორიაა, რომელმაც საქართველო 1921 წელს დატოვა, 70 წლის შემდეგ კი, საფრანგეთში ნაცნობს - ქართველს შეხვდება.

შვილების, კითხვის გარდა, თავისუფალი დრო კიდევ რისთვის გრჩებათ. სპორტი არ გიყვართ? ახლა თან მხოფლიო ჩემპიონატია...სპორტს
- ნაკლებად მივსდევ. მირჩევნია კარგ მუსიკას ვუსმინო, დრო მეგობრებთან ერთად გავატარო, ვიდრე ფეხბურთს ვუყურო. საერთოდ, არ ვუყურებ. ჩემი მთავარი ჰობი მუსიკაა.

თბილისში საყვარელ ადგილებს არ სტუმრობთ ხოლმე?
- ძალიან ბევრი ადგილია. ძირითადად, ისეთ ადგილებს ვარჩევ ხოლმე, სადაც ტერასაა, რადგან ქალაქს გადავხედო და ხედებით დავტკბე. მაგალითად, აბანოთუმანთან ახლოს. კოპალას ტერასა, გუდიაშვილის მოედანზე კაფე “პურპური”, მიყვარს რამდენიმე კლუბი, სადაც ჯაზის მოხმენა შეიძლება.

ძნელი გამოსაცნობი არ იქნება თუ სად დადიხართ შოპინგზე...
- ტანსაცმლის ყიდვა პარიზში მიყვარს, რადგან არჩევანი ძალიან დიდია. რაც შეეხება მოდას, რეპერმა ემ სი სოლარიმ ერთხელ მითხრა, რომ მოდის მსხვერპლი არ უნდა იყო!

რაც შეეხება ტრადიციებს, ქართულმა ტრადიციებმა მოგხიბლავთ?
- თამადის ტრადიცია ძალიან მიყვარს. სტუმარ-მასპინძლობის საკითხში კარგ ატმოსფეროს ქმნის. სტუმრის დახვედრის ძალიან კარგი ტრადიცია გაქვთ.

თქვენ როგორ აუწყვეთ ფეხი ქართული სუფრის ტრადიციას, ბევრ უცხოელს გაწელილი სადღეგრძელოები აღიზიანებს.
- ეს ტრადიცია მას შემდეგ უფრო დავაფასე, რაც საჩხერის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. თავად წითელი ღვინოებიდან მშრალი ღვინო მიყვარს. შატო მუხრანი – 2007, 2009 წლის. თეთრი ღვინოებიდან – წინანდალი. მიყვარს ნახევრად ტკბილი, რომელიც გავს ფრანგულ ღვინოს.

კერძები?
-თავად, კერძების მომზადება არ გამომდის. მიყვარს ლობიო და ჯონჯოლი.

რამდენჯერმე ახსენეთ მუსიკა, თქვენი საყვარელი შემსრულებელი გვითხარით.
- ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, გია ყანჩელის “დიპლიპიტოს” გამოვარჩევდი. რაც შეეხება როკს, ერთხელ ლადო ბურდულთან ერთად საქსაფონზე დავუკარი. მიყვარს ჯაზი, მომწონს მაია ბარათაშვილის ხმა და მისი ბენდი. ამჟამად სპეციალურ პროგრამასაც ვამზადებთ ერთ-ერთ რადიოსთან ერთად ფრანგული მუსიკის შესახებ. არსებობს რამე ქართული, რაც არ გიყვართ?
- ქართველების ერთი თვისება არ მომწონს. ისეთი რაღაცის თქმა შეუძლიათ, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. და კიდევ, ძალიან ნერვიული, ფიცხი ხალხია. ვისურვებდი პოზიტიური მიმართულებით სვლას, წარსული შეცდომების გამოსწორებას, რადგან ქვეყანა ჰარმონიულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.