საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე კონკრეტული ევროპელი დიპლომატებისგან კეთდება განცხადებები, რომლის თანახმადაც, უხეშდ რომ ვთქვათ, ისინი სააკაშვილის ხელშეუხებლობას ითხოვენ. საქართველოში მსგავსი ტიპის ინფორმაცია, რომ სააკშვილის მიმართ საგამოძიებო სამუშაოები იწყება ან მიმდინარეობს, არ ვრცელდება. ამ კუთხით გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ დასავლელი პოლიტიკოსების პრევენცია, ცოტა არ იყოს, უადგილოც კი ჩანს. არ არის გამორიცხული, ამ საკითხს ჰქონდეს მეორე მხარეც და დასავლეთისთვის, განსაკუთრებით მაღალი დონის პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისთვის ცნობილი იყოს ისეთი რამ, რაც ქარული საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე დაფარულია.
მაგალითად, ფრანგული „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დააკავეს მაშინ, როცა ის ნიცის აეროპორტიდან მიფრინავდა პრიშტინაში (კოსოვო). ის ეჭვმიტანილია კონტრაბანდასა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში. იქვე აღნიშნულია, რომ კეზერაშვილი ასევე იძებნება საქართველოში ფულის გათეთრების გამო და ა.შ.
რამდენიმე დღეში საფრანგეთში მიხეილ სააკაშვილიც ჩავიდა „წიგნების შესაძენად“, გავრცელებული ინფორმაციით კი გიგი უგულავა და ჩიორა თაქთაქიშვილი ფრანგული ენის კარგად ფლობისა და ერთგულების ნიშნით გამოარჩია და რეალურად, კეზერაშვილის საქმის მოსაგვარებლად ჩაიყვანა. არის თუ არა საერთო ამ საქმესა და ზოგიერთი დასავლელი დიპლომატის პრევენციულ განცხადებებში, ამას დრო გვიჩვენებს.
ექსპერტი მამუკა არეშიძე კი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი თავისტკივილი, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ დავით კეზერაშვილია.
მამუკა არეშიძე for.ge-ს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრება.
ბატონო მამუკა, მართალია საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური ვნებათაღელვა ჯერ კიდევ წინ გვაქვს - ახალი პრემიერისა და მთავრობის დამტკიცება. თქვენი შეფასებით, რა უნდა იყოს ახალი პრემიერისა და მისი გუნდის პირველი რიგის ამოცანა?
- ძირითადი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესის გააქტიურება. ეს არის ხალხის მოთხოვნა. კარგად მესმის, რომ ეს საკითხი გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. პრობლემებია იმ კუთხითაც, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვეს ან შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებული არასასურველი ამბები გავრცელდეს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა მაინც უნდა დაიწყოს.
დიფერენცირება უნდა მოხდეს იმ საქმეების, რომლებიც არის პროკურატურაში ქონების წართმევასთან დაკავშირებით, ადამიანების ციხეში გამწესებასთან დაკავშირებით, მაგალითად, იპოთეკასთან დაკავშირებით - ძალიან ბევრ ადამიანს იპოთეკური სესხი აქვს აღებული სწორედ იმიტომ, რომ მათი ახლობლები ციხეში უკანონოდ მოხვდნენ - დიფერენცირება უნდა მოხდეს და ცალ-ცალკე დაიწყოს ამ თემების რეალიზაცია - ეს რაც შეეხება პრობლემატურ საქმეებს.
არის არაპრობლემატური საქმეებიც, მაგალითად, ციხის ჯალათების საქმეები, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა და ამ ნაწილში სამართლიანობის პროცესის დაწყება და გააქტიურება არის აუცილებელი. ეს ადამიანები არ უნდა დადიოდნენ ქუჩაში და ზოგიერთი მათგანი არ უნდა ტრაბახობდეს იმით, რაც ციხეში ჩაიდინა პატიმრების მიმართ.
გარდა ამისა, არსებობს ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის გუნდი, რომლის მიმართ საზოგადოებას აქვს ეჭვი, რომ ბევრი მათგანი შავ-ბნელ საქმეებში იყო გარეული. ბაჩო ახალაიას მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი განსაკუთრებული, ყოველ შემთხვევაში, ხალხის მოლოდინის ადეკვატური არ მომხდარა, რაშია პრობლემა?
- ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, საერთოდ, სასაცილო სიტუაციაში ვვარდებით, რა ბრალიც ბაჩო ახალაიას წაუყენეს, ამის მიღმა მისი ისეთი ბრალეულობაა ცნობილი, რომ გაოგნდებით. მაგალითად, ციხის ბუნტის ჩახშობა და 7 მიცვალებული, რომელიც მის კისერზეა.
ამის თაობაზე გამოძიება არც დაუწყიათ, თუ დაიწყეს, შედეგები არ ჩანს. რა არის ამაში ამისთანა გამოსაძიებელი, არ ვიცი. შესაძლოა, გამოძიებაში დილეტანტი ვარ, მაგრამ იმდენი კი მესმის, რომ ასეთი საქმეები პრიორიტეტული უნდა იყოს, თუ დანაშაულის გამოძიება მართლა გინდა.
ასეთი დანაშაულები ბაჩო ახალაიასაც აქვს და სხვებსაც. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ზეწოლა დასავლეთის მხრიდან, ასეთი მასობრივი დასჯები არ მოხდეს, მე მაინც ვერ შევეგუები და, ალბათ, ვერც საზოგადოება, რომ ადამიანებს შერჩეთ ის, რაც ჩაიდინეს. განსაკუთრებით, როდესაც ამას მოჰყვა მსხვერპლი - ადამიანები დახოცილი არიან - ციხის ბუნტის დროს, ციხეში გარდაცვლილები და 26 მაისის მოვლენების დროს დახოცილი ადამიანები! არ მესმის ეს როგორ უნდა შერჩეთ.
მეორე მხრივ, დასავლეთიდან მუდმივად კეთდება აპელირება, რომ საქართველოში შეიძლება დაიწყოს პოლიტიკური შურისძიება...
- რა პოლიტიკურ შურისძიებაზეა ლაპარაკი? მე არ ვლაპარაკობ იმაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოლიტიკური დანაშული რომ ჩაიდინეს, წლების განმავლობაში არჩევნების ტოტალური გაყალბება რომ ხდებოდა - ამაზე არ ვლაპარაკობ! ესეც დანაშაულია, მაგრამ მე ვლაპარაკობ დანაშაულებზე, რომლებსაც კონკრეტული მსხვერპლი მოჰყვა, რომლის დროსაც ციხეში უდანაშულო ადამიანები ისხდნენ!
უამრავი სხვა ფაქტია ამდაგვარი, რომელსაც შეეწირა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება. რა პოლიტიკურ დევნაზეა ლაპარაკი, თუ არ შეგვიძლია დასავლეთს ან ნებისმიერს ავუხსნათ რა განსხვავებაა კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშულის იმ ნაწილში, რომელიც პოლიტიკას ეხება და იმ ნაწილში, რომელიც სამართალს ეხება, მაშინ არ ყოფილა გამოსავალი.
საკმაოდ საინტერესო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ, სააკშვილის საფრანგეთში ვიზიტისას. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის ვიზიტის მიზანი იყო საფრანგეთის ტერიტორიაზე დაპატიმრებული კეზერაშვილის გადარჩენა და ადვოკატურაში გადაბარგებულ სარკოზისთან შეხვედრა სწორედ ამ საკითხში დასახმარებლად სჭირდებოდა...
- ჩემთვის ცნობილია, რატომაც დაიბარა უგულავა და თაქთაქიშვილი სააკაშვილმა პარიზში. ისინი წავიდნენ იმიტომ, რომ გაერკვიათ იმ თანხების მდგომარეობა, რაც გადარიცხულია ოფშორულ კომპანიებში, რომლის ხაზინადარი, შემნახველი და პარტონი იყო კეზერაშვილი.
კეზერაშვილის ექსტრადიცია მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საფრანგეთის მთავრობამ კეზერაშვილის ექსტრადიცია არ მოახდინოს და წაუყენოს ბრალი, რომელიც მის მოქმედებას ეხება ევროპულ სივრცეში. ანუ ლაპარაკია მის უკანონო ქმედებებზე ავღანეთის ტეტიტორიაზე.
გარდა ამისა, ლაპარაკია მის მიერ იარაღით ვაჭრობაში უკანონო მონაწილეობაზე, რომელიც საქართველოს ეხება, მაგრამ ტრანსევროპული დანაშაულის ფორმატში შეიძლება განიხილებოდეს. კეზერაშვილი საქართველოში არ უნდა ჩამოუშვან ეს არის სააკაშვილის მთავარი ამოცანა.
როდესაც დასავლეთი ცალსახად აპელირებს პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ შურისძიებაზე, ამ დროს კი სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრი, იარაღის უკანონო ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, ამ ყველაფერს რა შეფასება მიეცმა, შეიძლება, საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს?
- იქნება თუ არა სკანდალი საერთაშორისო დონის, არ ვიცი - სკანდალი ისედაც შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მასალები იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ, სადაც საქართველო და მისი თავდაცვის მინისტრი ფიგურირებდა. შეიძლება გვარი და სახელი მოხსენიებული არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ასე იკვეთებოდა. ეს სკანდალი რაღაცნაირად ჩაფარცხეს. ახლა რაც ხდება, პრინციპში მართლაც სკანდალურია.
კეზერაშვილი იმიტომ კი არ დააკავეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასე მოითხოვა, იმიტომ დააკავეს, რომ მას კონკრეტული დანაშაული მიუძღვის, რომელიც ჩადენილია, ტრანსევროპული სამართლის თვალსაზრიოსით - ეს არის იარაღით უკანონო ვაჭრობა.
რაც შეეხება საქართველოს იმიჯს, დე მიადგეს ზიანი, მეორედ სხვა ხომ აღარავინ მოინდომებს ამის გაკეთებას?! ჩვენს იმიჯს შავი ლაქა რომ არ დააჩნეს, ამიტომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ?!
თუ კეზერაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს, რას ნიშნავს ეს სააკაშვილისთვის?
- ეს ნიშნავს, რომ ფინანსური სახსრების კულუარული მოძრაობა გახდება ნათელი. იმ თანხებზეა ლაპარაკი, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ საქართველოს ბიუჯეტიდან ქართველ ხალხს მოპარა და რომლის განმკარგავიც იყო კეზერაშვილი.
თუ საფრანგეთში მოხდება კეზერაშვილის გასამართლება, სააკაშვილს შეუძლია, ბევრი კითხვა და პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს?
- მთლიანად პასუხისმგებლობას სააკაშვილი ვერ მოიხსნის, მაგრამ ამ ნაწილში შეუძლია, უფრო მშვიდად იგძნოს თავი, იმიტომ, რომ ფრანგული თუ ევროპული სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული იმ ნაწილში, რასაც იარაღით ვაჭრობა ჰქვია. კეზერაშვილი ამას თავის თავზე აიღებს თუ სააკაშვილსაც ჩარევს, ეს არავინ იცის.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რამდენი ფული მოპარა საქართველოს ხალხს სააკაშვილმა კეზერაშვილის მეშვეობით, ეს უკვე შეიძლება მეათეხარისხოვანი თემა შეიძლება გახდეს ევროპელი სამართალდამცველებისათვის.
რაც შეეხება საქართველოს, უკვე კონკრეტული თანხები სახელდება, რამდენი აქვს მოპარული სააკშვილს საქართველოსთვის. ითქვა, მაგალითად - 8 მილიარდი. აუცილებელია და უნდა დაიწყოს თუ არა კონკრეტულად ამ საკითხის მოკვლევა?
- წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს იმ ნაწილში, რა უსამართლობაში ამყოფებდნენ ხალხს და რამდენი უკანონო განაჩენი გამოუტანეს ადამიანებს. არ მაინტერესებს ის მოსამართლე და პროკურორები კოაბიტაციაში არიან დღევანდელ ხელისუფლებასთან თუ არა. ეს არის მთლიანად რეჟიმის დანაშაული, სადაც პირველი რიგის პაუხისმგებლობა, რასაკვირველია, სააკაშვილს ეკისრება, მაგრამ ამაში მთლიანად რეჟიმია დამნაშვე.
არის მეორე საკითხი, რომელიც ეხება ქართველი ხალხისთვის ფულის მოპარვას, რაშიც პირადად არის სააკაშვილი დამნაშავე, რომელმაც ეს სისტემა შექმნა და პირადადაც მონაწილეობდა ამ საქმეში. ამ საკითში პირდაპირ სააკშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დგას - ის არის ხაზინის ძარცვაში ბრალდებული ქართველი ხალხის მხრიდან.
წინასაარჩევნო კამპანიისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კოაბიტაცია დამთავრდებოდა არჩევნების დასრულებისთანავე. საზოგადოდებაში სულ სხვა მოსაზრებაა - ხალხის უმეტესობა თვლის, რომ კოაბიტაცია, ანუ გარიგება და ვაჭრობა ძველ და ახალ ხელისუფლებებს შორის გრძელდება, რაშია პრობლემა?
- გიორგი მარგველაშვილმა რაც თქვა, ამაში იგულისხმებოდა როგორც ჩანს, სხვა რამ. ის კოაბიტაციის ევროპული ფორმატის დასრულებაზე საუბრობდა. იგულისხმება, როდესაც პრემიერი ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, ხოლო პრეზიდენტი - სხვა პოლიტიკური ძალის. ასეთი ფორმატი იყო ევროპაში და კერძოდ საფრანგეთში - ეს დასრულდა საქართველოში. მაგრამ ხალხი გულისხმობდა სხვა რამეს - ხალხი გიორგი მარგველაშვილის სიტყვებს რომ ენდო, ენდო იმას, რომ ნაციონალებისთვის თავზე ხელის გადასმის დრო დამთავრდებოდა და ამას ითხოვს ახლა უკვე გიორგი მარგველაშვილისა და ხელისუფლებისგან. ამ თვალსაზრისით, ტენდენციებს, რომ ამ ტიპის „კოაბიტაცია“ დასრულდება, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.