„იმედი მაქვს, რომ წულუკიანის გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი ჯიუტი, როგორც ივანიშვილის იყო“

„იმედი მაქვს, რომ წულუკიანის გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი ჯიუტი, როგორც ივანიშვილის იყო“

„ასეთ ურთიერთობაზე არ იგება ხოლმე ამ რანგის პოლიტიკური ფიგურების მოქმედება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის თქმით, ისინი, როგორც წესი, ორიენტირებული არიან შედეგზე, რომელსაც კონკრეტული პიროვნება იძლევა. რაც შეეხება თეა წულუკიანს, პოლიტოლოგის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროში უწყებრივი პრობლემები არ ჩანს და თუ მინისტრი თანამდებობას დატოვებს, ეს შესაძლოა, მისი პირადი სურვილით მოხდეს.

როგორ ფიქრობთ, ირაკლი ალასანიას გუნდი იქნება წარმოდგენილი ახალი მთავრობაში? საკამოდ ძლიერი გუნდით არიან „თავისუფალი დემოკრატები“ მთავრობაში წარმოდგენილი, თავად ალასანია, თეა წულიკიანი და ალექსი პეტრიაშვილი...

რამაზ საყვარელიძე: ალექსი პეტრიაშვილის ჩანაცვლებაც კი ძნელი წარმოსადგენია, უძლიერესი პოლიტიკური ფიგურაა. მე ვთვლი, რომ იუსტიციის მინისტრიც აუცილებელია იყოს ხელისუფლებაში, რომ არაფერი ვთქვას ირაკლი ალასანიაზე. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი და არა პიროვნულ ურთიერთობებზე. ალასანიამ შესანიშნავად გაართვა თავი თავის უწყებას თავდაცვის სამინისტროში და ამიტომ, ჩემი აზრით გამორიცხულია აქ კითხვის ნიშნის დასმა.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, მომავალმა პრემიერმა დაადასტურა, რომ ის შეინარჩუნებს თანამდებობას. თუმცა, თავად გააკეთა განცხადება, რომ ის თანამდებობას დატოვებს მას შემდეგ, როცა სააკაშვილი არ იქნება პრეზიდენტი. დიდი ხანია ამბობს თავისი სურვილით წასვლაზე...

- წულუკიანი დიდი ხანია ამბობს თავისი სურვილით წასვლაზე. რაიმე უწყებრივი პრობლემები არ ჩანს. ეს უკვე მისი, როგორც პიროვნების საქმეა და არა მისი, როგორც მინისტრის პრობლემა. პრემიერიც წავიდა თავისი სურვილით და ვერავინ გააჩერა. თუ მან დატოვა ხელისუფლება, ალბათ მისი პირადი პოზიცია იქნება. როცა ადამიანს უნდა თანამდებობის დატოვება, მას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. თუ აღმოჩნდა, რომ წულუკიანს მისი პირადი მიზნების გამო თანამდებობის დატოვება უნდა, რა თქმა უნდა, მისი შეჩერება, ისევე როგორც ივანიშვილის შეჩერება იყო შეუძლებელი, შეუძლებელი იქნება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ქვეყანას არ სჭირდება. ივანიშვილიც სჭირდება და წულუკიანიც სჭირდება ამ ქვეყანას. მაგრამ პირად სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება. მე იმედი მაქვს, რომ წულუკიანის გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი ჯიუტი, როგორც ივანიშვილის იყო. რაც მეტი კადრი შენარჩუნდება და მითუმეტეს როგორც ქართული, ისე ევროპული გამოცდილების მქონე, კარგი იქნება.

ალასანიას გუნდის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის როგორც ქართული, ისე ევროპული გამოცდილების მქონე გუნდი საქართველოს ხელისუფლებაში?

- დღეს საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ უდგას „პრო“-ს პრობლემა, ანუ დასავლეთზე ორიენტაცია აქვს „რესპუბლიკელებს“ და ალასანიას, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ეს ხაზგასმა, ალასანიას შემთხვევაში კი მით უმეტეს. ალასანიას შემთხვევაში ეს ხაზგასასმელია იმდენად, რამდენადაც ალასანიას სფერო, ანუ თავდაცვის სფერო მხარდაჭერილია დასავლეთის მიერ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თვითონ ღარიბაშვილიც ევროპაზე ორიენტირებული პოლიტიკოსია და რატომ უნდა გაუჩნდეს მას რაიმე პრობლემა ევროპაზე ორიენტირებულ სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან. ნუ დაგვავიწყდება, რომ ოჯახშია ხოლმე გაუგებრობები და გაუგებრობების რაოდენობა მით უფრო მეტი უნდა იყოს ისეთ დიდი ორგანიზმში როგორიც ხელისუფლებაა. ყველა ხელისუფლებაში არის ანალოგიური გაუგებრობები.

შეიძლება ძალიან ადეკვატური შედარება არ იყოს, მაგრამ გავიხსენოთ, ნაპოლეონი რამდენ ხანს ეჩხუბებოდა მის უახლოეს გარემოცვას, თუმცა ამავე დროს გვერდით იტოვებდა ფუშეს და ტალეირანს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უკან დაბრუნებისას ისევ ამ ადამიანებს უყრიდა თავს, რადგან საქმის კეთება და კომპეტენცია არის ხოლმე წამყვანი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ის ფრაგმენტები გადამწყვეტი არ იქნება. უამრავი სხვა ფრაგმანტი ალბათ სხვებთან ურთიერთობაშიც არის, მაგრამ არ გახმაურებულა. სახელმწიფო თავისას ითხოვს. რამდენი კონფლიქტიც არ უნდა იყოს, გადამწყვეტია ის, რა ღირებულებები აქვთ მათ და რამდენად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. როგორც ვიცი, ალასანია შესანიშნავად ასრულებს თავდაცვის მინისტრის ფუნქციას და ვფიქრობ, ეს თვისება ძვირფასი იქნება ახალი პრემიერისთვის.

თუმცა, მომავალ პრემიერს უკვე უწოდებენ ხისტ პოლიტიკოსს...

- ვერ დავეთანხმებოდი იმ კვალიფიკაციას, რომ ხისტი პოლიტიკოსია. მან პრინციპულობის და სირბილის საკმაოდ ბევრი მაგალითი აჩვენა. გვახსოვს, როდესაც კონფლიქტები იყო იგივე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, გნებავთ - 17 მაისს, მან მოახერხა სიტუაციის ისე განტვირთვა, რომ ამ ოპერაციების ავტორს, ხისტს ნამდვოლად ვერ დაარქმევ. არა მგონია, რომ ეს შეფასება სწორი იყოს.