“ვტოვებ თანამდებობას და მივდივარ სამოქალაქო სექტორში” - ეს ფრაზა ამჯერად მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თქვა. მაღალი პოლიტიკური თანამდებობიდან სამოქალაქო სექტორისკენ გზის გაკვალვა ივანიშვილის მთავრობაში პირველად თავად პრემიერ-მინისტრმა სცადა. საჯარო სექტორისკენ მიმავალ გზაზე მას მალევე „აედევნა“ ეკონომიკურ საკითხებში მისივე მრჩეველი გია ხუხაშვილი. მართალია, მას პოლიტიკიდან წასვლაზე ადრეც უთქვამს, მაგრამ ახლა აზუსტებს, რომ სიტყვას აღარ გატეხს და ნამდვილად სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს.
რა ხდება სამოქალაქო სექტორში, რა თავისებურებებით ხასიათდება ქართველი საზოგადოების ეს სეგმენტი და რას შეცვლიან იქ ბიძინა ივანიშვილი, არჩილ კბილაშვილი და სხვები?
For.ge სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.
მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და სამოქალაქო სექტორში გადადის, როგორ შეაფასებდით მის ამ გადაწყვეტილებას?
- არჩილ კბილაშვილი პოლიტიკაში და ხელისუფლებაში სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა, ამიტომ ის არ ბრუნდება სივრცეში, რომელიც მისთვის უცნობი არ არის - ძველ საქმიანობას უბრუნდება.
სამოქალაქო სექტორში მყოფი ადამიანები ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ და გადაწყვეტილებებს უწუნებენ. ამ სფეროდან ხელისუფლებაში წასული ადამიანის უკან დაბრუნება რას ნიშნავს - სამოქალაქო სექტორში საქმიანობა უფრო ადვილია?
- კბილაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. მისი ხედვები პროკურატურის გარდაქმნასთან დაკავშირებით, განსხვავებული აღმოჩნდა როგორც მოქმედ, ასევე მომავალ პრემიერ-მინისტრთან. თავად განაცხადა მან, რომ ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება და მხოლოდ ხედვათა სხვადასხვაობა. არჩილ კბილაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც, როგორც წესი, იღებენ პატიოსანი პოლიტიკოსები. როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ მათი ხედვები მათი უფროსის ხედვას არ ეთანხმება, არ შედიან კონფრონტაციაში და მიდიან თანამდებობიდან, ეს არის დემოკრატიული პროცედურა და არჩილ კბილაშვილმა, სწორედ, ეს მექანიზმი გამოიყენა.
სამოქალაქო სექტორში გადადის ბიძინა ივანიშვილიც. როგორ შეიძლება დახასიათდეს დღეს ქართული სამოქალაქო სექტორი, რა თავისებურებებით გამოირჩევა?
- სამოქალაქო სექტორი გააქტიურდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. წინა ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, სამოქალაქო სექტორი ორი მიმართულებით დააზარალა. ერთი ის იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ძალიან ბევრი წავიდა ხელისუფლებაში, წავიდა პოლიტიკაში და ამ სფეროში გაჩნდა რესურსის სიმწირე და მეორე - წინა ხელისუფლებამ რაღაცნაირად მოახერხა, თუ ბოლომდე არა მნიშვნელოვნად მაინც, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მარგინალიზაცია. რაც იმაში მდგომარეობს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, ექსპერტული მოსაზრებები, კრიტიკა, მონიტორინგი არ ახდენდა რეალურ პოლიტიკაზე გავლენას, რეალურ პოლიტიკურ პროცესებში ვერაფერს ცვლიდა. აი, სწორედ ამაში გამოიხატა მარგინალიზაცია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არასამთავრობო სექტორი ძალიან გააქტიურდა. მან, შესაძლოა ითქვას რომ, იკისრა ალტერნატიული პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქცია. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლეგიტიმაციის პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველ პერიოდში, როცა საზოგადოებაში ყოფილი ხელისუფლების პარტიის მხარდაჭერა დაახლოებით 9% იყო. შესაბამისად, გაჩნდა ლეგიტიმური ოპოზიციის მოთხოვნილება საზოგადოებაში. ეს როლი შეასრულა არასამთავრობო სექტორმა და დღესაც აქვს ეს ფუნქცია.
ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის სურვილი არსებობს და ამ მიზნით ხელიც გაწვდილია. თავად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. სხვა საკითხია, ამ შეხვედრების შინაარსმა რა ტრანსფორმაცია მიიღო და ვის მოეწონა და ვის არა.
ფაქტია, სამოქალაქო სექტორი დღეს ისევ არის საზოგადოების აქტიური აქტორი და, რაც მთავარია, მისი შეფასებები არის ოპერაციული იმ თვალსაზრისით, რომ გავლენას ახდენს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ეს ძალიან კარგია, ამიტომ, მე ვფიქრობ რომ სამოქალაქო სექტორს დღეს აქვს ძალიან დიდი გავლენა და ღირებულება, ვიდრე ჰქონდა წინა წლებში.
რას შეცვლიან სამოქალაქო სექტორში ბიძინა ივანიშვილი და არჩილ კბილაშვილი?
- კბილაშვილის შემთხვევაში სამოქალაქო სექტორმა შეიძლება დიდი რყევა არ განიცადოს. ის სამოქალაქო სექტორში თავისი ინტელექტუალური რესურსით დაბრუნდება. ბიძინა ივანიშვილს კი ინტელექტუალურის გარდა უზარმაზარი ფინანსური რესურსი გააჩნია. ამ ფინანსური რესურსის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სამოქალაქო სექტორის ავტონომიურობის, დამოუკიდებლობის და კრიტიკული დამოკიდებულების ხარისხის შესუსტება - ამგვარი გამოწვევა არსებობს.
დღეს ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, უცნობია, რა ფორმით აპირებს ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში ჩართვას და ამ სფეროში ადგილის დაკავებას. ამის შესახებ მას დაწვრილებით ჯერ არ უსაუბრია.
მე თუ მკითხავს კაცი, ჩვენთვის, ამ ოდენობის ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები ფორმა იქნება , რომ ის გახდეს ქართველი ჯორჯ სოროსი - ჩამოაყალიბოს ფონდი და ამ ფონდმა გასცეს გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებზე. გრანტების გაცემის დროს გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს პროფესიონალიზმისა და სხვა ადეკვატური კრიტერიუმების გამოყენებით. სწორედ ეს იქნება, ჩემი აზრით, სამოქალაქო სექტორისთვის ივანიშვილის დახმარების ყველაზე მისაღები და ეფექტური ფორმა.