საქართველოს დეფლაციისა და ვალების გამო აკრიტიკებენ. თუმცა, ამ მხრივ ვითარება თანდათან იცვლება. ოქტომბერში ფასების ზრდამ 32-თვიან მაქსიმუმს უწია, ვალების მომსახურებაც ჯერჯერობით ხერხდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს (2,5%) უცვლელად ტოვებს. ეს მაჩვენებელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, სადაც საქართველოს გარდა შვიდი ქვეყანაა დაჯგუფებული (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი) ყველაზე დაბალია.
მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის შენელებული ტემპებით ჩვენს შემდეგ მეზობელი აზერბაიჯანი (3,5%) და სომხეთი (4,6%) ლიდერობენ. კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობაა თურქეთში, სადაც წლეულს 3 კვარტლის მონაცემებმა საპროგნოზი მაჩვენებლებსაც კი გადააჭარბა. ჩვენმა მეზობლებმა ეკნომიკური ზრდა 3,5%-ის ფარგლებში დაგეგმეს, მაგრამ უკვე 4,4%-იანი წინსვლა გამოუვიდათ.
სსფ-ში აცხადებენ, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური სტაბილურობა, ჯერჯერობით, მაინც შენარჩუნებულია, გარკვეულწილად, რუსეთში დასაქმებული ემიგრანტების გადარიცხვების წყალობით. თუმცა, ჩრდილოეთში ეკონომიკური ზრდის შემცირება უარყოფითი გავლენას რეგიონზე მომავალში მაინც იქონიებს. საყურადღებოა, რომ რუსეთი ჯერჯერობით 1,8%-იან მაჩვენებელს ვერ გასცდა და ის მშპ-ს ზრდის ტემპით საქართველოს უტოლდება.
„განვითარებად ქვეყნებში (რუსეთში, ინდოეთში, ჩინეთსა და ბრაზილიაში) ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი დაგეგმილს მკვეთრად ჩამორჩება, რაც რეგიონის ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების მშპ-საც შეეხება - ექსპორტისა და პროექტების ორმხრივი ოფიციალური დაკრედიტების მოცულობას შეამცირებს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
უცხოელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობიმპორტიორ ქვეყნებს სავაჭრო დეფიციტის დაფარვა საგარეო ვალითა და უცხოური ინვესტიციებით მოუწევთ. „საქართველოს მდგომარეობა კი ამ მხრივ, ვალდებულებების ზრდამ კიდევ უფრო გააუარესა“, - აღნიშნულია სსფ-ის მიმოხილვაში.
საქართველომ უცხოელი ექსპერტების შენიშვნა დეფლაციის გამოც მიიღო. 2012 წლის დასაწყისიდან ლარის გაცვლითი კურსი საკვებსა და ენერგეტიკაზე ფასების კლების, აგრეთვე შიდა მოთხოვნის შემცირების გამო, გამყარდა. „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა, ინფლაცია კვლავ რჩება 6%-ს ქვემოთ, რაც საშუალოვადიანი მიზანია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
წელს საქართველოში ინფლაციის დონე, სავალუტო ფონდის პროგნოზით, -0,3 % იქნება, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ექსპერტები მომავალ წელს ამ მაჩვენებლის 4%-მდე ზრდას ვარაუდობენ.
სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრებისა რა გითხრათ, მაგრამ ინფლაციის „გამოსწორებაზე“ მთავრობამ უკვე იზრუნა. 2013 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 1,5%-ი იყო, რაც 2011 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ინფლაცია 32-თვიან მაქსიმუმზე „გავიდა“.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0,2%-ის დონეზეა. აღსანიშნავია, რომ წელს სულ 2-ჯერ, ივნისში და ოქტომბერში დაფიქსირდა ინფლაცია, სხვა თვეები კი დეფლაციური იყო. საშუალო წლიური ინფლაციის დონე 0,9%-ია.
„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ჯანრთელობის დაცვის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე, წყლის, ელექტროენერგიის, აირის ჯგუფებზე.
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,1%-ით, რომლის წვლილმაც ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელში 0,85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა საავადმყოფოების მომსახურების ქვეჯგუფზე (37,7%). სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,5%-ით.