დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია, -დოსტოევსკის ამ სიტყვებს თუ დავესესხებით, კოაბიტირებულ ქვეყანაში დამნაშავეები ჯერ კიდევ დაუსჯელნი არიან. მთავარი პროკურორი კი პოსტს ახსნა-განმარტებებით ტოვებს.
კბილაშვილი უთანხმოების მიზეზად ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან რეფორმებზე აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. კერძოდ, ირწმუნება, რომ იგი საქართველოში ევროპული პროკურატურის შექმნის მომხრე იყო, ოღონდ შედარებით სწრაფი მოქმედებების გზით. თუმცა დრო აჩვენებს, რამდენად ცდებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ყბადაღებულ კოაბიტაციას დაბრალდა. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ პროკურატურის საქმიანობა იმ პოლიტიკით იყო ნასაზრდოები, რომელიც ხალხში კოაბიტაციის სახელით არის ცნობილი. შესაბამისად, კოაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომაც მისკენ მიემართებოდა.
„დადგა დრო, მკაფიო პასუხი გაეცეს ქონებაჩამორთმეულთა და უკანონო განაჩენებით მსჯავრდებული ადამიანების პრეტენზიებს“,-ასეთ მესიჯს უგზავნის აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი მის სავარაუდო შემცვლელს.
არჩილ კბილაშვილის გადადგომა მთლად განტევების ვაცის ძიებას არ დამსგავსებია, მაგრამ საინტერესოა, რომ მასთან მიმართებით „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალების შეფასებები მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ემთხვევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალებს კოაბიტაციამ სულზე მიუსწრო და პროკურატურა მათი დანაშაულების გამოვლენაში თავდაჭერილ პოლიტიკას ატარებდა, წესით, ნაციონალებს კბილაშვილთან სასაყვედურო არაფერი უნდა ჰქონოდათ.
ამის მიუხედავად, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ კბილაშვილისთვის არ დაიშურა კომპლიმენტი- კბილაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მთავარი პროკურორი იყო, მის დროს აბრუნებდნენ კორუფციით თუ სხვადასხვა გადაცდომის ბრალდებით სამსახურიდან გაშვებულ პროკურორებს და დღეს ისინი ამ უწყებაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან.
„კბილაშვილის გადადგომა "ქართული ოცნების" მხრიდან გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე აღებული პასუხისმგებლობის ბუღალტრულად ჩამოწერას ჰგავს. კბილაშვილის განცხადებას ანდერძს უფრო დავარქმევდი. რას ჰგავს, საერთოდ, მისი საქციელი?“-კითხულობს დავით საყვარელიძე.
საყვარელიძეს არც გოკა გაბაშვილი ჩამორჩა და კბილაშვილს პროკურორის მანტიამოსხმული ჭორიკანა უწოდა, ხოლო გოგა ხაჩიძემ დაასკვნა, რომ „პროკურატურა იყო ისეთი, როგორც პიროვნულად არის არჩილ კბილაშვილი, არც აქეთ - არც იქით“. კერძოდ, მისი თქმით, მთავარი პროკურორი პერმანენტურად ახერხებდა საზოგადოება ეკვება გარკვეული "ინტრიგის შემცველი" განცხადებებით, "ფაქტების მოყვანით" და საბოლოო ჯამში ვიღებდით არაფერს", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.
რაც შეეხება „ოცნების“ წარმომადგენლებს, დავით ზურაბიშვილიც ადასტურებს, რომ კბილაშვილის მუშაობას ბევრი ნაკლი ჰქონდა და თანამდებობიდან მისი გადადგომა ტრაგედია არ არის.
დეპუტატ ელისო ჩაფიძის განმარტებით, პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილისთვის ძალიან რთული იყო მოღვაწეობა, რადგან იგი ბუნებით ადამიანის უფლებების დამცველია. ამდენად, ელისო ჩაფიძე უფრო მკაცრ პროკურორს ელის.
მართალია, არჩილ კბილაშვილი მიიჩნევს, რომ თანამდებობაზე მისი მოსვლა ნაადრევი იყო, მაგრამ ჩვენ დავინტერესდით, რა კვალი დააჩნია ქართული პროკურატურის ისტორიას ყოფილმა ადვოკატმა? რისი გაკეთება შეეძლო მას და რა ვერ გააკეთა. ამის შესახებ პოლიტიკოსებსა და უფლებადამცველებს ვესაუბრეთ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა მიიჩნევს, რომ არჩილ კბილაშვილმა პროკურატურის მუშაობაში, შესაძლოა, არანაირი კვალი არ დატოვა, მაგრამ თავისი, როგორც იურისტის კვალიფიკაცია, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უპასუხისმგებლობითა და უპრინციპობით. ამდენად, კარგი იქნებოდა, ადრე გადამდგარიყო და მის საქციელს ასეთი მწვავე შეფასებები აღარ მოჰყვებოდა. უფრო მეტიც, კახა კუკავა ფიქრობს, რომ ახლა ძალიან რთული იქნება, კბილაშვილმა თავის რეპუტაციას ჩამორეცხოს ის, რაც მისმა უხერხემლობამ გამოიწვია და რამაც სამართლიანობის მომლოდინე რამდენიმე ათასი ადამიანის უფლებები შელახა.
„მარტო მთავარ პროკურატურაში არ ხდება ასეთი მოვლენები. ამით ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს დასკვნა. თავის დროზე, როცა კბილაშვილს ვაკრიტიკებდით, მაშინ მას კბილებით იცავდნენ. იგივე ხდება ახლა სეკვესტრთან დაკავშირებით, მთელი ერთი წელი ხადური იძახდა, სეკვესტრი არ იქნებაო. თუმცა ფაქტია, რომ სეკვესტრი არის. იგივე ხდება ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებითაც, კვირიკაშვილი იძახდა, ერთი წელი ეკონომიკური ზრდა იქნებაო, გუშინ კი გამოქვეყნდა, თითქმის სამჯერ არის შემცირებული ეკონომიკური ზრდა. ამიტომ ეს მინისტრებიც რომ მიყვნენ კბილაშვილს, ლოგიკური იქნება“, - აღნიშნა კახა კუკავამ.
რაც შეეხება ნაციონალების მწვავე შეფასებებს კბილაშვილის მიმართ, კახა კუკავა მიიჩნევს, თუ იმის იმედი ჰქონდა კბილაშვილს, რომ კარგად მოქცევის შემდეგ ნაციონალები ამაგს დაუფასებდნენ, ძალიან შემცდარა, რადგან პოლიტიკა ძალიან ჰგავს ჯუნგლებს. აქ არ არსებობს შეთანხმება, აქ ან ერთმა უნდა შეჭამოს მეორე მხეცი, ან მეორემ-პირველი. იმავეს ურჩევს კახა კუკავა ბიძინა ივანიშვილს - თუ მას ჰგონია, რომ კოაბიტაციისთვის მადლობას გადაუხდიან ნაციონალები, ეს ტყუილია. მეტიც, მისი თქმით, „ექსტრადიციაზე დასვამენ მაგის გამო“. ამიტომ პოლიტიკოსის აზრით, საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად, ყველა ჩინოვნიკის ერთადერთი იმუნიტეტი მათი წარმატებული საქმიანობაა. წარუმატებელი კაცი და, მით უმეტეს, წარუმატებელი მინისტრი, ოჯახშიც არ სჭირდებათ.
„მე არ ვიცი, წულუკიანი და კბილაშვილი როგორი ადამიანები არიან, შეიძლება, კარგი ადამიანებიც არიან, კარგი მამა და კარგი დეიდაა, მაგრამ, როცა მიდიხარ ისეთ მაღალ პოსტზე, როგორც არის მთავარი პროკურორობა, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის ყოფნა-არყოფნა, ათასობით ადამიანის ბედი, უნდა იფიქრო, შეგიძლია თუ არა. დურგალი ოპერაციის გასაკეთებლად რომ შეიყვანონ, ხომ უნდა თქვას, რომ არ ვარ ექიმი და დურგალი ვარო; ბოლოს და ბოლოს, რომ შემოაკვდეს ადამიანი ოპერაციის დროს, მერე გამამართლებელი საბუთი იქნება, არ ვიყავი ექიმი, დურგალი ვიყავი და რა მექნაო?!“ - ინტერესდება კახა კუკავა.
ამასთან, სრულ სისულელედ მიიჩნევს კბილაშვილის არგუმენტებს კოაბიტაციასთან დაკავშირებით, რადგან არ ახსოვს, ამ ერთი წლის მანძილზე ბატონი კბილაშვილი კოაბიტაციით უკმაყოფილო ყოფილიყო. ამიტომ, თუ პრეტენზია ჰქონდა, მანამდე უნდა ეთქვა, სანამ პოსტზე იყო. ახლა კი საინტერესოა, თავისი მოადგილის შესახებ რას ფიქრობს, რომელსაც ხელს აფარებდა?!
კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ კბილაშვილის შემდეგაც საქართველოში სამართლიანობა არ აღდგება და კოაბიტაციის კურსი გაგრძელდება, რაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.
აქვე იგი კანდიდატურების შესახებაც საუბრობს და ამ პოსტზე კახა კახიშვილის დანიშვნას გამორიცხავს, რადგან ამ ხელისუფლებას ისეთი პროკურორი სჭირდება, რომელსაც გააკეთებინებს იმას, რაც სურს. რაც შეეხება დანარჩენების კანდიდატურას, მისი თქმით, მათი დანიშვნა „ვაის გავეყარე და უის შევეყარე“ იქნება.
უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორობას არაეფექტურად აფასებს. თვლის, რომ მას აქამდეც უნდა მიეღო გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ის, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა არ აძლევდა უფლებას, კბილაშვილს სწრაფად აღედგინა სამართლიანობა, ადვოკატს დასაბუთებულად არ მიაჩნია, რადგან კბილაშვილს არაერთ ინტერვიუში განუცხადებია, რომ არ იყო სამართალიანობის აღდგენის მომხრე, თუნდაც ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაფერი 7 მილიარდი ლარი ჯდებოდა. ეს მაშინ, როცა არანაირად არ იყო დასაბუთებული აღნიშნული თანხის საჭიროება ექსპერტთა მიერ.
ამასთან, მამუკა ნოზაძე ბაჩო ახალაიას მიმართ წარდგენილ დაუსაბუთებელ ბრალდებებზეც საუბრობს. არსებობდა უამრავი მოწმე და არაერთი მტკიცებულება, თუმცა საქართველოს პროკურატურის დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა ახალაიას მიმართ ორი გამამართლებელი განაჩენის დადგომა გამოიწვია. ამით საერთაშორისო საზოგადოებას აპელირების საშუალება მიეცა, თითქოს ბაჩო ახალაია პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა.
„უკვე მეორე წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, მაგრამ დაპირებული სამართლიანობა არ შესრულებულა, არ გადასინჯულა განაჩენები. არჩილ კბილაშვილი ამბობდა, რომ მას რესურსი არ ჰქონდა. თუმცა, როცა აცხადებს, რომ მას სწრაფი მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ, პირველსავე ეტაპზე ეთქვა ამის შესახებ და არ დალოდებოდა ერთი წლის გასვლას. თავიდანვე კოაბიტაციაზე აქცენტის გაკეთება ცუდი პოზიცია იყო, თანაცხოვრება დამნაშავესთან არ შეიძლება. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ მომდევნო ხელისუფალნიც იტყვიან, მე ძველი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და ამიტომაც ვიდევნებიო. ასეთი რამ არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება, რომ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის წევრობის გამო იმუნიტეტს იძენდეს,“ - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ არჩილ კბილაშვილი არ იყო სისხლის სამართლის სპეციალისტი და თავიდანვე შეცდომა იყო მისი დანიშვნა ამ პოსტზე. მას დიდი შეცდომები ჰქონდა საკადრო პოლიტიკაშიც და კურსელობისა და მეგობრობის ნიშნით საკვანძო თანამდებობაზე მიიყვანა და დააბრუნა ის პროკურორები, რომლებიც ნაციონალების ზონდერპროკურორები იყვნენ.
ადვოკატის აზრით, სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმის გამო ქართველმა ხალხმა პოზიცია თავისივე დუმილით გამოხატა, როცა არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი არ მივიდა. რაც შეეხება სავარაუდო მთავარ პროკურორად თბილისის პროკურორის -მაია მწარიაშვილის დასახელებას, მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ ის კარგი სპეციალისტი, პირუთვნელი ადამიანია და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. მისი დანიშვნის შემთხვევაში კი, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყება.
„სწორედ მაია მწარიაშვილმა გამოიტანა დასაბუთებული დადგენილება მერაბიშვილის მიმართ 26 მაისთან დაკავშირებით. ხოლო, თუ ლაშა ნაცვლიშვილს დანიშნავენ მთავარ პროკურორად, გაგრძელდება ძველი პოლიტიკა, რადგან ნაცვლიშვილი იყო ფაქტობრივი მთავარი პროკურორი,“-აცხადებს მამუკა ნოზაძე.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის არც დადებით და არც უარყოფით ამპლუაში შეფასების მომხრე არ არის. ფიქრობს, რომ დადებითი, რაც მან გააკეთა, პროკურატურის გაადამიანურება იყო. მონსტრი, რომელსაც ზეგავლენა ჰქონდა და შიშის ზარს სცემდა მთელ საზოგადოებას, მათ შორის, სასამართლოსაც, დღეს აღარ არსებობს. ეს კი უდაოდ კბილაშვილის დამსახურებაა. იგი მტკიცებულებებს ეძებდა და არა - არაადამიანური მეთოდებით აღიარებებს.
„დამკვიდრებული მავნე პრაქტიკაც განაპირობებდა იმას, რომ პროკურატურის ძველი კადრების უმრავლესობა, ფაქტობრივად, დეკვალიფიცირებულია. ასეთი პროკურორები შერჩა ხელში კბილაშვილს და დიდ მინუსად შეიძლება ჩავუთვალოთ, რომ ძველი კადრების 80-90 % დატოვა. შესაძლოა, მას ამის საშუალებას არ აძლევდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შეიძლება, ეს მისი ბრალი არც იყო, მაგრამ მთლიანობაში, მის მოღვაწეობაში დადებითი ჭარბობდა უარყოფითს,“-აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
მისი აზრით, თუ ადამიანი დამნაშავეა, მას უნდა დაერქვას დამნაშავის სახელი და არანაირი სხვა შეთანხმება საჭირო არ არის. შეთანხმება უნდა არსებობდეს კანონების სახით და კანონი უნდა აღსრულდეს. ამას, შეიძლება, პოლიტიკური დევნის სახე არ მიეცეს და ყველა ადამიანი ციხეში არ გაუშვან, ან კიდევ, შემდეგ შეიწყალონ, მაგრამ მისი დანაშაული უნდა გამჟღავნდეს.
რაც შეეხება გოგა ხაჩიძის შეფასებას, რომ კბილაშვილი არც აქეთ იყო, და არც-იქით, გელა ნიკოლაიშვილის აზრით, ეს არჩილ კბილაშვილისადმი გამოხატული კომპლიმენტია. ეს ნიშნავს, რომ პროკურორი უნდა იცავდეს კანონს და პოლიტიკურად რომელიმე გუნდის მხარეს არ უნდა იყოს. ნაციონალების მხარეს კი არჩილ კბილაშვილი ვერ იქნებოდა, რადგან ის იმ გუნდის წარმომადგენელი არ იყო, თუმცა პოლიტიკურად ქართულ ოცნებას“ რომ მოეწადინებინა, ნაციონალებიდან ძალიან ბევრი ციხეში უნდა მჯდარიყო.