მთავარი პროკურორი გადადგა! ამ მეტად მნიშვნელოვან უწყებას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. საინტერესოა, რატომ ვერ აღმოჩნდა ეფექტური, წესიერებითა და კვალიფიციურობით გამორჩეული არჩილ კბილაშვილის უწყება? რამ გადაწონა სუბიექტურმა ან ობიექტურმა ფაქტორებმა თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხმა? რატომ არის საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო ამ უწყების მუშაობის შედეგებით და ვის აზრსა და მოთხოვნებს უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის მთავარი პროკურორი? - ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ის უზარმაზარი მოლოდინი, რითაც ხალხი ახალ ხელისუფლებას შეხვდა, უმეტესწილად მოდიოდა სამართალდამცავი სტრუქტურების, უფრო კი - მთავარი პროკურატურის ეფექტურ მუშაობაზე. გაქვთ ახსნა, რატომ მიდიოდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი ნელა?თვლით, რომ ხალხის მოლოდინი გამართლდა?
- დავიწყოთ იმით, რომ ხალხის მოლოდინი არ გამართლდა. თუმცა ვფიქრობ, ამასაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. უპირველეს ყოვლისა, შემაფერხებელი, მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა დასავლეთის მხრიდან დაეჭვებული მზერა ამ პროცესების მიმართ.
ის, რაც ჩვენი საზოგადოების გულისწყრომას იმსახურებს და ბევრისთვის გაუგებარია - რატომ არის დასავლეთის პოზიცია ასეთი, რატომ ცდილობს, რომ შეანელოს ტემპი სამართლიანობის აღდგენისა - კარგად მესმის საზოგადოების, მაგრამ ასევე მესმის დასავლეთისაც - ჩვენ სწორედ ის ქვეყანა ვართ, სადაც ყბადაღებული სამართლიანობისა თუ კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, 2003 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მაშინდელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები და სისხლის სამართლებრივი დევნა.
თუმცა, იმის გამო, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა ყველანაირი კანონის ფეხქვეშ გათელვით და ამაზე საზოგადოებამ მაშინ თვალი დახუჭა, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საზოგადოების იმ ნაწილს მაშინ ნამდვილად არ ეგონა, რომ მათ კარზეც მოაკაკუნებდა ის ბედი, რაც ერგო, დავუშვათ, სულხან მოლაშვილს თუ აკაკი ჩხაიძეს და კიდევ ბევრს, მაშინდელი ხელისუფლებიდან. მდუმარედ და ხშირ შემთხვევაში, შურისძიების სიამოვნებითაც კი უყურებდნენ იმ პროცესებს, რაც ხდებოდა.
კიდევ ვამბობ, ეს ყველაფერი ხდებოდა კანონის ყველა მოთხოვნათა, მათ შორის, პროცესუალური ნორმების ყველა მოთხოვნის ფეხქვეშ გათელვით და რადგან საზოგადოებამ ამაზე თვალი დაუხუჭა, რაკი შურისძიებას ხელისუფლებაზე, რომელსაც კორუმპირებულის იარლიყს ატარებდა, საზოგადოებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაარქვა, შემდეგ მას ეს ძალზე ცუდად მოუბრუნდა.
იმას კი არ ვამბობ, რომ კორუფციას არ უნდა ებრძოლო, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლას - ახლა უკვე სამართლიანობის აღდგენას - არ უნდა შეწირო იგივე სამართალი; არ შეიძლება სამართალი სამართლის ხარჯზე ხდებოდეს.
ის, რასაც საზოგადოება მისი ემოციური ფონიდან გამომდინარე, გვიან მიხვდა, დასავლეთისთვის განგაშის მიზეზი გახდა. შიშობდნენ, იგივე წრეზე არ წასულიყო საქართველო, როგორც მოხდა 2003 წლის შემდეგ. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მოტივი დასავლეთის მხრიდან ასეთი ფხიზელი დამოკიდებულებისა.
თუმცა, იყო შიდა მიზეზებიც - ის, რომ ვერა და ვერ მოხერხდა პროკურატურაში ფართო მასშტაბიანი საკადრო რეფორმის განხორციელება, რაზეც დღეს ირიბად მიანიშნებდა კიდეც კბილაშვილი - რომ მას სურდა, სწრაფ ტემპში, ფორსირებულად ჩაეტარებინა პროკურატურის რეფორმა და სწორედ ამ ვადებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები ნაკლებად ემთხვეოდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მოსაზრებებს.
გარდა ამისა, აქ თავისი როლი ითამაშა პროკურატურის ძველი კადრების ნაკლებმა პროფესიონალიზმმა და იმან, რომ მათ ამ თამაშის წესებით მუშაობა არ იცოდნენ. მათ წინა ხელისუფლების დროს ხშირ შემთხვევში წინასწარ მიეწოდებოდათ-ხოლმე განაჩენები და შემდეგ ამაზე უნდა აეგოთ საქმე.
როდესაც მოწმეებზე ზეწოლა არ ხდება სხვადასხვა მეთოდებით, ასეთი მუშაობის გამოცდილება მათ არ ჰქონდათ. ამ და ბევრმა სხვა ფაქტორმა განაპირობა სწორედ ის შედეგი, რაც მივიღეთ - სამართლიანობის აღდგენის პროცესის დროში გაწელვა.
მთელი წლის განმავლობაში უკმაყოფილება გამოითქმებოდა პროკურატურის მიმართ, მისი მუშაობა ფასდებოდა არაეფექტურად, ხომ არ ხდება ამ გადადგომით კბილაშვილზე ხელის შეწმენდა? თუნდაც დროის მოგების თვალსაზრისით, რომ ახლა უკვე ახალი პროკურორის ეფექტურობის მოლოდინში იქნება ხალხი...
- ამ საკითხზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს, მიუხედავად ბევრი მინუსისა, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით წარუმატებელი იყო პროკურატურა ორი მიზეზის გამო და ვთვლი, რომ ეს საკმაოდ მყარი არგუმენტია.
ერთი, რომ კბილაშვილის უწყებამ ამ ერთი წლის მანძილზე შეძლო და არ დაადგა შევარდნაძისდროინდელი პროკურატურის გზას - ანუ არ გახდა კორუმპირებული. მეორე მხრივ, შეძლო ის, რომ არ დაადგა სააკაშვილისდროინდელი პროკურატურის გზას, რომელიც იყო ძლადობასა და უსამართლობაზე ორიენტირებული. მან ამ ძალიან დიდ ორ საცდურს გაუძლო.
ის მინუსები რაც იყო, და უდავოდ იყო, ამ ორ მიღწევასთან შედარებით ვფიქრობ, რომ უფრო ფერმკრთალი გამოჩნდება. ყველაზე მაღლა დღეს დგას ის, რომ პროკურატურა არ ცდილობს მიზნის მიღწევას და საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებას სამართლის უგულვებელყოფით და ეს ძალზე მნიშვნელოვანი თემა გახლავთ.
ერთადერთი, რამაც შემაშფოთა კბილაშვილის განცხადებაში, იყო ის, რომ მომხრე იყო პროკრატურის ფორსირებული რეფორმის და დროში არ ეთანხმებოდა დღევანდელი ხელისუფლების დანარჩენ ნაწილს, ხოლო ამ რეფორმის არსი იყო პროკურატურის კიდევ უფრო ლიბერალიზაცია. ერთადერთი, რაც ახლა მნიშვნელოვანია ის არის, რომ არ შეჩერდეს ამ ლიბერალური რეფორმების პროცესი პროკურატურაში და სამართალდამცავ სტრუქტურებში.
რამდენად ეფექტური იქნება ახალი პროკურორი, სამ რამეზეა დამოკიდებული. თავად მომავალი პროკურორის ქმედუნარიანობასა და პროფესიონალიზმზე, მეორე - ზოგადად სახელისუფლებო მიდგომებსა და პოლიტიკაზე და მესამე - ისევ მთავარ ფიგურანტზე, დასავლეთზე - სწორედ გუშინ მოვისმინეთ საკმაოდ მკვეთრი განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის არა თუ დაპატიმრებაზე არ უნდა იფიქრონ, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნაც არ უნდა დაიწყოს.
ასეთ პირობებში პროკურატურას მოსთხოვო ის, რაც მის ძალებს აღემატება, ეს არის ის პოლიტიკური მიზანშეწონილობა და კონიუქტურა, რასაც საერთაშორისო ბაზარი გვთავაზობს - არ ვგულისხმობ ცუდი გაგებით და ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიო, ყოველ შემთხვევაში ისეთი ტიპის ქვეყანამ, როგორიც საქართველოა.
თუ მუდმივად იქნება გასათვალისწინებელი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, გამოდის, რომ არასოდეს არ გვექნება რეალურად დამოუკიდებელი პროკურატურა?
- პროკურატურა კი არა, სახელმწიფოც არ არის სრულად დამოუკიდებელი, ზოგადად 21-ე საუკუნეში დამოუკიდებლობის ცნებამ ერთგვარი კორექტირება განიცადა, სრულ დამოუკიდებლობაზე საუბარი რასაკვირველია, ვერ იქნება, მითუმეტეს ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც თავისი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორების ლამის მფარველობამდე მისულ მხარდაჭერას.
და ეს არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა. ევროპის ქვეყნებმა თავისი დამოუკიდებლობის გარკვეულ დოზაზე თავად თქვეს უარი, როცა ევროკავშირში გაწევრიანდნენ და ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის.
თუ მიდიხარ ევროკავშირის ან ნებისმიერი რეგიონალური გაერთიანებისკენ, ეს ნიშნავს რომ შენი დამოუკიდებლობის გარკვეული დოზა გეზღუდება და ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ იმას, რასაც დღეს ჩვენ დასავლეთიდან ვიღებთ და ვიგებთ. ეს პირდაპირ პროკურატურას არ ეხება, მაგრამ გაშუალებულად ეხება ნებისმიერ უწყებას, მათ შორის, პროკურატურასაც.
ანუ როგორი პროკურატურა სჭირდება დღეს საქართველოს, დამოუკიდებელი, რომლის მიმართ მაღალი იქნება საზოგადოების ნდობა, რომელიც საზოგადოების მოთხოვნას, სამართლიანობის აღდგენის კუთხით დააკმაყოფილებს თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ორიენტირებული?
- პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც ხალხის ემოციებისგან ასევე ხელისუფლებისგან - იდეალური პროკურატურა ასეთია. ერთადერთი, პროპკურატურა რაზეც უნდა იყოს დამოკიდებული, ეს არის კანონის მოთხოვნა და მეტი არაფერი. იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადაცდომას ექნება ადგილი, ის მოჰყვება საზოგადოების გავლენის ქვეშ თუ ხელისუფლების პოლიტიკური მიზანშეწონილობის გავლენის ქვეშ.
მაგრამ ასეთი იდეალური მოდელი, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, მივიღოთ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობა არის დამოკიდებული პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპზე.
აქედან გამომდინარე, ამ ტენდენციის გავლენის ქვეშ პროკურატურა მუდმივად იქნება, მთავარია ის არ იყოს ამა თუ იმ ხელისუფლების ხუშტურის შემსრულებელი. რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციებს, მისი გათვალისწინების გარეშე დღეს არც ერთი ქვეყანა არ ცხოვრობს, მათ შორის არც ამერიკის შეერთებული შტატები.
აქ საუბარი იმაზეა, რომ ხუშტური, იქნება ეს საზოგადოების თუ ხელისუფლების მხრიდან, არ უნდა იქცეს პროკურატურის მუშაობის წარმმართველ ძალად, იმიტომ, რომ ის აუცილებლად გახდება უკანონობის მთავარი გამტარებელი ქვეყანაში.
ამდენად, საუბარი იმაზე, რომ ვიღა საზოგადოებიდან თუ ხელისუფლებიდან რაღაცას ითხოვს, გადაცდომას ვისი ზეწოლით გააკეთებს რა მნიშვნელობა აქვს, გადაცდომა -გადაცდომაა და მერე ის ამას უკვე თავის ხელწერად გაიხდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ რასაც პროკურატურა უნდა ითვალიოსწინებდეს და მიჰყვებოდეს და იცავდეს, ეს არის კანონი და მეტი არაფერი.
როდესაც კბილაშვილის პროკურატურის არაეფექტურობაზე საუბრობდნენ, ყოველთვის მოჰყავდათ ბაჩო ახალაიას მაგალითი, როდესაც ვერ მოახერხეს ისეთი მტკიცებულებების შეგროვება, რომ ბაჩო ახალაიას დაახლოებით იმის შესაბამისად მაინც ეგო პასუხი, რა ეჭვებიც მის მიმართ არსებობდა. ეს იყო კბილაშვილის და მისი უწყების სისუსტე თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი?
- პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხს ამ შემთხვევაში გამოვრიცხავ, აქ სხვა კომპლექსურ მიზეზებთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში იმასთან, რომ პროკურატურაში ბევრი არაპროფესიონალი, დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრია. მეორე - იმასთან, რომ პროკურატურის ძირითადი კადრები მაინც წინა ხელისუფლებიდან არიან გადმოსული და მეტ-ნაკლებად ყველას რაღაცაში მიუძღვის წილი, ამიტომ ცდილობენ, ასე თუ ისე, ხელის დაფარებას, იმიტომ, რომ ბუნებრივია, წინა ხელისუფლება შეეცდებოდა მაქსიმალურად გაენადგურებინა კვალი საკუთარი დანაშაულის. ეს კომპლექსში ქმნის იმას, რასაც ახალაიას საქმეში პროკურატურის სისუსტე თუ უსუსურობა ჰქვია.
დაახლოებით რა დროა საჭირო იმისათვის, რომ საქართველომ მეტ-ნაკლებად გამართული, ძლიერი პროკურატურა მიიღოს ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული თუ სხვა მოცემულობებიც სჭირდება?
- ეს უკვე პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, იმდენად, რამდენად ჩათვლის ხელისუფლება საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მაქსიმალურად ლიბერალური პროკურატურის ორგანოები შესთავაზოს.
უკვე სახელდება მთავარი პროკურორის კანდიდატურები, ამ ეტაპზე საუბარია ქალაქის მთავარი პროკურორის, მაია მწარიაშვილისა და „საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელ კახა კახიშვილის კანდიდატურებზე, თუ შეგიძლიათ მოკლედ დაგვიხასიათოთ, როგორი მთავარი პროკურორი იქნება დღეს ეფექტური?
- ჩემთვის რთულია შეფასება, რადგან ორივე მათგანთან ახლობლობა მაკავშირებს. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოს სჭირდება კვალიფიციური და სამართლიანი პროკურორი. ვფიქრობ, ძლიერი პიროვნება უნდა იყოს, ხელისუფლებას ყოველთვის ექნება იმისი ცდუნება გარკვეული გავლენები პროკურორსა და პროკურატურაზე განახორციელოს.
რა არის დამოკიდებული სახელმწიფოში ძლიერ, სამართლიან პროკურატურაზე, როგორც ინსტიტუციაზე?
- ბევრი რამ, ობიექტური და სამართლიანი გამოძიება, რაც საზოგადოებაში ნდობას განამტკიცებს ზოგადად, სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, კანონის პატივისცემისა და უზენაესობის დამკვიდრებას საზოგადოებაში. საზოგადოება თუკი დაინახავს, რომ ხელისუფლება, მისი სამართალდამცავი სტრუქტურების სახით სამართლისა და კანონის უზენაესობის დამცავია, ისიც იძულებული და ვალდებული იქნება, ასევე სამართლისა და კანონის უზენაესობის მიმართ პასუხისმგებელი გახდეს.
საზოგადოებაში კრიმინალური მენტალობისა თუ კრიმინალის დონის შემცირება სამართლებრივად განათლებული და კანონმორჩილი საზოგადოების შენების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის მატარებელია სხვა სტრუქტურებთან ერთად - სასამართლო, შს სამინისტრო და ა.შ ყველა ერთად, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ.