„როცა არ გაძლევენ იმის გაკეთების უფლებას, რაც გინდა, რომ გააკეთო, მაშინ უნდა წახვიდე, სხვა გზა არ გრჩება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომლის განცხადებით კბილაშვილის საქმიანობაში ერეოდა მისი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშივილი, რის გამოც მათ შორის ხშირად ყოფილა სიტყვიერი დაპირისპირება. თავად ნაცვლიშვილი კი ამ დრომდე კომენტარს არ აკათებს, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამასთან, ის ადასტურებს, რომ უთანხმოება ნამდვილად არსებობდა კბილაშვილსა და მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრათან. უთანხმოების მიზეზად პროკურატურასა და სასამართლო რეფორმებებზე აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრს პირადად აცნობა. არჩილ კბილაშვილი თეა წულუკიანს სამინისტროში გუშინ შეხვდა. თუმცა შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობას თავად იუსტიციის მინისტრიც ტოვებს. თეა წულუკიანის პრესსამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, იუსტიციის მინისტრი საკუთარი პოზიციის შესახებ მოგვიანებით თავად ისაუბრებს.
მმართველ გუნდში საუბარი ჯერ არ მიმდინარეობს ახალი მთავარი პროკურორის თაობაზე. ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრი წარადგენს. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებულ პროკურორს წარადგენს. არჩილ კბილაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია მოქმედ პრემიერის. როგორც ივანიშვილის პრეს-სამსახურში აცხადებენ, ივანიშვილის მხრიდან რაიმე განცხადების გაკეთება დღეისთვის დაგეგმილი არ არის.
განცხადებას არც მომავალი პრემიერ-მინისტრი აკეთებს. „ერეკლეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ღარიბაშვილი თელავში იმყოფებოდა, თუმცა მინისტრმა ტერიტორია ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა. როგორც ცნობილია კბილაშვილმა თავად გააკეთა განცხადება მასსა და ღარიბაშვილს შორის არსებულ უთანხმოებაზე. კბილაშვილი ამბობს, რომ რეფორმების აუცილებლობაზე ყველა თანხმდება, თუმცა მათ შორის არსებობს განსხავებული პოზიცია დროსთან დაკავშირებით.
კბილაშვილის გადადომა მოულოდნელი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ კბილაშვილი სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს, თავის საქმის პროფესიონალი, ერთგული, წესიერი და ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანი იქნება. მისივე შეფასებით, კბილაშვილმა ერთი წლის განმავლობაში, ძალიან რთულ პერიოდში უხელმძღვანელა საქართველოს პროკურატურას და ძალიან რთული იყო ეს მუშაობა.
„ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, შესაძლოა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ვინც სახელმწიფო თანამდებობაზე ვართ დადგეს მომენტი, რომ გადავწყვიტოთ პოზიციის შეცვლა, სტატუსის შეცვლა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მმართველ გუნდში კატეგორიულად უარყოფენ მთავრობის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ პროკურატურის მუშაობაში ბევრი რამ არ აკმაყოფილებდა, მათ შორის გამოძიების ტემპი. ყოველივე ამის შესახებ, მისი თქმით, იგი ღიად საუბრობდა და მუდმივი კონსულტაციები ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. მეტიც, ცაგარეიშვილი დღეს იმასაც ამბობს, რომ შენიშვნებს პროკურატურის მიმართ მისი კოლეგებიც ხშირად გამოთქვამდნენ. მათ შორის დეპუტატი ეკა ბესელია.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე საქმიანობას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ხელისუფლება და საზოგადოება სამართლიანობის - ხალხისთვის წართმეული ქონების დაბრუნებაზე, შელახული უფლებების აღდგენაზე შეთანხმდებიან. ამასთან, ქუცნაშვილის შეფასებით, არჩილ კბილაშვილი ყველაზე ღირსეული და პატიოსანი პროკურორი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია.
„ის, რა განსხვავებაც არსებობდა მთავარ პროკურორის და ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს შორის, არჩილ კბილაშვილმა თავად ბრძანა - განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ აჩიკო რეფორმების უფრო სწრაფი ტემპით ჩატარების მომხრე იყო, ხოლო ბიძინა ივანიშვილი რეფორმების შედარებით მოგვიანებით განხორციელებას უჭერდა მხარს. თუმცა, მთავარი აქ არის ის, რომ ერთიც და მეორეც თანამოაზრეები არიან რეფორმების გატარების აუცილებლობაში“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
საიას თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ არჩილ კბილაშვილს პროკურატურაში მისვლა ძალიან მძიმე ვითარებაში მოუწია. მისი თქმით, როდესაც კბილაშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნა, მას დახვდა სურათი, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანს ჰქონდა შეტანილი განცხადება პროკურატურაში და ითხოვდნენ წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევების უამრავი ფაქტის გამოძიებას.
„გასათვალისწინებელია, ის, რომ თავად არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 333 პროკურორი მუშაობდა იმ მომენტისთვის პროკურატურაში, როცა ის დაინიშნა პროკურორად და 332-ზე შეტანილი იყო საჩივარი. ესეც ცხადია ძალიან სერიოზული პრობლემა იყო, საკადრო პრობლემა იყო ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა რასთან გამკლავებაც მას მოუწია. პროკურატურის ასეთ იმიჯს ქმნიდა კონკრეტული პროკურორების ქმედებები“, - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, არჩილ კბილაშვილის საქმიანობაში იყო ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე. მისი თქმით მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო „თეთრი საყელოს“ პრინციპით მქონე დანაშაულების კატეგოროების შემთხვევაში არ მომხდარიყო პატიმრობის გამოყენება. როგორც ის For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პრობლემები ასევე იყო რიგ შემთხვევებში, როდესაც პროკურატურა ვერ ახერხებდა დაეწყო ძიება და პრინციპული პოზიცია დაეჭირა, როდესაც სავარაუდო დანაშაული პოლიციელის მიერ იყო ჩადენილი.
„ასეთი მაგალითები გვქონდა - იგივე, მიქაუტაძის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ კანონდებლობა ითხოვდა ცალსახად რომ გამოძიება ეწარმოებინა პროკურატურას და არა შსს-ს გენინსპექციას, პროკურატურა ამას არ აკეთებდა და გამოძიებას გენინსპექცია აწარმოებდა, რაც პირდაპირი დარღვევაა. ისე ჩანდა, რომ პროკურატურა პრინციპულ პოზიციას ვერ იჭერდა და შსს-ს გავლენა იგრძნობოდა. რადგან შსს იტყოდა, რომ ეს საქმე ჩვენ უნდა გამოვიძიოთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონდებლობა სხვა რამეს ამბობდა, მაინც ასე ხდებოდა და პროკურატურამ ვერ გამოჩინა პრინციპულობა ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხდა კახა კოჟორიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი თვლის, რომ მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მისდამი გაჩენილი საყვედურების გამო მიიღო. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ არჩილ კბილაშვილის გადადგომით ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დაჩქარდება.
„მეეჭვება, რომ კბილაშვილის გადადგომამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დააჩქაროს. კბილაშვილთან იმდენად არ არის დაკავშირებული ის პრობლემები რაც არსებობს, რამდენადაც თვითონ სიტუაციასთან. მაგალითად, ადამიანმა ორგანიზმში ერთი კასრი წყალი რომ ჩაისხას, მისი ორგანიზმი ვერ მოინელებს და ცუდ დღეში ჩავარდება. რაღაც ამდაგვარი მდგომარეობა შეექმნა პროკურატურას, როცა საქმეების იმდენი რაოდენობა მიაწყდა, რომლის მონელება მისთვის შეუძლებელი იყო. ფაქტია, რომ პროკურატურამ ამ შემოტევას ვერ გაუძლო. არსებულ სიტუაციაში კბილაშვილის როლი ყველაზე მინიმალურია, თუმცა, სავარაუდოა, რომ გავლენა მოხდინა იმანაც, რომ კბილაშვილის პროკურორის გამოცდილება არ ჰქონდა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მთავრი პროკურორის პოსტზე მუშაობისას არჩილ კბილაშვილის ერთადერთი პრინციპული გადაწყვეტილება ლადო ბედუკაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, რადგან სხვა შემთხვევებში მას მთელი 1 წლის განმავლობაში გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით უწევდა საქმიანობის წარმართვა. გახდა თუ არა კბილაშვილის გადადგომის მიზეზი ბედუკაძის საქმეზე მისი და ღარიბაშვილის განსხვავებული პოზიციები, არეშიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორი თანამდებობიდან მხოლოდ აღნიშნული არგუმენტის გამო არ გადადგებოდა, თუმცა აქვე აცხადებს, რომ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებასაც ჰქონდეს გარკვეული გავლენა.
„ამ კონკრეტულ შემთხვევას ვერ დავაბრალებ კბილაშვილის გადადგომას, მაგრამ შესაძლებელია, რომ მართლაც სხვა ხედვები აქვს ახალ პრემიერს. არ გამიკვირდება ეს ამბავი. მერე რა, რომ ისინი ერთი გუნდის წევრები იყვნენ, ყველაფერი ხდება ხოლმე. რასაკვირველია ამ საქმეში ჩართული იქნებოდა ივანიშვილიც, მისი მონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა ეს ამბავი“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.