„დაბომბილი“ ჭიათურის სოფლები და „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობა

„დაბომბილი“ ჭიათურის სოფლები და „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობა

გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ უჩივის. სამინისტრომ დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაგზავნა. საქმე ეხება ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების პროცესში არსებულ დარღვევებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარს აჭარბებს. პრობლემებია სალიცენზიო პირობების დაცვასთან დაკავშირებითაც. გარემოს დაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, მანაგნუმის მომპოვებელ კომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც მოუწევს.

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებაზე სახელმწიფო ლიცენზია 2006 წელს 40 წლის ვადით გაიცა და ის კომპანია „ჯორჯიან მანაგანეზმა“ მოიპოვა. 2013 წლის გაზაფხულზე აღნიშნული კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმა“ იყიდა. დღეს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებას, სწორედ, ეს კომპანია ახორციელებს.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნელიკო კორკოტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო მანგანუმის მოპოვების საკითხით ჭიათურის მცხოვრებთა საჩივრების საფუძველზე დაინტერესდა.

„შევამოწმეთ როგორც სალიცენზიო პირობები, ისე გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობა და გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევის ფაქტები. დარღვეული იყო გარემოს დაცვის ნორმები, გაუვარგისებული იყო ნიადაგის ნაყოფიერი ფენა - არ იყო მოხსნილი და დასწყობებული. გარემოსთვის მიყენებული ზიანი დავითვალეთ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გავგზავნეთ. ლიცენზიის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც სასამართლოში გაიგზავნა“, - განაცხადა ნელიკო კორკოტაძემ.

მისივე თქმით, პრობლემაა რეკულტივაციის სამუშაოებთან დაკავშირებითაც. რეკულტივაცია ანუ სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენა მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის ერთ-ერთი ვალდებულებაა.

For.ge-ს ინფორმაციით „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელმა კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმა“ რეკულტივაცია ცალკეულ უბნებზე წამოიწყო. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიის მიერ წარდგენლი პროექტი დაიწუნა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცა.

„მათ ჰქონდათ ვალდებულება ჩაეტარებინათ რეკულტივაცია, წარმოადგინეს პროექტები. ეს პროექტები განხილული იქნა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და გარკვეული შენიშვნებით დაუბრუნდა კომპანიას. ან უნდა გადაამუშავოს კომპანიამ ეს პროექტი შენიშვნების გათვალისწინებით, ან ხელმეორედ წარმოადგინოს გარემოს დაცვის სამინისტროში. მას ძალიან მცირე მასშტაბით რეკულტივაციის სამუშაოები აქვს ჩატარებული. ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი , გამონამუშევარი კარიერები სათანადოდ უნდა აღდგეს“, - განმარტავს კორკოტაძე.

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელიც.

„ჭიათურის 12 სოფელი დაბომბილს ჰგავს. მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიატოვეს და მრავალი დაპირება-შეპირების მიუხედავად წლებია, ასეთ მდგომარეობაში რჩება“, - განუცხადა For.ge-ს მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მალხაზ წერეთლის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჭიათურისთვის მიყენებული ზიანი 2 მილიონზე გაცილებით მეტია და, პრქტიკულად, შეუფასებელია. დეპუტატი განმარტავს, რომ ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების გამო ადგილობრივ მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუუარესდა.

„ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სამართლებრივი კუთხით დაიწყო საკითხის შესწავლა და პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ახლა ჯერი პროკურატურაზეა“, - განცხადა მალხაზ წერეთელმა.

პროკურატურის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანისა და კომპანიის პასუხისმგებლობის დადგენამდე მაჟორიტარი დეპუტატი „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ საკანონმდებლო დონეზე იბრძვის. პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე იმსჯელეს წერეთლის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მანგანუმის მომპოვებელი კომპანიისთვის სალიცენზიო მოსაკრებელის გაზრდას ითვალისწინებს. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელ კომპანიას გადასახადი მნიშვნელოვნად გაუძვირდება.

„დღეს კომპანიისთვის დაწესებული მოსაკრებელი არის მიზერული თანხა - 0, 012 ლარი და უნდა გახდეს 0,25 ლარი. რამდენპროცენტიანიც არის მანგანუმი, კომპანიამ იმის მიხედვით, თითოეულ პროცენტზე უნდა გადაიხადოს 25 თეთრი. ეს თანხა შევა ჭიათურის ბიუჯეტში. ამჟამად წლის განმავლობაში იხდის დაახლოებით 250-260 ათას ლარს, ინიციატივის დამტკიცების შემდეგ კი გადაიხდის 5 მილიონ ლარამდე“, - განმარტავს დეპუტატი.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული მოსაკრებელი მანგანუმის მომპოვებელ ქვეყნებში - რუსეთში, სერბეთში, უკრაინასა და ალბანეთში არსებული გადასახდის მხოლოდ ნახევარია. უნგრეთსა და რუმინეთში კი ჩამოთვლილ ქვეყნებზე გაცილებით მაღალი მოსაკრებელია დაწესებული.

მალხაზ წერეთლის ინფორმაციით, მანგანუმის მოპოვებისთვის დაწესებული მოსაკრებელი 10-ჯერ 2006 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით გაიაფდა და ეს მიხეილ სააკაშვილის მთავრობისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ერთგვარი გარიგების შედეგი იყო.

„კომპანია 2007 წლის 1-ელ იანვარს შემოვიდა საბადოზე, შემოსვლამდე 3 დღით ადრე - 2006 წლის 29 დეკემბერს მოსაკრებელი 10-ჯერ შეამცირა პარლამენტმა. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტმა ჭიათურის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით აზარალა“, - აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატი.

მალხაზ წერეთლის განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელ კომპანიას მანგანუმის მოპოვებაზე მოსაკრებლის გაზრდა დიდ ტვირთად არ დააწვება, რადგან კომპანია წლების განმავლობაში გაცილებით მეტს კონკრეტული პირებისა და პარტიის სასარგებლოდ იხდიდა.

„კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ წინა ხელისუფლება გაურკვეველ პროექტებს აფინანსებინებდა და დაახლოებით 170 მილიონი ლარი უკანონოდ გადაახდევინეს. მაგალითად, 50 მილიონი ლარი დაუჯდათ ზესტაფონის საფეხბურთო გუნდის შენახვა. მათ დღეს ფულს აღარავინ წაგლეჯს, ჩამოცილებული აქვთ ყველა ვალდებულება - რეგრესის პენსიასაც სახელმწიფო იხდის.

მოსაკრებლის გაძვირების შემდეგ წელიწადში 5 მილიონი ლარის გადახდა კომპანიას პრობლემებს არ შეუქმნის, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი აღარ არის მათ ცენტრალურ ოფისში და აღარავინ აღარაფერს სთხოვს, კეთილი ინებონ და რაც ეკუთვნით, გადაიხადონ,“- აცხადებს მალხაზ წერეთელი.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების და ლიცენზიის პირობების დარღვევის საკითხზე For. „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომენტარისგან თავს შეიკავებენ, რადგან მათ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ეტპზე არც მოსაკრებლის გაზრდის საკითზე საუბრობს.

გარემოს დაცვის სამინისტროში კი განგვიმარტეს, რომ ჭიათურაში კარიერებზე წარმოებულ შემოწმების პროცედურას „ჯორჯიან მანგანეზის“ უფლებამოსილი პირი ესწრებოდა და კომპანია გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქმის კურსში უნდა იყოს.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნელიკო კორკოტაძე ასევე განმარტავს, რომ გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზს“ ლიცენზიის ჩამორთმევის საფრთხე არ ემუქრება და კომპანიას ამ ეტაპზე დარღვევების გონივრულ ვადაში გამოსწორება მოუწევს.