ლუსტრაციის შესახებ კანონი პერიოდულად გვახსენებს თავს. კითხვა კითხვად რჩება, არიან თუ არა ქართულ პოლიტიკასა და არასამთავრობო სექტორში პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ, ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან?! ამის გარკვევას, სავარაუდოდ, შს სამინისტრო შეუდგება.
საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ამ ადამიანების ლუსტრაციას გულისხმობს. „თავისუფლების ქარტიაში“ ცვლილებების შეტანის შემდეგ კი, აგენტების საქმეების შემსწავლელი კომისია კანონის მიღებიდან 2 თვეში უნდა შეიქმნას შს სამინისტროში. შესაბამისად, საბჭოთა სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფ ადამიანებს გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობა აეკრძალებათ.
ნაციონალების დროს ამ თემის აჟიტირებით ყოფილი დეპუტატი გია თორთლაძე იყო დაკავებული. წინა მოწვევის პარლამენტმა სწორედ თორთლაძის ინიციატივით მიიღო „თავისუფლების ქარტია“, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლების გამოვლენას გულისხმობდა. თუმცა კანონის დამტკიცების მიუხედავად, მაშინდელ შსს-ში კომისია არ შექმნილა. იმ დროს იმასაც ამბობდნენ, რომ ლუსტრაციის კანონი ნაციონალებს „კუდიანებზე სანადიროდ“ და არასასურველი პირების გასანეიტრალებლად სჭირდებოდათ.
თუმცა აღმოჩნდა, რომ გია თორთლაძეს დღესაც აღელვებს ეს საკითხი. ის აცხადებს, რომ ყოფილი კგბ-ს აგენტებით, გამოკვეთილი ჩეკისტებით, თავის დროზეც, სავსე იყო ქართული პოლიტიკური სპექტრი და დღესაც ისინი აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკაში ან არასამთავრობო სექტორში.
მის საპირისპიროდ, უშიშროების სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლუსტრაცია უკვე დაგვიანებულია, რადგან ადამიანები, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, იმ ასაკში არიან, რომ თანამდებობები აღარ უკავიათ.
შს არქივის გარდა, საბჭოთა აგენტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მოძიება ბრიტანეთსა და ამერიკაშიც შესაძლებელია. ცნობილია, რომ ბორის ელცინის ბრძანებით, 1992-93 წლებში კომუნისტური პარტიისა და სუკის არქივები გახსნეს და, სავარაუდოდ, გაყიდული 25 მილიონი დოკუმენტის მოპოვება უკვე სწორედ ამ ქვეყნებშია საძიებელი.
უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ბესო ალადაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თითქმის 15 წელია, ამ თემაზე ვსაუბრობთ და ლუსტრაციის საკითხი მაინც საუბრის დონეზე რჩება. მისი თქმით, ლუსტრაციის პროცესი გადაბმულია არქივების თემასთან და იმის გამო, რომ საარქივო დოკუმენტები არ არსებობს, ლუსტრაციაც გართულდება. ხელოვნურად დოკუმენტების შექმნა კი დაუშვებელია.
ბესო ალადაშვილი მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს ნაცვლად, საზოგადოებრივმა კომისიამ უნდა განიხილოს ეს საკითხი, რათა უწყებრივი დაქვემდებარება გამოირიცხოს. სწორედ ასეთი კომისიებია შექმნილი პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიისპირეთში, სადაც საზოგადოებრივ კომისიებს გადაეცა არქივები და ინფორმაციის განსაჯაროების უფლება. აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოებრივი სტრუქტურები ნებისმიერ ადამიანს აწვდიან შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის, იმასაც, არსებობდა თუ არა ცალკეული პირის შესახებ საიდუმლო საარქივო მასალები, ფარული მოსმენები და ა.შ.
„ნაციონალებმა ეს კანონი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მიიღეს. წარმოიდგინეთ ასეთი მოდელი, ვთქვათ, ნაციონალების დროს არსებობდა შს სამინისტროში კომისია, რომელიც გარკვეულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რომელიმე ოპოზიციონერი ბავშვობიდან იყო სუკის აგენტი, ან სუკთან თანამშრომლობდა. ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელი იყო, შეგვემოწმებინა სანდოობის მომენტი. მით უფრო, რომ გასარკვევი იყო, საარქივო დოკუმენტაცია რამდენად სწორად გახლდათ აღწერილი, ან არსებობდა თუ არა საერთოდ ეს დოკუმენტაცია. ხოლო ის ერთი-ორი ადამიანი, რომელთაც ნაციონალები უკრძალავდნენ თანამდებობის დაკავებას, უკვე 70 წლამდე არიან მიღწეულნი. „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“ არ იყოს, ჩამოთვლილიცაა ის ნომენკლატურა, რომელიც მაშინ მუშაობდა. ამიტომ, დღეს ეს უბრალოდ სასაცილოა და ეს არის ბეღურებისთვის ზარბაზნების სროლა“, - აცხადებს ბესო ალადაშვილი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ საბჭოთა აგენტების გამოვლენის ნაცვლად, უმჯობესია, რეალურად შევისწავლოთ უცხო ქვეყნების აგენტურა. ეს იქნება მეგობარი ქვეყნების (ამერიკა, ნატო), თუ ოპონენტი ქვეყნების (რუსეთი, სომხეთი), რომლებიც თავისუფლად და გალაღებულად მოქმედებენ საქართველოში. ამიტომ სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უნდა გამოავლინოს დღეს მოქმედი აგენტურა, რაც მათი კომპეტენციაა.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ადასტურებს, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონი დაგვიანებულია. მისი აზრით, ეს კანონი მარტო სპეცსამსახურების თანამშრომლებს არ მოიცავს და აქ საუბარია პარტიულ ნომენკლატურაზე, რომელთაც შეეძლოთ, უარყოფითი გავლენა მოეხდინათ ქვეყნის განვითარებაზე. თუმცა ექსპერტის აზრით, უკვე ორი ათეული წელია, ამ რეჟიმში ვცხოვრობთ, საბჭოთა დროს კარგიც და ცუდიც ვიწვნიეთ და ახლა ეს ყველაფერი აზრს კარგავს. ამას ემატება სპეცსამსახურების თანამშრომლების ხანდაზმული ასაკიც, რომელთა გავლენაც შემცირებულია და ქვეყანას ეს პრობლემა აღარ აწუხებს.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, როცა ამ ძველ ხელმოწერებზე აპელირებით შეიძლებოდა შედარებით ახალგაზრდა თაობის გადაბირება, გიორგი თავდგირიძის აზრით, ეს უკვე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დატვირთვაა. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის სპეცსამსახურებს კვლავაც აქვს დიდი გავლენა საქართველოზე, მაშინ უნდა გავაძლიეროთ კონტრდაზვერვა და, შესაბამისად, ამ მეთოდებით ვიმუშავოთ.
„დრო ყველაფრის მკურნალია და ამ თემას დრომ უკვე უმკურნალა. საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით ლუსტრაციის კანონის ამოქმედება ჭრილობების გახსენება, კომპრომატების ომი და წამოძახების საშუალება იქნება. ბევრი უსიამოვნო ფაქტი წამოტივტივდება, რაც დამღა იქნება მათი შვილებისთვის, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ალბათ, ეს არ დაემსგავსება კუდიანებზე ნადირობას, მაგრამ ჭრილობები კვლავ გაიხსნება. ეს პერიოდი ჩვენ უკვე გამოვიარეთ, გვინდოდა თუ არა, ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე ჩვენთან საუბარში.
ამასთან, არ ფიქრობს, რომ ვინმემ უნდა აკრძალოს ცალკეული დანაშაულის გამოძიება. აქ მთავარია ინდივიდუალური მიდგომა და არა გლობალური გამოძიება. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბევრმა ადამიანმა შეიძლება მოინანია კიდეც, ბევრმა შეიძლება, ქვეყნის სამსახურშიც გამოიჩინა თავი და ამით აჯობა მათაც, ვისაც სპეცსამსახურებთან არ უთანამშრომლია.
მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა 25 წლის წინ ვერ გაუძლეს საბჭოთა წნეხს და ითანამშრომლეს საბჭოთა სპეცსამსახურებთან, ამის ხელახლა გამოტანა საზოგადოების სამსჯავროზე არასწორი იქნება.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აქ კონკრეტულ ადამიანებზეა საუბარი. კერძოდ, ასეულობით ადამიანია, რომელიც რაიკომის მდივანი იყო შევარდნაძის დროს და ახლაც აქტიურები არიან.
„ჩვენ არაფერს არ ვცვლით კანონის ამ ნაწილში. ეს კანონი ახალი არ არის, არამედ უკვე არსებულია. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ვიღაცას ჰგონია, რომ კანონებმა არ უნდა იმოქმედოს. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მომხრე ვარ, კანონებმა იმოქმედოს. ამიტომ შს სამინისტროს მოვუწოდებთ, შექმნას კომისია, რაც მას კანონმა წინა ხელისუფლების დროს დაავალა და პარლამენტის წევრები (ვისაც გვაქვს უფლება) ერთი კაცის შემადგენლობით, შევალთ ამ კომისიაში. თუ არაა საუბარი აგენტებზე და საამისო მასალა არ გვაქვს, თუკი არავის ეხება ეს კანონი და ეს ადამიანები უკვე მოხუცები არიან, მაშინ სხვა საკითხებს განვიხილავთ. უამრავი საკითხი აქვს კომისიას გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
მისი განმარტებით, საზოგადოებრივი კომისიის შექმნა პრობლემა არ არის, უბრალოდ, კანონში წერია, რომ შს სამინისტროში უნდა შეიქნას ეს კომისია და, შესაბამისად, პარლამენტარებიც ამ კანონს ემორჩილებიან.
ჩვენ დავუკავშირდით შს სამინისტროს, სადაც აღნიშნეს, რომ ეს კანონი შს სამინისტროს მიერ არ არის ინიცირებული. ამიტომ ისინი პარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდებიან და, თუ ამ კანონის ცვლილებების დამტკიცება მოხდება, ისინიც შესაბამისად იმოქმედებენ.