აუდიტის სამსახურმა სკანდალური დასკვნა დადო. საელჩოებში, ბანკებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში დროებით გატანილი სამუზეუმო ექსპონატები უკვალოდ გაქრა. მუზეუმებს კი მათ დასაბრუნებლად არაფერი გაუკეთებიათ.
მარტო საელჩოებს გატანილი აქვთ 69 ექსპონატი, რომლებიდანაც უმეტესობა გამქრალია. ეროვნული მუზეუმში დაცული ფონდების დაცვა-აღრიცხვის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასეულობით ასეთი ექსპონატის დანაკლისი აღმოაჩინა.
ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ გასარკვევია, ვისი ბრაძანებით გაედინა ამდენი ფერწერული და სხვა სახის ექსპონატი საზღვარგარეთ?
მისი თქმით, ნაციონალების დროს კონტეინერებით სავსე გემი ბათუმიდან გავიდა და ნაციონალები ყოვლად დაუშვებლად ჩუქნიდნენ ამ ექსპონატებს ცალკეულ ადამიანებს. ამიტომ ბაია ამაშუკელი მოითხოვს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს ქართველი ერის კუთვნილი განძის ადგილმდებარეობას. მისი აზრით, ჩვენი ექსპონატების ბედის შემოწმება შესაძლებელია მუზეუმებში არსებული ძველი კატალოგების მიხედვითაც.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ, ვიწრო გაგებით, მას პირადად ეხებოდა ფიროსმანის ექსპონატების საკითხი, რომელიც თავის დროზე საზღვარგარეთ იყო გატანილი. თუმცა გოგი ხოშტარია ირწმუნება, რომ არცერთი ორიგინალი არ არის დაკარგული. მეტიც, აბსოლუტური ტყუილია, თითქოს, ფიროსმანის ნამუშევრები შეცვლილია.
„რაზეც ვაგებ პასუხს, იმას გეუბნებით. ეს ორიგინალები გაჰქონდათ არა ნაციონალებს, არამედ მუზეუმს, სადაც წესიერი სპეციალისტები მუშაობენ - არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, მუზეუმთმცოდნეები. ამიტომ, როცა ნაციონალებს ექსპონატების გატანას აბრალებენ, სინამდვილეში, ამით ქართველ სპეციალისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. მუზეუმს ჰყავს დირექტორი, საპატიო ადამიანი - დავით ლორთქიფანიძე. არცერთ ნაციონალს არ ჰქონდა უფლება და ვერც გააკეთებდა, რომ ფიროსმანის ნამუშევარი ეჩუქებინა ვინმესთვის. ხელოვნების მუზეუმიდან სააკაშვილმა ერთხელ წაიღო და საკუთარ კაბინეტში ჩამოჰკიდა ფიროსმანის პანო - „გიორგობა ბოლნისში“ და ისიც უკან დააბრუნა, რადგან ერთი ამბავი ავტეხეთ. ამიტომ ფიროსმანის ჩუქება აბსოლუტური აბსურდია. არც ბაია ამაშუკელს, არც სხვას ამის შესახებ არავითარი კომპეტენცია არ აქვთ. რამდენადაც ვიცი, მათ გაჩუქებაზე არც აუდიტის სამსახური ამახვილებს ყურადღებას. უბრალოდ, აუდიტი ამბობს, რომ შენახვის წესების დაცვისას, აღრიცხვისას იყო გარკვეული უზუსტობები“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.
მისივე თქმით, არა მარტო ფიროსმანის ნამუშევრები დააბრუნეს, არამედ არქეოლოგიური მასალებიც, ვანის საგანძური, ოქრო და სხვა, რომელიც გატანილი იყო. ამდენად, გოგი ხოშტარიას გულუბრყვილობად მიაჩნია, თითქოს, ნაციონალები შედიოდნენ მუზეუმებში, გამოჰქონდათ ექსპონატები და ვინმეს ჩუქნიდნენ.
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ცინცაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ძვ.წ. აღ-ის მეხუთე საუკუნის ოქროს ყელსაბამის გატანა, თავისი კუს კულონებით, არაფრით არ შეიძლებოდა. თვით ის ფაქტი, რომ გარკვეული ხნის მანძილზე ამ ყელსაბამის 12 ოქროს ბურთულა დაიკარგა და ეს ექსპონატი არ ჩანდა, ნიშნავდა იმას, რომ რაღაც „განსაკუთრებული“ მოხდა. თუმცა ხმაურის ატეხვის შემდეგ ყელსაბამი უკვე ინახება სახელმწიფო მუზეუმში და მასზე აღდგენილია თავდაპირველი ვარიანტი, ანუ 94 ოქროს ბურთულის ელემენტი უკვე დაცულია.
„ნაციონალების პერიოდში როგორც კი ეს ინფორმაცია გავაჟღერე, მაშინვე თავს დამესხა „რეალ ტივი“ და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა თქვეს, ეს ბურთულები ჩვენ შენახული გვაქვს, უბრალოდ, დაიჩხვლიტაო. თუმცა როგორ იჩხვლიტება ყელსაბამის ოქროს ბურთულები მუზეუმში, სრულიად გაუგებარია. იქ უამრავი ოქროს ბურთულაა და, შესაძლოა, სრულიად სხვა ბურთულებიდან აღადგინეს ეს ყელსაბამი. თუ რამდენი ელემენტი უნდა ყოფილიყო მასზე, ეს მათემატიკური სტატისტიკითა და ალბათობის თეორიის გამოყენებით გავშიფრეთ. ეს უკავშირდება იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გაშიფვრას და წინარე ქრისტიანიული პერიოდის ინფორმაციას. ამის შემდეგ დავუკავშირდით მუზეუმს და მათ აღიარეს ეს შეცდომა და თავდაპირველი სურათი აღადგინეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ცინცაძემ For.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ექსპონატი ასტრონომიულ ინფორმაციას ატარებს და მზის ამოსვლის წერტილის გადახრილ კუთხეს უკავშირდება. თვითონ ექსპონატი მზის ქართული კალენდრის ელემენტების რაოდენობის შემცველია და ადასტურებდა, რომ მზის ქართული კალენდარი არსებობდა. გარდა ამისა, ამ პერიოდისთვის უნდა არსებულიყო, ასევე, ქართული ანბანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყელსაბამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, აღნიშნული სამკაული შეიცავს 31 კუს კულონს. აქედან 30 პატარა კუს წარმოადგენს, ერთი - დიდს, რაც მზის კალენდარში ყოველთვიური დღეების რაოდენობას ემთხვევა.
„როცა ვნახე სურათი ინტერნეტსაიტებზე, სადაც მხოლოდ 82 ოქროს ბურთულა იყო, მაშინვე ჩავთვალე, რომ ელემენტების რაოდენობა მანამდე დაიკარგა, სანამ ამ ყელსაბამს ვანის არქეოლოგიური გათხრებისას მოიძიებდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ თავის დროზე, როცა ოთარ ლორთქიფანიძემ ვანში მოიპოვა ეს ყელსაბამი, მას ზუსტად იმ რაოდენობის ელემენტი ჰქონდა, რამდენიც უნდა ჰქონოდა. ამიტომ მუზეუმში მისი შენახვის დროს დაიკარგა 12 ელემენტი და მუზეუმმა აღიარა ეს შეცდომა“.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი გიორგი მარსაგიშვილი აცხადებს, რომ მათი მუზეუმი აერთიანებს რამდენიმე დაწესებულებას და პრეზიდენტის ბრძანებაში, თავის დროზე, მეტად არასწორი ჩანაწერი გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანდა ექსპონატების ფონდები და გადაიქცა ეროვნულ მუზეუმად. ამიტომ როცა მათთან გენერალური მუზეუმის დირექტორის ბრძანება მიდიოდა, მუზეუმის თანამშრომლები იძულებულნი იყვნენ, მას დამორჩილებოდნენ.
„ეს არასწორად მიმაჩნია, მაგრამ, თუკი ასეთი პრინციპით მივუდგებით, უკანონობას ისევ ცუდი კანონი სჯობს. როცა ექსპონატი გადის მუზეუმიდან, ჩვენ ყოველთვის ვწერთ - „გატანილია დროებით“ და ვადას ვუთითებთ, თუ როდის უნდა დაბრუნდეს. თუკი ექსპონატი არ ბრუნდება, შემდეგ ეს ვადა გრძელდება, მაგრამ არა - უსასრულოდ. მაგალითად, როცა საგანძური იყო გატანილი, მუზეუმმა აღარ გაუგრძელა ვადა და ამის წინააღმდეგ წავიდა. ამიტომაც საგანძური მოიხსნა მათი ექსპოზიციიდან“, - გვითხრა გიორგი მარსაგიშვილმა.
აქვე არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, ექსპონატები უცხოეთიდან დაბრუნებული არც არის, მაგრამ ძირითადად ამის მიმწოდებელი იყო გალერეა. სულ 18 მუზეუმია გაერთიანებული ეროვნულ მუზეუმში და ეს ერთიანი სისტემაა. ამიტომ, მისი აზრით, ამ შემთხვევაში, პასუხი მოეთხოვება პრეზიდენტის იმ ბრძანებას, სადაც, ფაქტობრივად, გაუქმებულია ყველა მუზეუმის უფლება და ეს უფლებები ჩამოყალიბებულია ერთ ძირითადად სტრუქტურაში.
„ჯანაშიას მუზეუმის ფონდებში რა ხდებოდა, შეხება არ გვაქვს, მაგრამ, თუკი ეჭვები გაჩნდება, ეს გამოძიებულ უნდა იქნას და პროკურატურა და ინტერპოლი უნდა ჩაერთოს მის ძიებაში. ხოლო, თუ ექსპონატი შეცვალეს, ამას რესტავრატორები თავისუფლად დაადგენენ“, - აღნიშნა გიორგი მარსაგიშვილმა. მან ვერ დაგვიკონკრეტა, მთლიანობაში, რამდენი ექსპონატი გაიტანეს საქართველოდან, რადგან ეს ექსპონატები გალერეიდან გადიოდა და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. თუმცა, დაადასტურა, უცხოეთში ექსპონატების გატანის პროცესში აუცილებლად ჩართული იყო კულტურის სამინისტროც.
***
და ბოლოს, გთავაზობთ აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების არასრულ ჩამონათვალს:
საელჩოებისთვის გადაცემული ექსპონატები
აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამერიკაში საქართველოს საელჩოში გატანილია: ფერწერა - 10; გრაფიკა - 20; გობელენი - 3; ჭედურობა - 13.
საქართველოს საელჩო ირანში: ფერწერა - 4; გრაფიკა-6.
საელჩო თურქეთში: ფერწერა - 2; გრაფიკა - 5;
მათი უმრავლესობა უკვალოდ არის გამქრალი.
მუზეუმში აუდიტორების გამოჩენის შემდეგ საქართველოს საელჩომ სომხეთში 2006 წელს გატანილი 11 ნახატი უკან დააბრუნა. 6 ფერწერული ტილო კი არ იძებნება.
რუსეთსა და სომხეთში დაკარგული ექსპონატები
1991 წელს ეროვნულ გალერეაში გაჩენილმა ხანძარმა ექსპონატებთან ერთად დოკუმენტაციაც გაანადგურა. შესაბამისად, სრულყოფილი ინფორმაცია ხანძრამდე სხვადასხვა ორგანიზაციებზე დროებით გადაცემული ექსპონატების შესახებ გალერეის თანამშრომლებს არ გააჩნიათ. შემორჩენილი ინფორმაცია კი ასეთია:
1979 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან ი. აივაზოვსკის (1817-1900) ნამუშევარი „ბაირონის ჩასვლა წმ. ლაზარეს კუნძულზე“ ერევანში გამოფენაზე გაიგზავნა. სომხეთიდან აივაზოვსკის სხვა სურათი „პეიზაჟი“ დაბრუნდა, რომელსაც თან ახლდა წერილობითი თხოვნა სურათების გაცვლის შესახებ. ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობამ გაცვლაზე უარი თქვა და სომხეთის მხარეს ნამუშევრის დაბრუნების ვადა სამი წლით გაუგრძელა. აღნიშნული ვადა კარგა ხანია გავიდა, სურათი კი ჯერ არ დაბრუნებულა. ნამუშევრის დასაბრუნებლად ქართულ მხარეს არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებია. სომხეთის მიერ გამოგზავნილი სურათი კი ამ დრომდე ინახება მუზეუმში ისე, რომ საინვენტარო დავთარში რეგისტრირებულიც კი არ არის.
არაერთი ფერწერული ნამუშევარი მათივე ავტორების წყალობით დაიკარგა. მხატვრებს თითქოსდა გამოფენების მოსაწყობად დროებით გაჰქონდათ ტილოები, რომლებსაც უკან აღარ აბრუნებდნენ,
„ექსიმბანკში“ გამქრალი ექსპონატები
1994 წელს თურქულ „ექსიმბანკს“ ბანკის შენობაში ქართველ მხატვართა ნამუშევრების დროებით გამოფენის მოწყობის მიზნით 27 ექსპონატი გადაეცა: 10 ფერწერული, 7 გრაფიკული, 5 ჭედურობა და 5 გობელენი. ხუთივე გობელენი და სამი ფერწერული ტილო 1999 წელს დაბრუნდა გალერეაში, 7 ფერწერული ტილო, 7 გრაფიკული და 5 ჭედურობა უკვალოდ გაქრა. აღსანიშნავია, რომ მათ მოსაძებნად მუზეუმს არაფერი გაუკეთებია.
ამავე ბანკისთვის 1994 წელს დროებით გადაცემული 19 ნამუშევრიდან 15 ექსპონატი „ვითიბი ბანკმა“ დააბრუნა. 4 ექსპონატის ბედი კი გაურკვეველია.
ფონდების მცველების განმარტებით, რომლებაც დროებით სარგებლობაში გადაცემული ექსპონატების ადგილზე შემოწმება ევალებოდათ, ბანკის დაცვა მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.
1998 წელს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 10 ფერწერული ტილო ჩაბარდა, უკან არც ერთი არ დაბრუნებულა.
1995 წელს 18 ფერწერული ტილო ჩაბარდა პროკურატურის საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს, აქედან 14 ექსპონატი აუდიტის პერიოდში დაბრუნდა, სამი კი დაკარგულია.
1999 წელს კინემატოგრაფისტთა კავშირს გადაცემული აქვს 10 ნამუშევარი, რაც უკან არ დაბრუნებულა.
როგორც გაირკვა, მუზეუმებში დაცული ექსპონატების და კოლექციების ინვენტარიზაცია ათწლეულების მანძილზე არ ტარდებოდა.
1960 -2007 წლებში ინვენტარიზაცია 96 ფონდში ჩატარდა, რის შედეგადაც 866 ერთეულის დანაკლისი აღმოჩნდა. 2007-2012 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად კი ვერ მოიძებნა 274 ექსპონატი .
აუდიტის სამსახურის მტკიცებით, 1966 წლიდან მუზეუმების ფონდების სრულყოფილი აღწერა არ მომხდარა.