მმართველი გუნდი, შესაძლოა, რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს და პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნას. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ფრაქციის შექმნის მიზნით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალიციის რამდენიმე წევრთან კონსულტაციებს აწარმოებს.
წყაროს ცნობით, ახალი ფრაქციის წევრებად მოიაზრებიან - ვიქტორ ჯაფარიძე, სოსო ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე, გოგი ქავთარაძე, ნუკრი ქანთარია და ომარ ნიშნიანიძე.
„არ არის გამორიცხული, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ჩვენი რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საპარლამენტო უმცირესობაში. უმრავლესობაში კი, კადრების გადინებას კატეგორიულად გამორიცხავენ.
for.ge-სთან საუბარში ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქციის შექმნაზე არის საუბარი.
„როგორც ჩანს, ამას გარკვეული საფუძველი აქვს. ახალი ფრაქციის წევრებად კონკრეტული ადამიანები სახელდებიან და რამდენიმე ფრაქციის ჩამოყალიბებას უნდა ველოდეთ. ამ ფრაქციაში, უფრო რადიკალები გაწევრიანდებიან და ეს ფრაქცია ორიენტირებული იქნება რუსული ინტერესების წარმოდგენაზე საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნავს კანონმდებელი, რომლის პათოსსაც დავით საყვარელიძეც იზიარებს.
დეპუტატის მოსაზრებით, ნინო ბურჯანაძეს უმრავლესობაში „თავისი ხალხი“ ჰყავს და ის უწყებაში პოლიტიკური დასაყრდენის შექმნას ცდილობს.
„ამ ფრაქციაში ის ადამიანები გაწევრიანდებიან, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ, აგიტაციას ეწეოდნენ. თუ მათი მიზანი იქნება, რომ მმართველობის ცხრა წელი შეგვახსენონ, ისინი ამით ახალს ვერაფერს იტყვიან, რადგან ეს ტერმინი უმრავლესობას უკვე გამჯდარი აქვს“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ.
ოპონენტებისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს, რომ კოალიციის დაშლა გამორიცხულია.
„ჯაჭვლიანსა და ჯაფარიძეს ძალიან კარგად ვიცნობ და ეს ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება. ისინი გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ინსინუაციებს, რადგან თუ ამ პირებს ფრაქციის შექმნის სურვილი ჰქონდათ, ისინი ამას აქამდე გააკეთებდნენ. ნინო ბურჯანაძისთვის ახალი ფრაქციის შექმნა უფრო საინტერესო, წინა საარჩევნოდ იქნებოდა. ფაქტია, რომ პოლიტიკური ჭორები ვრცელდება, რაც ადრეც ბევრი მოგვისენია და კიდევ ბევრს მოვისმენთ“ , - აღნიშნა for.ge-სთან საუბარში ზვიად ძიძიგურმა.
თანაგუნდელის მსგავსად, ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ის პირებიც უარყოფენ, რომლებიც ნინო ბურჯანაძის ფრაქციის წევრებად მოიაზრებიან.
for.ge-სთან საუბარში ნუკრი ქანთარია ახალი ფრაქციის შექმნას გამორიცხავს.
„ეს თემა საიდანღაც არის მოტანილი. ამ საკითხში ვერანაირად ვერ გამოვდგები“, - ამბობს დეპუტატი.
ახალ ფრაქციაზე საუბარი არ ისურვა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელმაც კითხვის ბოლომდე დასმა არ გვაცალა, მიმდებარე ტერიტორია ელვის უსწრაფესად დატოვა და მხოლოდ ის მოგვაძახა, რომ „ეს მეორედ არ გაიმეოროთ“.
რაც შეეხება ომარ ნიშნიანიძეს, დეპუტატი ამბობს, რომ მას ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაციაზე ყურიც კი არ მოუკრავს.
„ივანიშვილის გუნდის წევრი ვარ და კოალიციის რიგებში ბოლომდე დავრჩები. ამ კაცმა, სამშობლო და ოჯახები გადაგვირჩინა და მის უკითხავად, სადმე წავიდე და ვუღალატო?! ამას ვერც გამიბედავენ! ჩემი განწყობა გაცხადებული მაქვს და თუ ამას მეტყვიან, შესაბამის პასუხს მიიღებენ“, - განუცხადა for.ge-ს ნიშნიანიძემ.
პარლამენტში თუ რა პროცესები დაიწყება 24 ნოემრის შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ, სოსო ჯაჭვლიანი, ვიქტორ ჯაფარიძე, ომარ ნიშნიანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გოგი ქავთარაძე, კოალიციის წევრებს დაუპირისპირდნენ. კერძოდ, სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მსახიობ დეპუტატებზე გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ბიძინა ივანიშვილმა ვიქტორ ჯაფარიძე ნეპოტიზმში დაადანაშაულა, რაც თავის მხრივ, მესტიის მაჟორიტარმა უარყო. რაც შეეხება დავით ლორთქიფანიძეს, გოგი ქავთარაძესა და ომარ ნიშნიანიძეს, ისინი დავით საგანელიძეს დაუპირისპირდნენ და გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებად დანიშვნა მოსთხოვეს.
საგულისხმოა ერთი დეტალიც, გოგი ქავთარაძე და სოსო ჯაჭვლიანი, ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრები ერთხელ უკვე იყვნენ და ისინი იგივე მდინარეში შეცურავენ თუ არა მეორედ, ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული დეპუტატები მმართველ გუნდში თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ, რის გამოც, დახურული ტიპის შეხვედრებზე, უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამენ და პროცესებში მეტ ჩართულობას ითხოვენ.