მთავრობის აღიარება: ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდება!

მთავრობის აღიარება: ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდება!

„საქართველოს ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება“, - ასეთი უცაბედი აღიარების ავტორი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. არადა, მთვარობა ბოლო წუთამდე ირწმუნებოდა, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, სეკვესტრი მოსალოდნელი არ არის და საერთოდ, ყველაფერი გენიალურადაა.

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა შეეცდება, სოციალური ვალდებულებები მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს. „ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა მეტი იყო დაგეგმილი, ვიდრე რეალურადაა. თუმცა, ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც დაგეგმილი იყო, ბიუჯეტის მხრიდან შესრულდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომლის აზრითაც მშპ-ს ზრდის დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის „ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმაც”.

„კმაყოფილების გრძნობა იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა 6%-ანი უნდა ყოფილიყო და 2,5%-ია, ბუნებრივია, არავის აქვს. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა და პირველ რიგში, ეს იყო პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და მრავალი დესტრუქციული ქმედება ოპოზიციის მხრიდან.

იყო ჩვენი მხრიდანაც გარკვეული მიზეზები - საწყის ეტაპზე კოორდინაციის ნაკლებობა, რაც დღეს აბსოლუტურად დაძლეულია. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტიციებში არის 20%-ანი კლება, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კარგა ხანია საპარლამენტო ოპოზიცია ბიუჯეტის ჩავარდნაზე საუბრობს. ორიოდე დღის წინ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა კონკრეტული მონაცემებიც წარმოადგინა. იგი თვლის, რომ მთავრობის მიერ გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გავლენა იქონია ბიუჯეტის შესრულებაზე.

კერძოდ, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები დაიგეგმა 6,920 მილიარდი ლარის ოდენობით (2012 წელს 6,311 მლრდ ლარი იყო), რაც ვერ შესრულდება, რადგან 10 თვის მდგომარეობით, წლიური გეგმა შესრულებულია 73%-ით (5,061 მილიარდი ლარი).

„ორ თვეში 1,859 მილიარდი ლარის გადასახადების კუთხით მობილიზება, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეუსრულებელი ამოცანაა. გარდა ამისა, დიდი საშიშროებაა, რომ სამინისტრო შარშანდელ მაჩვენელბელზეც ვერ გავიდეს, რადგან საშუალოდ დარჩენილ თვეებში 625 მილიონი ლარის მობილზება, არსებული დინამიკის ფონზე, ძნელად წარმოსადგენია“, -ამბობს მელიქიშვილი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი მშპ-ს ზრდის მხოლოდ 2,5%-იან მაჩვენებელს და გარკვეულ ეკონომიკურ შეფერხებებს ე.წ. კოაბიტაციასა და „პრეზიდენტის მხრიდან მუდმივ ხელშეშლას“ უკავშირებს.

„ჩვენ ველოდით წლის დასაწყისში, რომ ზრდა იქნებოდა 6%-ანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის, პოლიტიკაში არსებულმა პროცესებმა, ე.წ. კოაბიტაციამ და სრული პასუხიმსგებლობით ვიტყვი - პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელის შეშლამ, ასევე სხვა ფაქტორებმა, რომელთა ნაწილი ობიექტური, ნაწილი კი სუბიექტური იყო, მიგვიყვანა იქამდე, რომ წელს ეკონომიკა 6%-ით ვერ გაიზრდება“, - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას, რომელშიც საუბარია, რომ სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად საქართველოს საგარეო ვალის აღება დასჭირდება, მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანა ვალს ნამდვილად იღებს, თუმცა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

„საქართველო იღებს ვალებს, მაგრამ ეს არ არის ვალი ვალისთვის. ეს არის ვალი, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს ინფრასტრუქტურას და მომავალში ხელს შეუწყობს უფრო მაღალეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ბიუჯეტს რომ პრობლემები აქვს, ამას ეკონომიკის ექსპერტებიც ადასტურებენ. აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, ფინანსთა სამინისტრო რთული ამოცანის წინაშე დგას. მისი აზრით, ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულება ძალიან რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია ეს გადაიფაროს სხვა შემოსავლებით და საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდეს.

ექსპერტი პაატა შეშელიძე კი უშუალოდ ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხსაც სვამს. იგი „საქსტატის“ მიერმიმდინარე წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში უნდა დადგეს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი.

„ახლა ახალი მთავრობა ყალიბდება და ადამიანები, რომლებმაც თავიანთი დაპირებები არ ან ვერ შეასრულეს, ამ მთავრობიდან უნდა გავიდნენ. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდი საერთოდ გამოსაცვლელია, რადგან ეს იყო ყველაზე სუსტი რგოლი ამ მთავრობაში“, - აცხადებს შეშელიძე.