უპრეცედენტო სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წიანაღმდეგ. მძიმე ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 270-მდე ადამიანი დააკავეს, აქედან კი 10 ქალია. დაკავებები, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, სამეგრელოში მოხდა. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. აქედან 27 დაკავებული ნარკორეალიზატორი და ე.წ. დამდებები არიან.
For.ge-ს წყარო უყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკორეალიზატორებზე ე.წ. კურიერების მეშვეობით გავიდნენ. ირკვევა, რომ ადამიანებს, რომლებსაც სასიკვიდლო ნივთიერება სახლებში მიაქვთ, პოლიციას ინფორმაცია თავისუფლების სანაცვლოდ მიაწოდეს. გომელაურის უწყებაში კი ამბობენ, რომ 3 თვის განმავლობაში ინტენსიური ძიების, თვალთვალის და სხვადასხვა საგამოძიებო ოპერაციების შედეგად, 270-მდე კაცია დაკავებული. ნაწილი უკვე ციხეში იმყოფება, ნაწილი კი ბრალის წარდგენას ელოდება.
კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
კუპატაძე ამბობს, რომ პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
„აქვე მინდა მცირე განმარტება გავაკეთო ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას. ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები, ძირითადად, შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით. ამ გამოწვევების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან და კოორდინირებულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარისკო გადაზიდვების მონიტორინგი, რის შედეგადაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტების გამოვლენა საქართველოს საზღვრებზე.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, რომლებთანაც მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტრანზიტის ფაქტები“, - ამბობს კუპატაძე.
დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, ბოლო დროს, საქართველოში სპეციალისტების განმარტებით, შემოსულია სინთეთიკური ნარკოტიკული საშუალების სახეობა, რომელიც მიღებისთანავე იწვევს ფატალურ შედეგს, ძირითადად კი, გულის გაჩერებას, ჰალუცინაციას, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება. აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც უმძიმეს შედეგებს იწვევს. უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სთავაზობენ სოლიდურ გასამრჯელოს.
For.ge-ს წყარო უყვება, რომ დაკავებულებს შორის ძირითადად ქართველი ახალგზარდები არიან. თუმცა არიან რეალიზატორებიც, რომლებიც საქრათველოს მოქალაქეები არ არიან და მათ ქვეყანაში ნარკოტიკი სხეულის საშუალებით შემოჰქონდათ. ახალგაზრდები ნარკოტიკებს ყიდულობენ ძირითადად ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა „ტელეგრამ“ არხებზე არსებულ ონლაინ მაღაზიებში.
კუპატაძის თქმით, სწორედ ხსენებული „ტელეგრამ“ არხებისა და სხვა ონლაინ მაღაზიების დაბლოკვა და მათი გაუქმება მოხდა.
„სამწუხაროდ, საუბარია ძალიან დიდ და სერიოზულ სქემებზე, რომელიც ასევე უცხო ქვეყნიდან კონტროლდება. აქ საუბარი მხოლოდ საქართველოზე არ არის. ეს ე.წ. ონლაინ მაღაზიები საზღვარგარეთიდან ფუნქციონირებს და პოლიციას უწევს კოლოსალური სამუშაოს გაწევა იმისთვის, რომ მათი აღმოჩენა და დაბლოკვა მოხდეს. ხდება თვალთვალი, მიყურადება ე.წ. შესყიდვები და კურიერების გადაბირება, რომლებიც შემდეგ პოლიციას ეხმარებიან რეალიზატორების დაკავებაში.
დაკავებულთა შორის 10-მდე ქალია. მათი სახლებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ირკვევა, რომ საქრათველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეალიზატორის ბრალდებით არიან დაკავებულები, ჰყავდათ შუამავლები, რომლებიც უკავშირდებოდნენ ე.წ. დამდებებს, რომლებსაც ადგილზე ნარკოტიკული ნივთიერება მიჰქონდათ. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა ქსელია, რომლის სათავეში მისვლაც უდიდეს შრომას მოითხოვს“, - უყვება წყარო for.ge-ს.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი დათუნა მოდებაძე ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცნობმა დაასახელა, როგორც ე.წ. ნარკოტიკების გამსაღებელი. ადვოკატი ამბობს, რომ მას მარიხუანას გასაღებას ედავებიან.
კიდევ ერთი ადვოკატი ლაშა ნოზაძე ამბობს, რომ მის კლიენტს შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავებიან, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაკავების საფუძველი მოქალაქის განცხადება იყო. ის ე.წ. დამდებია, რომელმაც გარკვეული შეღავათების გამო პოლიციასთან ითანამშრომლა.
ასევე ცნობილია, რომ ე.წ. კურიერები ნარკოტიკების გასასაღებლად ტაძრებს იყენებდნენ. სასაულიერო პირები აცხადებენ, რომ მიესალმებიან პოლიციის მუშაობას და ამბობენ, რომ ამ კუთხით სიტუაცია საკმაოდ რთულია.
რა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები ვრცელდება ქვეყანაში, რომელიც ჰალუცინოგენია
ნარკოლოგი ბესო ბერულავა for.ge-ს უყვება იმ მძიმე ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ვრცელდება და უმძიმეს შედეგებს იწვევს. ის ჩვენი გამოცემის მეშვეობით ახალგაზრდებს აფრთხილებს და ამბობს, რომ მაქსიმალურად მოერიდონ მას, რადგან ფატალურ შედეგებს იწვევს.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დროს, ძალიან გახშირებულია სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ეს არის „ამფეტამინი“, კოკაინი, სხვადასხვა ჰალუცინოგენი და ა.შ. ამ ჯგუფის ნარკოტიკების მომხმარებლების მართვა ჩვენთვის გაცილებით რთულია. ასევე შედეგი გაცილებით ხანგრძლივი და მძიმე პროცესია.
საშიში ისაა, რომ ამ ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარება ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. ეს არის უმძიმესი სამართავი, ვიდრე ტრადიციული ნარკოტიკების შემთხვევაში ხდება. ესენია ჰეროინი, ოპიუმი, ბუპრენორფინი და ა.შ. საშიში ისაა, რომ მხოლოდ ერთი ჯგუფი ნარკოტიკის მომხარება აღარ ხდება და ჩვენი ახალგაზრდობა იღებს ნარკოტიკის სხვადასხვა ჯგუფისგან შერეულ ნივთიერებებს და ეს არის პოლინარკომანია. გაახალგაზრდავდა ასევე მომხმარებლების ასაკი და ძალიან გაიზარდა მომხმარებელი ქალების რიცხვი. 16, 17, 18 წლის ახალგაზრდებს უკვე სერიოზული დამოკიდებულება აქვთ.
ძალიან კარგია, რომ მსგავსი ბრძოლაა გამოცხადებული და ამ დონის სპეცოპერაცია ჩატარდა, რადგან უდიდესი პრობლემაა ხელმისაწვდომობაც. ხდება გავრცელების ახალ-ახალი გზების პოვნა და ამიტომ პოლიციას უძნელდება მათი გამოვლენა. იმის მიუხედავად, რომ ხშირად ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას, აკავებენ მომხმარებლებს თუ გამსაღებლებს, ხელმისაწვდომობა მაინც მაღალია“, - ამბობს ნარკოლოგი.
მისივე თქმით, ზედოზირების ალბათობა განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როცა ამ ნარკოტიკს სხვა ნარკოტიკთან ერთად მოიხმარენ. ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს, ზედოზირების შემთხვევები გაიზარდა. აქ ნარკოლოგი საუბრობს მხოლოდ რეგისტრირებულ სტატისტიკაზე და დასძენს, რომ ძალიან ბევრია არარეგისტრირებული შემთხვევაც. მისი თქმით, ახლა გაცილებით რთული ვითარება გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია.