მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდეს. მთავრობის ფორმირების პროცესში მოსალოდნელ ცვლილებებზე, ჯერჯერობით მომავალი პრემიერ-მინისტრი არ საუბრობს. დატოვებს თუ გაანახლებს მინისტრთა კაბინეტს, ეს უკვე პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი. თავად მოქმედი მინისტრები ირწმუნებიან, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში აუცილებლად მოხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მთავრობაში ერთ-ერთ წარუმატებელ სამინისტროდ საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელდება, მინისტრი ამბობს, რომ ის მისი მუშაობით კმაყოფილია და თვლის, რომ მომავალ მინისტრთა კაბინეტშიც გააგრძელებს მუშაობას.
პოლიტოლოგი რამაზე საყვარელიძე თვლის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი გაახალგაზრდავებას საჭიროებს. ექსპერტი კახი კახიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძირეულ ცვლილებას ახალი წლის შემდეგ ელოება.
პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მომავალი სამთავრობო ცვლილებები, ზოგადად საკადრო პოლიტიკა პარტიაში განიხილება.
„არ ველოდებით მთავრობაში ძირეულ ცვლილებებს. როგორც მოქმედმა პრემიერმა განაცხადა და მომავალმაც დაადასტურა, ამის აუცილებლობას ვერავინ ხედვას, თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე საკადრო ცვლილებება განხორციელდეს. ამაში უჩვეულო არაფერი იქნება, როდესაც იცვლება პრემიერი, შესაძლებელია, შეიცვალოს მთავრობის შემადგენლობა ნაწილობრივ, ან სრულადაც. მინისტრების შეცვლასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ყველაზე მეტი კითხვა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გარშემო ჩნდება. მითუმეტეს, აქტიურად ვრცელდება ინფრომაცია, რომ თავდაცვის მინისტრის სავარძელს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი უმიზნებს, თუმცა, თავად ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეცვლა არ იგეგმება. მისი თქმით, ისეთი სამთავრობო ცვლილებები, რომელიც მმართველ კოალიციაში ცვლილებებს გამოიწვევდა, დაგეგმილი არ არის.
„მომავალ პრემიერს შეუძლია თავდაცვის მინისტრიც შეცვალოს, თუმცა ამაზე საუბარი არ არის და ის მოსალოდნელი არ არის. საიდან ვიცი, რომ მოსალოდნელი არ არის? როდესაც ივანიშვილმა უმრავლესობას ღარიბაშვილი წარუდგინა, პირველი სირტყვა, რომელიც ღარიბაშვილმა თქვა იყო, რომ მე კოალიციას ზიანს არ მივაყენებ და კოალიციის წინააღმდეგ არ ვიმოქმედებ. ყველას შესანიშნავად ესმის ირაკლი ალასანიას შეცვლის შემთხვევაში რა მოხდებოდა“,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
„მეჩვენება, რომ ჩემი საქმით დახმარება ქვეყანას სჭირდება“, - ამბობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომლის განცხადებით, თუ ამგვარი სურვილი მომავალ პრემიერსაც ექნება, ის მზად არის მას იმ დიდ საქმეში დაეხმაროს, რომელსაც ევროპასთან მიახლოება ჰქვია.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მომავალ პრემიერ-მინისტრს მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია.
„მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მომავალ პრემიერ-მინისტრს ინდივიდუალური კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია. ჩვენ მას უნდა მივცეთ დრო, რადგან მას აკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. მან უნდა მიიყვანოს ევროპამდე ეს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მანვე უნდა შეარჩიოს ის გუნდი, რომელიც ამის საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, მთლიანად მომავალ პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული ვის ჩარიცხავს ის საკუთარ გუნდში.
მას სჭირდება დრო. ეს დრო ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ მან თავისი გუნდი დააკომპლექტოს. რაც შემეხება მე, მეჩვენება, რომ ჩემი საქმით დახმარება ქვეყანას სჭირდება. თუ ამგვარი სურვილი ექნება მომავალ პრემიერ-მინისტრს, მე მზად ვარ, რომ მას დავეხმარო იმ დიდ საქმეში, რომელსაც ევროპასთან დაახლოება ჰქვია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ის საქმიანობას მომავალ მინისტრთა კაბინეტშიც გააგრძელებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა.
„კონსულტაციები და კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჯერ რამდენიმე დღე გავიდა რაც ახალი პრემიერობის კანდიდატი დასახელდა და მას აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ დაჯდეს, გაანალიზოს ყველაფერი, გაიაროს ინდივიდუალური კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საბოლოო პოზიცია.
ჯერჯერობით ჩვეულებრივი ტემპით ვაგრძელებთ მუშაობას. მეც ველოდები, რომ გავაგრძელებ საქმიანობას, გამომდინარე იქიდან, რომ არსებითი ჩავარდნები ჩვენს სამინისტრო სისტემაში არ ყოფილა და ძალიან ბევრი პროგრესული რამ განვახორციელეთ, რაც მაძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ, ალბათ, საქმიანობას გავაგრელებ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება მოსალოდნელ საკადრო ცვლილებას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკას გაახალგაზრდავება სჭირდება.
„ჩვენ შევეჩვიეთ მსჯელობას ცვლილებაზე ისე, რომ არ ვხსნით იმ ფრჩიხელბს, რომელშიდაც ცვლილებების აუცილებლობაზე უნდა იყოს მსჯელობა. კეროდ, ცვლილება აუცილებელი არის მაშინ, როდესაც პოლიტიკურ კურსს არ შეესაბამება ადამიანი, ამ პოლიტუკურ კურსზე ჩამოყალიბებული კონცეფცია კი არასოდეს არ გვაქვს ხოლმე და ამიტომ ვლაპარაკობთ მხოლოდ ადამიანების ცვლილებაზე.
სანამ პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური კურსი არ გახდება მსჯელობის საგანი და მითუმეტეს, თუ ეს კურსი არ იქნა საკმაოდ კონკრეტული თითოეული მიმართულებით, ძნელი იქნება იმის თქმა, აი ამ კურსის განმხორციებელი ერთი მინისტრი ივარგებს, თუ მეორე. ეს უნდა გავარკვიოთ ჯერ. ისე, ცვლილება ცვლილებისთვის, ალბათ, გაუმართლებელი იქნება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტ კახი კახიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მოქმედების სტილის ანალიზი გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ დასკვნა, რომ პირველ ეტაპზე, ვერ შეცვლის მინისტრთა კაბინეტს.
„ვაკვირდებოდი როგორ ახორციელებდა საკადრო გადაადგილებას ის შსს-ში, ძალიან ფრთხილად გააკეთა ეს. ერთი ხელის მოსმით მთელი შსს-ს არ შეცვალა, მაგრამ დაიწყო ეტაპობრივი ჩანაცვლებები. ალბათ, აქაც ასე გააკეთებს. მე არ ვფიქრობ, რომ ძირეული საკადრო ცვლილება არის მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველას ძალიან კარგად ესმის კოალიციის როლი, ეს კოალოცია რომ ხელვნურ ერთიანობაშია, ეს ფაქტია. ამ ხელოვნური ერთიანობის გარანტი იყო ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მიდის და ბუნებრივია, რომ კოალიციაში საკუთარი ინტერესებია.
ახლა თუ კოალიციას კიდევ დაემატა ის პრობლემა, რომ კონკრეტული კოალიციის ლიდერები თანამდებობის გარეშე დარჩნენ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ ძვრებს გამოიწვევს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე, ძირეული ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არ იქნება. ფაქტია, რომ იცვლება შს მინისტრი და მაქსიმუმ, კიდევ ერთი მინისტრი თუ შეიცვალა, ვინც თვითონ აცხადებს უარს ღარიბაშვილთან მუშაობაზე. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა რომელიმე მინისტრს მინისტრობიდან წასვლის სურვილი გაუჩნდეს. ძირეულ ცვლილებას ახალი წლის შემდეგ ველოდები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.