„თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, შესაძლოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვლენები იმაზე უარესად განვითარდეს , ვიდრე იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში“, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა ის თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიის გარდაქმნის პროცესი მთლიანობაში დადებითად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი ბიძინა ივანიშვილს 23 ოქტომბერს შეხვდნენ.
დიპლომატი, პროფესორი კოტე ჟღენტი თვლის, რომ მხოლოდ ფორმალურად ჰგავს ერთმანეთს უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობა - მხოლოდ იმით, რომ იქაც და აქაც ყოფილი პრემიერ-მინისტრები არიან დაპატიმრებულები.
„სხვა ვერანაირ საერთოს ვერ ვხედავ. როდესაც ამბობენ, რომ ეჭვი ეპარებათ, ხომ არ არის გამოყენებული სასამართლო დევნა პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის კითხვა და კითხვის დასმა ყველას შეუძლია. ეს ჩვეულებრივი ამბავია - საქართველოს ხელისუფლების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებობს მტკიცებულებები და სასამართლოში მიმდინარეობს მისი განხილვა. ახალაიასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სწამს, რომ ახალაია იმ საქმეებში, რომელშიც ბრალი წაუყენეს, დამნაშავე იყო, მაგრამ მოსამართლემ ამ ეპიზოდებში გაამართლა. სხვა რაღა უნდა ბატონ ბილდტს?“, - აცხადებს კოტე ჟღენტი.
ექსპერტი არჩილ გამზარდია უკრაინასათან პარალელების გავლების კუთხით საერთოს ვერაფერს ხედავს და თვლის, რომ საქართველოში სრულიად სხვა მოცემულობაა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში კი სრულიად სხვა ასპექტები და მიდგომები არსებობდა.
რას ნიშნავს, როდესაც დასავლელი დიპლომატი ასეთ წინაპირობას გვიყენებს, მუქარაა ეს გაფრთხილება თუ პრევენციული განცხადება, იმისათვის რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეცდომა არ დაუშვას? - ქართველი ექსპერტები, დიპლომატები და პოლიტიკოსები თვლიან, ეს სხვა არაფერია თუ არა, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევა.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება მომდევნო რამდენიმე წელი, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას“, - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. უფრო მეტიც - კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოში არსებობს „შურისძიების პოლიტიკის“ საფრთხე და ხედავს კიდეც შურისძიების პოლიტიკის ტენდენციებს. მისივე განმარტებით, ათიოდე დღის წინ, საქართველოში ვიზიტისას, მან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ პირდაპირ უთხრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, რომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა.
კოტე ჟღენტი თვლის, რომ როდესაც სხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი პირობად აყენებს იმას, რომ „თუ სააკაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყება...“, ეს არის აბსოლუტურად არაკორექტული გამონათქვამი, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი.
„დიპლომატიასა და საერთაშორისო ნორმებთან ამას არაფერი საერთო არ აქვს, რადგან ეს არის ჩარევა სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეში, რადგან გამოძიების დაწყება პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა. რა იცის უცხოელმა, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ გამოძიება დაიწყება, როგორ დამთავრდება და რა შედეგს მოიტანს?! არანაირად არ ჯდება ასეთი გამონათქვამები დიპლომატიურ ნორმებში.
მეორეც, არაკორექტულია როდესაც ორი სახელმწიფოს მეთაური კონკრეტულ თემაზე მსჯელობს, შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ამ თემებზე ინტერვიუში საუბრობს. დავუშვათ, ისაუბრეს, ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ არის მისი კომპეტენცია, ვინმე დამნაშავეა თუ არა. იმიტომ მოვიშორეთ ძველი ხელისუფლება, რომ სწორედ ასეთ რამეს აკეთებდა - პოლიტიკა ერეოდა სახელმწიფო სამართლის საქმეში. ახლა, ჩვენთან ასეთი ჩარევა არ ხდება. კეთილი ინებონ, დაელოდონ და თუ პრეტენზია გაუჩნდებათ გამოძიების მიმართ, მაშინ შეიძლება საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან“, - აცხადებს კოტე ჟღენტი.
როგორც არჩილ გამზარდია განმარტავს, საქმე ისაა, რომ ჩვენ ერთი მხრივ, ეს შეგვიძლია, მივიღოთ როგორც გარკვეული მინიშნება ან რეკომენდაცია, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, მივიღოთ როგორც ზეწოლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუციებზე.
„ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ორივე მიდგომა სრულიად ლეგალურია, მაგრამ მოცემულობა, რომ „თუ სააკაშვილის წინააღდეგ გამოძიება დაიწყება, ამას მძიმე ზეგავლენა მოჰყვება“, შესაძლოა დიპლომატიურ შანტაჟსაც წააგავდეს“, - აცხადებს გამზარდია.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო შორსაც მიდის და ითვლის საქართველოში ვინ რამდენი ხნით ჰყავთ დაკავებული და ვისი საქმის განხილვა როდისთვის არის დაგეგმილი.
„თუ არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში განიხილება - წესიერ სასამართლოში, ეს ერთია, მაგრამ როცა გვაქვს პოლიტიკური ასპექტები, ხალხი დაკავებული გყავს საკმაოდ დიდი ხნით, სასამართლოში საქმის განუხილველად, ამას შურისძიების პოლიტიკის სუნი უდის და ეს არ არის გამართლებული გზა“, - აცხადებს კარლ ბილდტი.
კოტე ჟღენტი თვლის, რომ ეს ბილდტის შეხედულებაა, „მე და კიდევ ძალიან ბევრი ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით“.
არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მტკივნეული პროცესია და ცხად მოცემულობას ითხოვს, როდესაც მმართველი პირების მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოებითი პროცესი, რადგან სააკაშვილმაც თავისი მოღვაწეობა დაიწყო შევარდნაძისდროინდელი მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებით, ოღონდ მაშინ რატომღაც ასეთი გამოძახილი არ გვქონია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
„თანაც საქმე ისაა, რომ ყველა ხელისუფლებას აქვს სრული რესურსი, წინა ხელისუფლების დევნა ისე შეფუთოს, რომ კრიმინალებად გამოიყვანოს. ამიტომ პრეზიდენტის შემთხვევაში უნდა დაიდოს ცალსახა მოცემულობა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტებიც აღიარებენ. თუ მტკიცებულებები იქნება ცალსახა, მაშინ კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს პრეზიდენტიც, პრემიერიც და რიგითი ადამიანიც. წინააღმდეგ შემთხვევში ბუნებრივია ეჭვევი გაჩნდება“, - მიიჩნევს გამზარდია.
მართლაც საინტერესოა, რა ამოძრავებს ზოგიერთ დიპლომატს - თუ მხოლოდ საქართველოსადმი კეთილი სურვილები, საკითხავია, სად იყვნენ და რას ელოდებოდნენ, თუნდაც ერთი წლის წინ, როდესაც საქართველოში თითქმის ყველა დემოკრატიული ღირებულება ფეხქვეშ ითელებოდა, ილახებოდა ადამიანის უფლებები, იზღუდებოდა თავისუფლება...
კოტე ჟღენტი: „მე ვერ განვსაზღვრავ და ვერ ვიტყვი, რა დგას ბატონი ბილდტის ამ განცხადებების უკან, ასეთ შემთხვევაში მე უნდა დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმპფცია, ბატონ ბილდტს ხელი რომ დავადო იმაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც კავშირების გამო აცხადებს ამას - მე ამას ვერ ვიტყვი, რადგან ამისი დასაბუთება არ გამაჩნია“.
იმ საქმეებიდან რაც უკვე წარმოებაშია, იგრძნობა თუ არა, რომ არსებობს შურისძიების ელემენტები, ექსპერტები თვლიან, რომ როდესაც ამ თემაზე ნაციონალების უცხოელი მეგობრები საუბრობენ, ეს უფრო მეტ ეჭვებს აჩენს.
„როდესაც პირველად დაიწყო პროცესები ძალიან რადიკალური განცხადებები კეთდებოდა და იყო რისკი იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს საზოგადოების პოზიცია ძალიან მკვეთრად დაუპირისპირდა ერთმანეთს. რაც შეეხება ასე სახელების დარქმევას, საერთაშორისო საზოგადოების, მით უმეტეს იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც მეგობრობენ და პირადი კონტაქტები აქვთ სააკაშვილთან ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აქ უფრო მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება“,- აცხადებს არჩილ გამზარდია.
ევროპელი დიპლომატების განცხადებებს ლიტვაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც ეხმაურება და აცხადებს: „მინდა დავამშვიდო ევროპა, საქართველოში კონსტიტუცია და კანონი დაცული იქნება ყველას მიმართ და პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნა გამორიცხულია“.
შვედი დიპლომატის ამ განცხადებას ზოგიერთი არასაპარლამენტო პარტიაც გამოეხმაურა, მაგალითად, პარტია „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე, თეიმურაზ მურვანიძე თვლის, რომ გარკვეული ლობისტური კომპანიები ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპის საზოგადოება და შეაფერხონ ჩვენი საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე გამოძიების პროცესი.
ის ასევე მოუწოდებს ევროპარლამენტის, ევროკავშირის და სხვა ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებმა პატივი სცენ სახელმწიფო სუვერენიტეტს და თავი შეიკავონ სრულიად უპასუხისმგებლო და დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელი განცხადებებისაგან.
უნდა მიიღოს თუ არა ქართულმა მხარემ მსგავსი განცხადებები მტკივნეულად, ამას ქართული საზოგადოების რეაქცია გვჩვენებს. არჩილ გამზარდია კი თვლის, რომ უკეთესი იქნება, თუ ყოფილი ხელისუფლება და მათი უცხოელი მეგობრებიც ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდებიან.
არჩილ გამზარდია: „ამ ყველაფერს სრულიად სხვაგვარად უნდა შევხედოთ, როდესაც ამა თუ იმ პირის მიმართ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, უმჯობესია, ამ ადამიანების მიმართ დაიწყოს სამართალწარმოებითი პროცესი, რომ ისინი საბოლოოდ გამართლდნენ ან გამტყუნდნენ - საზოგადოების ეჭვი დადასტურდეს ან გაბათილდეს.
ჩვენ შეგვიძლია ეს ჩავთვალოთ არა შევიწროებად, არამედ შესაძლებლობად. ის აზრი, რაც დღეს საზოგადოებაში ტრიალებს, ადასტურებს სწორედ იმას, რომ საზოგადოებას ისინი კრიმინალებად მიაჩნია, ამიტომ მათსავე ინტერესში უნდა იყოს, სამართალწარმოებითი პროცესების დაწყება. საქართველოს მოსახლეობას სრული უფლება აქვს წარმოადგინოს საკუთარი ხედვა ლიდერების მიმართ და საქართველოს ახალი ხელისუფლება ვალდებულია, მას გასცეს პასუხი. დამოუკიდებელი სასამართლოს პოზიცია კი საქართველოს ხელისუფლებამაც და საერთაშოერისო საზოგადოებამაც კეთილი ინებოს და უნდა გაითვალისწინოს“.