ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, ეკონომისტებისა და საინფორმაციო საშუალებების აქტიური განსჯის საგანია ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრი შემცირების მიზეზები, შედეგები, ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და გასატარებელი ღონისძიებები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2013 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამისი კვარტლის მიმართ შეადგინა 2,4%, ხოლო 2013 წლის II კვარტალში 1,5%. შესაბამისად, 2013 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა შეადგინა 1,9%, ანუ დაახლოებით 3,9–ჯერ ნაკლები – 2012 წლის შესაბამის პერიოდში მიღწეულ დონესთან (7,5%) შედარებით. ამასთან, საქსტატის წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2013 წლის III კვარტალში შეადგინა 1,3%, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვეში 1,7%, ანუ დაახლოებით 4,4–ჯერ ნაკლები – 2012 წლის პირველ ცხრა თვეში მიღწეულ დონესთან (7,5%) შედარებით.
ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების მიზეზები
ეკონომიკური აქტივობის დაცემისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების მკვეთრი შემცირების სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ დღევანდელი და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე მათი მხარდამჭერი ეკონომისტები.
არსებული ხელისუფლება და მეცნიერ–ეკონომისტების დიდი ნაწილი ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ძირითად მიზეზებად მიიჩნევეს: 1. გარდამავალი პერიოდით განპირობებულ სტრუქტურულ ცვლილებებს; 2. წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ–ინტეგრირებული და შესაბამისად, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალ გარემოში მუშაობას მიუჩვეველი ნომენკლატურული ბიზნეს–მონოპოლიების არსებობას; 3. ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ თამაშის ახალ წესებთან (იგულისხმება ბიზნესის გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან და კონკურენციის პირობებში საქმიანობა) ბიზნესის ადაპტირებისათვის გარკვეული პერიოდის აუცილებლობას; 4. ფულის დეფიციტს; 5. პრეზიდენტის ცალკეულ განცხადებებს, აგრეთვე პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებით პარლამენტის მიერ მიღებული რიგი კანონების დაბლოკვას და ამით განპირობებულ ნეგატიურ გზავნილებს ადგილობრივი მეწარმეთათვის, ხელისუფლების ამა თუ იმ შტოში დასაქმებული წინა ხელისუფლების მხარდამჭერთათვის, უცხოელი ინვესტორებისათვის და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური წრეებისათვის; 6. კოჰაბიტაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას და ა. შ..
წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ძირითად მიზეზებად ასახელებენ: 1. ახალი ხელისუფლების მიერ აღებულ სოციალურ ვალდებულებებს; 2. რეგულაციების გამკაცრებას; 3. გაურკვეველ მოლოდინებსა და არაპროგნოზირებად გარემოს; 4. პრემიერ–მინისტრის განცხადებას უახლოეს მომავალში გადადგომის შესახებ; 5. პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მასთან დაკავშირებულ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას და ა. შ..
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ–მინისტრის განცხადება უახლოეს მომავალში გადადგომის შესახებ, როგორც ჩანს, სხვა მიზეზებთან ერთად, განპირობებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურით, პოლიტიკურ ძალთა განწყობა–განლაგებით, საგარეო ფაქტორებით და ნებისმიერ შემთხვევაში მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული გარკვეული ძალების დაშოშმინება–განეიტრალებას და ქვეყანაში მაქსიმალურად სტაბილური პოლიტიკური ვითარების შენარჩუნებას. შესაბამისად, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს აღნიშნული განცხადების ტენდენციური შეფასება: ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებში არასტაბილურობის განცდის ამაღლებისა და პოტენციური ინვესტორების მოლოდინების გახანგრძლივების კუთხით. სტაბილური პოლიტიკური ვითარების შენარჩუნება ხომ გრძელვადიანი პოზიტიური განწყობა–მოლოდინების ჩამოყალიბებისა და ბიზნეს–სექტორის აღორძინების ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა.
ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ 2013 წლისათვის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ზოგიერთ ძირითად მიზეზს:
1. წინა ხელისუფლებამ არსებით წარმატებას მიაღწია სამეწარმეო სექტორის დაშინება–დაქვემდებარებისა და მსხვილ ბიზნესთან ინტეგრირების სფეროში. სამეწარმეო სექტორისადმი შერჩევითი მიდგომის დამკვიდრების შედეგად ბიზნესის მომგებიან სეგმენტებში (სახელმწიფო ტენდერებზე ორიენტირებული სფეროები, განსაკუთრებით კი სამშენებლო სექტორი, აგრეთვე იმპოერტ–ექსპორტის სფერო, საბანკო–საფინანსო სექტორი, ფარმაცევტული მომსახურება, ენერგეტიკა და ნავთობ–პროდუქტების მიწოდება და ა. შ.) გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვეს სასათბურე პირობებში მყოფმა მსხვილმა მონოპოლიურმა გაერთიანებებმა, რამაც გამოიწვია არაეფექტიანი, მაღალ–დანახარჯიანი ბიზნეს–სტრუქტურების აღზევება და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელისშემშლელი გარემო–პირობების ფორმირება. საბოლოო ანგარიშით კი, არსებითად დამახინჯდა მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა, ვინაიდან გაიზარდა იმ სექტორების ხვედრითი წილი, რომლებშიც დასაქმებული ნომენკლატურულ–მონოპოლიური ფირმები ხელისუფლებასთან ტანდემში ხელოვნურად ზრდიდნენ წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებს და მზა პროდუქციის ღირებულებას.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფორმირებული ახალი მთავრობის განცხადებამ ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობისადმი მხარდაჭერის, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნისა და კონკურენციის განვითარებს–გაღრმავების შესახებ, როგორც ჩანს, არსებითი ხასიათის დისონანსი შეიტანა წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენთა გეგმებში.
მთავრობის აღნიშნული განცხადება ნომენკლატურული ბიზნესისათვის წარმოადგენს შეტყობინებას ”თამაშის წესების“ რადიკალური შეცვლის შესახებ. პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში, ნომენკლატურულ ბიზნესს რჩება სამი გზა: პირველი, ადაპტირდეს ახალ გარემო–პირობებთან და დაემორჩილოს თამაშის ახალ წესებს, მეორე, შეწყვიტოს საქმიანობა და მესამე, კაპიტალი გაიტანოს უცხოეთის იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლების ”ქოლგის“ ქვეშ გააგრძელებს ჩვეულ საქმიანობას.
საქართველოში, ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპზე, გამოიკვეთა სიტუაცია, რომელიც ცხადყოფს, რომ ნომენკლატურული ბიზნესის ერთი ნაწილი (წინა ხელისუფლებასთან ყველაზე მჭიდროდ, მ. შ. სულიერ–იდეურად ინტეგრირებული) საერთოდ ცდილობს ბიზნესის უცხოეთში გატანას, მეორე ნაწილი (ნაკლებ პოლიტიზებული, ამასთან ყველაზე მარიფათიანი და მოქნილი აზროვნების მქონენი) ახალ მმართველ ძალასთან ინტეგრირების იმედს არ კარგავს, მასთან მისასვლელ გზებს ეძებს, რათა ძველებურად, ჩვეულ სტილში გააგრძელოს ”მოღვაწეობა“ საკუთარი მონოპოლისტური მადის დასაკმაყოფილებლად, მესამე ნაწილი (ასევე ნაკლებ პოლიტიზებული, მაგრამ შედარებით პრაგმატული და ინსტიტუციური ცვლილებებისთვის მზადმყოფი) კი, მოლოდინის რეჟიმშია გადასული და გაფაციცებით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას სამთავრობო პრიორიტეტების განსაზღვრისა და საკანონმდებლო–ინსტიტუციური ცვლილებების სფეროში.
ნომენკლატურული ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლების აღნიშნული ქცევა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და გვევლინება წარმოების მოცულობის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემის მნიშვნელოვან ფაქტორად.
გარდამავალ პერიოდში სამეწარმეო სექტორის გარკვეული დეზორგანიზაცია და ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება ლოგიკურია, ვინაიდან საზოგადოების სოციალურ–ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები განაპირობებს გარკვეული კორექტივების შეტანის აუცილებლობას ფასეულობებსა და დასახულ გეგმებში, ასევე იცვლება განწყობილება–მოლოდინებიც. 2003 წლის ნოემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც, ახალი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ”თამაშის წესების“ შესაბამისად ნომენკლატურული ბიზნესის გადაწყობამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეული გაუარესება: საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2003 წლის 11,1%–დან 2004 წლისათვის დაეცა 5,9%–მდე.
2. 2013 წლისათვის ზედაპირზე ამოტივტივდა წინა წლებში მსესხებლების მიმართ კრედიტორების მიერ განხორციელებული მძარცველური პოლიტიკის შედეგები. როგორც პრესის საშუალებებით გაიჟღერა, ათეულობით ათას ოჯახს ემუქრება საკუთარი ბინიდან გამოსახლება. აღნიშნული გარემოების საფუძველზე ჩამოყალიბებული უარყოფითი განწყობა–ემოციები განაპირობებს კრედიტებზე მოთხოვნის შემცირებას როგორც მცირე და საშუალო მეწარმეების, აგრეთვე მომხმარებლების მხრიდან, რაც თავის მხრივ იწვევს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას.
3. 2013 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო დანახარჯების სფეროში ობიექტური მიზეზებით განპირობებულმა შეფერხებამ, ანუ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კუთხით გარკვეულმა შეყოვნებამ და შესაბამისად, პროფიციტული საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებამ, თავის მხრივ შეამცირა ერთობლივი მოთხოვნის მოცულობა. თუმცა ამაში ახალი მთავრობის დადანაშაულება არაკორექტულია. არცერთი პასუხისმგებლური მთავრობა ვერ მისცემდა საკუთარ თავს სახელმწიფო შეკვეთების შესრულებაზე ორიენტირებული და წინა ხელისუფლებასთან (ახალი ხელისუფლებისა და მისი ამომრჩევლების მიერ დანაშაულებრივად მიჩნეულის) მჭიდროდ ინტეგრირებულ–შეთვისებული ნომენკლატურული ბიზნესის დაფინანსების უფლებას. ეს იქნებოდა ერთის მხრივ, წინა ხელისუფლების პოლიტიკური სტრუქტურებისა და მათი წარმომადგენლების სახელმწიფოს ხარჯზე დაფინანსების პოლიტიკის, მეორეს მხრივ კი, არაეფექტიანი და მიზანშეუწონელი პროექტების დაფინანსების გაგრძელება.
ბიუჯეტის შემუშავება–დამტკიცებისას, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით 2013 წლისთვის მოსალოდნელი პრობლემების პროგნოზირება–გათვალისწინებაში, ახალ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ხელი შეუშალა 2012 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში არსებულმა მწვავე პოლიტიკურმა ვითარებამ და ფორსმაჟორულმა სიტუაციამ. არადა აღნიშნული პრობლემების განჭვრეტა–გათვალისწინება შესაძლებელს გახდიდა ბიუჯეტის სხვა პარამეტრების ისეთი ცვლილებას (მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსების გაფართოებას, აგრეთვე თვეში 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისათვის დაუბეგრავი მინიმალური ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის არგადახდევინებას და არა მისი დაბრუნების გადავადებას 2014 წლისათვის), რაც არ დაუშვებდა, ან მნიშვნელოვნად შეარბილებდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეყოვნებით განპირობებულ ერთობლივი მოთხოვნის დაცემას 2013 წლის მანძილზე.
4. ეკონომიკური აქტივობის ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება დეფლაცია. IS-LM ერთობლივი მოთხოვნის მოდელის თანახმად როგორც მოულოდნელი, აგრეთვე მოსალოდნელი დეფლაცია იწვევს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას, რაც განაპირობებს IS მრუდის მარცხნივ გადაადგილებას, შესაბამისად კი ეროვნული შემოსავლის შემცირებას.
საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის სექტემბერში 2012 წლის სექტემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით ინფლაციის დონემ –1,3 პროცენტი, ხოლო წინა თვესთან შედარებით –0,1 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2013 წლის სექტემბრისთვის 2012 წლის დეკემბერთან შედარებით დეფლაცია –1,1 პროცენტია. საშუალოწლიური ინფლაციაც ბოლო 5 თვეა დაახლოებით –0,8 პროცენტია. როგორც ვხედავთ, ნებისმიერი შეფასებით სახეზეა სამომხმარებლო ფასების დეფლაცია, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 7 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 6 პროცენტიან მიზნობრივ დონეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, დეფლაციის მიზეზებია:
ა) მიწოდების სფეროში მიმდინარე ცვლილებები, კერძოდ: სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება, საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახადების შემცირება, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების შემცირება, მოგების მარჟების შემცირება და ა. შ.;
ბ) მოთხოვნის სფეროში არსებული ვითარება, კერძოდ: ინვესტიციური მოთხოვნის შემცირება, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება ბოლო სამი წლის მანძილზე, გაცვლითი კურსის გამყარება და ა. შ.;
გ) ფინანსური ასპექტები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის შენელებისა და რისკების გაზრდის კვალდაკვალ, საბანკო სექტორის საკრედიტო აქტივობის შემცირება.
დეფლაციის გამომწვევ აღნიშნულ მიზეზებს შორის მითითებული არ არის მონეტარული ფაქტორი. ეკონომიკურ თეორიაში დასაბუთებულია, რომ ინფლაციის გაღრმავებისა და დროში გახანგრძლივების მიზეზს, მიუხედავად მისი გამომწვევი ფაქტორებისა, ყოველთვის წარმოადგენს ფულის მასის გადიდება. ანალოგიურად, დეფლაციაც, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზებისა, დიდხანს ვერ გაგრძელდება ფულის მასის შესაბამისი შემცირების გარეშე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის (M0) მოცულობა 2012 წლის დეკემბერთან (1550028 ათასი ლარი) შედარებით 2013 წლის პირველ კვარტალში შემცირდა 132,9 მილიონი ლარით და შეადგინა 1417119 ათასი ლარი, შემდეგ მეორე კვარტალში გაიზარდა 71,9 მილიონი ლარით და შეადგინა 1489096 მილიონი ლარი, რის შედეგადაც ივნისის ბოლოსთვის მისი მოცულობა 60,9 მილიონი ლარით ჩამორჩება 2012 წლის დეკემბრის მაჩვენებელს.
ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკა ხასიათდება ერთგვარი კანონზომიერებით: ყოველი წლის საწყის თვეებში ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის მოცულობა ჩამორჩება წინა წლის დეკემბრის თვის მაჩვენებელს. ასე მაგალითად, 2009 წელს აღნიშნული ჩამორჩენა გრძელდებოდა 7 თვე (იანვარ–ივლისის პერიოდში), 2010 წელს 4 თვე (იანვარ–აპრილში), 2011 წელს მთელი 11 თვის, ანუ იანვარ–ნოემბრის მანძილზე (სწორედ 2011 წლიდან დაიწყო საქართველოში დეფლაციური პროცესების განვითარება), 2012 წელს 7 თვე, 2013 წელს კი 6 თვე. ფულის მასის ასეთი დინამიკა ლოგიკურია, ვიანაიდან ეკონომიკური აქტიურობა შედარებით დაბალია წლის პირველ ნახევარში, იზრდება მეორე ნახევარში და პიკს აღწევს მეოთხე კვარტალში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კანონზომიერების ფარგლებშიც, ზოგჯერ აუცილებელია კორექტივების შეტანა – ეკონომიკაში არსებული ვითარების გათვალისწინებით. ე.ი. როცა მოსალოდნელია ინფლაციური პროცესების გაღრმავება მაშინ, რა თქმა უნდა, წლის საწყის პერიოდში გამართლებულია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის შემცირება, მაგრამ მაშინ როცა სახეზეა დეფლაცია ასეთი პოლიტიკის განხორციელება ყოვლად მიუღებელია.
2010 წელს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მაჩვენებელი (11,2%) ერთ–ერთი ყველაზე მაღალი იყო ბოლო ათი წლის მანძილზე. 2011 წლისთვის გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის ტემპი დაეცა 2%–მდე, ანუ 4%–ით ჩამორჩა მიზნობრივ მაჩვენებელს. 2012 წლის საწყისი 7 თვისა და მიმდინარე წლის საწყისი 6 თვის მანძილზე მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შემდგომმა შემცირებამ გამოიწვია დეფლაციური პროცესების გაღრმავება და დეფლაციის მაჩვენებელმა 2012 წელს შეადგინა –1,4%, ხოლო 2013 წლის სექტემბერში –1,1% (2012 წლის დეკემბრის მიმართ). 2010–2013 წლებში ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა ცხადყოფს ამ წლებში განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის არამართებულობას.
დეფლაციის პირობებში ბანკებს გარეთ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შემცირება ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ აქვს ადგილი დეფლაციის პროცესის ხელოვნურ წახალისებას. ბოლო პერიოდში, ეკონომისტების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან, ყურადღება მახვილდება ფულის დეფიციტზე, როგორც დეფლაციის მთავარ და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის შემცირების ერთ–ერთ მიზეზზე, რაც უდაო ჭეშმარიტებაა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ძირითად საშუალებად სამართლიანად განიხილება ფულის მასის ზრდა. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩება ის პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება ფულის მასის ზრდისას გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად. გაცვლითი კურსის ცვლილება თავისთავად საფრთხეს არ წარმოადგენს. პრობლემაა ის, რომ საფრთხე ემუქრება სტაბილურ გაცვლით კურსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას: ა) საერთაშორისო საფინანსო–ეკონომიკური თუ ტრანსნაციონალური ორგანიზაციების წინაშე; ბ) უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების გადახდისუნარიანობისა და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის სფეროში; გ) საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გარკვეული მოცულობის შენარჩუნების კუთხით; დ) აგრეთვე მთავრობის იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც უკავშირდება სათბობ–ენერგეტიკულ რესურსებზე, კერძოდ გაზზე და ნავთობზე, სტაბილური ტარიფების შენარჩუნებას და ა. შ..
ამრიგად, მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების შედეგად გაცვლით კურსების ცვლილება საფრთხეს უქმნის სტაბილურ გაცვლით კურსებზე დამყარებულ ფინანსურ სტაბილურობას და შესაბამისად, პრობლემურს ხდის დეფლაციის აღმოსაფხვრელად ეფექტიანი ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ აუცილებელია ამ სფეროში ადექვატური გადაწყვეტილებების მიღება, რადგან დეფლაცია ისეთივე საშიში მოვლენაა, როგორიცაა მაღალი და არასტაბილური ინფლაცია.
დეფლაცია ნიშნავს სამეწარმეო საქმიანობიდან და განხორციელებული ინვესტიციებიდან დაგეგმილზე ნაკლები ფულადი შემოსავლისა და ნაკლები ფულადი მოგების მიღებას, შესაბამისად ნიშნავს მოგების დაგეგმილი საშუალო ნორმის ვერმიღებას, რაც თავისთავად ამცირებს შემდგომ ინვესტიციურ მოთხოვნას.
დეფლაცია განაპირობებს მსესხებლების მიერ ადრე აღებული და მიმდინარე ეტაპზე დასაბრუნებელი კრედიტების გაძვირებას – პროცენტის რეალური განაკვეთის ამაღლების შედეგად, რაც ამცირებს მათ მიერ მისაღებ მოგების ნორმას და/ან აუარესებს მათ ფინანსურ მდგომარეობას. აღნიშნულის შედეგად, დეფლაცია უარყოფითად აისახება ერთობლივ მოთხოვნაზე (შემცირდება როგორც ინვესტიციური, აგრეთვე სამომხმარებლო მოთხოვნა).
გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტსაც, რომ დეფლაციის შედეგად, მიკროდონეზე მოგების საშუალო ნორმის დეფლაციამდე არსებული დონის უზრუნველმყოფი ზღვრული დანახარჯები მეტი აღმოჩნდება ზღვრულ შემოსავალზე, შესაბამისად, დეფლაციის შედეგად ცალკეული ფირმისთვის მცირდება ზღვრული დანახარჯების ის დონე, რომლის დროსაც მისი ერთობლივი მოგება აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობას, რაც განაპირობებს წარმოების მოცულობის საყოველთაო (მაკროდონეზე) შემცირებას.
ინფლაციის გარკვეული ზომიერი დონის არსებობა აუცილებელია ეკონომიკის, განსაკუთრებით კი რიგი პოსტკომუნისტური და/ან განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების შეუფერხებელი განვითარებისათვის. აღნიშნულ ქვეყნებში მაღალი უმუშევრობის დონის პერმანენტული არსებობის შედეგად სამუშაო ძალის მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია მოთხოვნადი პროფესია და/ან შესაბამისი კვალიფიკაცია. ასეთ პირობებში პროდუქციის წარმოების მოცულობის გადიდება მიიღწევა:
ა) დასაქმებული მუშახელის კვალიფიკაციისა და უნარ–ჩვევების, შესაბამისად მათი მწარმოებლურობის ამაღლებით. საშუალო ხელფასისა და მწარმოებლურობის თანაბარი პროპორციით ზრდის შემთხვევაში პროდუქციის ერთეულზე დანახარჯები დარჩება უცვლელი და საფუძველი არ არსებობს ფასების ზრდისათვის. თუმცა სხვადასხვა ობიექტური მიზეზების, მაგალითად, შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესება–გაადამიანურებისა და პროფკავშირების გააქტიურების, აგრეთვე კვალიფიციური მუშახელის გადასაბირებლად კონკურენციის გაღრმავების შედეგად, საშუალო ხელფასი მწარმოებლურობის ამაღლებასთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით დროგამოშვებით აუცილებლად გაიზრდება, რაც განაპირობებს პროდუქციის ერთეულზე დანახარჯების ზრდას, შესაბამისად კი ფასების დონის გარკვეული ზრდის აუცილებლობას.
ბ) დაბალკვალიფიცირებულ უმუშევართა დასაქმებითა და მათ სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე დანახარჯების გაწევით, რაც ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს პროდუქციის ერთეულის წარმოებაზე გაწეული დანახარჯების გადიდებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ფასების საერთო დონის ზრდის აუცილებლობას.
გ) გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროდუქციის გამოშვების გადიდება მოითხოვს ნედლეულის ახალი წყაროების და გასაღების ახალი ბაზრების მოძიებას, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია დამატებით დანახარჯებთან. შესაბამისად იზრდება პროდუქციის ერთეულზე დანახარჯებიც, რომლის ასანაზღაურებლად აუცილებელია ფასების დონის ზრდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევებშია მითითებული, ეროვნული ბანკი შერბილებული მონეტარული პოლიტიკის, ანუ საკრედიტო რესურსების დაბალი რეფინანსირების განაკვეთებით მიწოდების გზით ხელს უწყობს საკრედიტო რესურსების გაიაფებასა და კომერციული ბანკების განკარგულებაში დიდი მოცულობით მოკლევადიანი ლიკვიდური საშუალებების დაგროვებას. მიუხედავად ამისა, კომერციული ბანკები და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენელნი სათანადოდ არ აქტიურობენ საფინანსო–საკრედიტო ბაზარზე, რაც განპირობებულია მათი მხრიდან რისკისადმი შემცირებული მიდრეკილებით. ამის მიზეზი ისაა, რომ გახანგრძლივებული რეცესიის ფონზე იზრდება გაკოტრებისა და გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობის რისკები. ამიტომ როგორც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე კომერციული ბანკებიც მოლოდინის რეჟიმში არიან გადასულები. რეფინანსირების სესხების მოკლევადიანობაც არანაირად არ უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემის კრედიტუნარიანობის ამაღლებას (თუნდაც ფინანსური ბაზრების სათანადო დონეზე განუვითარებლობის შედეგად). შესაბამისად, რეფინანსირების პოლიტიკამ ფასების დონეზე და ეკონომიკურ აქტივობაზე სასურველი ზეგავლენა შესაძლოა მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში მოახდინოს, ანუ ეროვნული ბანკის აღნიშნული პოლიტიკა პრაქტიკულად არ აისახება ბიზნეს–სექტორის მიმდინარე აქტივობაზე.
ამრიგად, საბანკო სისტემაში მაღალი ლიკვიდურობის არსებობის პირობებში, ლიკვიდურობის ზრდისკენ მიმართული რეფინანსირების პოლიტიკა ფუჭია და საჭიროა მონეტარული პოლიტიკა მიმართულ იქნას უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდისკენ. ე.ი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მონეტარული პოლიტიკის ისეთი ინსტრუმენტები, რომლებივ უზრუნველყოფენ რესურსების უშუალოდ ეკონომიკის სუბიექტებისათვის მიწოდებას და ამ გზით ერთობლივი მოთხოვნის, როგორც ინვესტიციურის, აგრეთვე სამომხმარებლოს წახალისებას. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს კომერციული ბანკების მხრიდან რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის ზრდის მიზნით. მაგალითად, ამის მისაღწევად იგი ახორციელებს საბანკო სისტემის ჭარბი ლიკვიდობის სტერილიზაციას სადეპოზიტო სერთიფიკატების მიყიდვის გზით. როგორც კომერციული ბანკების, აგრეთვე ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლების მხრიდან შემცირებული აქტივობის ფონზე ასეთი პოლიტიკის ეფექტიანობა საეჭვოა. ლიკვიდური საშუალებების ასეთი გადათამაშების შედეგად ფულის ბაზარზე და შესაბამისად, ეკონომიკაში თვისობრივი თვალსაზრისით არაფერი იცვლება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ კომერციული ბანკების მიერ სადეპოზიტო სერთიფიკატებზე მაღალი მოგების მიღებას. ასეთი პოლიტიკა კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობას დიდი ალბათობით კიდევ უფრო შეამცირებს, რადგან ქვეყანაში არსებული რეცესიის ფონზე, სადეპოზიტო სერთიფიკატებიდან ისედაც გარანტირებული შემოსავლების მიღების შედეგად, შესაძლოა მათ თავი შეიკავონ ბიზნესის სფეროს დაკრედიტებასთან დაკავშირებული რისკების გაწევისგან.
ეროვნული ბანკის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი, ”ეკონომიკაში მიმდინარე რეალური ძვრების“ შედეგად, მიზნობრივ დონეს მიაღწევს 2014 წლის მეორე ნახევარში. აქედან შეიძლება შემდეგი დასკვნების გაკეთება:
- თუ ეს სიმართლეა და მიმდინარე ეტაპზე მაინც არაფერი არ შეიცვლება, მაშინ საერთოდ რა საჭიროა რეფინანსირების განაკვეთის პერმანენტული შემცირება, უფრო სწორედ იმის ჩვენება, რომ მისი შემცირებით რაღაც ზომებს მივმართავთ.. ჯერჯერობით ხომ აღნიშნული პოლიტიკის გავლენა დეფლაციაზე პრაქტიკულად ნულოვანია. თუკი ჭეშმარიტებაა ის, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონემდე ”ეკონომიკაში მიმდინარე რეალური ძვრების“ შედეგად ისედაც გაიზრდება, მაშინ ხომ არ ჯობია ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის რეფინანსირების კრედიტების გაცემის შეწყვეტა.
- იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წლის მეორე ნახევარიდან ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურებისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლების შედეგად ინფლაციის მაჩვენებელიც მიზნობრივ დონეს მიაღწევს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ დინების მიმართულებით აპირებს ცურვას, შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე არ გეგმავს არანაირი ეფექტიანი ანტიდეფლაციური პოლიტიკის განხორციელებას და კმაყოფილდება მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის არაფრისმომცემი შემცირებით. ამაში არის რაღაც ლოგიკა (თუნდაც პიარის თვალსაზრისით), მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ეკონომიკის განვითარებისათვის ეგზომ მნიშვნელოვანი წელიწადნახევარი ფუჭად იკარგება..
საინტერესოა ეროვნული ბანკი ანალოგიურად თუ შეურიგდებოდა მაღალ ინფლაციას, ანუ საინტერესოა, იგი პროცესებს თვითდინებაზე თუ მიუშვებდა, თუკი ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი 7%–თ გადააჭარბებდა მიზნობრივ 6%–იან მაჩვენებელს და მიაღწევდა 13%–ს (2013 წლის სექტემბრისთვის 2012 წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასების დეფლაცია შეადგენს დაახლოებით –1,1%–ს, ანუ იგი მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩება 7,1 %–ით).