„ჩემი და გიორგის ურთიერთობა მეტწილად ემთხვევა ერთმანეთს, ვიდრე ჩემი და მიშასი“

„ჩემი და გიორგის ურთიერთობა მეტწილად ემთხვევა ერთმანეთს, ვიდრე ჩემი და მიშასი“

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, პროფესორი ვანო მაჭავარიანი გაუწევს კურირებას. ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, ვიდრე ის თანმდებობაზე ოფიციალურად დაინიშნება, მაჭავარიანი მრჩევლის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თუმცა კონკრეტულად რა თანამდებობაზე მოიაზრება ვანო მაჭავარიანის დანიშვნა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

„ამ ეტაპზე ჩვენ არც ერთი თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნული არ ვართ და მომავალში, ბუნებრივია, ვანო მაჭავარიანი წაიყვანს იმ მიმართულებას, რომელსაც კურირებდა მანამდეც - ესაა საგარეო პოლიტიკა“, - ეს განაცხადება მარგველაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამ შეხვედრას გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ვანო მაჭავარიანიც ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატებთან შეხვედრას არჩეულ პრეზიდენტთან ერთად არ ესწრებოდა საგარეო საქმეთა ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, რომელიც ირწმუნება, რომ მინისტრთა კაბინეტში ძირეული ცვლილება არ იქნება. კითხვაზე დარჩება თუ არა ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ასე პასუხობს: „მე მგონია, რომ დავრჩები“. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალ ხელისუფლებაში ახალი სახეებია საჭირო. მათივე განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი წარუმატებელი უწყებაა ივანიშვილის ხელისუფლებაში.

თავად ვანო მაჭავარიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტთან ერთად გაგრძელდება ის მუშაობა, რომელიც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასთან ასოცირებას და ორმხრივ ურთიერთობებს.

ახლად არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თქვენ საკამოდ მნიშვნელოვან თანადებობას იკავებთ და უხელმძღვანელებთ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას. რამდენად რთული მიმართულების კურატორობა გერგოთ?

ვანო მაჭავარიანი: ექსპერტთა ჯგუფმა საარჩევნო პერიოდში განვლეთ ისეთი თემები, როგორიც იყო საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების თემები. ამ სამი თვის განმავლობაში, ამ ყველაფერს გიორგისთან ერთად გავდიოდით და შედეგიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი იყო. ამ რეჟიმში ვართ ახლაც. შემოთავაზება იყო გიორგის მხრიდან და თანამშრომლობის ეს პროცესი გრძელდება.

იცით, რომ წინა ადმინისტარცია დაკომპლექტებული და მორგებული იყო ერთი ადამიანის გარშემო. ჩემთვის რთულია ახლა იმაზე საუბარი რა კონკრეტულ თანამდებობაზეა საუბარი. ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტთან და ჩემს კოლეგებთან ერთად გაგრძელდება ის მუშაობა, რომელიც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასთან ასოცირებას, ორმხრივ თუ მრავალმხრივი ურთიერთობებს. რეალურად უნდა შეიქმნას ისეთი გუნდი, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს საგარეო მიმართულების კუთხით წაადგება, ეს არის ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია.

არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ვანო მაჭავარიანი გახდეს ქვეყნის პირველი დიპლომატი? ზოგი ექსპერტი თვლის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას განახლება სჭირდება...

- მნიშვნელოვანი ფიგურაა გიორგი მარგველაშვილი, ჩვენ ბევრი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან, მათ შორის მეგობრული თუ პროფესიული. ამ თვალსაზრისით, კონცენტრირებული ვარ სწორედ იმაზე, რომ გიორგის გარშემო შეიკრიბოს ის გუნდი, როგორც სახელმწიფოს მეთაურს და პრეზიდენტს, მიეცემა იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის გარეთ ურთიერთობაში. ასე რომ, მხოლოდ და ამ მიმართულებით ვარ ახლა კონცენტრირებული. ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და ამაზე მიდის მუშაობა, დანარჩენი ვნახოთ.

ჩაიბარებთ თუ არა ქვეყნის პირველი დიპლომატის თანამდებობას?

- ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საუბარია იმაზე, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომლებიც შეძლებენ მასთან ძალიან ახლო ურთიერთობას და იმ შედეგების დადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყანას.

თქვენ დაწინაურებას გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და  შეფასება უკვე მოჰყვა. ნაწილმა ეს შეაფასამართველი ძალისა დანაციონალური მოძრაობისკოაბიტაციად, ვინაიდან თქვენი ძმა, მიხეილ მაჭავარიანი არისნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი. ცნობილია, რომ ძმებს განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გაქვთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი რამე დისკომფორტს არ შეგიქმნით?

- ჩვენ ვინც გვიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გვაქვს. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ დავრჩენილიყავი იმ ფარგლებში, რასაც ჰქვია საგარეო პოლიტიკური მიმართულება და მემუშავა ამ მიმართულებით. შესაბამისად, არასდროს არ მქონია იმის მცდელობა, რომ ჩავრეულიყავი შიდა პოლიტიკურ თემებში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემოთავაზება მე მივიღე ზურაბ ჟვანიასგან, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამაინი იყო და მასაც კი უარი ვუთხარი. ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან ნორმალური ურთიერთობები, მე მის საქმეებში არ ვერევი და არც ის ერევა განსაკუთრებით ჩემს ურთიერთობებში. თუ რამე შეხება მქონია, ეს იყო სუფთა საგარეო პოლიტიკური კუთხით. მე არასოდეს არ მქონია არანაირი პოლიტიკური თანამდებობა, ყოველთვის გამოვირჩეოდი კრიტიკული შეხედულებებით, მაგრამ არანაირი კრიტიკული აზრი არ იყო გათვალისწინებული წინა ხელისუფლების მხრიდან. მიშასაც ჰქონდა ეს შეხედულება და გარკვეულწილად რეალისტური. ჩვენ, ჩვენ გზები გვაქვს ცხოვრებაში, უფროსი ადამიანები ვართ. ამ შემთხვევაში ჩემი და გიორგის ურთიერთობა, როგორც პროფესიული და პოლიტიკური კუთხით, მეტწილად ემთხვევა, ვიდრე ჩემი და მიშასი.

განსაკუთრებით მძიმე ტვირთი გერგოთ საქართველოს ახალ ხელისუფლებაში. მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს და ზოგადად, სამინისტროს ექსპერტები ერთ-ერთი წარუმატებელ უწყებად აფასებენ ივანიშვილის ხელისუფლებაში. ამის პარალელურად რამდენად რთული იქნება თქვენთვის ამ კუთხით მუშაობა?

- დღეს არის სხვა სურათი, როდესაც არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეალურად არის სახელმწიფოს მეთაური და მას აქვს წარმომადგენლობითი ფუნქცია საგარეო მიმართულებით. ახალი პრემიერი ჰყავს ქვეყანას. ქვეყანამ კოაბიტაციის საკამოდ რთული ერთი წელი დაასრულა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება ყოველთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის შესაძლებლობებში აკეთებდა მაქსიმუმს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს გაუმჯობესდეს. დამიჯერეთ, რომ რთული პერიოდი იყო, ქვეყნის პრეზიდენტს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყო ქვეყნის საგარეო პოლტიკური პროცესის წარმართვაში, ძლიან ხშირ შემთხვევაში, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდიოდა და ამიტომ, ნებისმიერ მინისტრს გაუჭირდებოდა ამ პროცესში განსაკუთრებული შედეგის დადება.

17 ნოემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტი შეუდგება თავის საქმიანობას და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მთავრობასთან კოორდინაციით, ჩვენ უფრო სწრაფად მივიდეთ იმ შედეგისკენ, რასაც ჰქვია ევროპასთან ინტეგრაცია და ჩვენ ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ შორის, იგივე, რუსეთის მიმართულებითაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება საჭირო, ვნახოთ, რა დამატებითი რესურსების მოძიება შეიძლება, ზუსტად პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გამომდინარე იმისათვის, რომ ურთიერთობა გახდეს უფრო მართვადი და აღდგეს ნდობა. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ თემებს.