შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვია. მინისტრმა სამმართველოს უფროს ნუგზარ სუჯაშვილთან და აშშ-ს საელჩოს უფროს მრჩეველთან პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერთან ერთად ტერიტორია დაათვალიერა და სიახლეებს გაეცნო.
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში რებრენდინგი განხორციელდა, სამმართველოს გადაეცა ახალი „შკოდა“–ს და „ტოიოტა ჰაილუქსი“–ს მარკის 13 ავტომანქანა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ახალი დიზაინის ფორმები, ჩანთები და მუშაობისთვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები მიიღეს. სამმართველოს ასევე გადაეცა 90 ახალი კომპიუტერი, ფოტო და ვიდეოაპარატურა. ფონოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზისთვის შეძენილია სპეცკომპიუტერები და ახალი პროგრამები.
შეიქმნა კომპიუტერული ექსპერტიზის განყოფილება, რომელიც ციფრულ დანაშაულს გამოავლენს. დაინერგა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა (პიროვნების სახით ამოცნობა). ასევე შეძენილია ახალი დაქტილოსკოპიური სკანერები, რომლითაც შესაძლებელია არამარტო თითის, არამედ მთლიანად ხელის ანაბეჭდის აღება.
შეძენილია ავტომატიზებული ფოტოპანორამული აპარატები, რომლის მეშვეობით შემთხვევის ადგილზე პანორამული გადაღება ავტომატურად ხდება.
ე. წ. ბიომარიხუანის გამოსავლენად შეძენილია სწრაფი ტესტები და სტანდარტული ნიმუშები ნარკოტიკის რაოდენობის განსაზღვრისათვის.
ცენტრალური ექსპერტიზის სამმართველოსთვის შეძენილია ბოლო თაობის აპარატურა (გაზური და სითხური ქრომატომასპექტრომეტრები), რომელიც ნარკოტიკულ, ასაფეთქებელ, მომწამლავ და სხვა ნივთიერებებს იკვლევს. ერთი ასეთი აპარატი სამმართველოს აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურომ (INL) საჩუქრად გადასცა.
გარდა ამისა, INL-ს ხელშეწყობით, კინოლოგიის სამსახურის შენობის სარემონტო და სამშენებლო კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს.
ISO-ს (საერთაშორისო სერთიფიცირების ორგანიზაცია) მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა ხარისხის კონტროლის სამმართველო და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კანცელარია 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.
ბალისტიკური ექსპერტიზისთვის ახალი ავტომატიკური სისტემის დანერგვა იგეგმება 3 სამუშაო სადგურითა და სკანერით.
აეროპორტში დაქტილოსკოპიური სკანერი და ჰაბიტოსკოპიური პროგრამა დამონტაჟდა, რომლის საშუალებით დეპორტირებული პირების შემოწმება ხდება საზღვარზე გადასვლის გარეშე.
გარდა ამისა, ექპერტ-კრიმინალისტებმა და კინოლოგებმა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აშშ-სა და თურქეთის რეაპუბლიკაში ტრენინგები გაიარეს.
მაიკლ ტერნერი, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი პოლიციის საკითხებში:
„ბოლო ოთხი წლის მანძილზე კრიმინალისტურმა ლაბორატორიამ არნახულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს მომავალში მოხდება მისი საერთაშორისო სერტიფიცირება. ამ ყველაფრის მიღწევა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ქართული მხარის დამსახურებაცაა. მოხდა ლაბორატორიის განახლება და პროცედურების დახვეწა ქართული მხარის ინიციატივით და ამერიკის მცირედი დახმარებით. მე მეამაყება მათი მიღწევების და ვფიქრობ რომ მალე ეს ლაბორატორია საერთაშორისო აღიარებას მიაღწევს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულის გასხნის მაჩვენებლებმა დიდად იმატა. ჩვენ ახლა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვხსნით დანაშაულს, რაც კრიმინალისტების მიერ მოპოვებული ნივთმტკიცებებით მყარდება. აქ წარმოდგენილი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა უფრო ჩაუღრმავდე დეტალებს და მიკროსკოპულად დააკვირდე წარმოდგენილ ნივთმტკიცებებს, რაზეც 10-15 წლის წინ ხელი არ მიგვიწვდებოდა. მაგალითისთვის მოვიყვან თმის ღერის გამოკვლევას, რამაც შესაძლოა დამნაშავის „დნმ“-მდე მიგვიყვანოს. ეს კი გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ დამნაშავე ერთი ღერი თმის საფუძველზე, რაც მიკროსკოპულ ნივთმტკიცებას წარმოადგენს.“
ნუგზარ სუჯაშვილი, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი:
„ქიმიურ ლაბორატორიაში შეძენილ იქნა ორი ქიმიური გაზური ქრომატომატომასპექტრომეტრი. ერთი დაიდგა მთავარ ლაბორატორიაში, მეორე ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, რაც საშუალებას მოგვცემს დიდი სიზუსტით დავადგინოთ ბიომასალაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა. ასევე სიახლეები გვაქვს თანამედროვე წამყვანი კრიმინალისტიკის სფეროში „Sirchie”-ს ფირმის კეისები, დაკტილო-კეისები, ბიოლოგიური მასალის ამოსაღები კეისები, ასევე პროფესიონალური ფოტოაპარატურა, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტისთვის შეძენილ იქნა პროფესიონალური კომპიუტერები და სპეცპროგრამები, ასევე ფონო- და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზისთვის, ჰაბიტოსკოპირი ექსპერტიზისთვის. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებულ იქნა სწრაფი GVH-ის ე.წ. ბიომარიხუანის სწრაფი ტესტები, ასევე დასინთეზებული იქნა ქრომატომატომასპექტრომეტრებისთვის ნარკოტიკული სტანდარტები, საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავადგინოთ სისხლში, თმაში, სხვა ბიოლოგიურ მასალაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა, ასევე ახალი ნარკოტიკული ნივთიერების როგორიც არის ბიომარიხუანა, ე.წ. „სპაისები“ სინთეზური კანაბინოიდები. აგრეთვე მადლობა მინდა ვუხდა ამერიკის „აინელ“ პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ აარონ ფიშმანს და მაიკლ ტერნერს, რომლებმაც გადმოგვცეს საექსპერტო ქიმიური განყოფილებისთვის სითხური ქრომატომატომასპექტრომეტრი, რომელიც ძალიან დიდი სიზუსტით, მემილიარდედის ათზე უფრო მცირე შემცველობას ადგენს სისხლში, თმაში და სხვა ბიოლოგიურ მასალაში.“