„ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტმა უკვე საკმაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ადგილობრივი მეწარმეები ახალ ინიციატივას დიდი იმედით უყურებენ, ხოლო ძვალმსხვილი იმპორტიორები კი ხმამაღალ პროტესტს გამოთქვამენ.
მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს საერთაშორიო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, რომლის ბიზნესინტერესები საქართველოში (და არა მარტო აქ) ყველასთვის ცნობილია. შიდა ბაზრის დაცვაზე ფადი ასლის შეხედულებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში კატეგორიულად არ იზიარებენ და ეჭვობენ, რომ სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს კვალიფიციური შეფასების გაკეთება უჭირს, რადგან პრობლემას სიღრმისეულად ვერ წვდება.
„ფადი ასლის არ ესმის რა საჭიროება დგას ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ „ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი წარმოების განვითარებას სტიმული მიეცემა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებული ცვლილებები ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით მომზადდა, ულიმიტო იმპორტმა ადგილობრივი წარმოება ზედმეტად რომ არ შეზღუდოს და ქართულ კომპანიებს განვითარების საშუალება მიეცეს.
ასლს კი, რომელიც საქართველოში მრავალი წელის მისთვის ერთობ მომგებიანი სხვადასხვა ბიზნესითაა დაკავებული, რასაკვირველია, თავისი შემოსავალი ადარდებს. ამიტომაც იგი ეწინააღმდეგება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შიდა ბაზრის დაცვისთვის იმპორტის კვოტირებას და შეზღუდვას ითვალისწინებს.
„პროტექციონიზმმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ელიტარულ კორუფციას და დააფრთხოს უამრავი ინვესტორი, რაც თავისთავად უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე. დღესდღეობით, არცერთი საიმედო ხელისუფლება არ განავითარებს ეკონომიკის დარგებს პროტექციონიზმის საფუძველზე.
ჩემი 33-წლიანი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეტანილი მაქვს მილიონობით ტონა ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. ყველაზე კონკურენტული ქვეყნები სწორედ ის ქვეყნებია, რომლებსაც თავისუფალი და ღია ბაზარი გააჩნიათ, რაც იწვევს ფასების დაწევას, ხარისხის გაუმჯობესებასა და უფრო დიდი მოცულობების გენერირებას, შესაბამისად, ლოგისტიკაში მდგრადი ინვესტიციები უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხიან და დროულ ტრანსპორტირებას საერთაშორისო ბაზრებზე.
არსებული სახით შემუშავებული კანონპროექტი უკიდურესად ბუნდოვანი და ზოგადია. აქედან გამომდინარე, იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს მის უსამართლო გამოყენებასა და განხორციელებას. საქართველოში, წარსული გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ კანონები, რომლებიც ბუნდოვანია შეიძლება გამოყენებული იქნას დასაჯარიმებლად, დასასჯელად, დასასუსტებლად ან კონკრეტული ბიზნესის გასაკოტრებლად. აქედან გამომდინარე, არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, აღნიშნული კანონის შესაძლო გამოყენება ზოგიერთი მყარად დაფუძნებული ბიზნესის ბაზრიდან გასაყვანად“, - აცხადებს ასლი.
ადგილობრივი მწარმოებლები კი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის პროტსეტს არ უერთდებიან და ვაჭრობის დაცვის კანონპროექტს მხარს უჭერენ. კანონის ამოქმედების შემდეგ, ქართულ ბაზარზე იმპორტის განხორციელება ყველა კომპანიას აღარ შეეძლება - ასეთი შეფასება კომპანია „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ედიშერ მამალაძემ გააკეთა, რომელიც ფადი ასლის პოზიციას არ ეთანხმება. მისი აზრით, აღნიშნული კანონი სწორედ რომ ხელს შეუწყობს ქართული ადგილობრივი პროდუქციის განვითარებას და ამით საქართველო საკუთარ ბაზარს დაიცავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და კომპანია „ყაზბეგის“ დამფუძნებლის გოგი თოფაძის „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ქართული და უცხოური პროდუქცია თანაბარ პირობებში აღმოჩნდება და ისეთი პროდუქციის შემოტანის საჭიროება, როგორიც, მაგალითად, ჩაი და ტომატ პასტაა, აღარ იარსებებს.
„რატომ უნდა ხდებოდეს საქართველოში ჩაის, ტომატ პასტის იმპორტი, როდესაც ქართველ მეწარმეებს თავისუფლად შეუძლიათ მისი იმ რაოდენობით წარმოება, რომ ქართული ბაზარიც დაკმაყოფილდეს და ექსპორტზეც გავიტანოთ?” - კითხულობს თოფაძე.
მისივე აზრით, ქართველი მწარმოებლების ხელის შესაწყობად აღნიშნული კანონპროექტის მიღება აუცილებელი იყო. იმპორტის შეზღუდვით, ქართული და უცხოური კომპანიები თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან და მეტი საწარმო გაიხსნება.