სამარშრუტო ტაქსი ხაიშისაკენ დაახლოებით რვის ნახევრისკენ დაიძრა. „გრინფისის მხარდამჭერთა“ საზოგადოება სვანეთში ხუდონჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციას უნდა შეუერთდეს. „მარშრუტკაში“ საპროტესტო ტრანსპარანტებიც დევს, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დამზადებული წარწერით – „არა გიგანტურ ჰესებს“. „გრინფისელებთან“ ერთად თბილისიდან გარემოსდამცველები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები მიდიან. დაახლოებით ორასამდე ადამიანი ხელისუფლებისთვის მიმართვის გასაჟღერებლად ხაიშში ჩადის სადაც ადგილობრივებთან ერთად კიდევ ერთხელ იტყვიან იმას, რაც თბილისში არაერთხელ თქვეს – „არა ხუდონჰესს!“
გზაში ძირითადი სასაუბრო თემა ეკოლოგიაა. ხუდონის გარდა სხვა გიგანტური ჰესების მშენებლობა დღეს ყველაზე აქტუალური თემაა. ბრძოლის მეთოდებზე საუბარი არ წყდება. „რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი, რეფერენდუმისათვის კი 200 ათასამდე ხელმოწერაა საჭირო“ – უხსნის ლაშა ჩხარტიშვილი დანარჩენებს. როგორ უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ დიდი ჰესებისადმი პოლიტიკა? „ხომ დაგვპირდნენ, ეგ იყო მათი წინასაარჩევნო დაპირება“, „მაშინ რაღა განსხვავებაა წინა და ახალ ხელისუფლებას შორის?“, „სვანები არ დაიხევენ უკან, იქნებ ახალ პრემიერსაც ჰქონდეს რამე აზრი“, „ახლა თუ გაუვიდათ ხუდონი, მერე ყველაფერი გაუვათ.“
სვანეთის გზაზე მარი და ჯეკო გელოვანები ხაიშის ისტორიას გვიყვებიან და თან ახალი გეგმის მიხედვით გასაყვან გზას გვიჩვენებენ. ჰესის აშენების შემთხვევაში, ხაიში მთლიანად იტბორება სხვა სოფლებამდე მისასვლელი გზა კი ტყეში გაივლის. მანამდე იმ ადგილას გზა საერთოდ არ ყოფილა.
ხატზე დაფიცება
დაახლოებით ორი საათისთვის ხალხი ნელ–ნელა სვანეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში იკრიბება. სვანები სტუმრებს ეგებებიან. პატარა ეკლესიას ეტყობა, რომ ახალი აშენებულია. აქაურები მიყვებიან, რომ საძირკველი მეთორმეტე საუკუნის ეკლესიისაა შემორჩენილი და ე.წ. გადაკერებულ ადგილსაც მაჩვენებენ. გადმოცემის თანახმად, აქ ეკლესია თამარის დროს აშენდა. ეკლესიის ეზოში საფლავებია. აქ ყველას ჰყავს თითო წინაპარი დასაფლავებული. სვანური ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულებს ძირითადად საკუთარ ეზოში ასაფლავებენ. ამის მიუხედავად, ეკლესიის ეზოში რვაასზე მეტი საფლავია.
ეკლესიის შესასვლელთან პატარა მაგიდაზე საკურთხი დევს - შავი ღვინო, სანთლები, კვერი და ხის შამფურზე წამოცმული ხარის გული. კაცები ხატზე დასაფიცად ემზადებიან. ხაიშელების ნაწილმა, 87–მა ადამიანმა ხუდონის აშენების წინააღმდეგ პირველად რვა მაისს დაიფიცა. სვანური ტრადიციით, დაფიცება ბრძოლის გამოცხადებას ნიშნავს. ფიცის უკან წაღება შეუძლებელია. ვანო ჭკადუა ერთ–ერთი მათგანია, ვინც ხაიშის გადასარჩენად უკვე დაიფიცა.
„ჩვენთვის ფიცი ნიშნავს სიმტკიცეს, ძალას, და იმის შესრულებას, რასაც ვიტყვით. ხუდონის აშენება და ამ ყველაფრის გაკეთება მარტო ჩვენთვის კი არა, ქვეყნისთვის არ შეიძლება. სასწორის ერთ პინაზე ფულისა და მეორეზე - ადამიანის ბედის დადება არ შეიძლება. ერთადერთი პირადული, რაც ამ ფიცშია, არის ის, რომ აქედან წასვლა არ გვინდა, მაგრამ ჩვენ წასვლას სვანეთის რღვევა მოჰყვება. ეს არის ჩვენი ფიცის არსი და ეგ გვმატებს სიმტკიცეს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს კუთხეს და ამის გამო ყველაფერზე მზად ვართ.
არაფერს ვაზვიადებ. მე გამოვხატავ ერთი სვანი ადამიანის ფიცს, რომელიც მიღებული იყო ტრადიციებით. ჩვენ აქ დავიბადეთ და აქ უნდა მოვკვდეთ. ჩვენი სურვილის გარეშე ვერავინ გაგვყრის. ფიცის გატეხვის შემთხვევები ძალიან თითზეჩამოსათვლელია. სირცხვილი, რომელიც ამ ფიცის გატეხვას მოსდევს, მთელს თაობებს გადაეცემა. არიან ვიღაცეები, ვინც ფიცი გატეხა, მაგრამ მათი კვალი სადღაც ქრება - არავინ იცის, სად გადაიხვეწნენ, დღეს აქ აღარავინ ცხოვრობს, უბრალოდ, ვერ ცხოვრობენ. რომ მკითხოთ, სად ცხოვრობენო, იმასაც ვერ გეტყვით, არავინ იცის.
ფიცის გატეხვის მერე, დაკარგული კაცი ხარ. ღმერთის წინაშე ფიცის დადება, წმინდა გიორგი ხატზე დაფიცება სვანი კაცისთვის ყველაფერია. ჩვენ ამ დაფიცებით და მერე გატეხვით, ოჯახს ვწირავთ, გვარს. მაშინ, ის კაცები ვიქნებით, რომლებიც ისტორიას ახსოვს - მოღალატე გვარები, სამშობლოს გამწირველები. თუ ვინმეს ხუმრობა ჰგონია ეს, ძალიან მწარედ იწვნევს ამ ყველაფერს თავის თავზე, თუ ვინმე კარიერაზე ფიქრობს და იმის გამო გვაწვება ჩვენ ამ საქმის გასაკეთებლად... ჩვენ არც კი ვლაპარაკობთ იმაზე, რას გადაგვიხდიან, რას შემოგვთავაზებენ. რა უნდა გადაგვიხადონ და რის სანაცვლოდ?! არ გვინდა აქედან წასვლა. ეს რომ მოირღვეს და დაიტბოროს, ჩათვალეთ, სახლს საძირკველი რომ გამოაცალონ, ისე დაირღვევა მთელი სვანეთი. გადაამოწმეთ, თუ გინდათ, ხაიში ერთადერთი სოფელია, სადაც მიგრაცია არ ხდება, სხვა სოფლები იცლება, მაგრამ ხაიში - არა. აქედან თითქმის არავინ არ მიდის“.
ფიცის ტექსტი ასეთია: „ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ–ღონესა და ჭკუა–გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლაოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები არ მოექცეს წყალქვეშ. ფიცის სინამდვილეს ვადასტურებ ხელმოწერით“.
ფიცს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულებიც უერთდებიან. ეკლესიის ეზოში მცირე ლოცვის შემდეგ დაფიცების მსურველები წმინდა გიორგის ხატს ემთხვევიან, ხელს ადებენ და ხმამაღლა ამბობენ – ვუერთდები ფიცს, რის შემდეგაც ფიცის ტექსტის ქვეშ საკუთარ სახელსა და გვარს წერენ.
ფიცს ხაიშელებთან ერთად ირაკლი წერეთელი, ლაშა ჩხარტიშვილი და სტუდენტები უერთდებიან. ირაკლი წერეთელი ერთ–ერთია მათ შორის ვინც 1987 წლიდან ეწინააღმდეგება ხუდონის აშენებას.
ირაკლი წერეთელი: „თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, მართლა უკიდურეს ზომებს მივმართავთ. სვანეთისთვის ხუდონჰესი უღმერთობა, უმსგავსობა, დაჭაობება და გადაშენებაა. საქართველოში გიგანტური ჰესები არ უნდა აშენდეს. მარტო აშენება ხომ არ არის – იქ მდინარეების გვირაბში შეყვანა უნდათ, ბუნებაში ცვლიან ყველაფერს. მოიმატებს ტენიანობა, მთის ქანები დაიშლება, კლიმატი შეიცვლება და, რაც მთავარია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მოსახლეობა უნდა აიყაროს და ყველაფერი მოექცეს წყლის ქვეშ იმიტომ, რომ რამდენიმე კაცმა მილიონები აკეთოს? ისე ვიბრძოლებთ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით“.
დეკანოზი გიორგი ნიბლიანი ოთხი წელია ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობს. ის ამბობს, რომ სვანები ამ ყველაფერს არ დათმობენ და ხელისუფლებამ ალტერნატიული გზა უნდა გამოძებნოს“.
დეკანოზი გიორგი ვიბლიანი: „ჩვენი კუთხე სიწმინდებითაა სავსე. მარტო მათი მფარველობა გვყოფნის ჩვენ და ის წმინდანები არ დაუშვებენ, რომ სვანეთი ჩაიძიროს. ამბობენ, რომ მარტო ეს სოფელი დაზარალდებაო, მაგრამ კასკადები ცხუმარამდე გრძელდება. დასაწყისში 10 სოფელი ჩაიძირება. იმ განცხადებებით, რაც გაკეთდა, ხალხს აღიზიანებენ. ხალხის პატივისცემა არ გააჩნია იმ მინისტრს, რომელიც ასე იბრძვის ამ ჰესების ასაშენებლად და იმასაც კი არ კადრულობს, რომ ჩამობრძანდეს და შეხვდეს აქაურ მოსახლეობას. ეს ძალიან ცუდია მთლიანად ქვეყნისათვის. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ალტერნატიულ გზებზე ლაპარაკი, საუბრობენ პატარა ჰესებზე. ყველაფერი უნდა ჩაიძიროს - ეს ხომ წარმოუდგენელია? ეს არის წყევლა, მეტი არაფერი! რატომ გვწყევლიან და რატომ უნდათ რომ დაგვღუპონ?..“
დაფიცების მსურველთა რიგში ახალგაზრდა ბიჭი დგას მაისურზე წარწერით – „ხაიშელებო ლატალი თქვენთანაა“. გოდერძი აფციაური ლატალელების ბადიშია, ანუ დედით სვანია: „ლატალიდან ჩამოვედით იმისთვის, რომ ხაიშელებს გვერდში დავუდგეთ და ყველამ დაინახოს, რომ მთელი სვანეთი ერთად არის. ერთობით თუ დავამტკიცებთ ამ ყველაფერს! ყველამ უნდა დაინახოს, რომ ხუდონი არ უნდა აშენდეს. არ უნდა დაბინძურდეს სვანეთი, რაც არ უნდა იყოს, მთელი სვანეთი ერთად დგას. რაც საზიანოა, არაფერი არ გაკეთდება სვანეთში და ამას ჩვენ დავამტკიცებთ.“
დაფიცებისას ქალები ეკლესიის გარშემო დგანან. ისინი ცდილობენ, მამაკაცებს ხელი არ შეუშალონ. ქალები მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიცებენ, თუკი მათ ოჯახში კაცი აღარ დარჩა.
დომნა დავითიანი: „ჩვენთან ასეთი წესი გვაქვს, ხატთან მანდილოსნები არ მივდივართ. მხოლოდ კაცები იფიცებიან. ქალები მოვდივართ, ვლოცულობთ და საკურთხს ვაკეთებთ. ქალები ხატებს არ ვეხებით. მამაკაცს შეუძლია ხატი დაიკავოს და ჩვენ ვილოცოთ. ოც წელზე მეტია ამ ხუდონის მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ მაშინ იმიტომ დაანებეს თავი, რომ ითქვა, დღეისდღესავით მახსოვს, კედელი ინგრევა და არ ვარგა სიმაგრეო. ახლა მინერალურ წყალზე რომ ჩავდივართ ხოლმე იქ კარგად ჩანს, რომ ჩამოშლილია ნაწილი, ვერ გაუძლებს მთები“.
შეფიცულთა სიაში ორასზე მეტი ადამიანია. ეკლესიაში მოსულთა რიცხვი ნელ–ნელა იზრდება - ქუთაისი, გორი, კახეთი... სვანეთის და ეკლესიის გადასარჩენად ატენის სიონის მრევლი უკვე მეორედ ჩამოვიდა.
ნანი კაჭარაშვილი გორის რაიონი, ატენის სიონის მრევლი: „ორი კვირის წინაც ვიყავით. ახლა გავიგეთ, რომ აქცია იმართებოდა და კიდევ ჩამოვედით. გვინდა, დაინახონ იმ ადამიანებმა, ვისაც ევალება ამ საქმის გადაწყვეტა, ვინც ხელისუფლებაშია, რომ ეს მხოლოდ სვანების გასაჭირი არ არის და სხვა კუთხის ხალხსაც აწუხებს. დატოვო შენი სახლ-კარი, აფხიკო მიწიდან ძვლები და გადაიტანო - ასე ადვილი არ არის. ეს ხომ უნდა ესმოდეთ?“
გზად ცენტრისკენ
ეკლესიის ეზოდან ხალხი ცენტრისკენ მიემართება. ცენტრისკენ მიმავალ გზაზე განცხადებაა გაკრული: "ხუდონჰესის მშენებლობაზე დაინტერესებული კომპანია "ტრანს ელექტრიკა" ეძებს საოფისე ფართს სოფელ ხაიშში. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე საზოგადოება აფრთხილებს იმას, ვინც საოფისე ფართს მიაქირავებს კომპანიას, რომ მოკვეთილი და წყეული იქნება წმინდა გიორგის ძალით და მადლით".
თბილისიდან ჩამოსული უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და ნინო ჩხობაძე პროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და კონკრეტული პირების ინტერესების არსებობასაც არ გამორიცხავენ.
ლაშა ჩხარტიშვილი: „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი“ დიდი კაშხლების წინააღმდეგ კამპანიას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდიდან ვაწარმოებთ. ორი წლის წინაც იმავეს ვითხოვდით, რასაც დღეს და, სამწუხაროა, რომ არაფერი შეცვლილა. „ქართულმა ოცნებამ“ დადო საარჩევნო დაპირება, რომ დიდი კაშხლები არ აშენდებოდა. ფაქტია, რომ დღეს, პირიქით, მოქმედი ხელისუფლება ამ პროექტებს ლობირებს და ძალიან უხეში ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს პრობლემის მოგვარებას. საზოგადოება არ შეეგუება ამას. დასტურია დღევანდელი აქცია და ის აქციები, რომლებიც თბილისში ტარდებოდა და კიდევ იგეგმება.
აქციების გარდა, ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვთავაზობთ, რომ გახდნენ მონაწილეები რეფერენდუმის ჩატარებისა. გავიგოთ, არის თუ არა საქართველოს მოსახლეობა თანახმა, დიდი ჰესების აშენებაზე. საქართველოში დიდი კაშხლების ადგილი არ არის, რადგან ამისთვის არც ტერიტორია გაგვაჩნია საკმარისი და არც ბუნებრივი, კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური მრავალფეროვნება გვაძლევს ამის საშუალებას. შესაბამისად, ამ ჰესებისგან მიღებული ზარალი იქნება აუნაზღაურებელი, როგორც მატერიალური, ისე - მორალური კუთხით.
ეს პროექტი დაწყებულია წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფიქტიური კომპანიების მონაწილეობა პროექტებში იყო ჩვეულებრივი მოვლენა და მათ უკან კონკრეტული პიროვნებები იმალებოდნენ. ერთი მხრივ იყო ხელისუფლებს ინტერესები მეორე მხრივ რუსული სახელმწიფო კაპიტალი. ეს თვალსაჩინოა „ტრანსელექტრიკის“ შემთხვევაში, თითქოსდა ჩანან იურიდიული პირები, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ შეხება მსგავს პროექტებთან თავისი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კონკრეტულად რუსულ–ქართული სახელისუფლებო კორუფციული გარიგება“.
ნინო ჩხობაძე: „ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით ერთადერთს - პროექტი გააკეთონ ისე, რომ ხაიში გადარჩეს. თუ გენერაციის დამატებითი ობიექტი გვინდა, მაშინ უნდა დავგეგმოთ, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს. ამ სოფლის დაცარიელება არ შეიძლება. დღეს რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, იმ პარამეტრებით როგორც აპირებენ აშენებას და გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში როგორც არის დაწერილი, ასე აშენება საერთოდ არ შეიძლება - ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. მთლიანად ხეობას დავკარგავთ. დაგვიმტკიცონ, რომ აშენებენ უკეთესად! დაგვიმტკიცონ, რომ სოფელი დარჩება თავის ადგილას! ასეთი ალტერნატივები არსებობს და შეიძლება მსჯელობა, მაგრამ მათ ეს არ სურთ“.
აქცია ხაიშის ცენტრში
საპროტესტო აქცია ხაიშის ცენტრში გრძელდება. რვაასამდე ადამიანი ტრანსპარანტებით ხელში ერთმანეთის მოსასმენად და გასამხნევებლად მიდის - „ხაიში ჩვენია და არა ინვესტორის“, მიხეილ სააკაშვილის ფოტოზე ერთდოლარიანია მიხატული და აწერია: „დაგვიბრუნე ჩვენი გაყიდული სვანეთი“, „არ დამიტბორო სვანეთი“, „სახელმწიფო არ არის კახა კალაძე“.
სიტყვით გამომსვლელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. სათქმელი ყველას აქვს. სვანები აქციას საქართველოს გადარჩენის ჰიმნით, სვანური სიმღერით იწყებენ. აქა–იქ ისმის შეძახილები: „სეუ ჯუღა, სეუ ჯუღა“. გამომსვლელები ცდილობენ ახსნან, რატომ არ სურთ ხუდონჰესის აშენება.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი. თუ დაიტბორა ეს ადგილი, ჩვენ ვკარგავთ კონტროლს კოდორის ხეობაზე და საბოლოოდ ვაბარებთ მტერს. ჯერ იმ ადამიანებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი, რომლებმაც ამ ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდეს. დღეს იქ ჩვენი იურისდიქცია აღარ ვრცელდება. ამიტომ, ჩემო სვანებო, ახლა ის დროა, როდესაც მართლა ქუდზე კაცია საჭირო. სვანმა კაცმა იცის, რომ უფალს ძალიან ხშირად არ აწუხებს, მაგრამ რაკი შეაწუხებს ის უკვე საკუთარ სისხლზე გადაატარებს მტერს. ამიტომ, ადამიანებო, ვის ტვინშიც ჩაიჭედა ის იდეა, რომ სვანეთი უნდა დაიტბოროს, გეუბნებით „არას“ და ეს ამდენი ადამიანის ნათქვამი არაა. თუკი ეს პროექტი გადაწყდება, მე აქ დავასრულებ სიცოცხლეს ისე, როგორც დავიფიცეთ და ამის მთქმელი და მხარდამჭერი ძალიან ბევრია აქ. არ გასტყდეთ არხოტივნებო გატეხვით რა იქნებისა ვინაც მაკვდების დავმარხათ ახლა სხვა გაიზრდებისა“.
„დღეს მთელი სვანეთის თავზე დაეკიდა დამოკლეს მახვილი, რომელიც სვანეთს გაქრობითა და დაცლით ემუქრება. საქართველოს მტრად მოიაზრება ყველა - მინისტრიდან დაწყებული, რიგით მოქალაქემდე, ვინც დაჟინებით ითხოვს ხუდონის აშენებას. საქართველოს ახსოვს ისეთი პირსისხლიანი მტრები, როგორებიც იყვნენ თემურ ლენგი, აღა მახმად ხანი... რომელთა მიყენებული ჭრილობები საქართველომ, ასე თუ ისე, მოიშუშა და ნაომარ, ნახანძრალ ტერიტორიაზე აღორძინდა სიცოცხლე და ჯერ კიდევ ჟღერს „მრავალჟამიერი“ და „ოროველა“. ესაა დღევანდელი დიდგორი და მარტყოფი, აქ არის დღეს ფრონტის წინა ხაზი“.
სვანები დაშინებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ახლა ერთი სვანის დასჯა მთელი სვანეთის დასჯას ნიშნავს.
ხვიჩა ჩართოლანი, მესტიის მკვიდრი: „აქ არა მარტო სვანები ვდგავართ. აქ არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული მამულიშვილები, ვაჟკაცები, რომლებსაც საქართველო, კაცობა, მეობა და ვაჟკაცობა უყვართ. მინდა მოვიხსენიო ასეთი ადამიანი - გიორგი კარბელაშვილი, რომელიც გაჭირვების დროსაც ჩვენთან იდგა. დღესაც ჩვენს გვერდით არის და მხარს გვიჭერს. მეგობრებო, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. ამ აქციების შემდეგ მე ორჯერ ვიყავი დაბარებული თბილისში პირველად სამინისტრომ დამიბარა, შემდეგ - გენერალურმა ინსპექციამ. არა უშავს, მე ერთ–ერთი რიგითი ჯარისკაცი ჩემი ხეობისა, ჩემი სვანეთისა მზად ვარ ყველაფრისათვის. 17 დღე ვიშიმშილე, მაგრამ ეს არაფერი არ არის. არა უშავს თუნდაც გამაგდონ სამსახურიდან. ერთად დგომით, ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და დავიცვათ ჩვენი ხეობა. არავის არა აქვს იმის უფლება რომ ხეობა წაგვართვას, დავდგეთ, ძმები ვიყოთ, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ. ხაიში ჩვენი კარიბჭეა. ხაიში თუ მოინგრა მთელი სვანეთი მოინგრევა. ნურავინ ვიტყვით - „მერე რა, წავიდნენ ხაიშელები“. ეგრე არ არის, ჩემო კარგებო, ხაიშელები ვაჟკაცები არიან. წინა შეხვედრაზე იქ ვაჟკაცების წინ მანდილოსნები იდგნენ, რომლებიც მართლა თავს დადებდნენ, ერთ მუჭად შეკრულნი უნდა ვიყოთ და გავერთიანდეთ იმ სიყვარულით, რასაც სვანეთი ჰქვია“.
აქციაზე ნახსენები გიორგი კარბელაშვილი ხალხის წინაშე სიტყვით არ გამოსულა. მისი მოძებნა ჟურნალისტებმაც ვცადეთ, თუმცა - უშედეგოდ. ბევრმა სვანმა არ იცოდა, რაში გამოიხატებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის თანადგომა. ისევე, როგორც, არ იცოდნენ ის ფაქტი, რომ სწორედ კარბელაშვილი იყო მინისტრის მოადგილე მაშინ, როდესაც ხაიშის მიწა სიმბოლურ თანხად გასხვისდა.
აქციაზე ერთ–ერთი ბოლო გამომსვლელი ირაკლი იოსელიანი იყო, რომელმაც ხალხს დავით აღმაშენებლის სიტყვები შეახსენა და კახი კალაძეს მიმართა, რომ ყურანის ხსენება მის განცხადებაში უადგილო იყო.
ირაკლი იოსელიანი: ჩვენ დიდმა წინაპარმა დავით აღმაშენებელმა დაგვიტოვა. ჩვენ თუ ღვთის შეწევნით და ღვთის რწმენით ვიქნებით, არა მარტო ეშმაკის მოციქულებს, არამედ, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ! უკან დასახევი გზა ჩახერგეს, ან სიკვდილი, ან გამარჯვებაო. ყორანს (ყურანს) თავისი ადგილი აქვს და ჩვენთან სვანეთში ქრისტიანობას თავისი ადგილი აქვს. ბოდიში მოიხადოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა ვინც მეორედ მოგვმართავს, რომ ხატზე კი არა თუნდაც ყორანზე დაიფიცონ ხუდონი მაინც აშენდებაო. მე არ მინდა დღეს პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ უნდათ, ღირსება დაგვიბრუნონ ქართველებს? მაშინ, პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ერთობას სცენ პატივი. მე არც ხელისუფლების წინააღმდეგ ვაპირებ გალაშქრებას და არც ქვეყნის წინააღმდეგ. მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი, რომელსაც სურს იყოს რიგითი ჯარისკაცი. აქ მეთორმეტე საუკუნეში აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ქრისტეს შობიდან დღემდე რამდენი ქრისტიანი მიებარა ამ მიწას, რამდენი წინაპრის, რამდენი ქრისტიანის სისხლით და ხროცით არის გაფხვიერებული ეს მიწა, რომელიც დღეს თუ არა ხვალ წყალს უნდა გაატანონ. ყოვლად წმინდა სამების შეწევნით აღდგა ეს მეთორმეტე საუკუნის ეკლესიაც და ხელს ვერავინ ვერ ახლებს სანამ ცოცხლები ვართ. ვერ გადაიტანენ ვერსად იმიტომ, რომ ეს არსად არ წერია. მოვიდეს კალაძე და თუ ძალით გააკეთებს ხუდონს როგორც ასი ათას მოწამეს მოჰკვეთეს თავი ისე მომკვეთოს, ჩააყოლოს ჩემი სხეული იმ ბეტონს და შემდეგ ააშენონ ხუდონი, თუ ააშენებენ. ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ ჩვენ თავს დავდებთ, ვის დარჩება ეს ქვეყანა. ჩვენს წინაპრებს რომ ასე ეფიქრათ, დღემდე ვერ მოვიდოდით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სიყვარულისთვის და თავდადებისთვის“
სვანური ვახშამი
აქციის დასრულების შემდეგ მასპინძლები სტუმრებს სკოლის ეზოში ეპატიჟებიან. ეზოში დიდი ხის მაგიდებია გაშლილი, მაგიდაზე მოხარშული ხორცი და პურია გაწყობილი. მეზობელი სახლებიდან ცხელ–ცხელი ხორცი გამოაქვთ. ცდილობენ, უყურადღებოდ არავინ დარჩეს და ნამგზავრ სტუმრებს საჭმელს ყველა სათითაოდ სთავაზობს. შორ გზაზე მიმავალ სტუმრებს დიდხანს აღარ აყოვნებენ. მადლობას კიდევ ერთხელ უხდიან და საგზლად ცხელ–ცხელ კუბდარს ატანენ. ხაიშში მოსაღამოვდა, ჩამობნელდა, თუმცა დენი არ არის. ადგილობრივები ამას აქციის პასუხად მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, მათი პოზიცია მკაფიოა – არ უნდათ, რომ მათი სოფელი ვიღაცამ ცუდად ნანახი სიზმარივით წყალს გაატანოს. ამიტომაც ამბობენ: „დემეგ ხუდონჰეს“, რაც სვანურად „არა ხუდონჰესს“ ნიშნავს.