დიდი დაპირისპირება „ყაზბეგიჰესის“ თაობაზე იმით დასრულდა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მდინარე ბროლისწყალზე 6 მეგავატი სიმძლავრის ჰესის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გასცა. მართალია, ინვესტორის საქმიანობას მუდმივად გააკონტროლებენ, მაგრამ პროექტში არსებითი ცვლილება არაფერია, შესაბამისად, ხეობის პრობლემები კვლავ აქტუალურია.
ექსპერტიზის დადებითი დასკვნა 1-ელ ნოემბერს გაიცა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უწყებაში 18 ოქტომბერს შპს „ყაზბეგიჰესის“ მდინარე ბროლისწყალზე (მდ ხდისწყალი, მდ ქისტურა) 6 მეგავატი სიმძლავრის „ყაზბეგიჰესის“ განთავსების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც ეკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა. პროცესში მონაწილეობდნენ როგორც სამინისტროს დარგობრივი სამსახურების სპეციალისტები, ისე ექსპერტთა რეესტრში რეგისტრირებული დამოუკიდებელი ექსპერტები.
„ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების მოთხოვნებს პასუხობდა. მასში განხილული და ასახული იყო ის საკითხები, რომლებიც აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია. კერძოდ, წარმოდგენილი იყო მდინარის ჰიდროლოგიური კვლევისა და ბიომრავალფეროვნების შესწავლის მასალები“, - აცხადებენ სამინისტროში.
შპს „ყაზბეგიჰესს“ მდინარე ბროლისწყალზე (მდინარე ხდისწყალი, მდინარე ქისტურა) ჰესის აშენებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებითა და საექსპერტო კომისიის წევრთა დადებით დასკვნების საფუძველზე გაიცა.
ეს სწორედ ის ჰიდროელექტროსადგურია, რომელსაც წლის დასაწყისიდან მოყოლებული დიდი ვნებათაღლვა ახლდა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი და გარემოსდამცველები ჰესის მშენებლობის შეჩერებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატევას“ ბოიმრავალფეროვნების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ პროექტს. მისი აზრით, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი უფრო მეტი იქნება, ვიდრე სარგებელი, რომელსაც გარკვეული კერძო პირები მისი განხორციელებით მიიღებენ.
„მომხიბვლელად სახავენ ამ პროექტს იმით, რომ ადამიანებს დაასაქმებენ. სინამდვილეში, ეს არის, პროექტის მიხედვით, დაახლოებით 60 ადამიანის დასაქმება 8 თვის განმავლობაში და ა.შ. ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან ჭარბი რაოდენობით იღებენ წყალს ხეობიდან ჰესის შემდგომი მუშაობისთვის.
იქვე ეს კომპანია აშენებს ორ ჰესს, მთელი სამუშაო უკვე ჩატარებულია, გზები გაყვანილია, მუშათა ბანაკი მოწყობილია და ასე შემდეგ... ასე რომ, კომპანიას აღარ უწევს ამ მცირე ჰესისთვის დამატებითი სამუშაოსა და ხარჯის გაწევა. მხატვრულად რომ ვთქვათ, ასეთი ვითარებაა: ორი დიდი სახლი რომ ააშენო და მიაშენო რაღაცა საქათმე ან ფანჩატური. ორ დიდ ჰესს უკვე აშენებენ, ბეტონის ქარხანაც ტყუილად რჩება, აქვთ უკვე გაკეთებული მუშათა ბანაკიც და ბარემ დარჩენილი რესურსებით იქვე მიაშენებენ - რაღაც ასი მეტრის რადიუსში ხდება ეს ამბავი - შემდეგ ჰესსაც. თუ წინა ორი ჰესი არის სააქციო საზოგადოებების და ბევრი მოწილე ჰყავს, ეს არის სულ რამდენიმე კაცის და მათთვის იქნება ოფიციალურად ორი მილიონი ყოველწლიური შემოსავალი. მათთვის, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ორი მილიონი შემოსავალი, მაგრამ საზოგადოებისთვის რა არის?“ – კითხულობს მაჭარაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ თანათავმჯდომარე შოთა ბუჩუკურის თქმით, არიან მოხევეები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას, რადგან დასაქმებულნი არიან მშენებლობებზე.
„ის წინა შენიშვნები, რომლებიც ჰქონდა, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის სამინისტროს, რის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა გასცა და მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრაქტიკულად, მათი უმეტესობა არ არის გათვალისწინებული და ის მომენტები არ არის შეცვლილი“, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ ბუჩუკურმა.
იგი სინანულით აღნიშნავს, რომ პროექტებით დაინტერესებული პირები სარგებლობენ იმით, რომ ხალხს უჭირს და მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორეს უპირისპირდება.
გარემოს დაცვის სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ჩატარებული კვლევებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში ასახული ინფორმაციის მიუხედავად, სამინისტრომ საქმიანობის განმახორციელებელს დამატებით ვალდებულებად წყლის ხარჯის მუდმივი მონიტორინგის წარმოება და შედეგების ყოველთვიურად სამინისტროში წარდგენა დაუდგინა.
იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ წყლის არსებული ხარჯი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს, სამინისტრო მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, შპს „ყაზბეგიჰესს“ მდინარე ბროლისწყალში წყლის ხარჯის იმ რაოდენობით გატარებას განუსაზღვრავს, რაც არსებული ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის იქნება საჭირო. ინვესტორს დამატებით ვალდებულებად საპროექტო დერეფნის კომპლექსური აღდგენის გეგმის წარმოდგენაც დაევალა, რომელშიც ბიომრავალფეროვნების მუდმივი მონიტორინგი იქნება გათვალისწინებული.