პრეზიდენტს შესაძლოა, შეწყალების პრივილეგია შეეზღუდოს

პრეზიდენტს შესაძლოა, შეწყალების პრივილეგია შეეზღუდოს

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, კონსტიტუციით გარანტირებული შეწყალების პრივილეგია შეეზღუდოს. ომბუდსმენის რეკომენდაციას, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ინსტიტუტის გამოყენების კონსტიტუციურ–სამართლებრივ ფარგლებში მოქცევის შესახებ, არასამთავრობოების ნაწილიც იზიარებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ როცა პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მისი შეწყალების ფორმა და მიდგომა განსხვავებული უნდა იყოს.

„ნებისმიერი შეწყალების აქტი უნდა გამომდინარეობდეს, რა თქმა უნდა, ჰუმანურობის პრინციპიდან, მაგრამ უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული. თუნდაც ის, რომ, როდესაც პატიმარი მის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, მისი შეწყალების საკითხი სხვა კრიტერიუმით უნდა განისაზღვროს, ვიდრე იმ პატიმრის, რომელიც პატიებას ითხოვს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შესაბამისი კანონის რეგულაციას ომბუდსმენთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც ემხრობა. საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, პრეზიდენტმა ამ მხრივ განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიინიჭა.

„პრეზიდენტმა საკუთარ ბრძანებულებაში ცვლილების შეტანით თქვა – მე შემიძლია, ყველას შეწყალება ყოველგვარი კრიტერიუმის მიუხედავად და შემიძლია გამოვუშვა ყველა, როდესაც მომინდება. ასეთი ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს დღეს პრეზიდენტი. ამას, ბუნებრივია, სჭირდება რეგულაცია. არ შეიძლება, ასეთი ფართო საკითხი საკანონმდებლო და იურიდიული ჩარჩოების მიღმა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

მომავალი პრეზიდენტისადმი სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა შეეზღუდოს, გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს. თეა წულუკიანის განცხადებით: „საერთოდ, შეწყალების ინსტიტუტი, ისევე როგორც საპატიმროებში სასჯელის მოხდის მიმდინარეობა, რა თქმა უნდა, რეფორმას საჭიროებს. მე არ ვარ იმ აზრის, რომ პატიმრები კატეგორიებად დაიყოს და ზოგიერთის შეწყალება შეეძლოს პრეზიდენტს და ზოგის არა. ჩემი აზრით, პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს, ამაში არ არის პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ თვითონ პროცედურა უნდა დაიხვეწოს, თუ როგორ ხვდება პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად ესა თუ ის შეწყალების აქტი“, - აცხადებს წულუკიანი და დასძინა: „კომისია, რომელიც მუშაობს, ახალ პროცედურებს უნდა დაექვემდებაროს, რომ პრეზიდენტს მიეწოდოს მხოლოდ იმ პატიმრების საქმეები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას. ხოლო პრეზიდენტს უნდა შეეძლოს მოაწეროს, ან არ მოაწეროს ხელი ამა თუ იმ პროექტს. მთავარია, მაინც ის, რომ ჩვენ გვყავს გონიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და მის პირობებში გამორიცხულია იმგვარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, როგორიც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში ვიხილეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ომბუდსმენისა და არასამთავრობოების ნაწილის მოსაზრებას გარკვეულწილად საპარლამენტო უმრავლესობაშიც იზიარებენ. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, შესაძლოა, უფრო მკაფიო განმარტებები გაკეთდეს. უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით უფლებები ისედაც ეზღუდება და დამატებითი რეგულაციების დაწესება საჭირო არ არის.

პარლამენტმა, შესაძლოა, პრეზიდენტის უფლებამოსილების გადახედვის შესახებ ომბუდსმენის მოსაზრება განიხილოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი დაელოდება, უჩა ნანუაშვილის მოსაზრება მიიღებს თუ არა საკონონმდებლო ინიციატივის სახეს.

„სახალხო დამცველის პოზიცია მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს მისი უშუალო პრეროგატივაა. ერთი მხრივ, პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს, ეს მისი უპირობო უფლებაა და ამასთან, როგორც ჩანს, ამ საქმეს გარკვეული საკანონმდებლო დეტალიზება სჭირდება. სრულიად ნათელია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებები წასვლის წინა დღეებში გამოკვეთილი პოლიტიკური მიზანშეწონილობით არის განპირობებული. ასე რომ, ვნახოთ, ომბუდსმენის ეს განცხადება იქცევა თუ არა საკანონმდებლო ინიციატივად. ამის მიხედვით იმსჯელებს პარლამენტი და მივიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი თვლის, რომ პრეზიდენტისთვის ამ უფლების საერთოდ ჩამორთმევა სწორი არ იქნება.

„ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს აქვს. შეწყალების ჰუმანური აქტი ყოველთვის იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქცია და მე ვფიქრობ, ეს მომავალშიც უნდა დარჩეს. მისი მოდერნიზება შესაძლებელია. თუ ეს ვინმეს თავში მოუვიდა იმის გამო, რომ სააკაშვილმა ახალაია შეიწყალა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომაა. ზოგადად კი, თუ ხელისუფლება რამეს დახვეწავს და ახალს შემოგვთავაზებს, ისეთს რომელიც უკეთესობისკენ იქნება მიმართული, ჩვენ მას მხარ დაუჭერთ“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.