თუ რა განთავსდება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, ამ შეკითხვამ ქართული პოლიტიკური სპექტრის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, განათლების მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე, ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება.
მისივე შეფასებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უაღრესად საინტერესო პროექტია, რომელიც საქართველოს მაღალი ხარისხის განათლებას მოუტანს და აღნიშნული უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება.
განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით კი, საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შენობის გადაცემის იდეა ახლადარჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის. მისი მოსაზრებით, ეს შენობა უნდა გამოვიყენოთ მილენიუმის მეორე კომპაქტის ფარგლებში და, ამ კონტექსტით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნება ძალიან შესაფერისია.
ექსპერტ კახა კახიშვილის აზრით, პრეზიდენტის რეზიდენციაში უნივერსიტეტის განთავსება არასწორი გადაწყვეტილებაა. მასში ამხელა ფულია ჩადებული - სპეციალური ტყვიაგაუმტარი მინები, სპეციალური ჰაერის ფილტრები, სპეციალური კავშირი, ხოლო იტალიური მარმარილოთი მოპირკეთებული შენობის გაფლანგვა არ შეიძლება. თანაც, ეს შენობა თავისი კონსტრუქციით საუნივერსიტეტოდ არ გამოდგება. ექსპერტის აზრით, თუ ახალ ხელისუფლებას პრინციპულად არ სურს ამ შენობის სახელმწიფო დაწესებულებისთვის გადაცემა, მაშინ ის უნდა გაყიდონ, ინვესტორიც გამოჩნდება და ამ ფულით გაისტუმრებენ იმ ხალხს, ვისაც ქონება და ბიზნესი წაართვეს.
„ხომ აცხადებთ, 6 მილიარდი საიდან გადავიხადოთო? აი, აქედან დიდ ნაწილს გაისტუმრებთ“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მოპარული ფულით აშენებული პრეზიდენტის რეზიდენციის ხალხისთვის ჩუქების და იქ უნივერსიტეტისა და კიდევ უფრო მეტი კულტურულ-ისტორიული დანიშნულების უწყებების შეთავსების მომხრეა. მით უფრო, რომ ამ შენობას რამდენიმე სადემონსტრაციო, შოუს მოსაწყობი დარბაზი აქვს, რაც მიხეილ სააკაშვილისთვის იყო დამახასიათებელი.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ლევან ბერძენიშვილი მხარს უჭერს იდეას, რომ ზემოთ დასახელებულ ფლიგელებში ხელნაწერთა ინსტიტუტი განთავსდეს. ამავე ხაზს მიჰყვებიან მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები - მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, მზექალა შანიძე, ოთარ ჯაფარიძე. ისინი პრეზიდენტის სასახლეში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განთავსების იდეას ემხრობიან.
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით აზრი ნაციონალებშიც გაიყო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ვაშაძის განცხადებით, პირადად მას პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ფუნქციონირებაში, ასევე, ჩართული იქნება ბათუმში აშენებული შენობაც, რომელიც უფუნქციოდაა დატოვებული.
თავისივე პარტიული კოლეგის აზრს არ ეთანხმება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. მისი აზრით, ავლაბრის რეზიდენცია უნივერსიტეტის განსათავსებლად შესაფერისი რომ გახდეს, ამისთვის უზარმაზარი ფულის დახარჯვაა საჭირო. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სჭირდება ლაბორატორიები, დენი, კანალიზაცია, პრეზიდენტის რეზიდენცია კი საუნივერსიტეტო შენობა არ არის.
„თუ აპირებენ ბევრი ფულის დახარჯვას, მაშინ მოუწევთ შიგნით მისი დანგრევა. ამ ყველაფერს კი უზარმაზარი ფული დასჭირდება და ეს მაშინ, როდესაც ბათუმში ეს უკვე გაკეთებულია“, - აცხადებს შაშკინი და იმასაც პროგნოზირებს, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უნივერსიტეტის განთავსების შემთხვევაში, კახა ბენდუქიძე იჩივლებს.
თუ რა შუაშია აქ კახა ბენდუქიძე, ეს მეტად საინტერესო თემაა. საქმე ისაა, რომ სწორედ შაშკინი ხელმძღვანელობდა საგარეო უწყებას მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა საქართველოში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განხორციელების შესახებ.
შაშკინი აღნიშნავს, რომ ამერიკულ მხარესთან პროექტი შეთანხმებული იყო და მისი ხელმოწერით დამტკიცდა ეს პროექტი. ყოფილი მინისტრის ინფორმაციითვე, უკვე შერჩეული იყო ქართული პარტნიორი უნივერსიტეტიც, რომელიც ამ შეთანხმების ჩაშლის გამო ახლა სასამართლო წესით ჩივილს აპირებს.
„მე მაქვს ამ პროექტზე ხელი მოწერილი. 45 მილიონი დოლარი მილენიუმის უნივერსიტეტზე მიდიოდა. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს შეთანხმება ჩაიშალა. ერთ-ერთი პარტნიორი იყო კახა ბენდუქიძე, რომელიც სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამ უნივერსიტეტს წელს უნდა მიეღო სტუდენტები“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე დავით ზურაბიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ცხადია, ეს უზარმაზარი შენობა რაღაცისთვის უნდა გამოვიყენოთ და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გათვლილი პრეზდენტისთვის ეს ზედმეტად ფეშენებლური იქნება.
მისი შეფასებით, ავლაბრის რეზიდენციაში უნივერსიტეტის განთავსება ცუდი აზრი სულაც არ არის, თუმცა იქ იმხელა ნაგებობაა აშენებული, რომ მისი გადაკეთება რა დაჯდება, ეს დასათვლელია.
„რა შუაშია აქ ბენდუქიძე, ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ, თავის დროზე, როდესაც პროგრამა მილენიუმის ფარგლებში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს, ამერიკელების ერთ-ერთი სავარაუდო პარტნიორი უნდა ყოფილიყო კახა ბენდუქიძე. თუმცა შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება და ახალმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ პარტნიორობის მომენტში სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა მინიჭებოდა პრიორიტეტი და არა - ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. შეთანხმება სიტყვიერი იყო, სახელმწიფოს არ ჰქონდა ვალდებულება აღებული, რომ გინდათ თუ არა, კახა ბენდუქიძის ჭკუაზე იარეთო. ასე რომ, ბენდუქიძეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ რაღაცაზე პრეტენზია განაცხადოს, არ აქვს. განათლების სამინისტრომ ყველაფერი კანონის ფარგლებში გააკეთა. თუ სურს ბენდუქიძეს, კი ბატონო, იჩივლოს“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, სხვათა შორის, სააკაშვილი ძალიან დიდხანს დემაგოგიისთვის იყენებდა, თითქოს, ეს შენობა ბათუმში უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში, შენობა უნდა ყოფილიყო თბილისში და კახა ბენდუქიძე, თავისი უნივერსიტეტით, ვითომ პარტნიორად ეყოლებოდათ. რეალურად კი, ბენდუქიძე მაშინ სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობდა.
„ოფიციალურად ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გადავიტანეთ აქცენტი, სწორედ ამიტომ, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, შაშკინის ეს განცხადება „რიჟა ბაზარია“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების განთავსების იდეას იწონებს და ფიქრობს, რომ შენობის გარკვეული ნაწილი ხელნაწერთა ინსტიტუტს უნდა დაეთმოს. უფრო მეტიც, ერთად შესანიშნავი იქნებოდა ერთი მხრივ, ხელნაწერთა ინსტიტუტი და, მეორე მხრივ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიდა.
თუმცა დეპუტატის აზრით, ეს არის საქართველოს მომავალი პრეზიდენტის იდეა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ავლაბრის რეზიდენციას ჯერ კიდევ ჰყავს პატრონი, რომელიც იქიდან არ გამობრძანებულა.
„თავისთავად, ის ფაქტი, რომ ახალი პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას, ეს ვიცით. ასევე, პრემიერიც არ აპირებს იქ შესვლას. იყო მოსაზრება, იქნებ, საგარეო სამინისტროს აეღო შენობის ნაწილი, მაგრამ მას უარი ეთქვა და ყველაზე უფრო პოპულარული ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეაა. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ნაციონალებს არავინ ეკითხება, ავლაბრის რეზიდენციაში რა განთავსდება“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, დეპუტატი დიმიტრი შაშკინის ნათქვამს გამოეხმაურა სასამართლოში კახა ბენდუქიძის ჩივილთან დაკავშირებით. მისი აზრით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი სასაცილო ფურცელი სწორედ შაშკინის განათლების მინისტრობას უკავშირდებოდა.
„არა მგონია, განათლება შაშკინის ძლიერი მხარე ყოფილიყო, მაგრამ ავიტანეთ მისი მინისტრობა. არ ვიცი, რას გულისხმობს, როცა ბენდუქიძესა და სასამართლოს ახსენებს. ალბათ, იმას, რომ, ნაციონალების აზრით, ბენდუქიძეს არ უნდა ჰყავდეს კონკურენტი. თუმცა ორი ფილოსოფოსი ვერ გავიგე მე კარგად - ეს იყო ჰოქსი და მეორე არის შაშკინი“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორის_ ნინო ჩინჩალაძისთვის უცნობია, რა პრეტენზია აქვს კახა ბენდუქიძეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.
„ის, რომ ამერიკელების ერთ-ერთი სავარაუდო პარტნიორი უნდა ყოფილიყო კახა ბენდუქიძე, ოფიციალურად არ იყო გაცხადებული. ეს არ ყოფილა ღია ინფორმაცია. საზოგადოებამ არაფერი იცის იმის შესახებ, რა პრეტენზია აქვს კახა ბენდუქიძეს. არც ის ვიცით, ვის რა აქვს გადახდილი.“