საქართველოში იმპორტირებული ხორბალი გაძვირდა და შესაბამისად, ფქვილიც გაძვირდება. პურპროდუქტებზე ფასის მატება ჯერ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი არ არის, მაგრამ შეიძლება ხორბალი თვიდან თვემდე გაძვირდეს. ამ პირობებში, საქართველოში ხორბლის ქართულ ბაზარზე არსებული მონოპოლია, კონკურენციას და ფასების რეგულირებას შეუძლებელს ხდის.
კომპანია „აგრიკომის“ ხელმძღვანელის კოკი ოსიპოვის ინფორმაციით, ფოთის პორტამდე ტრანსპორტირებული 1 ტონა ხორბლის ფასმა დღეს 25 დოლარით მოიმატა და 305 დოლარი შეადგინა. ტრეიდერის თქმით, დღეისათვის საქართველოში მარცვლეულის 90% რუსეთიდან შემოდის. მეზობელ ქვეყანაში კი, თავდაპირველად, ხორბლის მაღალ მოსავალს პროგნოზირებდნენ, თუმცა, რეალური მაჩვენებელი გაცილებით დაბალი აღმოჩნდა.
„ხორბლის გაძვირება ფქვილზეც აისახება, სავარაუდოდ, ერთი ტომრის ფასი 2 ლარით გაძვირდება და 40 ლარს მიაღწევს“, - ვარაუდობს ოსიპოვი.
შეუმჩნევლად, მაგრამ მარცვლეულზე ფასები სულ უფრო მაღლა მიცოცავს საერთაშორისო ბაზარზე. თუკი მთელი ზაფხულის განმავლობაში 1 ბუშელი ხორბლის ფასი 6 დოლარის ფარგლებში იყო, ახლა თითქმის 7 დოლარამდეა. არადა, ამ პერიოდში, როდესაც ახალი მოსავლის დაბინავება მიმდინარეობს, წესით ფასები დაბლა უნდა იწევდეს.
„აგრიკომის“ ხელმძღვანელის პროგნოზით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ფასები იმპორტირებულ ხორბალზე კიდევ მეტად აიწევს. „რუსეთის პორტებში წყალი იყინება, ტრანსპორტირება გართულდება, საჭირო გახდება ყინულმჭრელების გამოყენება. ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯია. ვფიქრობ, მარცვულეული ყოველთვიურად 1 ტონაზე, საშუალოდ, 7-10 დოლარით გაძვირდება“, - განაცხადა კოკი ოსიპოვმა.
თუკი ასეთი სცენარი განვითარდა, გამოდის, რომ საგაზაფხულოდ 1 ტონა ხორბლის ფასი ფოთში 350 დოლარს გადააჭარბებს, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. ეს ადგილობრივი ბაზრისთვის, სადაც კონკურენცია, ფაქტობრივად, მიზერულია, რთული გადასატანი იქნება.
სწორედ ამაზე მიუთითებს მეხორბლეთა ასოციაცია, როდესაც ხორბლის ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანულ მონოპოლიაზე საუბრობს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, აზერბაიჯანულ კომპანია „კარმენს“ ბაზრის წილის 60%-ზე მეტი უჭირავს და ქართულ კომპანიებს არაკონკურენტულ გარემოში უწევთ საქმიანობა.
ლევან სილაგავას განმარტებით, „კარმენი“ ქვეყნის მასშტაბით 4 მსხვილ ხორბლის გადამამუშავებელ ქარხანას ფლობს და დღის განმავლობაში მოსახლეობისთვის საჭირო 1000 ტონაზე მეტ ხორბალს გადაამუშავებს. სილაგავას თქმით, „კარმენი“ კანონდარღვევის გარეშე საქმიანობს, რადგან ქვეყანაში ამ დრომდე არ მოქმედებს ანტიმონოპოლიური კანონი, რომლის მიხედვით კომპანიები ბაზრის წილის 40%-ზე მეტის ფლობის შემთხვევაში მონოპოლისტებად ჩაითვლებიან.
მეხორბლეთა ასოციაცია იმედს იტოვებს, რომ აღნიშნულ კანონს მთავრობა დროულად დაამტკიცებს და კომპანიებს სამართლიან კონკურენტულ პირობებში შეეძლებათ საქმიანობა.
მანამდე კი ბაზრის დარეგულირებს ერთადერთი გზა ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. როცა საქართველოში მოყვანილი მოსავლის ოდენობა გაიზრდება, საერთაშორისო ტენდენცია ასე საშიში აღარ იქნება. წლეულს ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადაიდგა და 90 ათასი ტონა ხორბალი მივიღეთ, მაგრამ ეს საერთო მოხმარების მხოლოდ 10-12%-ია. თუმცა, უკვე ამ შემოდგომაზე დასათესი ფართობები ერთბაშად გაიზრადა და საგაისოდ ქვეყანაში 200 ათას ტონამდე მოსვალას ელოდებიან.
ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი ხორბალი საერთო მოხმარების 25%-ს დააკამაყოფილებს. იგი შედარებით იაფი ეღირება და ფქვილის ფასი, გარკვეულწილად, საერთაშორისო ტენდენციებზე არ იქნება დამოკიდებული.