„სააკაშვილს ახალაიას შეწყალების დიდი სურვილი არ ჰქონდა“

„სააკაშვილს ახალაიას შეწყალების დიდი სურვილი არ ჰქონდა“

ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტი სასჯელაღსრულების სამინისტროში უკვე შევიდა. ახალაიას კონკრეტულ ეპიზოდში სასჯელი მოეხსნა, თუმცა ის სხვა საქმესთან დაკავშირებით კვლავ საპატიმროში რჩება. ე.წ. ციხის ბუნტის საქმე სახალხო დამცველობის პერიოდში სოზარ სუბარს აქვს შესწავლილი და მისი დასკვნა ანგარიშებშიც არის ასახული. როგორც სუბარი ამბობს, ეს ამბოხება ადმინისტრაციის ქმედებებმა გამოიწვია. მინისტრის თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, ბაჩო ახალაია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებებს სადაოდ არ მიიჩნევდა.

მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაია შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია და პროკურატურა თავს სამარცხვინო და სასაცილო მდგომარეობაში იყენებს. 

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაჩოს არ დაუშვია სერიოზული შეცდომები. არც იმის გამორიცხვა შეიძლება არასდროს, რომ შეიძლება კანონიც დაერღვია და ამის შესახებ არაფერი გვცოდნოდა, მაგრამ ამდენი ძიების შემდეგ, ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. რაც შეეხება ციხის ბუნტის საქმეს, რომელიც უკავშირდება „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტის კანონიერ ჩარჩოებში აღმოფხვრის პოლიტიკას, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ეს იყო ჩემი, როგორც საზოგადოებისგან შესაბამისი მანდატის მქონდე თანამდებობის პირის და ასევე ჩემი მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება!

დღესაც ღრმად მწამს, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელზეც სრულ პასუხისმგელობას ვიღებ! ვიმეორებ, წინა ორ საქმეზე, დასაბუთებული განაჩენის შემთხვევაში, არ და ვერ დავიცავდი, შესაბამისად, არც შევიწყალებდი მას, ხოლო რაც შეეხება კანონიერი ქურდების ჩვენებების საფუძველზე, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ გამოტანილ განაჩენს, აქ საქმე არა იმდენად ბაჩო ახალაიას პიროვნებაშია, არამედ ისტორიის, სიმართლის და სამართლიანობის წინაშე, ჩემი ვალია, ხელი მოვაწერო შეწყალების აქტს ამ სამარცხვინო საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგომის შემდეგ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ახალაია აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება. საპატიმროში მყოფი ახალაია ირწმუნება, რომ საქართველო კარგავს ღირსებას. ახალაიას ადვოაკეტები ირწმუნებიან, რომ პატიმარს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს. ახალაიას ადვოკატის, გოგა ონიანის განმარტებით, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ახალაიას ოჯახის წევრებმა მიმართეს.

„ბოლო ეპიზოდი, რომელზეც ბაჩო ახალაიას ბრალი ედება, ეს არ შეეხება გირგვლიანის საქმეს. ეს არის 332-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს გირგვლიანის საქმეზე დაკავებულების განსაკუთრებულ პირობებში ყოფნას“, - აცხდებს გოგა ონიანი.

უმარვლესობის წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას შეწყალება მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რომ კრიმინალს არაფერი გაუვა მომავალში.

„ეს იყო კიდევ ერთი განაცხადი იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, ორგანიზებული დანაშაული, მაფია დამარცხდა საქართველოს ციხეებში. საქართველოს მთავრობა და პროკურატურა ქურდებთან ერთად აწარმოებდნენ სადამსჯელო ოპერაციას იმისათვის, რომ ბაჩო ახალაია თავის დროზე კრმინალის წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული ბრძოლისთვის დაესაჯათ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რომ ასეთი მოქმედებები არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც კრიმინალს არ გაუვა მომავალში“,- აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ახალაიას შეწყალებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, სააკაშვილი საკუთარ პოლიტიკურ კუბოს ძალიან დიდი მონდომებით აჭედებს სახურავს.

„ბაჩო ახალაია გამართლდა ნაწილ ბრალდებაში, ნაწილი ბრალი დაუდასტურდა მას, ანუ ყველაფერი წესიერად, ლოგიკურად, სამართლიანად მიდის. მან მაინც გადაწყვიტა, რომ კანონის უგულებელყოფით გააკეთოს ეს. პრობლემა არ არის, შეიწყალოს, მე მისგან არაფერი გამიკვირდება და ველოდები, რომ ჯერ განაჩენგამოუტანელ ვანო მერაბიშვილსაც შეიწყალებს, ალბათ, 17 ნომებრამდე, რაღაცას მოიგონებენ და დაწერენ. არც ეს არ არის პრობლემა, ძალიან დიდი მონდომებით აჭედებს სახურავს საკუთარ პოლიტიკურ კუბოს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

სამართალმცოდნე, კახი კახიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ახალაიას შეწყალების დიდი სურვილი არ ჰქონდა.

„სააკაშვილმა უამრავი დამნაშავე გამოუშვა გარეთ. იმ ბერკეტებს, რომლებიც მას გააჩნია, იყენებს იმისთვის, რომ მეტი პრობლემა შექმნას. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ახალაიას შეწყალების დიდი სურვილი არ ჰქონდა, უბრალოდ, ის უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა ახალაიას მეგობრების მიმართ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებს წარმოადგენენ. ის საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.