ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც სახელმწიფო ქონების მითვისებაშია ბრალდებული, ხოლო მის მფლობელობაში არსებული კომპანიები დაყადაღებულია, კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. როგორ აპირებს ბიზნესმენი საინვესტიციო ფინანსური რესურსის მოზიდვას და რამდენი ადამიანი დასაქმდება პროექტების განხორციელების შემთხვევაში, frontnews ამ საკითხებზე ცეზარ ჩოჩელს ესაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ბიზნესებს რიგი პრობლემები აქვს, აპირებთ ოთხი ახალი საწარმოს შექმნას. რა საწარმოებია ეს და რა მოცულობის ივესტიციებს განახორციელებთ ჯამში?
- საუბარია კვების პროდუქტების წარმოებაზე, კერძოდ, ჩიფსების, ყავის, სნეკების და ასევე, სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ჩვენ, როდესაც ვიწყებთ ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესს, პირველ რიგში, ვაგროვებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულებიდან რა მოცულობის თანხები გაედინება უცხოეთში, რომ რაღაცნაირად ჩავანაცვლოთ ადგილობრივი პროდუქციით. ამით იზრდება ადგილობრივი პროქდუქციის წილი მშპ–ში და, შესაბამისად, ვალუტის გადინება მცირდება. ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.
როგორც უკვე აღვნიშნე, ვაპირებთ ყავის წარმოების დაწყებას, ეს ბარამბოს თემაა. მსოფლიოში ყველა ცნობილ ბრენდს აქვს ყავის წარმოება. ვიღაცას ჰგონია, რომ უბრალოდ ყავის მარცვლების შემოტანას, დაფქვას და რეალიზაციას ვაპირებთ, ეს ასე არ არის და ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენ უფრო გლობალური ტექნოლოგიების დანერგვას ვგეგმავთ, რომელიც ფხვიერი, ხსნადი ყავის წარმოებას ითვალისწინებს, როგორიცაა „ჩიბო“, „ნესკაფე“, „პელე“. ჩვენ ვიქნებით, როგორც დაბალ ისე საშუალო და მაღალ სეგმენტში. მოლაპარაკებები გვაქვს ბრაზილიურ და სხვა ცნობილ კომპანიებთან და ვფიქრობთ, საბოლოოდ, იმპორტის პროცესს ჩავანაცვლებთ ადგილობრივი პრუდუქციით.
ანალოგიურია ჩიფსების წარმოებაც. საქართველოში ორი რეგიონია, სადაც მთავარი მიმართულება კარტოფილის მოყვანაა. ამ დროს კი, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში აშრობენ კარტოფილს და გვიგზავნიან ჩვენ. რატომ არ უნდა იყოს საქართველოში ჩიფსების წარმოება? რა დიდი და რთული ტექნოლოგია უნდა ამას? მაინცდამაინც აუცილებელია, რომ უცხოეთიდან შემოვიტანოთ და ის გავყიდოთ? ვფიქრობთ, ამ მიმართულებითაც საკმაოდ სერიოზული ჩანაცვლება მოხდება, რადგან ნედლეული იქნება ადგილობრივი.
გარდა ამისა, ჩიფსებთან ერთად განვიხილავთ სნეკების წარმოებას, რაც თავის თავში ბევრ სახეობას მოიცავს. როდესაც ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სწორედ სნეკების და ჩიფსების წარმოებაა ის წარმოება, რომელმაც უნდა მოიხმაროს სოფლად წარმოებული პროდუქცია. ამით ორი საქმე გაკეთდება: ერთი, გაჩნდება დამატებითი რესურსი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციისთვის და მეორე – მოხდება იმპორტის ჩანაცვლება. ამასთან, ყველა პროდუქტი, რაზეც ვსაუბრობ, გათვლილია ექსპორტისთვისაც. მაგალითად, როდესაც ყავაზე ვსაუბრობთ, რომლის 100%–ით იმპორტზე ვართ დამოკიდებული, უნდა აღინიშნოს, რომ ყავა მოდის ორ ქვეყანაში ბრაზილიასა და კოდ-დიუარში. ყავის მწარმოებელი ძირითადი ქარხნები კი მდებარეობენ ევროპაში, ასევე აშშ–ში. ჩვენს შემთხვევაში, წარმოება ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე და, მინიმუმ, რეგიონში მაინც უნდა გავხდეთ ექსპორტიორები. ეს დასაქმებას და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.
დაახლოებით, რა ინვესტიციების განხორციელებას გეგმავთ?
- ოთხივე პროექტში, დაახლოებით, 100 მლნ-ის ფარგლებში ინვესტიციის ჩადება იქნება საჭირო, მაგრამ აქედან დიდი ნაწილი შეიძლება თავად ქარხნებიდან ავიღოთ სასაქონლო კრედიტის სახით. მოსაზიდი ფულადი თანხები მაინცდამაინც დიდი არ იქნება. ოთხივე პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დაახლოებით, 2 000–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და ბიუჯეტში შენატანიც საკმაოდ მაღალი იქნება.
რა გზებით გეგმავთ ფინანსური რესურსის მოზიდვას?
- მოლაპარკებებს ვაწარმოებთ როგორც უცხოელ პარტნიორებთან, ისე ადგილობრივ ფონდებთან და ვნახოთ, ვინ და როგორ გამოგვეხმაურება. რა თქმა უნდა, ჩვენ პრიორიტეტებს ვანიჭებთ ადგილობრივ ინვესტორებთან ურთიერთობას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ.
აპირებთ თუ არა თანაინვესტირების ფონდს მიმართოთ?
- რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, თანაინვესტირების ფონდთანაც ვითანამშრომლოთ, თუ რა თქმა უნდა, მათი სურვილიც იქნება. პირდაპირი კონტაქტი თანაინვესტირების ფონდთან ჯერ არ გვქონია. ჩვენ პროექტები იმ დონეზე გვქონდა დამუშავებული, როგორც კერძო ინვესტორებისთვისაა საჭირო. ბოლო დღეების განმავლობაში მოვითხოვე ის კრიტერიუმები, რაც სჭირდება ფონდს, რათა ისე დავამუშაოვოთ და მათაც გადავუგზავნოთ. თუ თანამშრომლობა შედგება, ძალიან გაგვიხარდება. ამასთან, თანაინვესტირების გარდა, საქართველოში არსებობს კიდევ სხვა ფონდებიც, რომლებთანაც ჩვენ მოლაპარაკება გვექნება. ეს არაა ჩვენი ბოლო ოთხი პროექტი. კიდევ ვამზადებთ ახალ პროექტებს და როგორც კი მოხდება მათი როგორც ბიზნეს–პროექტის დამუშავება, გავახმოვანებთ.
იმ ფონზე, როცა ამდენი პრობლემა გაქვთ, რის იმედზე იწყებთ ახალ პროექტებს?
- ეს პრობლემები სულ არსებობს, მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯგუფი შეიქმნა. ადრეც ანალოგიური პრობლემები იყო – 1997, 2003 და 2007 წლებში. ეს უბრალოდ არ ხმაურდებოდა და ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ სასათბურე პირობები გვქონდა. მე მშვიდობიანი ცხოვრება არ მახსოვს. რაც შეეხება მთავარ კითხვას – რატომ ვიწყებთ, მაშინ რა უნდა ვქნათ, ხელი ჩამოვუშვათ? თუ შენ შენი ქვეყანა გიყვარს, მიუხედვად პრობლემებისა, შენი გასაკეთებელი საქმე უნდა აკეთო. ჩვენ დავრჩებით ისტორიაში როგორც ყველაზე მსხვილი ჯგუფი, ვინც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს წარმოების ინდუსტრიის განვითარებაში. მე ამას რეალურად ვამბობ. შეიძლება ვიღაცას ჩემი სიტყვები გაზვიადებულად ეჩვენება, მაგრამ ნამდვილად ასეა. მე არაფერი მაინტერესებს – არც ქონება, არც სხვა რამ. მე მაინტერესებს, რაც შეიძლება მეტი წარმატებული კომპანია შეიქმნას და რაც შეიძლება მეტი წვლილი შევიტანო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. იმის მიუხედავად, ვინ რა ფორმით და როგორ გვებრძვის, ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც ვაკეთებთ. დღემდე ასეა და უკან ერთი წუთითაც არ დაგვიხევია. არანაირ უცხოელ კომპანიებზე გადაფორმება, ან საზღვარგარეთ წასვლა არცერთხელარ გვიცდია. 2008 წელს ჩვენს ჯგუფს „ქეში ფულის“ სახით 60 მლნ–მდე გვქონდა და იმ თანხით, მაშინ, ვიყიდდი უძრავ ქონებას რუსთაველის მეტროდან ფილარმონიამდე და დღეს ჩემი სახელი არავის ეცოდინებოდა, ახლა გავაქირავებდი და უზრუნველად ვიქნებოდი. ასეთ შემთხვევაში ვიქნებოდით კარგი ქართველები? ჩვენ ის ფული ისევ ქართულ ეკონომიკაში დავაბანდეთ და დღესაც ამ მიმართულებით მივდივართ.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იანვარში, მერე მარტში, მერე – სექტემბერში, მაგრამ ჩვენ ინვესტიციები დეკემბერში ჩავდეთ, ივლისშიც და ახლაც ახალ პროექტებზე ვმუშაობთ, რადგან დარწმუნებული ვარ, დღეს თუ ხვალ სიმართლე გაირკვევა. როგორც წლების განმავლობაში მე მბრალდებოდა, რომ ხორცის ბიზნესში ვიყავი ჩართული, დღეს კი ნელ–ნელა ნათელი ეფინება, რომ არანაირი შეხება არ მქონდა, ანალოგიურად მოხდება აქაც. ჩვენს ბიზნეს ჯგუფზე ფიქრობენ, რომ სასათბურე პირობებში ვიყავით, მაგრამ რეალურად, არანაირი სასათბურე პირობები არ გვქონია და შეიძლება, ზოგიერთზე, ვინც ბევრს საუბრობს დღეს, ბევრად მძიმე პირობები გვქონდა. დღეს ზოგიერთი ადამიანის გამონათქვამი მაგონებს იმ ხალხს, ჩხუბის დასრულების შემდეგ რომ იქნევენ მუშტებს. თუ მე უკმაყოფილო ვიყავი და რამე სათქმელი მქონდა, მაშინ უნდა მეთქვა, როცა ეს ხდებოდა.
წინა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე რიგი ბიზნესმენები სწორად ახლა ალაპარაკდნენ...
- ვიცი. მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მაშინაც აქებდნენ და ადიდებდნენ წინა ხელისუფლებას და ახლაც ეს ხალხი ადიდებს ახალ მთავრობას და, ალბათ, ესენი იქნებიან შემდეგი ხელისუფლებების ხოტბის შემსხმელები. მათგან განსხვავებით, მე 1999 წელსაც ვიდექი ბიზნესის და წარმოების დასაცავად, იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში, მაშინაც მაქსიმალურად ვცდილობდი, რამენაირად დაგვეცვა ბიზნესი... დღეს თუ აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოახერხა და წესიერი ბიზნესმენები არიან აღსარების სანაცვლოდ, ალბათ, ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ ეს არ არის წესი. ადამიანი ერთხელ იბადება და ამ პერიოდში კაცურად უნდა იცხოვრო, თუ გინდა ისტორიაში დარჩე. დღეს შეიძლება ეს ქარხნები ჩემი და ჩემი ოჯახის საკუთრებაა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ქვეყანას რჩება. მაგალითად, „ნატახტარი“ ადრე ჩემი იყო, ახლა „ანადოლი“ ჯგუფი მართავს. მერე რა? მთავარია, ქვეყნის ეკონომიკას გაიზარდოს.