Facebook-ს მოზარდები ტოვებენ

Facebook-ს მოზარდები ტოვებენ

რატომ მცირდება Facebook-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა მოზარდებს შორის. და უნდა აწუხებდეს ეს თუ არა Facebook-ს?

კომპანია Facebook-ისთვის კარგი ამბავია ის, რომ მისი ბიზნესმოდელი ზრდასრული ხდება. კომპანიისთვის ცუდი ამბავია ის, რომ მისი აუდიტორიაც ზრდასრული ხდება.

გახსოვთ ის დრო, როდესაც Facebook-ი მხოლოდ დროის მოკვლის საშუალება იყო – ინტერნეტ-სათამაშო ბავშვებისათვის და არა ინტერნეტ-ბიზნესი? ახლა ყველაფერი შეიცვალა. Facebook – დღეს ცალსახად ბიზნესია. გასულ კვარტალში კომპანიის შემოსავალი 60%-ზე მეტი იყო შარშანდელთან შედარებით, თანაც ამ ზრდის ნახევარი უზრუნველყო აუდიტორიამ, რომელიც მობილურ მოწყობილობებს იყენებს. კომპანიისათვის, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ სეგმენტთან არ მუშაობდა, ეს უზარმაზარი მიღწევაა.

როგორ იქცევიან მოზარდები? კომპანია დიდხანს უარყოფდა იმას, რომ მოზარდები მის მიმართ ინტერესს კარგავდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან ეს აღიარა. „ამერიკის ახალგაზრდა აუდიტორიის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მთლიანობაში Facebook-ის მომხმარებლთა დონე ამერიკელ მოზარდებს შორის არ იყო შეცვლილი მეორე კვარტლიდან მესამემდე, მაგრამ შევამჩნიეთ ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება“, განაცხადა Facebook-ის ფინანსურმა დირექტორმა დევიდ ებერსმანმა.

ეს მოსალოდნელიც იყო. კომპანია Piper Jaffray-ის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლოს და ბოლოს „ტვიტერმა“ გაუსწრო Facebook-ს და მოზარდებს შორის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი გახდა. ახალგაზრდებს შორის ცუკერბერგის ვებგვერდი Instagram-თან ერთად, რომელიც მან 1 მილიარდ დოლარად იყიდა, მეორე ადგილზეა. შარშან ის დიდი უპირატესობით ლიდერობდა.

მერი მიკერის მასშტაბური პრეზენტაცია, რომელიც ინტერნეტში არსებულ ვითარებას მიეძღვნა, იმავე ტენდენციაზე მიუთითებს, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბში. Facebook-ი კვლავ ლიდერია, მაგრამ პოზიციებს თმობს, როგორც დროის მოკვლის საშუალება მობილური ბიზნესის ზრდის პარალელურად.

რა თქმა უნდა, Facebook-ი კვლავ მონსტრია. ამ სოციალურ ქსელს 500 მილიონზე მეტი აქტიური ყოველდღიური მობილური მომხმარებელი ჰყავს – ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღე შედიან ქსელში და, როგორც ჩანს, საკუთარი ტელეფონის ეკრანზე ხედავენ რეკლამას, იმაზე დიდია ვიდრე აშშ-ის, რუსეთის, საფრანგეთის და ბრიტანეთის მოსახლეობა ერთად. ეს ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მოზარდთა აუდიტორიის ენთუზიაზმის დაკარგვა რეალურ პრობლემად რჩება, თუმცა არა იმ მიზეზების გამო, რომელზეც სავარაუდოდ თქვენ გაიფიქრეთ.

საქმე ის კი არ არის, რომ Facebook-ი იმაზე ნაკლებად ელვარე ხდება, ვიდრე იყო, არამედ ისეთი სერვისების პოპულარობა იზრდება, როგორიცაა Snapchat. ეს დარგი ასეა მოწყობილი: ტექნოლოგიას, რომელსაც დღეს მოზარდები იყენებენ, ხვალ ახალგაზრდები (შემდეგ კი არამხოლოდ ახალგაზრდები) და ზრდასრული ადამიანები გამოიყენებენ. Tumblr, Pinterest, Snapchat – ყველა მათგანი დღეს მილიარდ დოლარადაა შეფასებული, და ყველამ სტარტი აიღო სასკოლო და სტუდენტური აუდიტორიიდან. ახალგაზრდების ინტერნეტ-ქცევა ყველა სხვა ასაკობრივი ჯგუფის ინტერნეტ-ქცევას წინასწარმეტყველებს. თუკი მოზარდებს Facebook-ი ბეზრდებათ, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სოციალური ქსელი მოსაწყენი ხდება – ეს კი სახიფათოა კომპანიისათვის, რომელიც რიგითი ადამიანის თავისუფალ დროზეა ორიენტირებული.

თუმცა, ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ Facebook-ი უბრალოდ იზრდება თავის აუდიტორიასთან ერთად.

foreignpress.ge