ხელისუფლება საქართველოში შემოსულ ირანულ კაპიტალს გამადიდებელი შუშით აკვირდება და შეიძლება ითქვას, ამა თუ იმ ფორმით ზღუდავს კიდეც. ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ „უოლ სთრით ჯორნალისა“ და აშშ-ს მთავრობის მიერ გამოჩხრეკილ პრობლემას უკავშირდება.
ამჯერად რთული დროება სააქციო საზოგადოება „ინვესტბანკს“ დაუდგა, სადაც ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდა. ეროვნული ბანკის დირექტორის გიორგი ქადაგიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სებ-მა „ინვესტბანკში“ გამოვლენილი დარღვევების შინაარსისა და სიმძიმის გამო მიიღო.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიადგეს საბანკო სექტორის ნდობას. მინდა გითხრათ, რომ „ინვესტბანკში“ ეროვნული ბანკის შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ მთელი რიგი დარღვევებია აღმოჩენილი. დარღვევების შინაარსიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება „ინვესტბანკში“ ადმინისტრაციის დროებით დანიშვნის თაობაზე. დროებითი ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას არსებულ აქციონერებთან ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. თუ ჩვენი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული, უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, დროებითი ადმინისტრაცია დატოვებს ბანკს“, - განაცხადა ქადაგიძემ.
შესაბამისად, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სებ-ი იმოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
„აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ბანკის არც ერთ კლიენტს არ შეექმნება არანაირი შეფერხება საბანკო ოპერაციების მიწოდების კუთხით და მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება ჩვენს მთავარ მიზანს, ეს არის საბანკო სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს არის, თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარების მთავარი პირობა და ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეულ მოქალაქეს არ ჰქონდეს არანაირი შეფერხება საბანკო სერვისის მიღების კონტექსტში“, - განაცხადა ქადაგიძემ.
„ინვესტბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სააქციო საზოგადოების 70 პროცენტს ლიხტენშტეინში რეგისტრირებული „კაესენ ფოუნდეიშენი“ ფლობს, ხოლო 30 პროცენტს - დიდ ბრიტანეთში რეგისტრიერბული „თრენდფორ ჰოლდინგი“. ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი გზირიშვილია.
თუმცა, რამდენიმე თვის წინ გავლენიანი „უოლ სთრით ჯორნალი“ წერდა, რომ ბანკი ირანული კაპიტალით შეიქმნა. მისი დამფუძნებლები საქართველოში ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯიასაც“ ფლობდნენ, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ ფრენის ლიცენზია შეუჩერდა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ირანული ინვესტიციის წინააღმდეგ უკმაყოფილებას არაოფიციალურად აშშ-ს მთავრობაც გამოხატავდა, თუმცა კომპანიას ლობირებას საქართველოს ძველი ხელისუფლება უწევდა. სტატიის ავტორი აღნიშნავდა, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ ბანკი ირანს სანქციებისათვის თავის არიდებაში დახმარებას უწევდა.
სს „ინვესტბანკმა“ საბანკო ლიცენზია ეროვნული ბანკისაგან 2003 წლის 29 სექტემბერს მოიპოვა და საქმიანობა იმავე წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.
როგორც აღვნიშნეთ, აშშ-ს მთავრობა საქართველოში ირანული ბიზნესის კვლას ეძებს. რამდენიმე თვის წინ ავიაკომპანია „ფლაი-ჯორჯიას“ მფლობელი ირანელი ბიზნესმენები ოფიციალურ თეირანთან კავშირში ამხილეს.
„უოლ სთრით ჯორნალის“ თანახმად, „ისლამური რევოლუციის დამცველების კორპუსმა“, საქართველოში 150 კომპანიისგან შემდგარი ქსელი შექმნა, რომლებიც ამერიკის სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენებოდა. „ფლაი ჯორჯიამ“ მაშინ ამ მასალაზე რეაგირება საჭიროდ არ ჩათვალა. სამაგიეროდ, ამ ყველაფერს ყურადღებით მოეკიდა საქართველოს მთავრობა და ირანელ ბიზნესმენებს 150-მდე საბანკო ანგარიში გაუყინა.
როგორ და რამდენად „ნაყოფიერად“ გაგრძელდება ირანული კაპიტალის შეზღუდვა საქართველოში, მალე გამოჩნდება.