„შესაძლოა, უკეთესი იყოს, ორი ნაწარმოები ასწავლონ კარგად, ვიდრე სამი... პირადად მე „წმინდა ნინოს ცხოვრებას“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ შევიტანდი სასკოლო პროგრამაში“

„შესაძლოა, უკეთესი იყოს, ორი ნაწარმოები ასწავლონ კარგად, ვიდრე სამი... პირადად მე „წმინდა ნინოს ცხოვრებას“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ შევიტანდი სასკოლო პროგრამაში“

ქართული მწერლობის 15-საუკუნოვანი მთლიანობით როცა ვამაყობთ, შეუძლებელია, ეს მთლიანობა ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გარეშე წარმოვიდგინოთ, რაც მხოლოდ უძველესი ერების კუთვნილებაა. იმის გამო, რომ დღეს 21-ე საუკუნეა და მოსწავლეები ვერ იგებენ ძველ ტექსტებს, რამდენად სწორია ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ხარჯზე თანამედროვე ლიტერატურის წილის გაზრდა და ჰაგიოგრაფიისთვის დროის მოკლება? მით უმეტეს, ჩვენმა დიდმა მწერალმა დავით გურამიშვილმა წინასწარმეტყველურად თქვა, რომ წარსულის გაუაზრებლად აწმყო და მომავალი არ შენდება: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“.

რამდენად სწორია ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების რაოდენობის შემცირება? ამის შესახებ თეოლოგი ლევან აბაშიძე გვესაუბრება.

ლევან აბაშიძე: - ჩემი აზრით, სკოლებში ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სარწმუნოებას მისდევს მოსწავლის ოჯახი, ან თვითონ მოსწავლე. ჰაგიოგრაფია არის ჩვენი საუნჯე, ჩვენი ლიტერატურა. რამდენადაც ვიცი, არც არის საუბარი, დრამატულად შეამცირონ საათები, მე მგონი, უფრო საუბარია მეთოდზე, როგორ უნდა ვასწავლოთ, რომ უფრო გასაგები იყოს და სწავლება ნაყოფიერი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე გავიგე გია მურღულიას ნათქვამი. მთლიანად მაინც ვერ ვასწავლით ქართულ ჰაგიოგრაფიას, სასკოლო პროგრამაში არჩეულია მხოლოდ სამი ნაწარმოები, საბოლოოდ სამი დარჩება, თუ ორი, მთავარია, ხარისხი იყოს შესაბამისი, მთავარია, ბალანსი იყოს, რომ, ერთი მხრივ, ეს არის სარწმუნოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანულ რწმენასთან, ბიბლიასთან და, მეორე მხრივ, ეს არის ორიგინალური ქართული ლიტერატურა, რომელიც შემოინახა ისტორიამ. ამდენად, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა მნიშვნელოვანია ქართული ენის განვითარების მხრივაც. ცხადია, ძველ ქართულ ლიტერატურას თანამედროვე თარგმანი უნდა ახლდეს, რადგან ჩვენ არ გვესმის ძველი ქართული. თავის დროზე ჩვენ გავაკეთეთ ასეთი პროექტი - ჰაგიოგრაფიული ძეგლები ძველ ქართულად, რომელსაც იქვე ჰქონდა ახსნა-განმარტება ახალ ქართულად, 2000 წიგნი დავარიგეთ და ყველა სკოლის ბიბლიოთეკაში, ინტერნეტშიცაა ეს თარგმანები. ამდენად, ვფიქრობ, საუბარი არ არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ამოღებაზე სასკოლო პროგრამიდან, არამედ სწავლების მეთოდიკაზე.

გამორიცხული არ არის, სამი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდან ორი დატოვონ და ერთი ამოიღონ. შუშანიკის წამება, აბო თბილელის ცხოვრება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ამ ნაწარმოებებიდან რომელს უნდა შეელიონ?

- არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა, უკეთესი იყოს, ორი ნაწარმოები ასწავლონ კარგად, ვიდრე სამი - ცუდად. თუ ამაზეა საუბარი, შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც. „აბო თბილელის ცხოვრება“ შეიძლება ცოტა პრობლემური იყოს მუსლიმანი მოწაფეებისთვის, რადგან აბო მუსლიმანობიდან ქრისტიანობაზე გადავიდა. „აბო თბილელის ცხოვრებაში“ წერია, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რის გამოც აბომ ისლამი მიატოვა, ქრისტიანობა მიიღო და სწორედ ამიტომ დაისაჯა სიკვდილით. აზერბაიჯანელები არიან ჩვენს სკოლებში, ჩეჩნები, ქისტები, მათი თვალთახედვით თუ შევხედავთ ამ ნაწარმოებს, შეიძლება არ იყოს მისაღები. ამის ნაცვლად, შეიძლება შეიტანონ დამატებით საკითხავად, ვისაც უნდა, წაიკითხოს „აბო თბილელის ცხოვრებაც“ და „ასურელ მამათა ცხოვრებაც“.

რაც შეეხება შუშანიკის წამებას, ეს ქართველთა პირველი წერილობითი ძეგლია, თუმცა, სინამდვილეში, უფრო ადრეულ წერილობით ძეგლად შეიძლება ჩავთვალოთ წმინდა ნინოს ცხოვრება. ხომ არ ფიქრობთ, რომ დადგა დრო, წმინდა ნინოს ცხოვრება ისწავლებოდეს სკოლებში?

- დიახ, პირადად მე „წმინდა ნინოს ცხოვრებას“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ შევიტანდი სასკოლო პროგრამაში. „მოქცევაი ქართლისაი“ და „წმინდა ნინოს ცხოვრება“ ძალიან ძველია, როგორც ირკვევა, პირველი ვერსიები მაშინვე დაიწერა, მეოთხე საუკუნეში, მართალია, ჩვენამდე მოღწეული ტექსტი უფრო გვიანდელია და ითვლება, რომ „შუშანიკია“ ყველაზე ძველი ნაწარმოები, მაგრამ თვითონ ტექსტუალურად, ამბის მოყოლის თვალსაზრისით, „წმინდა ნინოს ცხოვრება“ უფრო ძველი ჩანს.

რატომ უჭირთ თანამედროვე მოსწავლეებს ჰაგიოგრაფიის აღქმა? ასე ძლიერია ლიტერატურული დაშორება ჰაგიოგრაფიული პერიოდის ნაწარმოებებთან ტიკ-ტოკის თაობაში? ხომ არ სჯობს, სასულიერო პირებმა ასწავლონ ჰაგიოგრაფია, რადგან მნიშვნელოვანია, ვინ ასწავლის რელიგიური ხასიათის ლიტერატურას - სარწმუნოების საკითხებში გათვითცნობიერებული, თუ გაუთვითცნობიერებელი პედაგოგი, რადგან ჰაგიოგრაფია ქრისტიანულ სარწმუნოებას ეფუძნება.

- ასე, შეიძლება „ვეფხისტყაოსანიც“ შეაძულონ მოსწავლეს და ილია ჭავჭავაძეც, გააჩნია, როგორ ასწავლიან. ჩვენთან 2000 სკოლაზე მეტია, დაახლოებით ამდენივე მღვდელი გვყავს, საიდან მოვიყვანთ 2000 მღვდელს, რომელიც ამ საგანს ასწავლის?! სხვას რომ თავი დავანებოთ, თუ შეძულებაზეა საქმე, ზოგიერთმა მღვდელმა შეიძლება სარწმუნოება უფრო მეტად შეაძულოს მოსწავლეს, ვიდრე მასწავლებელმა. ამ საკითხში სიფრთხილე გვმართებს, „შუშანიკის წამებასთან“ დაკავშირებით შეიძლება იყოს კომენტარები, რა გახდა, ამ სარწმუნოების გამო შუშანიკმა ქმარი მოიძულა, შვილები მოიძულა, არის ასეთი შეფასებაც, რომ შუშანიკი ზედმეტად რადიკალური იყო. მით უმეტეს, ჩვენთან ებრძვიან რელიგიურ რადიკალიზმს, ამიტომ ასეთი მოსაზრებებიც შეიძლება შეგვხვდეს. ამ მხრივ კარგი იქნებოდა, „მოქცევაი ქართლისაი“ და უშუალოდ „წმინდა ნინოს ცხოვრება“, რომელიც „მოქცევაი ქართლისაის“ ნაწილია, ასევე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გვესწავლებინა სკოლებში. ამას აუცილებლად უნდა ახლდეს ლექსიკონი ახალ ქართულად. ხანდახან გვგონია, რომ ძველი ქართული გვესმის, სინამდვილეში, არ გვესმის. სიტყვებმა შეიცვალა მნიშვნელობა. მაგალითად, სახარებაში წერია, „არა იქორწინებენ“ და „არა განქორწინდებიან“, დღევანდელი ადამიანები რომ კითხულობენ, განქორწინება ჰგონიათ განქორწინება, დაშორება, სინამდვილეში, ძველ ქართულად განქორწინება ნიშნავს ქალის გათხოვებას. იმ პერიოდში ასე ამბობდნენ, ჩემმა ვაჟიშვილმა იქორწინა, ხოლო ქალიშვილი განქორწინდაო. სიტყვებმა შეიცვალა მნიშვნელობა. მაგალითად, გრიგოლ ხანძთელის შესახებ რომ წერია „არა იმღერდაო“, იმღერდა არ ნიშნავს სიმღერას, იმღერდა ნიშნავს თამაშს, ანუ ბავშვობაში გრიგოლი ბევრს არ თამაშობდა ბავშვებთან, უფრო წიგნებს კითხულობდა. ასე რომ, ძველ ტექსტებს რომ ვკითხულობთ, გვგონია, გვესმის, სინამდვილეში, არ გვესმის. თანამედროვე ბერძნებიც სწავლობენ ძველ ბერძნულს, სხვანაირად არ გამოდის. სკოლაში ვერ ისწავლიან ამ ყველაფერს, სასულიერო აკადემიაში გვქონდა საგანი - ძველი ქართული ენა. ამიტომ საჭიროა ლექსიკონი. ჩვენ რომ გავაკეთეთ ეს პროექტი და დავარქვით „თარგმანი“, ატყდა ერთი ამბავი, რა თარგმანი, ეს ერთი და იგივე ქართული ენააო. კი ბატონო, ენა იგივეა, მაგრამ შეიცვალა ეს ენაც. ძალიან კარგია, რომ ვკითხულობთ ძველ ქართულ ტექსტებს და გვესმის მაშინდელი ტექსტების 50% თუ 60%, ისიც საკითხავია, სწორად გვესმის თუ არა, მაგრამ არ შეიძლება, ამდენი საუკუნის განმავლობაში ენას არ განეცადა ცვლილებები.

ბერძნები ახსენეთ და მათაც შეამცირეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების რაოდენობა სკოლებში, მხოლოდ ორი ნაწარმოები დატოვეს, არადა, ბერძნებისგან მოდის აგიოგრაფია. როგორ ფიქრობთ, ბერძნებიც სასკოლო პროგრამის გამარტივებას ესწრაფვიან, მით უმეტეს, რომ თანამედროვე ბერძნებს არ ესმით ძველ ბერძნულად დაწერილი ნაწარმოებები?

- ვერ გეტყვით ამის მიზეზებს, მაგრამ, საერთოდ, სასკოლო პროგრამებში გამარტივების ტენდენცია არსებობს. ჩვენს თაობაშიც არ ესმოდათ ძველი ქართული ტექსტები. კლასის ნახევარი საერთოდ არაფერს არ სწავლობდა, არც ქართულს, არც მათემატიკას. რასაკვირველია, აქ აუცილებლად შემოდის სარწმუნოების საკითხები. იმისთვის, რომ სწორად გაიგო ჰაგიოგრაფია, უნდა გესმოდეს ქრისტიანული სარწმუნოება. აქაც საჭიროა განმარტებები, რა არის მოწამე, ბერმონაზვნური ცხოვრება, მოციქული, მოციქულთა სწორი.

ხშირად გვესმის, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების სრულყოფილად გაგება ხომ ერთი დიდი თავის ტკივილია და მეორე თავის ტკივილია ასეთი რთული ტექსტების საზეპიროების დასწავლა. თუმცა ერთი რამ უდავოა, საზეპიროები შეიძლება მოსწავლემ სკოლის პერიოდში გაუაზრებლად დაიზეპიროს, მაგრამ წლების შემდეგ ბევრად უფრო კარგად გაიაზრებს მის შინაარსს.

- საზეპიროები აუცილებელია. დღესაც მახსოვს ის საზეპიროები, რაც სკოლაში ვისწავლე. ადრე მათემატიკას ვასწავლიდი, დამესწრნენ გაკვეთილზე, მაშინ ახალგაზრდები იყვნენ ადმინისტრაციაში, შენიშვნა მომცეს, რაც ახსენი, მეშვიდეკლასელები ამას ვერ გაიგებენო, სამწუთიანი ლექცია იყო, ეს მათთვის ბუნებრივი არ არის, ვერ აღიქვამენო. მე ვუთხარი, ექვსი წლის ბავშვებს ხომ ასწავლით წერა-კითხვას, მაშინ ესეც არ არის ბუნებრივი ბავშვისთვის-თქო. ასე არ შეიძლება ყველაფერზე იმის თქმა, რომ ბავშვს უჭირს სწავლა. ცოტა უნდა გაუჭირდეს, მოსმენაც უნდა ისწავლოს, დაზეპირებაც და ყველაფერი ცოტ-ცოტა უნდა იცოდეს. თუ არ გაგიჭირდა, ისე ვერ ისწავლი. დედაჩემი პროფესორი გახლდათ, ქართულს ასწავლიდა და ძალიან განიცდიდა, მაგალითად, „კაკო ყაჩაღი“ რომ ამოიღეს სასკოლო პროგრამიდან, „კაკო ყაჩაღი“ ჩვენი ისტორიაა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, სოციალური თემაა, შეიძლება, ისეთი პოეზია არ არის ილიასი, როგორიც აკაკის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია „კაკო ყაჩაღი“, ჩვენს თაობაში ყველამ იცოდა „კუდიგორის გზა“. ახლა ამას მიადგებიან და ამოიღებენ, მერე იმას ამოიღებენ და აღარ დარჩება ერთი მთლიანობა.

 

trampi რაც გაუნათლებლები იქნებიან ჩვენი შვილები დასავლეთს ის უნდა და ის აწყობთ
9 თვის უკან