ექსპერტიზის დასკვნით ძველაიამ თავი მოიკლა

ექსპერტიზის დასკვნით ძველაიამ თავი მოიკლა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ, გოგა ძველაიას გარდაცვალების შესახებ დასკვნა დადო. ამ ეტაპზე არსებული მასალებით არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გოგა ძველაიას გარდაცვალების უშუალო მიზეზია მექანიკური ასფიქსია განვითარებული კისრის ორგანოებზე მარყუჟის ზეწოლის შედეგად.

ძველაიას ოჯახი ელოდება ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა რამდენიმე დრეში უნდა გამოაქვეყნოს. გარდა ამისა, ექსპერტიზა უტარდება იმ ფირებს, რომელიც ციხეშია გადაღებული და რომელიც ძველაიას ციხეში ყოფნას ასახავს.

ძველაიების ადვოკატის, ლედი ტუკვაძის განცხადებით დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამ დასკვნას არ ენდობა გარდაცვლილის მამა, დავით ძველაია, რომელიც კვლავ ამტკიცებს, რომ ფირებში, რომელიც მას სასჯელაღსრულების სამინისტროში აჩვენეს, საკუთარი შვილი ვერ ამოიცნო.

„მე მაგათ არცერთ სიტყვას არ ვენდობი, რადგან თავიდან ბოლომდე რასაც საუბრობენ, სიცრუეა. მეუბნებიან, შენი შვილიაო კადრებში და მე ვერ ვიპოვე იქ ჩემი შვილი“, - განაცხადა დავით ძველაიამ.

პროკურორი ლაშა ლაღიძე ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

„სასამართლო სამედიცინო დასკვნით გოგა ძველაიას გარდაცვალების უშაუალო მიზეზია მექანიკური ასფიქსია, განვითარებული კისრის ორგანოებზე მარყუჟით ზეწოლის შედეგად. ამ ეტაპზე, ამ მასალების ერთობლივი ანალიზით რა ინფორმაციაც ჩვენ გაგვაჩნია, მიგვაჩნია, რომ ეს არის თვითმკვლელობა“, -აცხადებს ლაშა ლაღიძე, რომლის განცხადებით, დამატებით მოწმდება ვიდეოფირის მონტაჟის საკითხი, ნამდვილად არის თუ არა იქ მონტაჟის კვალი, როგორც ამას ძველაიას მამა ამტკიცებს.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა კი განაცხადა, რომ 16 წლის გოგა ძველაიას გარეგნული დათვალიერებისას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„რაც დღეს შემიძლია ვთქვა, ძველაიას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების კვალი და ძალადობის არანაირი ნიშნები არ აღენიშნება. თუმცა გამოძიებით უნდა დადგინდეს, შეეძლო თუ არა მას გარკვეული მასალით თავი მოეკლა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლაიშვილმა.

როგორც ცნობილია, ქუთაისის მე-2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი, 16 წლის სენაკელი გოგა ძველაია საპატიმროში მოთავსებიდან მეორე დღეს, 8 ოქტომბერს საკანში მკვდარი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, პატიმარმა თავი მოიკლა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობას გადიოდა, რაც ამავე დაწესებუელების მიერ 28 დეკემბერით გაცემული დასკვით დასტურდება. მე-5 კლინიკური საავადმყოფოს, ფსიქიატრიის დეპარტამენტის დასკვნა გაიგზავნა სენაკის სარაიონოთაშორისო ფსიქოლოგიურ დისპანსერში.

დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადება და გართულებები:  არასოციალიზებული ქცევის აშლილობა. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ ფსიქონევროლოგიური პათოლოგიები არ აღენიშნება, თუმცა დაენიშნა დამამშვიდებელი პრეპარატები.

სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - „გაგრძელდეს მკურნალობა დისპანსერის მეთვალყურეობის ქვეშ“.